კულტურა სიახლეები

შეიცანი, დააფასე, შეიყვარე

სტატუს შეხვედრა შაჰრუ იზადისთან

მარტი 26, 2020

...თუკი დღეს ისე არ გათენდა, როგორც გეგმავდით და მოტივაციაც დაბალი გაქვთ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დაგეგმილი გზა განაგრძოთ, თავს ნუ გაკიცხავთ, უბრალოდ კითხვები დასვით. კითხვები დასვით საკუთარ თავთან - რა იქნება ამის შემდეგ? რა იქნება ხვალ, თუ კი დღეს თქვენს გეგმას გადაუხვევთ და მიზანს უარყოფთ? ესაუბრეთ თავს მომავალ დროში - გასცდით რეალობას და განსაზღვრეთ შედეგი - სწორედ ასეთია შაჰრუ იზადის “რეცეპტი” მისი ცნობილი წიგნიდან “სიკეთის მეთოდი”, რომელიც შესაძლოა დიდი ხნის მობეზრებული ქცევის ცვლილებასა და პიროვნულ განახლებაში დაგეხმაროთ. 



თიბისის სტატუს შეხვედრების ფარგლებში, მსმენელებმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს. მოტივაციის, საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობისა და ქცევის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების თხრობა, ბრიტანეთიდან სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა პირადი გამოცდილების გაზიარებით დაიწყო.  

 

შაჰრუ იზადი ქცევის მოდელირების ექსპერტი, ტრენერი, სპიკერი და ცნობილი წიგნების („სიკეთის მეთოდი“, „უკანასკნელი დიეტა“) ავტორია; ყველა მათგანს აერთიანებს შაჰრუს მთავარი იდეა ტოლერანტული და ჰუმანური მიდგომების შესახებ, რომელსაც ადამიანებში სხვადასხვა ჩვევებისა და დამოკიდებულებითი ქცევის დასაძლევად იყენებს. 



თქვენი ემპათიის ხარისხის გარკვევა, როგორც წესი, საკმაოდ რთულია თუ მსგავსი ქცევითი პრაქტიკა, ან მოვლენა საკუთარ თავზე არ გაქვთ გამოცდილი. შაჰრუმ ამ კითხვას საუბრის დასაწყისშივე უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი მეთოდი სწორედ მის საუკეთესო (წარმატებულ) პრაქტიკებს ეფუძნება. მისი მიდგომები კი ხანგრძლივი გამოცდილების შედეგია, რომელიც პირადად, საკუთარი წონის პრობლემის დასაძლევად, კვებითი ქცევის შესაცვლელად და თვითშეფასების ასამაღლებლად გამოიყენა.


“ვიცოდი, რომ კვებასთან ჩემი ურთიერთობა შეზღუდვების დაწესებით ვერ მოწესრიგდებოდა. უბრალოდ კვებითი ჩვევები დავარეგულირე - რა დროს რა უნდა მეჭამა - სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი და არა აკრძალვები.” 


როგორც თავად აღნიშნავს, მის საქმიანობაში ახალი არაფერია, უბრალოდ მისი მიდგომა სხვადასხვა პრაქტიკების ერთიანობას და ახალ რეალობაში ადაპტაციას ემყარება. წლების მანძილზე, ნარკოდამოკიდებულებასთან, ალკოჰოლდამოკიდებულებასთან და სხვა მავნე ჩვევებთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდების შესწავლითა და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, შაჰრუ შეეცადა უნიკალური მეთოდი შეექმნა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია იმ მიზეზების დადგენა, რომლებიც ადამიანებს ამა თუ იმ დამოკიდებულებითი ქცევის ჩამოყალიბებაში “ეხმარება”. 


როგორც წესი, დამოკიდებულებით ქცევას გამართლება ყოველთვის აქვს. თუკი ალკოჰოლს ხშირად მოიხმარენ, მიზეზი ხან კოლეგის დაბადების დღე, ხან კი დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრაა. სინამდვილეში, ეს მათთვის სევდასთან ბრძოლის ერთ-ერთი “საუკეთესო” საშუალებაა.



