ზაფხული, თავგადასავალი, წიგნი

რას ვკითხულობთ ზაფხულში? სივრცეს, მზეს, ზღვას, მონატრებას, თავისუფლებას, უზრუნველობას, ბალახს, მთას, გზებს და წიგნებს, რასაკვირველია, წიგნებს!

ზაფხული შთაბეჭდილების დროა, შთაბეჭდილება კი სად უნდა ეძებო, თუ წიგნებში არა. მაინც რა უნდა წავიკითხოთ? წყალი? ჰაერი? მიწა? ცეცხლი თუ ყველაფერი ერთად?

გავიხსენოთ რამდენიმე წიგნი, რომელიც სწორედ ზაფხულში უნდა წავიკითხოთ, როცა ველოსიპედს ღობესთან მივაყუდებთ, ზურგჩანთას კართან, დაუდევრად მივაგდებთ, ფეხბურთის ბურთს ეზოში მოვისვრით და ანკესსაც ცოტა ხნით შევინახავთ, როცა ზაფხულის ქალაქის სიმშვიდე თუ ზაფხულის სოფლის ხმაური ერთიანად მოგვადუნებს, დაგვამშვიდებს და ახალ ლიტერატურულ თავგადასავალს მოგვაწყურებს?

არსებობს წიგნი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ დროს უნდა წაიკითხო? ყველა წიგნის ყველგან და ყოველთვის წაკითხვა შეიძლება? ალბათ პასუხი ისეთივე სუბიექტური იქნება, როგორც ყველა მკითხველი - საკუთარ გამოცდილებასა და ლიტერატურულ სიხარულზე აგებული. თუმცა, წიგნის არცერთი სია თუ ჩამონათვალი არაა ზედმეტი, დაე, მათ რიცხვს ეს ჩამონათვალიც შეემატოს

რა წავიკითხოთ ამ ზაფხულს?


„ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ“ - ფილიპ დიკი

ფანტასტიკით დავიწყოთ. ის, რაც ფანტასტიკურ წიგნებში ამოვიკითხეთ, აგვიხდა კიდეც, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა ისეთი, რაც მხოლოდ ადამიანის წარმოსახვას აცოცხლებს და აინტერესებს. „ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ“ ფილიპ დიკის მერვე რომანია ქართულ ენაზე. ეს რომანიც გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ სიახლეა. 


თავბრუდამხვევი, ჩახლართული, მრავალფენიანი რომანის მოქმედება შორეულ მომავალში, 2055 წელს ხდება, როცა დედამიწა პოლიტიკურად რთულ მდგომარეობაშია და პლანეტებს შორის ომშია ჩაბმული. დედამიწა გალაქტიკათა საჭადრაკო დაფაზე პაიკის როლს ასრულებს და მისი მმართველის, ჯინო მოლინარის გონიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდხანს შეძლებს არსებობას.


რომანის მთავარი გმირი, ექიმი-ტრანსპლანტოლოგი, ერიკ სვიტსენტი, შემთხვევათა ჯაჭვის წყალობით, დამოკიდებული ხდება საომარ იარაღად ჩაფიქრებულ ნარკოტიკზე, რომელსაც შეუძლია, ადამიანი დროში ამოგზაუროს. ან იქნებ ეს მოგზაურობა მხოლოდ ილუზიაა?!

“პარაპეტი“ - დავით წერედიანი

რამ შეიძლება აქციოს ზაფხული დღესასწაულად? რა თქმა უნდა, პოეზიამ. გამომცემლობა „ინტელექტი“ ყოველთვის ახარებს პოეზიის მოყვარულებს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. დიდი მთარგმნელისა და პოეტის, დავით წერედიანის პოეზიის კრებული “პარაპეტი“ ნამდვილად განსაკუთრებული, იშვიათი ლიტერატურული მოვლენაა.


ოსტატი პოეტი, რომელიც წარმოუდგენლად ფლობს და იყენებს ქართული ენის შესაძლებლობებს, პოეზიის საოცარი ძალა და ზეიმი ერთ წიგნში, რომელიც პოეზიის დამფასებელი მკითხველისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილება იქნება.

„კახეთის მატარებელი“ - არჩილ ქიქოძე

ვინ უნდა დაიმგზავროთ საზაფხულო თავგადასავალში, თუ არა კარგი მწერალი, მთამსვლელი, მოგზაური და გიდი? - არჩილ ქიქოძე. „სულაკაურის გამომცემლობამ“ ახლახანს არჩილ ქიქოძის მოთხრობების კრებული „კახეთის მატარებელი“ გამოსცა. ჰოდა, თუ კარგი პროზა გინდათ, მაშინ ეს ზუსტად ის მატარებელია, რომლითაც სამშობლოს უცნობი თუ ნაცნობი ადგილებისკენ უნდა გაემგზავროთ.

„აბრეშუმის გზა“ - ბესო ხვედელიძე

კიდევ ერთი თანამგზავრი თანამედროვე ქართული პროზიდან, ამჯერად ბესო ხვედელიძე და მისი მოთხრობების კრებული „აბრეშუმის გზა“, რომელიც ასევე „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. ქართული პროზის მოყვარულთათვის უცხო არაა ეს სახელი, განსხვავებული, განსაკუთრებული ამბები და წერის მანერა, იუმორი, სატირა, ყველაზე დაუჯერებელი ამბების ყველაზე დამაჯერებლად გადმოცემის უნარი. თუ რამე განსაკუთრებულს ეძებთ, მაშინ მოთხრობების ეს კრებული აუცილებლად უნდა ჩაიგდოთ თქვენს ზურგჩანთასა თუ ჩემოდანში.

„ემიგრანტები" - ვ.გ.ზებალდი

საოცარი ზებალდის საოცარი „ემიგრანტები“! დიდი ლიტერატურა, რომელიც უნდა წაიკითხოთ ამ ზაფხულს. „შესაძლებელია თუ არა, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა?“ - ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა, რომ პასუხად ვ. გ. ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა.  ეს შესანიშნავი წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება და ოთხი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზით დატოვეს სამშობლო. ზებალდის სხვა წიგნების მსგავსად, „ემიგრანტებსაც“ შავ-თეთრი ფოტოები ახლავს, რომლებსაც ავტორი ტექსტის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა. წიგნი გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა და, შესაბამისად, კარგ თარგმანს უნდა ელოდოთ, თუმცა, რაღა კარგს, მთარგმნელის სახელი და გვარი - მაია ბადრიძე უკვე ყველაფერს ამბობს.

ავტორი: saba.com.ge