ლიტერატურა

რას კითხულობს თაობა Z?

„საბა"

ივნისი 21, 2021

ალბათ უკვე იცი, რომ 24-27 ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება და უამრავი რეკომენდაციაც შეგხვედრია იმის შესახებ თუ რა უნდა წაიკითხო.


იმისათვის, რომ ვიზიტორებმა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შეძლონ დასწრება, აუცილებელია ვებ-გვერდზე წინასწარი რეგისტრაცია.


ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არჩევანის გაკეთება უფრო გაგიმარტივდება, თუ რეკომენდაციებს შენი თანატოლებისგან მოისმენ.


აი, მათი შერჩეული 5 წიგნიც:

სანდრო, 20 წლის:

ნიუიორკული ტრილოგია - პოლ ოსტერი


სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი - ქეთი ქანთარია

ერთხელ თუ შეაბიჯე პოლ ოსტერის სამყაროში, იქიდან გამოსვლა საკუთარი ნებით აღარ მოგინდება, მით უმეტეს, რომ ამ სამყაროს შეგვიძლია ნიუ-იორკი ვუწოდოთ და თუ აქამდე ნიუ-იორკში ნამყოფი არ იყავით, "ნიუ-იორკული ტრილოგიის" წაკითხვის შემდეგ ამ დანაკლისს სრულად თუ არა, მეტწილად მაინც შეივსებთ.


ამ წიგნში ქალაქი მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტი არაა, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს. იგი პერსონაჟიცაა. ოსტერის პერსონაჟთა ფიქრების თუ დიალოგების ფონზე გესმის ნიუ-იორკის გადატვირთული გზების ხმაური, ხედავ ცათამბჯენებს და დააბიჯებ მის ქუჩებში.


მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში სამი დამოუკიდებელი რომანია შესული, მათ სწორედ ეს ქალაქი ჰყავთ საერთო პერსონაჟად.


ამ წიგნში პოლ ოსტერი პერსონაჟიცაა, რომელიც ავტორმა პოლ ოსტერმა შექმნა. აქვე შეხვდებით პერსონაჟებს, რომლებსაც ფერების სახელები აქვთ და დეტექტიური საქმიანობით არიან დაკავებული და მრავალ სხვას.


სიუჟეტი იხლართება, კვანძის ბოლოს მისული კი ვერ იჯერებ, ფიქციაა მართლა თუ არა ის, რასაც იმ წამს ეზიარე..


ეს ნიუ-იორკია, პოლ ოსტერის ქალაქი.

ნეკა, 18 წლის:

ქარის ჩრდილი - კარლოს რუის საფონი

გამომცელობა: აგორა

მთაგრმნელი - მაია მარჯანიშვილი

„ქარის ჩრდილი" ესპანელი მწერლის, კარლოს რუის საფონის ნაწარმოებია, რომელიც წინა ზაფხულს წავიკითხე, როგორც იტყვიან ერთი ამოსუნთქვით. წიგნი ძალიან საინტერესოა და შეიძლება ითქვას ერთგვარი დეტექტივიც. "ქარის ჩრდილი" მამა-შვილის გარშემო ვითარდება. მამა ბუკინისტია და როცა შვილი გარკვეულ ასაკს მიაღწევს წაიყვანს ე.წ წიგნის სასაფლაოზე სადაც ბავშვი ირჩევს ერთ წიგნს, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა გაუფრთხილდეს, სწორედ ამ წიგნს ჰქვია " ქარის ჩრდილი". ბიჭი იმ ღამესვე წაიკითხავს წიგნს და სამუდამოდ დაიკავებს მის გულში ადგილს. წლების გასვლასთან ერთად ამ წიგნს ბიჭისთვის უფრო და უფრო მეტი პრობლემა მოაქვს. მის ცხოვრებაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც წიგნის სანაცვლოდ დიდ თანხას სთავაზობენ ან ემუქრებიან, მაგრამ ბიჭი მის დათმობას არ აპირებს. ეს ყველაფერი ვითარდება ძალიან დაძაბული და შიშის მომგვრელი პასაჟების ფონზე, იყო მომენტები როცა შიშიგან წიგნი გადამიდია, ღრმად ჩამისუნთქავს და ისე გამიგრძელებია კითხვა. თუ გიყვართ წიგნისგან გამოწვეული მძაფრი ემოციები, გილოცავთ, ეს წიგნი თქვენთვისაა.

ლაშა, 20 წლის:

კარგი ნიშნები - ნილ გეიმანი, ტერი პრეჩეტი

სულაკაურის გამომცემლობა

მთაგრმნელი - ნიკა სამუშია

წლევანდელ წიგნის ფესტივალზე, მრავალ ისეთ ავტორს და წიგნს გამოვარჩევდი, რომლებიც ნებისმიერი მკითხველის მოწონებას დაიმსახურებდა, თუმცა ამ ეტაპზე არჩევანს ნილ გეიმანზე და უფრო კონკრეტულად მის შემდეგ წიგნებზე შევაჩერებ - „კარგი ნიშნები“, „არსადროს“ და „ამერიკელ ღმერთები“. ზოგადად, გეიმანის წიგნები არამხოლოდ საინტერესო სიუჟეტებითა და ისტორიებით არის გამოსარჩევი, არამედ იუმორში დაფარული ცხადი სიმართლითაც, რასაც მე, როგორც ერთი რიგითი მკითხველი, ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსად ვთვლი. ეს რეალობა, თუნდაც მიუღებელი თუ ამორალური, ისე შემოდის ტექსტში, რომ მკითხველის რეალურ აღშფოთებასაც კი არ იწვევს. გეიმანის ნებისმიერი პერსონაჟი განცდებითა თუ ფიქრებით, ყოველთვის ახლოს დგას თავად მკითხველთანაც, შესაბამისად მათთან საერთოს პოვნაც ყოველთვის შესაძლებელია.ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ამ სამიდან პირველი, „კარგი ნიშნები“ იყო, რომელიც 1990 წელს დაიწერა და ეხება ისტორიას, თუ როგორ იბრძვიან ანგელოზი და დემონი ერთად დედამიწის გადასარჩენად, რადგან ამ ადგილს ისე მიეჩვივნენ, რომ მათი განადგურება არ სურთ, მათ ამისთვის კი სულ 1 კვირა აქვთ. შემდეგი წიგნი კი მკვეთრად ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, საუბარი მაქვს „არსადროს“-ზე, რომლის მთავარი პერსონაჟიც, რიჩარდ მეიჰიუ, საოცარ სამყაროში ამოყოფს თავს, ლონდონის რუტინული ცხოვრებიდან მის მიწისქვეშეთში. გეიმანს ნათქვამი აქვს, რომ ამ წიგნის სახით, ისეთი ნაწარმოების შექმნა სურდა, რომლითაც ზრდასრულ ადამიანებს კითხვას შეაყვარებდა. მესამე წიგნი - „ამერიკელი ღმერთები“ - კი მწერლის შემოქმედების მთავარ ქვაკუთხედად არის შერაცხული, წიგნში მოცემულია მთავარი პერსონაჟის, შედოუს, ისტორია, რომლის ბედიც ღმეღთებს ეჯაჭვება, იქნებიან ისინი არარსებულები თუ არსებულები, ძველები თუ ახლები, სკანდინავიური თუ ევროპელი, ყველა მათგანი კი თავს მაინც ამერიკაში იყრის, მათი ბრძოლა კი ახალ ტექნოლოგიებთან მთელი წიგნის მთავარი დაპირირსპირებაა, რითი დასრულდება ეს ყველაფერი კი წიგნის ბოლოს მკითხველისთვის ნათელი გახდება, თუმცა, თუ მცირე „სპოილერი“ არ გამოვა, გეტყვით, რომ დასასრული ყველასთვის მოულოდნელი იქნება, რაც წიგნს, მინიმუმ ჩემს თვალში, დამატებით ღირებულებას სძენს.

ნიკა, 19 წლის:

ნორვეგიული დღიური -არჩილ ქიქოძე

სულაკაურის გამომცელობა

კოვიდ-ჟამიანობისგან თავის დასაღწევად „მოგზაურობის ვაქცინას“ ვეძებდი და სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე „ნორვეგიული დღიური“.

 

წიგნის კითხვისას ავტორის ხელს ვგრძნობდი, იმ ნაცნობ ხელს, რომლითაც ამ რომანს წერდა და იმ ხელსაც, რომელიც ვოიაჟის დაწყებისას ჩამკიდა. ეს მოგზაურობა იყო ყველგან - ისტორიაში, ბუნებაში, ადამიანების გულებში, ცხოველების გულებში, სხვათა და სხვათა ავტორის გონებაში და რაც მთავარია, ნორვეგიაში, რასაც ალბათ სათაურიდანვე მიხვდებოდით.

 

ამ წიგნს შემიძლია გზამკვლევიც ვუწოდო და სატრფიალოც, რადგან ტექსტი არაფერია, თუ არა ძალიან, ძალიან დიდი სიყვარული, ერთი არც თუ ისე პატარა ჩრდილოური ნახევარკუნძულისადმი, რომელიც ყველაფერს გაძლევს, რომ შეგიყვარდეს.

 

თავად არჩილ ქიქოძეც აღიარებს, ძალიან გულწრფელი წიგნიაო და მეც რაღა დამრჩენია, რომ არ დავეთანხმო!

 

ჰოდა ზუსტადაც რომ ამ გულწრფელ დღიურში ნორვეგიაა, ლამაზი ნორვეგია, სიტყვით დახატული პეიზაჟებით, გაცოცხლებული „გმირებით“ და ტრადიციული სიცივით, რაც როგორც ნორვეგიულ რომანებს, როგორც აღმოჩნდა ნორვვეგიაზე დაწერილ რომანებსაც თან გასდევს და იმედი მაქვს, ზაფხულის ცხელ დღეებსაც გაგიხალისებთ.

ნათია, 20 წლის:

მონანიება - იენ მაკიუენი

სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი - ანა აბულაშვილი

კითხვისას თითოეული წიგნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და ასოციაციები მიჩნდება. იენ მაკიუენის მონანიებას ასე დავახასიათებდი: ულამაზესი როგორც ბავშვის ფანტაზია და სევდანარევი ინტერესტით გაჟღენთილი როგორც ფრაზა „რა მოხდებოდა თუ ...“


ამ წიგნმა მასწავლა რომ წარმოსახვა ზოგჯერ ბოროტებად შეიძლება გადაიქცეს, ბავშვური უმანკოება კი საფრთხედ. აქ სამყარო პრესონაჟთა აზრების ფერი, მათი ცხოვრების სტილის, ქმედებებისა და ერთმანეთთან გადაჯაჭვული ბედის ანარეკლია. ნუ მოელით რომ ეს სასიყვარულო რომანია. თუმცა იგი გარკვეულწილად სიყვარულზეცაა, ჩემთვის მონანიება გამოუსწორებელ შეცდომებზეა, სინანულზე გვიან რომ მოგვიკაკუნებს კარზე და საზღვრებზე რომელიც თურმე პატიებასაც გააჩნია.


ავტორი: „საბა"