სადაც ჰიპ-ჰოპი და ჯაზი ერთმანეთს ხვდებიან | ნაწილი 2

2010 წელს, თავის ცნობილ გამოსვლაში MTV VMA დაჯილდოვებაზე, კენი ვესტმა აუდიტორიას სურპრიზი მოუწყო, როდესაც ახალი სიმღერა „Runaway“, Akai MPC 2000XL მოდელის სემპლერის საშუალებით წარადგინა. სცენა მინიმალისტურად იყო გადაწყვეტილი, სადაც შემსრულებელი მის ცენტრში იდგა, გვერდს კი სემპლერი უმშვენებდა. ყოველი მისამღერის შემდეგ, ვესტი კვლავ უახლოვდებოდა დრამ მანქანას და მოკლე ვოკალური ფრაზების წარდგენას ამ ტექნოლოგიის საშუალებით ახერხებდა. ამ მომენტში ალბათ MTV-ს მილიონობით მაყურებელმა პირველად ნახა თუ რეალურად რა პროცესი დგას ჰიპ-ჰოპ ბითის უკან.

მაშინ, როდესაც ტრადიციულად დასავლური მუსიკა ჰარმონიასა და მელოდიაზე აკეთებს აქცენტს, კონტრასტულად აფრიკული დიასპორიდან მომავალი მუსიკა რიტმის აქტუალიზაციას ახდენს, რომლის წყაროც ძველთაგანვე დასარტყამი ინსტრუმენტები იყვნენ. ჯერ კიდევ შორეულ 1600-იან წლებში ინგლისურ კოლონიებში მისი გამოყენება აიკრძალა, ვინაიდან კოლონისტებს ეშინოდათ რომ ინსტრუმენტის დახმარებით მონებს ერთმანეთთან შიდაკომუნიკაცია არ ჰქონოდათ.


სხვადასხვა ისტორიული მაგალითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დრამსა და იმ ჟღერადობას რომელიც ის ქმნის უდიდესი კონტროლი გააჩნდა ადამიანზე და მის სხეულზეც. მაშინ როდესაც აფრიკულმა დიასპორამ ასიმილაცია განიცადა დასავლურ სამყაროში, მათი გავლენით შეიქმნა სხვადასხვა მუსიკალური სტილი - გოსპელი, ჯაზი, ფანკი, სოული, რამაც საბოლოოდ ჰიპ-ჰოპში ჰპოვა განვითარება.

Alain Le Garsmeur—Getty Images


ჰიპ-ჰოპი, როგორც კულტურული მოძრაობა ბრონქსში 1970-იანი წლების დასაწყისში წარმოიშვა. აფრო ამერიკული დიასპორა გაჭირვებაში ცხოვრობდა, თუმცა ამას მათთვის ხელი არ შუშლია, რომ მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მზარდი კულტურული ფენომენისთვის ჩაეყარათ საფუძველი, რომელიც ოთხი ძირითადი ელემენტისგან შედგება: MC-ინგი, DJ-ინგი, გრაფიტი და ბრეიქდანსი - ოთხივე ერთად კი ძირითადად მჩაგვრელი საზოგადოების მიმართ პროტესტს გამოხატავდა.


თუ გავითვალისწინებთ ჰიპ-ჰოპ მუსიკის აღმოცენების წლებს, უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროინდელმა ახალმა ინსტრუმენტებმა ხელი შეუწყვეს მთლიანად ჟანრის მუსიკალური ფორმის ჩამოყალიბებას.

