მუსიკა | ცა

Sophie Villy - ახალი მუსიკალური ვიდეო

სიტყვა გვაქვს ქართულ ენაში - გულისყური. სმენის წარმოსახვითი ორგანო, რომლითაც სულ სხვა სამყარო გვაგონებს ხმას, ზოგჯერ, ერთგვარ ‘დეჟა-ვუდ’ რომ გადმოითარგმნება, ზოგჯერ - შთაგონებად... გულის კარნახსაც არ ვეძახით?! ამ კარნახის კი, რაც უფრო გვჯერა და გვესმის, უფრო მეტ ადგილს ვუთმობთ იმ მეტამორფოზებს, ამ რეალობას საოცრებად რომ გვიქცევს.

Sophie Villy-ის [სოფო ხუციშვილი] შემოქმედება და ცხოვრებაც ასეთი მეტამორფოზებითაა გაჯერებული. გულისყურის გავარჯიშება, შეიძლება, ხელოვანების ოჯახში აღზრდამ განაპირობა, ადრეული ასაკიდან მუსიკის აღმოჩენამ, თუ დიდი სპორტიდან ნასესხებმა დისციპლინამ... ფაქტია, რომ არის კონტაქტი! ამის შედეგია სამი წარმატებული ალბომი [Mother Fish, Dress, Planet A], საერთაშორისო აღიარება, “სოულსქოფელების” (ამაზე ქვემოთ განვევრცობით) უპირობო სიყვარული...

ამის შედეგია ახალი ვიდეო რგოლიც, რომელიც საფრანგეთში სიმღერისთვის “Another Existence” (სხვა არსებობა, ან სხვა ცხოვრება) გადაიღეს.

ვიდეო გაიგზავნება სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის UK Music video awards-ზე,

ამიტომ ინარჩუნებენ ექსკლუზიურობას და ცდილობენ დაიცვან ამ ფესტივალების მოთხოვნები. ვიდეო დეკემბერში იუთუბზეც გამოჩნდება.

მომიყევი როგორ დაიწერა შენი ახალი სიმღერა? საიდან წამოვიდა შთაგონება?

“Another Existence” კიევში ყოფნისას დაიწერა. დნეპრის სანაპიროს მივუყვებოდი, უკვე საღამო იყო და ლამპიონები აინთო. მუქი ლურჯი მდინარეც საოცრად ირეკლავდა ოქროსფერ განათებას.. არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი, ან რა გამახსენდა, მაგრამ ეს ფრაზა ეგრევე ამოტივტივდა, წავიმღერე და ტელეფონში ჩავიწერე: ‘Inspired by the gold lights.. I saw nothing but blue.. Enchanted by the long nights.. I saw nothing but you’ რაც შემდგომ უკვე მისამღერად გადაიქცა.


ზოგადად, გარემოს რომელშიც ვწერ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მიყვარს ბევრი ბოდიალი და მოგზაურობა.. ბუნებაში, ან წყალთან საათობით ჯდომა. ესეც, ერთ-ერთი, უცბად მოსული ფიქრის და ემოციის შედეგია..

რატომ ‘Another Existence’?

ხშირად მაქვს ‘დეჟა-ვუს’ განცდა და რაღაც დონეზე იმასაც ვუშვებ, რომ ცნება ‘წინა ცხოვრება’ არც ისე გამოგონილი ამბავია. ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდები ადამიანს, რომელსაც უსიტყვოდ ესმის შენი, თითქოს წლებისა და საუკუნეების წინაც იცნობდი მას.. რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც ამ სიმღერაზე ვმუშაობდი და დასაწყისისთვის ტექსტი არ მქონდა მოფიქრებული, სწორედ მაშინ შევხვდი ადამიანს, რომლისთვისაც მომინდა მეთქვა - ‘I have known you in another existence.’

შენს ალბომში PLANET A, რომელიც 2017 წელს, Akademia Music Award-ზე საუკეთესო ალტერნატიულ როკ-ალბომად გამოცხადდა, ერთმანეთზე საუკეთესო ტრეკებია... როგორ მოხდა სწორედ ამ სიმღერის შერჩევა ვიდეოსთვის?

სიმღერა თავად რეჟისორმა აარჩია, რადგან თვითონ მიპოვა ‘soundcloud’-ზე და შარშან, მარტში დამიკავშირდა. როგორც აღმოჩნდა ჟან-მარი მარბახი [Jean-Marie Marbach] საკმაოდ ცნობილი ფრანგი რეჟისორი და ვიზუალ არტისტია, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის UK Music Video Awards. მომწერა, რომ ეს სიმღერა ღრმად ჩაებეჭდა გონებაში და დიდი სურვილი აქვს მასზე ვიდეოს გადაიღოს. ძალიან გამიხარდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ საერთო სახსრების მობილიზებით მოხდებოდა ეს ამბავი. შემდეგ, მივიღე წერილი იმის შესახებ, რომ ვიდეოს გადაღება შედგებოდა პარიზში და რომ მათი ‘ფროდაქშენი’ ყველანაირ ხარჯებს უზრუნველყოფდა: ფრენას, პავილიონს, გადამღებ ჯგუფსა და დეკორაციებს. სანამ არ ჩავფრინდი და საკუთარი თვალით არ ვნახე ეს ყველაფერი, იქამდე არ მჯეროდა.

ბენდთან ერთად - დმიტრი ზინჩენკო, სოფი ვილი, კონონოვ სტას, ლევან მიქაბერიძე. ფოტო - ქეით კონდრატიევა

როგორ შემუშავდა კონცეფცია, როგორ მიმდინარეობდა გადაღება და რამდენად იყავი ჩართული მომზადების პროცესში?