დამოკიდებულებითი ქცევის ცვლილებებისკენ მუდმივი სწრაფვა ყველა ადამიანს ახასიათებს, თუმცა, ეს ხშირად საკუთარ თავთან მხოლოდ ერთგვარი “დათქმაა”. მნიშვნელოვანია იმპულსი იდეასა და მოქმედებას შორის. სწორედ იმ ინტერვალში იწყება პრობლემა, სადაც მიზანი რეალობად უნდა აქციოთ:  არ გამომივა, სხვა დროს იყოს, დღეს არა... და სხვ.   სიზარმაცე მიზნისკენ მიმავალ გზაზე, იმედგაცრუება, დაბალი თვითშეფასება, საკუთარი თავის დამცირება და “მე”-ს მუდმივი განსჯა, შაჰრუს აზრით, საკუთარი თავის მიმართ სიყვარულით, სიკეთით, ნდობით, დაფასებითა და გამოცდილებით დაიძლევა.



შაჰრუს სიყვარულის ფორმულა


დამოკიდებულების დასაძლევად საკუთარი თავის შეყვარება ამოსავალი წერტილია. სწორედ საკუთარი თავის მიღებით იწყება თვითშემეცნება, შემდეგ გამორკვევა და ბოლოს - დაძლევა.


საკუთარი თავის მიმართ შეუწყნარებლობა და სიმკაცრე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაღაც ისე არ გამოგდით, როგორც ეს თქვენს გეგმებშია განსაზღვრული - გაუმართლებელია. როგორც იცით, უფრო ადვილია, იყოთ სტიმული სხვა ადამიანისთვის, ადვილია წაახალისოთ ისინი, მისცეთ მათ ძალა ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. “თუკი საყვარელი ადამიანი პერსონალური გამოწვევის წინაშე დგას და ცდილობს მიზანს მიაღწიოს - ჩვენ მას მხოლოდ წავახალისებთ, ვაძლევთ რჩევებს, ვეხმარებით მიზნის მიღწევაში და ვამხნევებთ”.  


რა ხდება მაშინ, როდესაც ეს თქვენ გჭირდებათ? თავს არასოდეს ესაუბრებით ისე, როგორც საყვარელ ადამიანს, რომელსაც თქვენგან მხარდაჭერა, თანადგომა და სტიმული სჭირდება. - “მე კი ვამბობ, რომ შეუძლებელია იყოთ კეთილგანწყობილი სხვის მიმართ, სანამ არ იქნებით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ. ეცადეთ, საკუთარ თავს ზუსტად ისეთი სიყვარულის იმპულსი მისცეთ, როგორსაც ამას სხვა ადამიანისთვის გააკეთებდით.” 




შაჰრუს სიკეთის ფორმულა



როდესაც საკუთარი თავის მიმართ სიკეთეს თესავთ, თქვენ მას თქვენ გარშემო პოულობთ, რაც უფრო მეტად ეძებთ მას, მით უფრო მეტად ამჩნევთ და, რა თქმა უნდა, იზიდავთ. შაჰრუ იზადი აქაც საკუთარ გამოცდილებას იხსენებს და ამბობს: “ვისწავლე, რომ საუკეთესო, რაც ჩემი კლიენტებისთვის შემიძლია გავაკეთო, ჩემს თავზე ზრუნვა და საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობაა”.



შაჰრუს ნდობის ფორმულა


დამოკიდებულებითი ქცევის შეცვლის მიზნით, სულაც არ არის გამოსავალი საკითხისადმი მარტივი დამოკიდებულება. “ნუ შეეცდებით პრობლემა მარტივად დაინახოთ, უარი თქვით ზედაპირულობაზე, რეალურად შეაფასეთ საკითხის სირთულე და საკუთარი შესაძლებლობები”. ეს მხოლოდ საკუთარ თავთან დიალოგით მიიღწევა. თუკი დიალოგი შედგა და თქვენ მზად ხართ თქვენს თავს ნდობა გამოუცხადოთ, ყველანაირი სირთულე დაძლევადია. “სიკეთის მეთოდი” გასწავლით, წარუმატებლობის მოლოდინის ნაცვლად, როგორ ენდოთ საკუთარ თავს თქვენი მიზნების განხორციელების შესაძლებლობებში”.



