ლიტერატურა სიახლეები

მივიწყებული წიგნების სამყაროში

„საბა“

თებერვალი 24, 2022

მოდი, გადავუხვიოთ ტრადიციას და პირდაპირ ექსპერიმენტით დავიწყოთ:


ექსპერიმენტი 1

ჰკითხეთ თქვენს მშობლებს, რას კითხულობდნენ ახალგაზრდობაში, რომელი წიგნი იყო მათ დროს ყველაზე პოპულარული. პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ, რადგან წიგნის ვერც სათაური იცნოთ, ვერც ავტორი. რომელიმე „ჰავაის ბულბული“, „არა არ არის დანაშაული“, „იზა“, კიდევ სხვა ბულვარული რომანი, ან იქნებ შესანიშნავი ოსტატობით დაწერილი რომელიმე წიგნი, რომლის სახელი დღეს ბევრს არაფერს გვეტყვის და იქნებ, მის აღმატებულება, ყოვლისმცოდნე გუგლსაც კი ჩავძახოთ და ვერაფერი ამოგვძახოს.


როგორ იცვლება მკითხველი წლებთან ერთად? როგორ იცვლება პოპულარული, ბესტსელერი წიგნი? რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ავტორის მშვენიერი წიგნი მკითხველის გარეშე რჩება, ზოგიერთი კი სამუდამო უკვდავებას ეზიარება.

ექსპერიმენტი 2

ჰკითხეთ თქვენს შვილებს, რომელი წიგნია მათთვის ყველაზე საინტერესო, სასურველი, რას კითხულობს მათი თაობა, რომელი წიგნი აქვთ სასთუმალქვეშ დამალული თუ საწერ მაგიდაზე, ფიზიკის სახელმძღვანელოს ამოფარებული. რომელი წიგნის ახალ გამოცემას ელიან, რომელს ეძებენ, რომელს უცვლიან თანაკლასელებს.


აღმოჩნდება, რომ შეიძლება ერთი, ჰა ჰა, ორი ავტორი იყოს თქვენთვის ნაცნობი, ის, რაც თქვენ გიყვარდათ, ის, რასაც თქვენ კითხულობდით. რა თქმა უნდა, ლიტერატურა სულ ახალ-ახალი ტექსტებით მდიდრება, ლიტერატურაც ესაა, გლობალური ფაზლი ახალი დეტალებით უნდა შეივსოს, მაგრამ მხოლოდ ეს არაა, შეიძლება მათ რომელიმე ძველი ავტორიც უყვარდეთ, ოღონდ ის კი არა, თქვენ რაც გიყვარდათ, არა, არა, მეორე, სხვა.


თქვენ და მათ სულ სხვადასხვაგვარი ლიტერატურული გამოცდილება გაქვთ.

წაუკითხავი წიგნების შურისძიებაზე გსმენიათ? როგორ იმალებიან ბიბლიოთეკის მტვრიან საცავებში წიგნები, რომელთაც მკითხველი აღარ აკითხავს, წიგნები, რომლებიც თავიანთ ეპოქაში ჩარჩნენ, კონტექსტს თავი ვერ დააღწიეს, მტვერი დაედოთ და უბრალოდ ყველას დაავიწყდა.

გიფიქრიათ ამაზე?

რატომაა, რომ ზოგიერთი, ძალიან პოპულარული წიგნი ყველას მიავიწყდება-ხოლმე, მათ ადგილს სხვა წიგნები იკავებს. ამ უსამართლო გადარჩევაში ხან ცუდი წიგნები ხვდება, ხანაც კარგები, ზოგჯერ ძალიან კარგებიც.


რა განაპირობებს ამ მოვლენას? ზოგჯერ დროის კონტექსტი, ზოგჯერ სოციალურ-პოლიტიკური, მაგალითად, საბჭოთა ხანის გარიჟრაჟზე აქტუალური იყო რომელიმე „კრაზანა“ თუ „როგორ იწრთობოდა ფოლადი“, არც ქართული ლიტერატურა ჩამორჩა ამ პროცესს, იწერებოდა რომანები ენგურჰესის მშენებლობაზე, კოლმეურნეობაზე, რაიკომის მდივნებზე. თუმცა, ეს ტექსტები ერთგვარად დროში მოგზაურობაა, მაგალითად, ქართველი ცისფერყანწელის, პოეტისა და მწერლის რაჟდენ გვეტაძის რომანში „ლაშაური საღამოები“ ვეცნობით ახალგაზრდა მირზა გელოვანს, იმდროინდელი თბილისის ლიტერატურულ საღამოებს, ლიტერატურული ბოჰემის სუნთქვას.


ზოგჯერ წიგნის დავიწყების მიზეზი ტექნოლოგიური რევოლუცია, მეცნიერების განვითარებაა, ასეთი დავიწყების მსხვერპლი საბჭოთა დროის სამეცნიერო ფანტასტიკის არაერთი წიგნი გახდა, აბსოლუტურად ნაივურმა, ზედაპირულმა მსჯელობამ სამეცნიერო თუ ტექნიკური სიახლეების შესახებ, ფეხი ვერ აუწყო მეცნიერებას, რომელმაც ცოტა ხანში ადამიანის ფანტაზია უკან ჩამოიტოვა.

             

კითხვის წესი, დროის აჩქარება, ტექნოლოგიური პროგრესი ნამდვილად გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველს, დიდტანიანი, რამდენიმეტომიანი რომანებისთვის დრო არ რჩება, შესაბამისად, თაროზე რჩებიან რომელიმე „ტიბოს შვილები“ , „ქალთა ბედნიერება“ ანდა ბალზაკისა თუ ჰიუგოს რომანები


კიდევ? კიდევ ალბათ ბედისწერაც, უცნაური ბედისწერა, რომელიც ზოგიერთ მწერალს მსოფლიო ბესტსელერების ავტორად აქცევს, ზოგიერთისთვის მკითხველად ორიოდე კაცს თუ გაიმეტებს. უცნაური ბედისწერა, რომელმაც, ვთქვათ ქართული ლიტერატურული თვალთახედვიდან ჯერ დამალა საოცარი მწერალი, ზაირა არსენიშვილი, მერე კი გამოაჩინა და მკითხველის აღფრთოვანებითაც დააჯილდოვა.

ლიტერატურას თავისი ბედისწერა აქვს, ვინ ამოიცნობს დავიწყებული წიგნების ბედს?თქვენ რომელი დავიწყებული წიგნი გახსენდებათ?



ავტორი: „საბა"