დინამიური ბუნებიდან გამომდიანრე ჰიპ-ჰოპი ცალკეული ინდივიდების ექსპერიმენტებით ვითარდებოდა და სხვადასხვა პერიოდში გამოხატვის განსხვავებულ ფორმას ატარებდა. ჰიპ-ჰოპ მუსიკა, რომელსაც ძლიერი რიტმებისა და ბიტებით ეძლევა სახე, სწორედ ამგვარი ექსპერიმენტის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპი პირდაპირ არ მოქმედებდა ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინოვაციებზე, სწორედ მის სივრცეში შეიქმნა რევოლუციური გამოყენება უკვე არსებული ტექნოლოგიებისა, რომელიც ფერადკანიანთა კულტურას გამოხატავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სემპლინგის ტექნიკის რევოლუციური გამოყენება ჰიპ-ჰოპთან ასოცირდება, მისი სათავეები ამ მუსიკალურ სტილზე ბევრად ადრე იწყება და ჯერ კიდევ ფრანგ კომპოზიტორ პიერ შეფერთან ვხვდებით. უსასრულოდ განმეორებადი ბგერითი ფრანგმეტის ე.წ. Loop-ის მეშვეობით, ფრანგი მუსიკოსი და თეორიტიკოსი ჯერ კიდევ ომამდე ცდილობდა სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებას. სემპლინგის თვითმიზანიც ხომ სწორედ ესაა - უსასრულოდ განმეორებადი აკუსტიკური ფრაგმენტი, რომლის ცვლილებაც მუსიკალური პროდიუსერის პრეროგატივაა. 

სემპლები ჯერ კიდევ ჰიპ-ჰოპ მუსიკის გარიჟრაჟზე ისმოდა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ამ ეტაპზე ჰიპ-ჰოპ მუსიკის ნათლიად წოდებული DJ Kool Herc ბრონქსში წვეულებებს აწყობდა. ერთ-ერთი ასეთი წვეულების დროს, 1973 წელს ის მიხვდა, რომ მოცეკვავეები ძირითადად რიტმის ჩატეხვებს, ე.წ. „break” ებს ელოდებოდნენ, მათ გარეშე კი წვეულება მოსაწყენი იყო. პრობლემა კი ის იყო, რომ ეს მონაკვეთები კომპოზიციებში მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდებოდა. ორი ფირსაკრავის და ერთნაირი ჩანაწერის მეშვეობით, მან მოახერხა და კომპოზიციის ამ მონაკვეთის გახანგრძლივების შესაძლებლობა უსასრულობამდე მოიპოვა. ბრეიქის მოცეკვავეები მსგავსი ინოვაციით კმაყოფილები დარჩნენ და სწორედ აქედან დაიწყო სემპლინგის პირველი ნაბიჯებიც ჰიპ-ჰოპში. 

დრამ სექცია ჰიპ-ჰოპ მუსიკის ხერხემალს წარმოადგენს, მისი თანამედროვე გამოხატულება კი ელექტრონული მუსიკალური საინჟინრო ტექნოლოგიის შესაძლებლობით მიიღწევა. სემპლად აღებული მუსიკალური მატერიალის და დრამ ბიტის ერთობლიობა ქმნის იმ უნიკალურობას, რითაც ჰიპ-ჰოპ მუსიკა ადრე არსებული მუსიკალური სტრუქტურებისგან განსხვავდება.

ჩაწერილი ბრეიქის განმეორებადი Loop-ები ჰიპ-ჰოპ სემპლინგის დასაწყისი იყო. თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში, პროდიუსერი ირჩევს კონკრეტულ ტრეკს (შესაძლებელია რომ მხოლოდ კონკრეტული ინსტრუმენტი იყოს) ან კომპოზიციის გარკველ ნაწილს, ახდენს მის ციფრულ კოდირებას და კომპიუტერის თუ სხვადასხვა შესაბამისი ტექნიკის დახმარებით მის მოდიფიკაციას ცდილობს. თავად ტექნიკა შესაძლებლობას აძლევს ხელოვანს აკონტროლოს, რამდენად ამოცნობადი იქნება ფრაგმენტი მსმენელისთვის და შესაბამისად, რამდენად ადვილი იქნება მისი იდენტიფიცირება სხვადასხვა მუსიკალურ წრეებთან. თავდაპირველად DJ-ეები იმედოვნებდნენ რომ აუდიტორია ამოიცნობდა შესაბამის ნაწილებს და წვეულება უფრო „გახურდებოდა“.


რეპ მუსიკაში სემპლები - წინასწარ ჩაწერილი ბგერითი მასალები, ახალი კომპოზიციების შექმნის ძირითადი წინაპირობაა.  


