ლიტერატურა

წიგნი ნამდვილ სიყვარულზე

„საბა"

მარტი 18, 2021

ნეტავ ის დრო იყოსო- იტყვის თანამედროვე მკითხველი, როცა ყველა წიგნი გმირებზე, ღმერთებსა და სიყვარულზე მოგვითხრობდა. როცა წიგნები ისეთივე ცოტა იყო, როგორც უკვე აღმოჩენილი მიწები და როცა ბრმა აედები ომის ამბავს მღეროდნენ, გუდასტვირიანი მეზღაპრეები - ეთერისა და აბესალომის.


აბა, ახლა რა ქნას თანამედროვე მკითხველმა, როგორ აირჩიოს წიგნი ამოდენა ოკეანეში, როგორ მოეჭიდოს სწორედ იმ მორს, რომელიც ნაპირზე გაიყვანს, როგორ დაუთმოს ასე აჩქარებული დრო რომელიმე წიგნს.

ჩვენს დროში სიყვარულზე წიგნები სადღა იწერება - სხვა მკითხველი იტყვის. სულ სხვა იყო დიდებული მეცხრამეტე საუკუნე, როცა ბულვარულ რომანებზე დაგათენდებოდა და მთავარი იყო, სანთელი ჩაგექრო, სახლს რომ ცეცხლი არ მოსდებოდა.

არ დაიჯეროთ! მთავარი ამბები ლიტერატურაში სულ არის, რამდენიმე ფაბულა თუ სიუჟეტი, რომელიც თანამედროვე ადამიანების სიზმრებიდან თანამედროვე, დიდ წიგნებში ხვდება

რომ მკითხოთ, ბოლოს რა წაიკითხე ნამდვილ, გასაგიჟებელ, საბედისწერო სიყვარულზე? პირველი, რაც გამახსენდება- ჯონ აპდაიკის შედევრი, 1994 წელს გამოსული რომანი „ბრაზილიაა“.


საოცარი ამბავი თანამედროვე ტრისტანსა და იზოლდაზე, მათ დაუოკებელ სიყვარულზე, მისტიკაზე, საბედისწერო, წარმოუდგენელ ცვლილებებზე, ბრაზილიის მწველ მზესა და უფრო მწველ ვნებებზე, სიყვარულზე, როგორც სიკვდილზე, სიკვდილზე, როგორც სიყვარულზე...

„- ეს თოჯინა ნაღდად ჩემი გახდება, დარწმუნებული ვარ, - იმ გზნებით წამოიძახა უცებ ტრისტაომ, მისი არსების ფსკერზე რომ თვლემდა, იქ, სადაც მისივე ბედის სურათი ფუნჯის ნაჩქარევი, მოუხეშავი მონასმებით იხატებოდა და ერთი მოძრაობით ცხოვრების მთელ მონაკვეთებს ერთბაშად, დაუნანებლად გადაშლიდა ხოლმე. ტრისტაოს სულებისა და ბედისწერის სწამდა.“

ბანალურად დაწყებული ამბავი, სხვადასხვა ფენა, სხვადასხვა ცხოვრება, ცხელი მზე და სიყვარული, იზაბელი და ტრისტაო ჯერ გულს, სისხლს, ვნებას, სიყვარულს ცვლიან, მერე ცხოვრებას, სქესს და სხეულებსაც კი. საოცარი წიგნი წინააღმდეგობებით აღსავსე სიყვარულზე, უცნაური ამბავი ორი ადამიანის ცხოვრების ხაზზე, რომელიც სულ ერთმანეთით მიედინება, მიუხედავად იმისა, რომ დავიწყებაცაა და ღალატიც, ძალადობაც და დაღლაც.

„ახლა რა ვქნათ? - ჰკითხა ტრისტაოს

- ვიცოცხლოთ, სანამ შევძლებთ, - მიუგო იმან.“

ადამიანი, როგორც აკვიატება, ბედისწერა, იდეაფიქსი, ცხოვრება, სიყვარული - როგორც ყველა მთავარი, რაც ხდება ცხოვრებაში, სხვა ყველაფერი ამ წიგნში მხოლოდ სიყვარულის ფონია.

„ამ მარტოსული წყვილის უსასრულო ხეტიალი მაშინ დაიწყო, როცა ბოლოს მაინც გადაცურეს ყავისფერი მდინარე საზარელი ბანაკის შორიახლოს. მაშინ ორივემ წაქცეული პალმის თითო ღერო შეაცურა წყალში, ცურვა რომ გაადვილებოდათ და თვითონაც უკან მიჰყვნენ. მაგრამ გამომპალი ხე მაშინვე ისე გაიჟღინთა წყლით, როგორც ღრუბელი და მალევე ფსკერისკენ წავიდა; ბოლო რამდენიმე ასეული იარდი ტრისტაოს იზაბელის თრევა მოუხდა და ქალის თეთრი, ქათქათა ხელიც ისე გააფთრებით ეჭიდებოდა მის მბზინავ მხარს, როგორც წურბელა ზუთხის ფერდს. საბედნიეროდ, იმათ წვივებს მიტანებულ ავ პირანიებს ჯერაც არ ეგემათ ადამიანის ხორცის გემო და ამიტომ არც იმდენად გამეტებით ასობდნენ კბილებს, სისხლი გამოედინათ და ამაზე კი უკვე მთლად გახელებულიყვნენ. უკვე თითქმის მთლად ძალაგამოცლილმა ტრისტაომ მაინც მიაღწია გაღმა ნაპირს და სამშვიდობოს გასულმა, იზაბელიც აათრია ქვიშაზე. თავადაც რომ არ იცოდნენ, ისე გადაელახათ წყალგამყოფი და იმ მხარიდან, საიდანაც მდინარეები სამხრეთისკენ, პარაგვაიში მიედინებიან, პარესის მხარეში ამოეყოთ თავი, საიდანაც უკვე ყველა მდინარესა თუ ნაკადულს ჩრდილოეთისკენ უჭირავს გეზი და ათასობით მილის გავლის შემდეგ ყველანი ამაზონში იყრიან თავს“.

ვინაა ეს წყვილი?- ტრისტანი და იზოლდა? ორფეოსი და ევრიდიკე? იქნებ ადამი და ევა? ეს მარადიული ქალი და კაცია, ის ანდროგენი არსება, რომელიც ორ სქესს აერთიანებდა. სად იწყება მითი და მთავრდება სინამდვილე? სად იწყება მაგია და მთავრდება რეალობა? ამ წიგნის კითხვისას ამას ვერ ხვდები, უბრალოდ კითხულობ და გახსენდება ცნობილი ფილმის სათაური, რომ მხოლოდ შეყვარებული ცხოვრობენ მარადიულად, მხოლოდ სიყვარულია ნამდვილი ჯადოქრობა.


ავტორი: „საბა"