შაჰრუს დაფასების ფორმულა 


შენ საკმარისად კარგი ხარ იმისთვის, რომ შენ მიერ დასახულ მიზანს მიაღწიო; “ფოკუსირდი იქით, საითაც მოძრაობ და ნუ გადაუხვევ გზიდან; გწამდეს, რომ რთული საქმეების კეთების უნარი გაგაჩნია; ყურადღება სუსტი მხარეების ნაცვლად, შენს ძლიერ მხარეებზე გაამახვილე.” 


დამოკიდებულებითი ქცევის ცვლილებისთვის “სიკეთის მეთოდი“ სხვა ყველაფერთან ერთად, საკუთარი თავისადმი ნდობის მაღალ ხარისხს მოითხოვს. მაშინაც კი, როცა საქმე მძიმედ ნეგატიურ დამოკიდებულებით ქცევას ეხება, მოცემული მიდგომა მასში პოზიტიური კომპონენტების ძიებას იწყებს. “ჩვენ ხშირად ვართ ორიენტირებული იმაზე, რა არის არასწორი ჩვენს ქცევაში და არა იმაზე, თუ რა არის ამ ქცევის დადებითი ნაწილი. სინამდვილეში, სწორედ ეს დადებითი ნაწილია საინტერესო, რომელიც შეგვიძლია ეფექტურად გამოვიყენოთ დამოკიდებულებითი ქცევის მოდელირებისას."



შაჰრუს გამოცდილების ფორმულა


რა ცხოვრებისეული მიღწევები გაქვთ? რა გააკეთეთ სწორად? რითი ამაყობთ საკუთარ თავში? რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ? რა გააკეთეთ აქამდე, რამაც თავი ძლიერად და ყველაფრის შემძლედ გაგრძნობინათ?


შაჰრუ იზადი გამოცდილებას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს. გამოცდილება და ის რეალური “საქმეები” რაც კი მანამდე გიკეთებიათ, ერთადერთი ფაქტობრივი ძალაა, რომელსაც ქცევის ცვლილებისას შექმნილი სირთულეების დროს, თქვენთვის სტიმულის მოცემა და წახალისება შეუძლია. “იფიქრეთ იმ დროზე, როდესაც გამოწვევის წინაშე დადექით და იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდით მას”. ნებისმიერი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანისას, თუ მას წინ უძღვის სხვადასხვა სფეროში, თქვენ მიერ წარმატებით განხორციელებული რთული პრაქტიკები, თვითრწმენა მეტია. ვაგროვებდი ქცევის პრაქტიკებს... როდესაც ძალიან რთულ საქმეებს გავართვი თავი, სწორედ ამ დროს მივხვდი, რა მასშტაბის შესაძლებლობები გამაჩნდა”.  


კარიერის დასაწყისში, შაჰრუ იზადისთვისაც სწორედ გამოცდილება აღმოჩნდა გარდამტეხი. დამოკიდებულებითი ქცევის მოდელირების კუთხით, სხვადასხვა კომპანიებში მუშაობისას, კოლეგები ხშირად ეკითხებოდნენ, როგორ გამოეყენებინათ სამოტივაციო სავარჯიშოები რეალურ ცხოვრებაში, როგორ დაეძლიათ ესა, თუ ის დამოკიდებულებითი ქცევა. ამან შთააგონა, შეემუშავებინა უნიკალური მეთოდი - “სიკეთის მეთოდი”, რომელმაც ფართო აუდიტორიაზე იმუშავა. 



ავტორი: მაკა კევლიშვილი; "ინდიგო“