ლიტერატურა სიახლეები

უთარგმნელის თარგმანება - ქართულად ნათარგმნი პოეზია

„საბა“

დეკემბერი 07, 2022

თარგმანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთგვარად, ჯადოსნური ენობრივი მოვლენაა. ერთი ენიდან მეორეზე ტექსტის გადმოტანა თუ ხელახალი ქმნადობა, ზუსტი თარგმანი თუ პოეტური ვარიაცია, შემოქმედება თუ თანაშემოქმედება... ბიბლიის უძველესი თარგმანებიდან დაწყებული თარგმანის თეორიისა თუ პრაქტიკის საკითხებზე მსჯელობა, წერა, ლინგვისტური თეორიები, ლინგვისტური სკოლები, ცვლილებები - კვლევა თუ კამათი ალბათ არც არასდროს დამთავრდება.

ყველაზე რთული და ფაქიზი, ერთგვარად ოქრომჭედლის სიზუსტით შესასრულებელი საქმე პოეზიის თარგმნაა. პოეზია ორიგინალის ენაზეა ამოუცნობი ენობრივი მოვლენა, რომელიც იმ ენის მთელ შესაძლებლობას ავლენს, რომელზეცაა დაწერილი, ხოლო თარგმანი საერთოდ ჯადოქრობას ჰგავს. როგორ უნდა გაჩნდეს სხვა ენაზე პოეტური მაგიის საშუალებით ტექსტი, რომელიც ამა თუ იმ ენის სულს განასახიერებს. სხვა ენაზე ხელახლა დაიბადოს და ისეთივე ცოცხალი იყოს, როგორც დედანში.


საბედნიეროდ, ქართული პოეტური თარგმანის ტრადიცია მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პოეზია უთარგმნელია, ეჭვქვეშ აყენებს. მეტიც, ისეთი კონგენიალური თარგმანების ნიმუშები გვაქვს, იმასაც კი ვფიქრობთ, თარგმანში დაკარგული კი არა, თარგმანში გამდიდრებული ტექსტები ხომ არაა. ეს, რასაკვირველია, ხუმრობით.


ყველას თავისი სია ექნება და ალბათ არცერთი სია არ იქნება სრულყოფილი, მკითხველის პრიორიტეტიც ესაა, უფლება, შეადგინოს თავისი სია. ამ სიაში უთუოდ მოხვდება გივი გეგეჭკორის ფრანგული პოეზია, ბაჩანა ბრეგვაძისა და თამაზ ჩხენკელის უბადლო თარგმანები, თამაზ ბაძაღუას პეტრარკა თუ თამარ ერისთავის ბერნსი, გრიგოლ აბაშიძის მიცკევიჩი, არც მუხრან მაჭავარიანის კალევალა დაავიწყდება, ზეზვა მედულაშვილის „ქოროღლი“, გივი შახნაზარის სომხური პოეზია, იზა ორჯონიკიძის ბერძნული და მანანა ღარიბაშვილის რომაული პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშები, დავით წერედიანის „ფაუსტი“ და ა.შ და ა.შ. ეს სია სრულიად ბრწყინვალეა და ყოველი მომდევნო თარგმანის გახსენებისას ახალი თარგმანი გახსენდება... და ზუსტად იცი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაგავიწყდა... ამ სიიდან რამდენიმე ამოვკრიფეთ, რომ გაგახსენოტ და ყურადღება გაგამახვილებინოთ, არჩევის პრინციპი სწორედ ეს იყო.

რეზო თაბუკაშვილი


შექსპირის სონეტები

ალბათ, პირველ რიგში, რაც ქართულად ამეტყველებულ შექსპირზე გვახსენდება, ეს სტრიქონებია:


ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება...


თაბუკაშვილის შექსპირს ციტირებს ყველა, ის ზეპირად იციან და სიყვარულით ამბობენ, უბადლო პოეზიის უბადლო თარგმანი - მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ. 


მეცხრამეტე საუკუნეში თბილისში ოპერა ყოფილა მოდაში, იტალიური ოპერის ფრაზებს ღიღინებდნენ თბილისელები... ამ ამბავს შეიძლება შევადაროთ ის, როგორი სიყვარულითაც მიიღო ქართველმა მკითხველმა სონეტების ეს თარგმანი, როგორ აამღერა და აახმიანა.

ვახუშტი კოტეტიშვილი


აღმოსავლურ-დასავლური დივანი

ვახუშტი კოტეტიშვილს, როგორც სიტყვის ოსტატს, პოეტს და მთარგმნელს აქვს უნარი, ირაციონალური ნიჭი, სიტყვიერ მასალაში მძაფრი სიცოცხლის შეტანისა. სწორედ ეს თვისება გამოვლინდა ყველაზე მეტად აღმოსავლური პოეზიის თარგმანებში. მისი თარგმანების უმრავლესობამ ისეთი მკაფიოება, ემოციური სისავსე და სინატიფე შეიძინა, რომ მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა მკითხველთა მახსოვრობაში არ აღბეჭდილიყო.


