მუსიკა | ცა

ზაფხულის მუსიკა | ნაწილი 3

ჯაბა შავიშვილის ზაფხულის მუსიკის სელექცია.

აგვისტო 31, 2021

Anika – Change

ბერლინელი მუსიკოსის, ანიკა ჰენდერსონის ბოლო ალბომი მსმენელმა 11 წლის წინ მოისმინა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა მისი ტალანტი ლოს ანჯელესის Stones Throw Records-ის მენეჯმენტმა შეამჩნია და რამდენიმე EP-ს გამოშვების შესაძლებლობა მისცა. მას შემდეგ მისგან ბევრი არაფერი გაგვიგია, თუმცა, როგორც ჩანს, მსმენელისთვის სათქმელი მასაც ბევრი დაგროვებია. „Change” ამ პერიოდის განმავლობაში მასში ასახული პიროვნული ცვლილებების ეფექტია, რომლის გამოშვებაც პანდემიის პერიოდს და მსოფლიოს „ცვლილებას“ დაემთხვა. მისი Nico-სეული ხმა სწორედ ამ უცნაურ ეპოქას ეხმიანება და ცდილობს, გაიგოს რატომ ვიღებთ ადამიანები ჩვენს ირგვლივ არსებულ სილამაზეს მოცემულობად, რატომ არ ვცდილობთ მის შენარჩუნებას და მოფრთხილებას. საბოლოო ჯამში, ეს 9 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი 2021 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად გამომიცხადებია.

Emma-Jean Thackray – Yellow

ბრიტანული ჯაზის სცენა რომ თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიცენტრია, ეს ახალი არ არის. სწორედ ამ კომუნის წევრია ემა ჯინ თაქრეი, რომელიც წარსულში იორკშირში, ჩასაბერი ინსტრუმენტების ანსამბლში უკრავდა, 2021 წელს კი მისი სადებიუტო ალბომის დროც დადგა. ეს ბრიტანული ჯაზის უფრო ენერგიული, ცეკვაზე ორიენტირებული განშტოებაა, თუმცა კი, Yellow-ში უამრავ რამეს შეხვდებით: რაც აქ მოგაჯადოვებთ, ეს ფსიქოდელიური აღტკინებაა, რაც ალბომის მუსიკალურ ნაწილში ეფექტურად იგრძნობა. აქ ჩანს მუსიკოსის პერსონალური მიდგომა არანჟირებისადმი, პარალელურად კი, აქცენტი ვოკალის ექსპრესიულ ჩართულობაზე კეთდება. ამ ალბომს ყველაფერი აქვს, რასაც თანამედროვე ჯაზ პროექტი უნდა გულისხმობდეს.

McKinley Dixon - For My Mama and Anyone Who Look Like Her

ამერიკელი რეპერი და მუსიკოსი, მაკკინლი დიქსონი თავის სადებიუტო ალბომში პერსონალური და საზოგადო გამოცდილების ზღვარზე გადის. ეს არის ალბომი აფრო-ამერიკელების დროში მოგზაურობაზე, მათ საერთო ტკივილებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გადალახო ეს ყველაფერი. მუსიკოსი რელიზს სათაურიდან გამომდინარე ყველა იმ ადამიანს უძღვის, ვინც მის დედას ჰგავს: ეს კი ნებისმიერი აფრო-ამერიკელი შეიძლება იყოს. აქ რეპი და spoken word ხშირად ერთმანეთს ცვლის, მუსიკალურად კი ენერგიული კომპოზიციებიდან ტრანზიცია მშვიდი და ჰარმონიული გარემოთი ხდება.