მისი დახმარებით ხდება სხვადასხვა MC-ების დისტანცირება და დაჯგუფება. რეპერები და პროდიუსერები იყენებენ სემპლებს რათა მოახდინონ ასოცირება მათთვის მნიშვნელოვან მუსიკოსებთან, გააბან კავშირები ხელოვანთა სხვადასხვა წრეებთან.

მას შემდეგ, რაც სემპლინგი მასშტაბური მოვლენა გახდა მუსიკალურ ინდუსტრიაში, იგი ყოველთვის იყო სხვადასხვა ფინანსური თუ იურიდიული დავის საგანი. უამრავი ჩამწერი კომპანია თუ მუსიკოსი საჩივრებით მიმართავდა სასამართლოში რეპ პროდიუსერების წინააღმდეგ. ხშირად პროდიუსერებს ერთჯერადი სემპლის გამოყენების საფასურის გადახდა უწევდათ, თუმცა დროთა განმავლობაში სიტუაცია დამძიმდა, ჩამწერი კომპანიები მოითხოვდნენ რომ თანხა გადახდილიყო ჰიპ-ჰოპ ჩანაწერის ყოველ გაყიდვისა და ცოცხალ შესრულების მიხედვით, რაც უამრავ სხვადასხვა სირთულეებთან გახდა დაკავშირებული. უკანასკნელ წლებში აღსაღნიშნავი ფაქტი იყო, როდესაც ჯაზ ლეგენდამ, ბობ ჯეიმსმა საჩივარი შეიტანა ჰიპ-ჰოპ პროდიუსერის Madlib-ის წინააღმდეგ, სემპლის არალიცენზირებულად გამოყენების გამო(Madlib-ის ინსტრუმენტალი „Sparkdala“ შეიცავდა სემპლს ჯეიმსის კომპოზიციიდან „Nautilus“).

ფოტო:  http://static.guim.co.uk/

ვიხსენებ რა საკუთარ თავს თინეიჯერობის ასაკში, Loop-ზე ვუსმენ კომპოზიციას „What Does Your Soul Look Like“, DJ Shadow-ს ლეგენდარული ალბომიდან „Endtroducing” - პირველივე მუსიკალური ნაწყვეტის მოსმენისთანავე „Whoaaa… ეს რა არის“. ჩემთვის იმ პერიოდში რთული იყო გაგება თუ როგორ შეიძლებოდა ჰიპ-ჰოპ ჩანაწერში ასეთ მელოდიურ პასაჟებს ერთდროულად მოეყარათ თავი. კომპოზიცია, რომელიც რამდენიმე ნაწილად იყოფა 10-ზე მეტ „სემპლ“ მონაკვეთს აერთიანებს 60-იანების ფანკიდან, ჯაზიდან, ვოკალურ ჩანართებს 70-იანი წლების სოულიდან და მეტიც, ბგერით მანიპულაციებს 1971 წელს გამოსული ფილმიდან „Johnny Got His Gun"-დან. ეს ალბომი რევოლუციური იყო ჰიპ-ჰოპ სამყაროსთვის, ჩემთვის კი გარდამტეხი, რომ ამ ჟანრისთვის სრულიად სხვაგვარად შემეხედა. ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებში აღმოჩენილმა სემპლებმა მოტივაცია მომცა უფრო მეტი მეძებნა და ყურადღება მიმექცია უკვე დავიწყებული ძველი მუსიკისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ სემპლინგი ჩაწერილი მუსიკალური მასალის მოპარვისგან განსხვავდება და აქ აშკარა ხაზია გასასმელი. სემპლინგის დროს ძირითადად ციფრული მანიპულირება ხდება არსებული ჩანაწერის და არასდროს არ არის გამოყენებული პირდაპირი გზით. მეორე მხრივ სემპლინგის საბოლოო რეზულტატს ორიგინალი მუსიკოსებიც გრძნობენ, სწორედ სემპლინგის დახმარებით ხდება რომ მათი ჩანაწერების გაყიდვების გაზრდა და ამაზე ინტერნეტში არსებული მონაცემებიც მეტყველებს.


სემპლინგი ხელოვნების ახალი ფორმაა, რომლის გარეშეც თანამედროვე ელექტრონული თუ ჰიპ-ჰოპ ჩანაწერების 90%-ს, დღევანდელი ფორმით ვერ მივიღებდით.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი