ბიზნესი

Social Impact Award — პროგრამა სოციალური მეწარმეებისთვის

ივლისი 25, 2022

ადამიანებს, რომლებიც ბიზნესს იწყებენ, სხვადასხვა რამ ამოძრავებთ: ზოგს რუტინული სამსახურის საკუთარი საქმით ჩანაცვლება სურს, ზოგიერთი ბავშვობის ოცნების ასრულებას ცდილობს, ზოგიც კი დიდი კაპიტალის დაგროვებაზე ფიქრობს. თუმცა, ბოლო წლებში ახალი მიდგომა გამოჩნდა — სოციალური მეწარმეობა, ანუ ბიზნესი დიდი მისიით.

სოციალური მეწარმეობა კონცეფციაა, რომელიც ბიზნესპრინციპების გამოყენებით საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება და მოგებასაც ისევ სოციალური მიზნებისკენ მიმართავს. სოციალური მეწარმეები საკუთარი საქმით მიკროსოციუმს, ქვეყანას ან სულაც — მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლიან.


სწორედ სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ი. იგი ამ მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროგრამაა ევროპაში და ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, საქართველოში კი 2017 წლიდან Impact Hub-ის ორგანიზებით იმართება.

რა არის Social Impact Award?

Social Impact Award 2009 წელს ავსტრიაში შეიქმნა, მისი მიზანი კი ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური საწარმოების ხელშეწყობაა.

პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:


პირველი ეტაპი ვორქშოფების სერიაა თბილისსა და რეგიონებში. ვორქშოფებზე მონაწილეები იღებენ ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის შესახებ. ორგანიზატორები მათ ეხმარებიან იდეების გენერირებაში, ბიზნესმოდელის საკუთარ იდეაზე მორგებაში, ბიზნესგეგმის ჩამოყალიბებასა და პროტოტიპის შექმნაში.

მომდევნო ეტაპია იდეების კონკურსი. საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც ყველასთვის ღიაა, ახალგაზრდები საკუთარ იდეებს ათავსებენ და დამოუკიდებელი ჟიური მათგან ფინალისტ გუნდებს არჩევს. ფინალისტები ორი თვის განმავლობაში ინტენსიური ინკუბაციის პროცესს გადიან. გარდა საერთო შეხვედრებისა ისეთ თემებზე, როგორებიცაა მარკეტინგი, იურიდიული საკითხები, ფინანსები, ფიჩინგი და სხვა, ინკუბაციის პერიოდში თითოეულ გუნდს ჰყავს ინდივიდუალური მენტორი. მენტორი მათ ორი თვის განმავლობაში ხვდება და პროექტის დახვეწაში ეხმარება.

ინკუბაციის შემდეგ მზადდება ფინალისტი გუნდების ვიდეოები, რომლებიც იტვირთება საერთაშორისო პლატფორმაზე. ამ ეტაპზე პროცესში ერთვება ფართო საზოგადოება — იწყება ხმის მიცემა. პროგრამის დასასრულს ერთ გამარჯვებულს ხალხი ავლენს, დანარჩენ ორს კი — დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სოციალურ მეწარმეობაში.

ჟიური განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იდეის ინოვაციურობას, რეალისტურობასა და დადებით გავლენას გარემოსა და საზოგადოებაზე

გარდა იმისა, რომ გამარჯვებულები ფულად ჯილდოს იღებენ, ასევე მიემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, სადაც ხვდებიან ყველა ქვეყნის გამარჯვებულს, ესწრებიან ტრენინგებს და ისმენენ საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებებს. წელს სამიტი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება.

Social Impact Award საქართველოში

საქართველოში Social Impact Award მეექვსე წელია, იმართება.


“2017 წელს სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის ორი ორგანიზაცია - ევროპის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მუშაობდა. ეს ორი დიდი მოთამაშე ძალიან დაგვეხმარა, გავრკვეულიყავით, საიდან დაგვეწყო ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ჯამში 1500-მდე ახალგაზრდა ჩაერთო პროექტში, ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი) და გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი”, — იხსენებს ელენე ჟვანია, Social Impact Award-ის ადგილობრივი კოორდინატორი და Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი.

მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში პროექტმა 7-ზე მეტი რეგიონი მოიცვა საქართველოს მასშტაბით და მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნონ სოციალური მეწარმეობის კონცეფცია. 


“უკვე კვლევებიც მოწმობს, რომ ახალგაზრდები აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ ფულის შოვნით ან საკუთარი ბიზნესის წამოწყებით, მათ სურთ, პოზიციონირდნენ როგორც სასარგებლო საქმის მკეთებლები. სოციალური მეწარმეობა კი ამის საუკეთესო საშუალებაა”, — აღნიშნავს ელენე.


იდეები კი სხვადასხვა სახისაა და ყველა მათგანი პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული. როგორც ელენე ამბობს, ზოგიერთი საკუთარ კომუნაში არსებულ პრობლემებს აგვარებს, ზოგი კი უფრო დიდ მასშტაბებზე ცდილობს პრობლემების გადაჭრას. ამასთან, აქტუალურია ტექნოლოგიები და ინოვაციები.

პროგრამა სტარტაპერი — Social Impact Award-ის პარტნიორი

უკვე მეორე წელია, Social Impact Award-ის მხარდამჭერია თიბისის პროგრამა სტარტაპერი, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, მათ შორის სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა.


“სტარტაპერი ძალიან გვაძლიერებს. მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, იციან, თუ როგორ უნდა შეუწყო ხელი დამწყებ მეწარმეებს, ამასთან, აქვთ უდიდესი რესურსი მარკეტინგისა და კომუნიკაციის კუთხით, რაც გვეხმარება სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციაში”, — ამბობს ელენე ჟვანია.

რა უნდა იცოდეთ კონკურსში მონაწილეობისთვის?

კონკურსში მონაწილეობა 18–დან 30 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან შეუძლიათ. მონაწილეებმა საკუთარი იდეები ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ. მათთვის კი, ვისაც პროექტში წარმატების მიღწევა სურს, ორგანიზატორებს რამდენიმე რჩევა აქვთ:


  • თუ შეეჭიდები ისეთ პრობლემას, რომელიც შენთვის ნაცნობია, მისი გადაჭრის საუკეთესო გზის მოძებნა უფრო მარტივი გახდება;
  • პრობლემის გადაჭრის შენეული გზა რეალისტური უნდა იყოს;
  • იმისთვის, რომ შექმნა მდგრადი ბიზნესი და შენი საქმიანობა არ იქცეს ერთჯერად ქველმოქმედებად, აუცილებელია, გქონდეს სწორი ბიზნესმოდელი.

ასე რომ, მოემზადეთ, Social Impact Award-ის კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა საკუთარი ბიზნესით სურს.

ავტორი: იანა კოხიძე