ლიტერატურა სიახლეები

ლეთეს წყურვილი

„საბა"

ივლისი 23, 2025

გიორგი მაისურაძე, ლეთე

პიესა 


სტატუსი: საბა 2024-ის გამარჯვებული ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა. 

მოქმედი პირები: პირველი ქორო, მეორე ქორო.  

მოქმედების ადგილი: საზღვარი სააქაოსა და საიქიოს შორის. ან - თითქმის საზღვარი. ან - ყველგან. 

დრო: ერთხელ, ან - ყოველთვის. 

ამბავი: ის, რაც არასოდეს მომხდარა, მაგრამ მუდამ ხდება

ალბათ ყველამ იცის, რომ ლეთე დავიწყების მდინარეა ბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც საზღვრად გაჭიმულა სააქაოსა და საიქიოს შორის და ყოველმა, ვინც მოკვდება, მასში უნდა გაიაროს, ლეთე გადალახოს და დალიოს, მისი წყლით გაიჟღინთოს. როგორც ავტორი შენიშნავს წინასიტყვაობაში, ლეთე ერთგვარ ინიციაციის ადგილსაც წარმოადგენს - მისი წყლის დალევით, მეხსიერებას რომ წაშლის, შესაძლებელია გარდასახვა, ამქვეყნიდან იმქვეყნად ყოფნაში გადასვლა. 


ყველაფერი მარტივადაა: მოკვდები, წახვალ, ლეთეს დალევ, დაგავიწყდება ვინ იყავი, რატომ იყავი ან რატომ არ იყავი და გახდები სრულფასოვანი მკვდარი, რომელსაც ცოცხლებთან აღარაფერი ესაქმება და შეუძლია ახალ ცხოვრებას თუ არცხოვრებას შეუდგეს. ხოლო ქვეყანა დარჩება უკან, დასახლებული მოფუთფუთე ცოცხლებით, რომელთაც ზედმიწევნით ახსოვთ საკუთარი საზრუნავი, საკუთარი თავები, და შესაძლოა არც კი სჯერათ, რომ ოდესმე მოკვდებიან. 


ამბავი პირველი ქოროს გამოჩენით იწყება. ისინი მოგზაურთა ჯგუფს ჰგვანან, და ასეცაა - მალევე მიხვდებით, რომ მკვდრები არიან და საიქიოსკენ მიემართებიან. თუმცა, არც ისე მარტივად ყოფილა ყველაფერი: სიკვდილიც შრომაა. 


ლეთემდე უნდა მიაღწიო. ხრიოკ შარაზე ტერფები გადაიტყავო, წყურვილით გამოხმე, სიცოცხლის წვენისგან დაიწრიტო და გზადაგზა დაგცვივდეს ყოფნის ნარჩენები, რათა დაიმსახურო ლეთეს წყალი - დავიწყება, და ის მიღმა, სამუდამო ქვეყანა. 


და კიდევ უარესი: შეიძლება მდინარე ადგილზე აღარც დაგხვდეს. 

 „ვინმეს კიდევ სწამს, რომ გაღმა ქვეყანა მართლა არსებობს? კიდევ გვჯერა ზღაპრების? ასე ადვილად რატომ დავთანხმდით ჩვენს არყოფნას?“  

ხოლო ცოცხლების ქვეყანაში ცარიელი ონკანები ხრიალებენ: აქაც დაწყვეტილა წყალი და მილებს შერჩენილი უკანასკნელი წვეთებით ივსება უკანასკნელი ცარიელი ჭურჭელი. თუმცა ცოცხლები ჭკვიანები არიან და მარჯვენიც, მაცოცხლებელი წყალი დაგიწყდა? უმალ მოიფიქრებს ვინმე ყოჩაღი მეორე, ცოცხლების ქოროდან: 


„ჩვენ მოვიგონებთ სიცოცხლეს უწყლოდ! წყალი მოძველდა... სასაცილოა, უწყლოდ სიცოცხლე რომ არ გვესმის და ამ ძველ ელემენტს ვებღაუჭებით...“ - და სანამ სიცოცხლის უფრო მაღალი ფორმისთვის ემზადებიან, ონკანებში წყალი ბრუნდება. 