აბა, ვის შეიძლება დაავიწყდეს ეს საოცარი ლექსი:


„ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,

 შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.“


“აღმოსავლურ-დასავლური დივანი” ოთხი ნაწილისაგან შედგება: 1. შესავალი. 2. სპარსული პოეზია. 3. ავსტრო-გერმანული პოეზია (რილკე). 4. XX საუკუნის რუსული პოეზია.

დავით წერედიანი


ლორკა, ბოშური რომანსერო

2019 წლის ბოლო მძიმე და სევდიანი იყო ქართული ლიტერატურისათვის, კონგენიალურმა მთარგმნელმა და პოეტმა, დავით წერედიანმა თავისი გედის სიმღერა, ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსერო“ დაგვიტოვა და საიქიო საქართველოში, ქართული სიტყვის დიდოსტატთა გუნდს შეუერთდა.


დავით წერედიანის თარგმანებში ისეთი ზუსტი ბგერებია, ისეთი ლექსიკა, ქართული ენის ისეთი წარმოუდგენელი შესაძლებლობები, რომ ზოგჯერ გიკვირს, როგორც შეიძლება ადამიანი ასე ფლობდეს და მართავდეს ენას, ისევე, როგორც პოსეიდონი ზღვის წიაღებს.


ხშირად ვფიქრობ, როგორ აღიქვამენ და კითხულობენ პოეტები საკუთარი ლექსების უცხოურ თარგმანებს... წერედიანის ლორკას ალბათ ლორკაც დიდი სიამოვნებით მოაწერდა ხელს.


“მიჰქრიან თურინჯის ტევრში

ბოშები სიზმრის და რვალის

თავი, შემართული მაღლა,

ოდნავ მოჭუტული თვალი”

ჯემალ აჯიაშვილი


ებრაული პოეზია

ჯემალ აჯიაშვილმა მოშე იბნ-ეზრასა და შუა საუკუნეების ესპანეთში მოღვაწე სხვა ებრაელი პოეტების შემოქმედება გასული საუკუნის 70-იან წლებში თარგმა, თუმცა იმის გამო, რომ საბჭოთა ქვეყანაში ყოველივე, რაც კავშირში იყო ბიბლიასა და ებრაულ კულტურასთან, სასტიკად იდევნებოდა, 1979 წელს გამოცემულ წიგნს, ცენზურის გასაცურებლად, ყდაზე ეწერა: „ანდალუსიური საგალობლები“.


ეს საოცარი ებრაულ-ქართული პოეზია უფრო ებრაულია თუ ქართული, რთული გადასაწყვეტია.


აჰა, ტრედს ვუხმე ჩემი კარვიდან,

ხრმლით მოვუნიშნე ცათა შორეთი,

ქვე განვუფინე მზე და მთოვარე, 

ფრთე დავუმძიმე ეპისტოლეთი

და ღრუბლებისკენ ავაფრთოვანე...

გარნა ფიქრი ჩნდა, აღსდგა ღრუბელი,

კვლა აღუღუნდა ხელში ღადარი,

და სალმობათა ნაფეხურებზე 

ჩნდნენ მესიტყვენი გულისთქმათანი. 


შემუელ ჰანაგიდი

გიორგი ლობჟანიძე


არსთა მესნევი

ცნობილი მთარგმნელისა და პოეტის, გიორგი ლობჟანიძის ნაყოფიერმა შემოქმედებამ არაერთი უმნიშვნელოვნესი ლიტერატურული ტექსტით გაამდიდრა ქართული ლიტერატურული სამყარო. ტიტანური შრომის ერთ-ერთი ბოლო შედეგი მეცამეტე საუკუნის სპარსელი მისტიკოსისა და პოეტის, ჯალალ-ედ-დინ მოჰამად იბნ ბალხის, იგივე ჯალალ-ედ-დინ რუმის, „მოულანას“ ექვსნაწილიანი (ექვსწიგნიანი) პოემა „მასნავი-ე მა’ნავი“ – „არსთა მესნევი“ იყო, რომლის პირველი წიგნის თარგმანი „საბას“ ლიტერატურული პრემიით აღინიშნა.