Foodman - Yasuragi Land

Foodman იაპონელი მუსიკოსის, ტაკაჰიდე ჰიგუჩის პროექტია, რომელიც 2010 წლიდან აქტიურად იყო ჩართული Footwork მუსიკალური სტილის აღზევების პროცესში. მისი მუსიკის ძირითადი ღერძი რიტმული პატერნებია, რომლებიც სხვადასხვა პერკუსიული ინსტრუმენტის იმიტაციით მიიღწევა. მისი ახალი ალბომი „Yasuragi Land“ ბრიტანულ ლეიბლზე, Hyperdub გამოვიდა და განსხვავებით ლეიბლის სხვა სტუმრებისგან, აქ ბასი პრიორიტეტი ნამდვილად არ არის. ალბომი ძირითადად გიტარის, პერკუსიეული ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა სემპლის მანიპულაციით არის შექმნილი. ამასთან, მუსიკოსის ფსევდონიმის მიხედვით, იგი კვების ინდუსტრიის დიდი მოყვარულია და ალბომიც იაპონიის სხვადასხვა სარესტორნო ქსელში სტუმრობის გამოცდილებას აღწერს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Foodman-ის ჰიპერ-რიტმულ სამყაროში.

Lingua Ignota - Sinner Get Ready

ამერიკელი მუსიკოსი, კრისტინ ჰეიერი, მუსიკალური ფსევდონიმით Lingua Ignota ახალ ალბომს აქვეყნებს. „Sinner Get Ready” ეს მისი პერსონალური რელიგიური გამოცდილების მუსიკალური აღწერაა, სადაც ამერიკული ფოლკის ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენებით ძველი აღქმის ღმერთისა და და იმ პერიოდის ადამიანის ისტორიას გადმოსცემს. სპეციალურად ამ ალბომისთვის კრისტინმა სხვადასხვა ინსტრუმენტზე, მათ შორის ბანჯოსა და ჩელოზე დაკვრა ისწავლა, რაღაც მისი „გამანადგურებელი“ ხმაც ემატება, ჯამში კი ალბომის მისტიური ფონი იქმნება.

Japanese Breakfast - Jubilee 

Japanese Breakfast ამერიკელი მუსიკოსის, წარმოშობით კორეელი მიშელ ზაურენის პროექტია, რომელიც ახალ ალბომში „Jubilee” აღმაფრენით სავსე კომპოზიციების კრებულს გვთავაზობს. ალბომის ზოგადი განწყობა დიდად განსხვავდება მუსიკოსის წინა ნამუშევრებისგან, სადაც დედის გარდაცვალების შედეგად,  სევდის და მწუხარების მორევში იყო ჩაძირული. ახალ ალბომში უმეტეს ინსტრუმენტებზე თავად უკრავს და კარგად ჩანს, თუ რამდენად კარგად შეუძლია რელიზიდან რელიზამდე მუსიკალური ზრდა, რომელიც მსმენელისთვისაც უმალ გასაგები ხდება.

Kevin Richard Martin - Return to Solaris

კევინ რიჩარდ მარტინის შემოქმედებას მუსიკალური საზოგადოება ძირითადად The Bug-ის სახელით იცნობს, იგი დღემდე ბრიტანული „მიწისქვეშეთის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. 2020 წელს იგი გენტის ხელოვნების ცენტრში იქნა მიწვეული, რათა მისთვის სასურველი ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე ემუშავა. როგორც აღმოჩნდა, მისთვის პირველადი არჩევანი ანდრეი ტარკოვსკის კლასიკა, 1972 წლის „სოლარისია“, რომელთანაც მუსიკოსს განსაკუთრებული ემოციური კავშირი გააჩნია. ფილმის ორიგინალი საუნდტრეკი საბჭოთა კომპოზიტორმა, ედუარდ არტემევმა შექმნა, შემდეგ ფილმის მეორე ვერსიისთვის კლიფ მარტინეზმა იმუშავა. კევინის მუსიკალური არჩევანი ამ შემთხვევაში ემთხვევა ფილმის ნარატივს, რომელიც გამსჭვალულია ფსიქოლოგიური ჰორორით, სიყვარულის, ნოსტალგიის და დისტოპიის თემებით.

