მუსიკა | ცა

რჩეული მუსიკა I

Tsa.Music

ოქტომბერი 09, 2020

Certain Ratio - ACR Loco


12 წლიანი შესვენების შემდეგ ვეტერანმა მანჩესტერულმა ბენდმა პირველი ალბომი გამოუშვა, რომელიც ვერ ვიტყვით რომ ბენდის საუკეთესო ნამუშევართა სიაში მოხვდება, თუმცა არც დიდი იმედგაცრუების მომტანია მსმენელისთვის. ბენდმა 80-იან წლებში პოსტ-პანკითა და ახალი ტალღით დაიწყო, თუმცა არსებობის 40 წლის განმავლობაში უამრავ სხვა მუსიკალურ ტერიტორიასაც მოედო. ახალ ალბომში პოსტ-პანკ ფესვები მივიწყებულია და გზა ფანკისა და დისკოს საცეკვაო ჟღერადობას აქვს დათმობილი. მთავარი თემატური გზავნილი კი იმედია, რომელიც ასე ძალიან ჭირდება უამრავი პრობლემით გადატვირთულ დედამიწას.

Public Enemy ‎– What You Gonna Do When The Grid Goes Down?



ჯგუფი, რომელმაც ჰიპ-ჰოპის მოძრაობა 80-იან წლებში მნიშვნელოვნად განაპირობა, ახალი ალბომით უბრუნდება მსმენელს. 60 წელს მიღწეული Chuck D მუსიკალური თუ ლირიული იდეების მთავარი გენერატორია, რომელსაც ალბომში მთელი ჰიპ-ჰოპ ლეგიონი უერთდება: Nas, Beastie Boys, RUN DMC, DJ Premier ვეტერანების მხოლოდ ნაწილობრივი ჩამონათვალია რომელთაც აქ შეხვდებით. “Digital mental health clinics worse than a pandemic“ ახალგაზრდობას ამ გზავნილით იმ საფრთხეებზე უთითებს, რაც შეიძლება ჩვენდა შეუმჩნევლად ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს.

Fleet Foxes – Shore

გამორჩეული ნეო-ფსიქო-ფოლკ ბენდის ახალი ალბომი, რომელიც თქვენს ცხორებაში შემოდგომის მოსვლისას იმედის ნაპერწკალსაც გაგიჩენთ. მუსიკალურად ეს ალბომი ჯგუფის წინა ალბომების ესთეტიკას იმეორებს, თემები კი ცხოვრების არასრულყოფილების მიღებას და სიცოცხლით ტკბობას ეხება.



Horatio Luna -Boom Boom

მელბურნის მუსიკალური სცენა საინტერესო პერსპექტივის მქონია, სწორედ მისი ნაწილია ბასისტი და კომპოზიტორი Horatio Luna, რომელიც ქალაქს განსხვავებული მუსიკალური ენერგიით ამარაგებს, ასეთია მაგალითად ჰიპ-ჰოპ/სოულ კოლექტივი 30/70, რომლის მუსიკაც ბრიტანულ ლეიბლებზე გასულ წლებში დარელიზდა. ახალ სოლო ალბომში ჰენრი სტანდარტული ჯაზ ხედვიდან ოდნავ გვერდით, საცეკვაო მუსიკისკენ მიუყვება გზას, თუმცა რა თქმა უნდა ჯაზის გავლენის სფეროები აქაც გამოკვეთილად ჩანს.

Carlos Niño & Miguel Atwood-Ferguson  - Chicago Waves

2005 წელს, ლოს ანჯელესელმა პერკუსიონისტმა, DJ-მ  და პროდიუსერმა, კარლოს ნინომ მეგობარ მულტიინსტრუმენტალისტ  Miguel Atwood-Ferguson-თან თანამშრომლობა დაიწყო. რამდენიმე კოლაბორაციულ პროექტზე მუშაობის შემდეგ, ორივე თავისუფალი დროის პერიოდში იმპროვიზირებულ სესიებს უკრავდნენ, რომლის შედეგიც ალბომი „Chicago Waves“ არის. მიგელის ვიოლინო და ნინოს პერკუსია, რაღაც წარმოუდგენელი სახით, 45 წუთის განმავლობაში ტელეპათიურად ერთიანდება.



Sufjan Stevens - The Ascension

ამერიკელი მუსიკოსი, სუფჯან სტივენსი მრავალი შემოქმედებით ქუდის პატრონია - ელექტროპოპ ექსპერიმენტალისტი, ფოლკ ავტორ-შემსრულებელი, ორკესტრის როკ მაესტრო და სხვა. მისი ახალი ალბომი სოციო-პოლიტიკური ქვეტექსტის მქონეა, ამისთვის თუნდაც ავიღოთ სინგლი „America“, რომელიც მომღერალმა აღწერა როგორც პროტესტი ამერიკულ კულტურაში გამეფებული „სიგიჟის“ მიმართ“. მუსიკა ჩვეულად ემოციურია, თუმცა ვერვიტყვით რომ მის კატალოგში ეს რელიზი რითიმე გამორჩეული გახდება.