ოღონდ სხვა წყალი: 

ლეთე. 

და მკვდრებიც. 


რა გასაკვირია, მწყურვალი პირველივე გუბეს დაეწაფოს, რომელიც შეხვდება. ონკანიდან ჩამოდენილ პირველივე შლამიან წვეთებს. რა გასაკვირია, არავის გაუჩნდეს შეკითხვა, იქნება და რას ვსვამთ? რით ვიკლავთ წყურვილს, რით ვივსებით? აი, ისიც - ინიციაცია: ქალაქში ადამიანები ერთმანეთს ეჯახებიან და ვერ ცნობენ. სარკეში იხედებიან და ვერ ცნობენ. ვიღაც გეხვევა, გეუბნება, რომ შენი შვილია, შენი მამაა, სახლში დაბრუნდა და ვერ ცნობ; შენი მკვდარია და აღარ გახსოვს, რადგან მის ნაცვლად შენ დალიე ლეთეს წყალი. 


შინ დაბრუნებული პირველი ქორო მართლაც აღმოჩნდება ახალ სამყაროში - ცოცხლებს აღარაფერი ახსოვთ, აღარაფერი იციან, ისიც კი, ცოცხლები არიან ისევ თუ არა: „შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ მკვდრები ვართ? როდისღა მოვკვდით? რატომ ვერ ვიგრძენით, რომ ვკვდებოდით?“ წაშლილა საზღვარი იმ და ამ სამყაროს შორის, ან, უფრო სწორად, საზღვარი პირდაპირ მაცოცხლებელ ონკანებში მოედინება; „სააქაო აღარ არსებობს. ახლა ყველგან საიქიოა“, თუმცა „განა რაიმე მნიშვნელობა აქვს, აქაურობას რა სახელი ერქმევა?“ და ამ ახალ სამყაროში მკვდრებსაც უჩნდებათ შეკითხვები, თანაც ასეთი: 

„რა უნდა ვუყოთ მეხსიერებით გამოტენილ ჩვენს თავებს, როცა ისედაც მკვდრები ვართ და ქვეყნის ბედი აღარ მოგვეკითხება?“

ხოლო ვისაც ქვეყნის ბედი მოეკითხება, უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალითაა დაკავებული - როგორ იცხოვროს, როცა არ ახსოვს, თუ როგორ იცხოვროს: „ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან შეყვარებულობას შეყვარებული აღარ დასჭირდება? ჩვენი ბუნება შეიცვალა, აღარაა საჭირო სხვისი ალერსი. ჩვენი თავი ხომ უფრო მეტად გვეყვარება, ვიდრე სხვა, ვიღაც უცხო, - საკუთარ თავსაც უკეთ გავუგებთ. ამიერიდან მარტო ვიქნებით...“ 


და ვინ უპატრონებს ამდენ მარტოს, ამდენ არვიცის, ამდენ არმახსოვსს, ვინ უპატრონებს მეხსიერებადაკარგულ ქვეყანას თუ არა ის, ვისაც ახსოვს: 


 „მხოლოდ მკვდრებს გვახსოვს ყველაფერი, ვინც ვერ დავლიეთ ლეთეს წყალი, მეხსიერება ვისაც შემოგვრჩა. ჩვენს მეტს არავის შეუძლია ცოცხლების მოვლა, ჩვენ უნდა ვმწყემსოთ, ყველაფერი, რაც ცოცხალია, ჩვენ უნდა ვმართოთ, ამიერიდან მთელი სამყარო მხოლოდ ჩვენი საზრუნავია...“ 


აი ისიც, ბედნიერი დასასრული. თუმცა შეიძლება სადმე ვინმეს, ვინმე ცოცხალს ან სულაც მკვდარს, გაუჩნდეს კიდევ რამდენიმე შეკითხვა, მაგალითად, ასეთი: 

სად არის, რომელია ის ქვეყანა, სადაც მკვდრები პატრონობენ ცოცხლებს? 

სად შეიძლება იყოს?

 

განა რაიმე მნიშვნელობა აქვს, აქაურობას რა სახელი ერქმევა?  



ავტორი: ლია ლიქოკელი