გადაღება პავილიონში მიმდინარეობდა, სხვადასხვა დეკორაციებით, მწვანე ფონზე. ვიდეო, ისევე როგორც სიმღერა, მდინარესთან გატარებულ იმ რამდენიმე წუთს ეფუძნება.. ჟან-მარისთვისაც მნიშვნელოვანი იყო საწყისი წერტილი და ემოცია, სად დაიწერა, რა ვითარებაში.რაც შეეხება ჩემს ჩართულობას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბოლომდე მივენდე რეჟისორს და ძალიან მცირე კორექტივები შევიტანე ჩემი მხრიდან. სხვა ვიდეოებზე ძირითადი იდეის ავტორი და რეჟისორიც მე ვიყავი. ამ შემთხვევაში დამაინტერესა როგორ აღიქვამდნენ და ხედავდნენ ჩემს მუსიკას სრულიად უცხო ადამიანები. ესეთი ეფექტებით ვიდეო ჯერ არ მქონია და ერთგვარი გამოწვევაც იყო ჩემთვის.

ფოტო - ირაკლი ხარგელია

რა აქცევს ადამიანს ხელოვანად? იქნებ ეს ჩვენი შინაგანი სამყაროს გარემოსთან გაზიარების, სხვაგვარად რომ ვთქვათ - თვითგამოხატვის სურვილია?

ხელოვნებამდე ნებისმიერ თვითგამოხატვის გზას მივყავართ. ძალიან მნიშვნელოვანია ის მამოძრავებელი ძალა და ნაპერწკალი, რომელიც ჩვენში ჩნდება, თანდათან უფრო გავაღვივოთ. სწორედ ეს ჯადოსნური პროცესი და დაუღალავი შრომა გვაქცევს ხელოვანებად. ეს ფორმულა ალბათ, ნებისმიერ საქმეს და სფეროს ერგება.

უკვე ერთი წელია, რაც შენი შემოქმედებითი სტუდია “Soulscope” არსებობს... ჩემი შვილის მაგალითზე, პირადად ვხდები ბავშვების მხრიდან ძალიან დიდი სიყვარულისა და დაინტერესების მოწმე... მომიყევი, რა ჯადოსნობებს აქვს ადგილი? რამდენად გრძნობ შენი ბავშვობის გავლენასაც?

“Soulscope” ჩემი საავტორო პროექტია... აქ, თავისუფალი შემოქმედებითი სივრცე იქმნება, სადაც ყველაზე არააკადემიური და არაფორმალური გზებით ხდება ბავშვების მუსიკასთან და ხელოვნებასთან დაახლოვება. ამას კი შემდგომ, საკუთარ თავთან დამეგობრებაც მოჰყვება, უმეტეს შემთხვევაში.. რატომ ვახსენე "არააკადემიური", იმიტომ რომ თავის დროზე, საკმაოდ პატარა ასაკში, საკუთარ თავზე გამოვცადე ნიჭიერთა ათწლედის წნეხი - ფორტეპიანოზე მეცადინეობისას ხელებში მუდმივი ჩარტყმები და გამანადგურებელი კრიტიკა. ბევრი მუდარის შემდეგ, მშობლები დამთანხმდნენ და წამოვედი. 9 წლის ვიყავი, სახლში მამაჩემის გიტარაზე დავიწყე აკორდების სწავლა და ძალიან მალე, ჩემთვის სრულიად სხვა მუსიკა აღმოვაჩინე. მუსიკა წნეხის გარეშე.. თავისუფალი მუსიკა. ბავშვობის და შემდგომ უკვე მუსიკალური კარიერიდან დაგროვილი გამოცდილების საინტერესოდ გაზიარება გადავწყვიტე მოზარდებისთვის, რომლებიც ისევე, როგორც მე, საკუთარი თავის ძიებაში არიან..


ფოტო - დიმა ტარანენკო

რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სივრცეების არსებობა ახალი თაობისთვის?

დღევანდელ ქაოტურ გარემოში აუცილებელია განტვირთვა და ერთმანეთთან ვერბალური კომუნიკაცია, ურთიერთობა, საუბარი. ვირტუალური სამყაროდან გამოსვლა, ანუ ტელეფონების გამორთვა, ერთ სივრცეში შეკრება, ან ეზოში ჩასვლა, ფირფიტების მოსმენა, წიგნების წაკითხვა და უბრალოდ, სულისთვის საზრდოს მიწოდება. მომავალში ვგეგმავ, ჩემი მოსწავლეები მეოთხე ალბომის ჩაწერის სესიებს დავასწრო და მონაწილეობა მივაღებინო.

ერთხელ, “სოულსქოფში”, ბავშვებს სათითაოდ ეკითხებოდი, რა იყო მათი ყველაზე სანუკვარი ოცნება… შენი ოცნება რა იყო? იქნებ - მიზანი?

8 წლის ვიქნებოდი ალბათ, დედასთან და მამასთან ერთად Nirvana-ს და ალანის მორისეტის Mtv unplugged-ს ვუყურებდი და მახსოვს, მაშინ გავაკეთე ‘ხმამაღალი განცხადება’ - მეც მუსიკოსი გამოვალ მეთქი. იმ მომენტიდან, ჩემი ოცნება იყო გიტარით ხელში სცენაზე დგომა, გრძელი თმა და ბევრი მოგზაურობა...

ავტორი: ნინო კაკიაშვილი