კულტურა

ბახვა ბრეგვაძის რეკომენდაციები წიგნებისა და სერიალების შესახებ

ჟურნალი Hammock თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობთ ბახვა ბრეგვაძის რეკომენდაციებს წიგნებისა და სერიალების შესახებ

მარტი 25, 2020



“ჩვენ ვრჩებით სამსახურში თქვენთვის, თქვენ დარჩით სახლში ჩვენთვის" - ამ სლოგანით ვმუშაობთ ჟურნალისტები და ტელეწამყვანები დღეს... მოწოდებები და დარიგებები არ მიყვარს, ამიტომ ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ დარჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ახლობლებს, სხვებს ... მიხარია, რომ ბევრი ადამიანი WHO-ს და ჩვენი ექიმების რეკომენდაციებს ითვალისწინებს და იცავს სოციალურ დისტანციას... მეც ტელევიიზიდან პირდაპირ სახლში ვბრუნდები და ვრჩები... არც სტუმრად დავდივარ ვინმესთან და არც სხვები მოდიან ჩემთან... ამიტომ მოვიცალე და წავიკითხე ბევრი კარგი წიგნი, ვნახე ბევრი კარგი ფილმი თუ სერიალი ... ყველაზე მეტად რომელიც მომეწონა, მინდა თქვენც გირჩიოთ და Hammock Magazine-ის მეშვეობით გაგიზიაროთ.





სერიალები




"დიდი ერთგულება“ - High Fidelity


სერიალი ახალგაზრდა ქალის ცხოვრებასა და მის პირად ურთიერთობებზეა დაფუძნებული.  მისი ყურების დროს ხელში ტეელეფონი უნდა გეჭიროთ და მუსიკის ამომცნობი პროგრამა Shazam ჩართული და მომზადებული უნდა გქონდეთ...  მოკლედ, თუ მოგწონთ ლამაზი და ყველასგან განსხვავებული ზოი კრავიცი და გიყვართ კარგი მუსიკა, ეს სერიალი ნამდვილად თქვენთვის არის…


ჰიპ-ჰოპის ევოლუცია - Hip-Hop Evolution


Netflix-ზე  უკვე ოთხი სეზონია ხელმისაწვდომი…  მოქმედება 1970-იან და 1990-იან წლებში ვითარდება, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ჰიპ-ჰოპი დაიბადა და გაიზარდა.  ამ ჟანრის მუსიკის მოყვარულები, უბრალოდ, ვერ მოწყდებით ეკრანებს და ძალიან კმაყოფილებიც დარჩებით…


"უცნაური ამბები" - Stranger Things


სერიალი მეგობრობაზე და დღეს ყველასთვის აქტუალურ თემაზე - სამყაროს გადარჩენაზე. შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად მოკალათდეთ  და ერთად ნახოთ ეს უზომოდ საინტერესო და კარგი სერიალი…


ქაღალდის სახლი - Money Heist


აქამდე ნანახი არ მქონდა, სწორედ ახლა ვუყურებ. ძალიან მომეწონა და ჩამითრია. მთავარი გმირები დამნაშავენი არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, გაეძარცვათ სამეფო მონეტების ეზო ესპანეთში და ჯიბეში 240 მილიონი დოლარი ჩაედოთ... თუ დაგაინტერესებთ, როგორ განვითარდება მოვლენები, დანარჩენი თავად ნახეთ…



წიგნები




დაიჭირე და მოკალი


ჟურნალისტ რონან ფეროუს წიგნი, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტური ნამუშევარია. ის იძიებს ჰარვი ვაინშტაინის იმ ქმედებებს, რომლებსაც ათეული წლების განმავლობაში ჩადიოდა. წიგნში აღწერილია, თუ როგორ, რა გზებითა და ხერხებით ცდილობდა  კინო- და ტელეინდუსტრიაზე კონტროლის დამყარებას. თუ თქვენ კარგი თრილერის მოყვარული ხართ, რომელიც სავსეა შეთქმულებებით, კვანძების გახსნებით და შპიონებითაც კი, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ…


იან უილიამსის ”რეპროდუქცია”


კანადელი მწერლის ნოველა  Scotiabank Giller Prize-ის გამარჯვებულია და მრავალი თაობის ოჯახურ საგაზე მოგვითხრობს… ეს გამომგონებლური, საოცრად მიმზიდველი თუ ჩამთრევი ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება…ბევრს არაფერს გეტყვით, მხოლოდ ერთს - რომ "რეპროდუქცია", ძალიან საინტერესოდ გაგატარებინებთ  დროს, რომელსაც ამ წიგნის კითხვას დაუთმობთ…


“ჯერ კიდევ ელისი” - ლიზა ჯენოვა


ჩემს გადაცემაში, დილის შოუში, ბასა ჯანიკაშვილს აქვს რუბრიკა წიგნებზე... სწორედ მან მირჩია და მაჩუქა ეს არაჩვეულებრივი წიგნი... ლიზა ჯენოვას “ჯერ კიდევ ელისი”, რომელიც მოგვითხრობს 50 წლის, ძალიან წარმატებული პროფესორი ქალის ცხოვრებაზე... ის ჰარვარდის გამორჩეული ლექტორია, ლინგვისტი... ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და სამი შვილი... და ერთ დღესაც ის ხვდება, რომ ვერ იხსენებს სიტყვებს... მერე მთლიან ამბავს, მერე საკუთარ თავს... მას დაუდგინდება ალცჰაიმერის დაავადება... წიგნში დიდი ოსტატობითაა გადმოცემული დაავადებული ადამიანის გრძნობები, ოჯახის წევრების დამოკიდებულება, ცვლილებები... ამავე სახელწოდების ფილმმაც უდიდეს წარმატებას მიაღწია, ხოლო ელისის როლის შემსრულებელმა ჯულიანა მურმა, ოსკარი მიიღო 2015 წელს, ოსკართან ერთად კი ბაფტა, ოქროს გლობუსი და კიდევ 20-მდე სხვა ჯილდო…


წყარო: Hammock Magazine