Takuya Kuroda - Fly Moon Die Soon

იაპონელი მესაყვირე, ტაკუია კუროდა ნამდვილად დიდი ტალანტის მქონეა - გასულ დეკადაში მან უკვე 5 ალბომი გამოუშვა, ერთი კი ლეგენდარულ Blue Note-ზე მოხვდა. იგი იმ ახალი ტალღის მუსიკოსებს შორისაა, რომლებიც არ ერიდებიან ჯაზ მუსიკის ახალი დეფინიცია და გარდატეხა შესთავაზონ მსმენელს, სადაც თანამედროვე სტილებთან შერწყმა განსაკუთრებულ ხასიათს სძენს კომპოზიციებს. ახალ ალბომში ეს ატმოსფერო აშკარად იგრძნობა, ჯაზ-ფიუჟენიდან, სოულ-ფანკამდე - აქ მუსიკოსის ორიგინალ კომპოზიციებთან ერთად Ohio Players-ის „Sweet Sticky Thing“ და Herbie Hancock-ის 'Tell Me A Bedtime Story'-ის ქავერ ვერსიებსაც მოისმენთ.

Khotin - Finds You Well

2014 წლის სადებიუტო პროექტის შემდეგ, კანადელი არტისტი Khotin მუსიკაში საერთო ხაზს ინარჩნებს - ეს არის ცნობიერში წარუშლელი მოგონებების გვირგვინი, რომლებიც ხშირად სიზმრებად გვევლინება, მათ ხმოვან გაფორმებას კი სწორედ მსგავსს მუსიკოსებს ვანდობთ. საქმიანი ელექტრონული მიმოწერა ხშირად იწყება შემდეგი ფრაზით “I hope this email finds you well” სწორედ ამ ფრაზაზე რეფლექსიაა ეს ალბომიც, რომელიც მედიტაციური ტექსტურებით ჩვენს წარმოსახვაში სხვადასხვა ნაკადის წარმოქმნას ცდილობს, კონკრეტული ხასიათობრივი შტრიხების გათვალისწინებით, ალბომი ერთიან ატმოსფეროს ანვითარებს.

Elaquent - Bedtime Stories

კანადელმა ბითმეიქერმა კარანტინის დრო შემოქმედებითად გამოიყენა და საინტერესო ინსტრუმენტალების კრებული შემოგვთავაზა. იგი 2010-იან წლების დასაწყისში წამოსული ბითმეიქერების ტალღის ქიმზე იყო, თუმცა სტილის აქტუალურობის დაკარგვასთან ერთად, მას მუსიკალური ღირებულებები არ შეუცვლია, აქ შესული მოკლე ვიბრაციები კვლავ შეეცდებიან თქვენში სასიცოცხლო ენერგიების გაჩენას.


Demae - Life Works Out​.​.​. Usually

ლონდონელი Demae ახალი ალბომით აფრო კულტურით სიამაყეს აცხადებს და ქალაქის  ურბანული გარემოს ხმებს და ატმოსფეროს, სოულთან, ჯაზთან და ელექტრონულ ბიტებთან აზიარებს. ამაში მას უკვე დაღვინებული მუსიკოსები, Fatima (Eglo Records), Joe Armon-Jones და სხვები ეხმარებიან.

Glåsbird - Novaya Zemlya

დღემდე ანონიმური პროექტი Glåsbird, კონკრეტული გეოგრაფიული ადგილების მუსიკალური ალბომებით გადმოცემას ცდილობს. ახალი მუსიკით იგი არქტიკული ზონის მიმართულებას აგრძელებს და რუსეთის კუთვნილ, უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე კუნძულს „ახალი მიწა“ იკვლევს. ამ კუნძულის ჩრდილოეთი მთლიანად მყინვარებს მოუცავიათ, სამხრეთი კი ადგილობრივი მომთაბარე ტომებითაა დასახლებული. 60-იანი წლების დასაწყისში, სატესტოდ აქ ატომური ბომბიც კი ჩამოაგდესს. მუსიკოსის ახალი ალბომიც სწორედ იქაურ იზოლაციას, კლიმატურ ცვლილებებს, პოლარულ დათვებსა და სხვა ადგილობრივ მნიშვნელოვან ფაქტორებზე აკეთებს სწორებას. მელანქოლიური და დრამატული ტექსტურები, არამარტო შემოდგომის, არამედ ზამთრის სუსხიანი დღეების საუნტრეკიც გახდება.

Byron The Aquarius - Apron EP


ალაბამელი ჰაუს პროდიუსერი Byron The Aquarius ლონდონურ ლეიბლზე Apron Records პირველ EP-ს აქვეყნებს, რომელიც ქრონომეტრაჟით ალბომის ხანგრძლივობასაც კი აღწევს. 40 წუთიანი ვოიაჟი სოულით გამდიდრებული ჰაუს მუსიკის, ჰიპ-ჰოპისა და ჯაზური გრუვების სამყაროში - ეს რელიზი საცეკვაო მუსიკის წლის შემაჯამებელ სიაშიც აუცილებლად მოხვდება.


ავტორი : ჯაბა შავიშვილი

ცა - Tsa Music: facebook | youtube | soundcloud