The Killers - Pressure Machine

The Killers-ის მუსიკა ჩემთვის ყოველთვის ორმხრივად წარმოჩინდებოდა, ერთი უფრო ახალი ტალღის მუსიკისკენ გადახრილი მიმართულებით, რომლებიც ბენდის ბევრ ჰიტში იგრძნობა, მეორე კი კონკრეტულად ფრონტმენის, ბრენდონ ფლაუერსის ტალანტი, რომელსაც ნებისმიერი სიმღერის ემოციურ ფეიერვერკად გადაქცევა შეუძლია. ბენდის ახალ ალბომში სწორედ ეს უკანასკნელი გვხვდება და მუსიკოსი თავისი ბავშვობის შესახებ გვიყვება, რომელიც იუტას შტატში, იმ კარგ ადამიანებთან გაატარა, რომლებიც, მისი თქმით, ქრისტეს ეყრდობიან და მალევე შენდობა იციან. ვერ ვიტყვით, რომ ეს სრულიად ქრისტიანული ალბომია, მაგრამ ფაქტია, რომ მუსიკალურად და ალბომის თემატიკითაც ყველა კომპოზიცია განსაკუთრებული სულიერებითაა გამსჭვალული და ერთიანობაში ძალიან სასიამოვნოდ ისმინება.

Moritz von Oswald Trio: Dissent

მორიც ფონ ოსვალდი გერმანული ელექტრონული მუსიკის პიონერია, კერძოდ კი Dub Techno-ს სტილის აღზევებას სწორედ მის პიროვნებას მიაწერენ, თუმცა მისი შემოქმედება ბევრად მეტია, ვიდრე ნახსენები ვიწრო მუსიკალური სტილი, ამიტომაც 2009 წლიდან იგი ტრიოსთან ერთად ახალ პროექტს აყალიბებს. აღნიშნული ტრიოს შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა, ერთადერთი უცვლელი წევრი კი თავად ოსვალდი იყო. 2015 წლის შემდეგ ტრიოს ჩანაწერი 2021 წელს პირველად გამოვიდა, ამჯერადაც შეცვლილი შემადგენლობით. „Dissent“-ში გერმანელ მუსიკოსს ზურგს სხვა გამოცდილი არტისტები უმაგრებენ - ელექტრონული მუსიკოსი ლაურელ ჰალო და ჯაზ დრამერი ჰენრიხ კობერლინგი. ალბომი 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ჯემ-სესიების შედეგია და ეპილოგისა და პროლოგის ჩათვლით, 10 კომპოზიციისგან შედგება. ყოველი მუსიკოსის ჩართულობა თანაბრად არის დაბალანსებული: აქ შეხვდებით ოსვალდის ატმოსფერულ დაბ ტექსტურებს, კობერლინგის თავისუფლად მცურავ ჯაზ დრამინგს და ჰალოს გამომხატველობით ელექტრონულ მუსიკას. მთლიანი ატმოსფერო კი უფრო პირქუში და ექსპერიმენტულია, თუმცა სამივე მუსიკოსის მოყვარულებისთვის ეს სიახლეს სულაც არ წარმოადგენს.

Lord & Dego - Lord & Dego

დენის მაკფლარეინი, მუსიკალურ სამყაროში ცნობილი, როგორც Dego, ბრიტანული საცეკვაო მუსიკის ლეგენდაა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში ლონდონური სცენის მნიშვნელოვან პროექტებში იღებდა მონაწილეობას (4 Hero, Manix…). 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი იგი ადგილობრივი მუსიკალური სტილის, Broken Beat-ის პიონერადაც იქცა. მისი ახალი ალბომი, დიდი ხნის მუსიკალურ მეგობართან, მეთ ლორდთან ერთად სწორედ დასავლეთ ლონდონის ხმოვანებითაა სავსე. აქ ბევრია თანამედროვე ფანკი და ბუგი, რომლებიც ჯაზ-ფანკის ვარიაციებთან ერთად ქმნის ალბომს, რომლის მთავარი თემა ცხოვრებაში სიხარულის განცდის აღმოჩენას უკავშირებს, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ბანალური სიამოვნებები.

სელექტორი: ჯაბა შავიშვილი