„უნდა ვთქვა, რომ ამ წიგნის არათუ თარგმნა, არამედ სრულფასოვნად წაკითხვაც კი სერიოზული შემეცნებით-შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ურთულესი მისტიკურ-პოეტური სამყაროს შორეულ ნაცნობობას მაინც მოითხოვს. და ამ რეალობაში, ცხადია, მხოლოდ სანდო და გამოცდილ მეგზურს ხელეწიფება მკითხველისთვის უღელტეხილიანი გზის გაიოლება. ასეთ მეგზურად კი კვალიფიციური, პროფესიონალი მთარგმნელი უნდა იქცეს, რომელიც ერთდროულად ასოკირკიტა მკვლევარიც არის და ზეგარდმო პოეტიც“


-წერს თარგმანის შესახებ მეცნიერი, მთარგმნელი და პედაგოგი მზია ბურჯანაძე.

ლელა სამნიაშვილი


სილვია პლათის პოეზია

ამერიკული პოეზიის თარგმანს დიდი ტრადიცია აქვს, ზვიად გამსახურდიას, გიორგი ნიშნიანიძის, მედეა ზაალიშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, გია გოკიელის და კიდევ მრავალი სხვა მთარგმნელის სახელებს უკვე ახალი თაობის მთარგმნელები შეემატნენ - შოთა იათაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ზვიად რატიანი, მანანა მათიაშვილი, ლელა სამნიაშვილი, სალომე ბენიძე და სხვები.


1999 წელს „მერანმა“ სილვია პლათის პოეზიის ლელა სამნიაშვილისეული თარგმანი გამოსცა. როგორც თავადაც შესანიშნავი მთარგმნელი, ანი კოპალიანი წერს თავის სადისერტაციო ნაშრომში, „ყველა ნაბიჯზე იგრძნობა მისი დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება და ავტორის თანაბარი სიძლიერის ემოციური განწყობა და ინტელექტი. ქართულ ლიტერატურაში სილვია პლათის შემოქმედებამ სწორედ ლელა სამნიაშვილის თარგმანებით დაიმკვიდრა თავისი ადგილი.

ზვიად რატიანი


რილკეს „დუინური ელეგიები“

ზვიად რატიანის პოეტურმა და მთარგმნელობითმა ნიჭმა და ოსტატობამ არაერთი მნიშვნელოვანი პოეტის ქართულ ენაზე წაკითხვის საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, ამ დიდ სახელებს შორისაა ელიოტის, პაუნდის, ფროსტის, სენდბერგის, ოდენის, ლოუელის, სტრენდის, უოლკოტის, სიმიკის, ჰინის, რილკეს, ცელანის, ბრეხტისა და სხვათა ტექსტები.


ახლახანს თანამედროვეობის გამორჩეული პოეტის ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი „დუინური ელეგიები“ და რილკეს სხვა ლექსები გამოიცა. რილკეს სამყაროსათვის დამახასიათებელი სიღრმე, მძლავრ მუსიკად ქცეული ხსოვნისა და წარმოსახვის ოქსიმორონი, დიადსა და ამაღლებულში გაცოცხლებული უჩინარი და უმცირესი, რაც ამ პოეზიის აღქმას სიცოცხლის უკიდურეს გამოცდილებად აქცევს – ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი რილკეს პოეზია სრულიად ახალი და განსაკუთრებული ხმაა დიდი ავსტრიელი მწერლის ქართული თარგმანების ისტორიაში.

ანი კოპალიანი


ტომას ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ“

ანი კოპალიანს, ნიჭიერ, პროფესიონალ და გემოვნებიან მთარგმნელს უკვე კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. 2020 წელს მან ქართულად ნათარგმნი პოეზიის ბრწყინვალე თაროს ახალი წიგნი აჩუქა, ესაა დიდი ამერიკელი პოეტის, ტომას ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ“, რომელმაც თარგმანის ნომინაციაში პრემია „საბაც“ დაიმსახურა.


„ქართულ ტექსტში იგრძნობა დღეს უკვე ასე გაიშვიათებული რამ – თავდავიწყება! თავდავიწყება მთარგმნელისა, რომელსაც მთარგმნელი-თანაავტორი მთელი არსებით არის მიცემული. ის თითქოს ატაცებული ცეკვავს თავისსავე რიტმებზე და ეს ცეკვა იმდენად მომნუსხველია, რომ მის უსასრულოდ გაგრილებას ელოდები; მაგრამ ამ შემოქმედებითი სპონტანურობის მიუხედავად, მთარგმნელს არსად ღალატობს ზომიერების შეგრძნება თუ შინაგანი გემოვნება, რაც ტექსტის ერთი პასაჟიდან მეორეზე ლაღად გადასვლის ურთულეს ხელოვნებაში, ფრაზის რიტმული რეგულაციის, საწყისი ნოტის, მისი გაგრძელების, დასასრულისა თუ ჩასხეპის უაღრესად ფაქიზ და ძნელად განსახორციელებელ ოსტატობაშია ჩაწნეხილი.“- ვკითხულობთ გიორგი ლობჟანიძის რეცენზიაში.




ავტორი: „საბა"