და როდისაა საბა?

ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-17 დაჯილდოებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ცერემონია თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 8 დეკემბერს, კვირას გაიმართება.

 

დაჯილდოებას ნომინანტები, მწერლები, გამომცემლები, ლიტერატურის კრიტიკოსები და მოყვარულები დაესწრებიან. 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი. ფოტო: გიორგი დადიანი

წელს ჯილდო 8 კატეგორიაში გაიცემა. ჟიურის წევრები, უკვე რამდენიმე თვეა 2018 წელს გამოცემულ ტექსტებს ეცნობიან. სწორედ მათი გადაწყვეტილებით,  წლის საუკეთესო რომანი, პროზაული კრებული, დებიუტი, დოკუმენტური პროზა და ესეისტიკა, პიესა, პოეტური კრებული და უცხოური ნაწარმოების  საუკეთესო ქართული თარგმანი გამოვლინდება. ტრადიციულად „საბა“ გაიცემა „ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისაც“.

წელს „საბას“ 33 ფინალისტი ჰყავს. პირველად ისტორიაში ყველაზე მეტი - 111 წიგნი იყო წარმოდგენილი კატეგორიაში „წლის საუკეთესო ქართული თარგმანი“. 


გაიზარდა „საბას“ საპრიზო ფონდიც. 7 კატეგორიაში ჯილდო 4,000-ის ნაცვლად 6,000 ლარი იქნება, ხოლო ნომინაციის „ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“  გამარჯვებული 8,000 ლარის ნაცვლად 10, 000 ლარს მიიღებს.


ლიტერატურული პრემია „საბას“ ვიზუალური სტილი წელს გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატებით და 1924 წელს დაარსებული ფუტურისტული ჟურნალით - H2SO4 არის შთაგონებული, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. 

1924 წელს გამოცემული ქართული ფუტურისტული ჟურნალი "H2SO4"

დაჯილდოებამდე სამ კვირაზე ცოტა მეტი რჩება, მანამდე კი შეგიძლიათ ეწვიოთ „საბას“ განახლებულ აპლიკაციას და მიიღოთ კითხვის ახალი გამოცდილება - გაეცნოთ ყველა ფინალისტ წიგნს და უგულშემატკივროთ თქვენს რჩეულებს.

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: https://saba.com.ge/