ლიტერატურა სიახლეები

დეტექტივების დედოფალი

„საბა"

სექტემბერი 18, 2021

ქალი საიდუმლოა, ამოუხსნელი გამოცანა - ასეა მითში, ლიტერატურაში, მხატვრობაში, კინოში... ქალი ორმაგად უფრო რთული საიდუმლოა, თუ ის მწერალია, თანაც, არც მეტი და არც ნაკლები - დეტექტივების მწერალი

მიხვდით ვისზე ვწერ? დიახ, ეს ყველაზე ცნობილი და პოპულარული, დეტექტივების დედოფალია - აგათა კრისტი.

"ავტობიოგრაფია საკმაოდ ბევრს გავალდებულებს. იგულისხმება ცხოვრების სკრუპულოზური მიმოხილვა, - თავისი სახელებით, ადგილებითა და თარიღების ზუსტი ქრონოლოგიური მიმდევრობით. სულაც არ მინდა, ალალბედზე ვაფათურო ხელი საკუთარ წარსულში და იქიდან მოგონებათა ბღუჯა ამოვიღო.


მგონია, რომ ცხოვრება 3 პერიოდისგან შედგება, ესაა:


· ბობოქარი და ტკბილი აწმყო, საბედისწერო სისწრაფით რომ მიექანება წინ;


· გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავალი, უთვალავი საინტერესო გეგმის დასახვის საშუალებას რომ იძლევა და, რაც უფრო გიჟური იქნება, - მით უკეთესი. ცხოვრება მაინც თავისას იზამს, ასე რომ, იოცნებეთ, რამდენიც გენებოთ;


· და ბოლოს, მესამე პერიოდი - წარსული, ჩვენი ახლანდელი ცხოვრების ფუნდამენტი, სავსე მოგონებებით."


- წერდა აგათა კრისტი.

„მოგონებების ბღუჯამ“ და მისმა ბრწყინვალე წარმოსახვამ თავბრუდამხვევი თავგადასავლების მთელი კალეიდოსკოპი შექმნა - 78 დეტექტიური რომანი, 19 პიესა, ასევე, მოთხრობები და ლექსები. მისი წიგნების სამყარო დაუსრულებელია, მხოლოდ ერთ რომანს წაიკითხავ, ყველას თითოჯერ თუ ყველას რამდენჯერმე- სულ გეყვარება და სულ დაგაინტერესებს, თვალებიც გაგიფართოვდება და გულიც აგიჩქარდება.

დეტექტივების დედოფალს, განუმეორებელ აგათა კრისტის მკითხველის საყვარელი რამდენიმე საინტერესო პერსონაჟი ჰყავს, თუმცა ერთი განსაკუთრებულია იმით, რომ თავად ავტორსაც ყველა დანარჩენს ერჩივნა - ეს მის მარპლია, ინგლისელი დარბაისელი და ჭკვიანი ლედი, რომლის პროტოტიპი, თქვენ წარმოიდგინეთ, თავად ავტორის ბებია იყო...


თუ პადინგტონის სადგურზე სულ ცოტა ხანს გაჩერდებით, ყველაზე საინტერესო და თავბრუდამხვევი ლიტერატურული მატარებელი ჩამოდგება, რომელსაც დეტექტივის მოყვარული ყოველი მკითხველი სიამოვნებით დაემგზავრება.


ერკიულ პუარო ვის არ ახსოვს - გამჭრიახი და ჭკვიანი დეტექტივი, ულვაშებიანი კაცი განუყრელი საყელოთი, კაცი, რომელსაც გემრიელი სამზარეულო და თავსატეხების ამოხსნა ერთნაირად უყვარს, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გურმანი, წესებისა და წესრიგის ადამიანი, ვისაც მკვლელი ისევე ვერ დაემალება, როგორც თაგვი მოხერხებულ კატას... ყველა მკითხველის „ძველი მეგობარი, ქონდრისკაცი, კვერცხივით თავითა და მწვანე თვალებით - ერკიულ პუარო“, მშვიდი, აუღელვებელი და ყოველთვის მიხვედრილი.

სანამ დეტექტივების დედოფალი, აგათა კრისტი გარდაიცვლებოდა, ერთი წლით ადრე გაზეთ „The New York Times-ში“ დაიბეჭდა მისი პერსონაჟის, გამომძიებელ ერკიულ პუაროს გარდაცვალებისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი.... ასეა, ხშირად პერსონაჟები ავტორის ცხოვრების ნაწილად იქცევიან, ყველაზე ახლობელ ადამიანებზე უფრო ახლობლებად.

1976 წლის 12 იანვარს კი მსოფლიოში ცნობილი დეტექტიური რომანების ავტორი თავისი უკანასკნელი თავსატეხის ამოსახსნელად გაემგზავრა - სიკვდილის გზაზე.


დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის მესამე ხარისხის ორდენით - ალბათ ლიტერატურულ სამოთხეში სწორედ პუარო შეუძღვებოდა და ლიტერატურული სამოთხეც ისეთივე დალაგებული და მოწესრიგებული დახვდებოდა, როგორც პუაროს სამუშაო კაბინეტი.


თავისი ავტობიოგრაფიის ბოლოს აგათა კრისტი წერს:

"მადლობა, ღმერთო, ჩემი კარგი ცხოვრებისათვის და მთელი იმ სიყვარულისათვის, რომელიც მე მომენიჭა”.

ეს კარგი ცხოვრება კი 1890 წლის 15 სექტემბერს დაიწყო, როცა აგატა კრისტი დაიბადა - ყველაზე დიდი საიდუმლოებების და ყველაზე საინტერესო თავგადასავლების ავტორი.


ავტორი: „საბა"