ლიტერატურა სიახლეები

მკითხველი წლის საუკეთესო ესეისტიკასა და დოკუმენტურ პროზაზე

„საბა"

სექტემბერი 06, 2023

ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა ლიტერატურული სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რომელიც მხატვრული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი თხრობის ფორმებს სცდება და თავის თავში თვითრეფლექსიას, კრიტიკულ ანალიზსა და სოციალურ გარემოზე კომენტარსაც მოიცავს, რაც გვეხმარება უფრო ნათლად აღვიქვათ გარშემო არსებული მოვლენები და ისტორიული თუ სოციალური რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. დღევანდელი გლობალიზებული სამყაროს პირობებში, მსგავსი ტიპის ლიტერატურა გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ერებსა და ქვეყნებში არსებული კულტურული თუ პოლიტიკური კონტექსტი აღვიქვათ და ხელს უწყობს რიგი საკითხების გარშემო საზოგადოების ინფორმირებულi დიალოგის შესაძლებლობას.

ამ ჟანრის მნიშვნელობა არც ლიტერატურული პრემია „საბას“ მესვეურებს გამორჩენიათ და სწორედ ამიტომ, ეს პრემია უკვე 2006 წლიდან გაიცემა. გამარჯვებულთა ნაშრომების თემატიკა მრავალფეროვანია და ყველა იმ თემას მოიცავს, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. საინტერესოა ვნახოთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და აქტუალური ქართველი საზოგადოებისთვის 2023 წელს, როდესაც ევროპა და პრინციპში, მთელი მსოფლიოც, პოლიტიკური ქარიშხლების ეპიცენტრშია.

რატი მუჯირი

„მონებს სამოთხეში არ უშვებენ“

(ინტელექტი)


„მონებს სამოთხეში არ უშვებენ“ უკაინელი სამხედრო ლიდერის, ივან სირკოს სიტყვებია და მისი მნიშვნელობა ყველაზე ახლობელი სწორედ უკრაინელი ხალხისთვისაა. რა გასაკვირია, რომ 2022 წლის თებერვლიდან ყველა ჩვენგანის ყურადღება რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომისკენ არის მიმართული. ციფრული სამყაროს საშუალებით, რიგითი უკრაინელების გმირობებზე არაერთი ისტორია გვსმენია და ეს წიგნიც სწორედ ამ ხალხზეა, რომელიც შიშველი ხელებით უდგება პირისპირ ტანკებს; იმ ბებოებზე, თავის კულინარიასაც კი მტერთან ბრძოლისთვის რომ იყენებენ; ფრონტზე მებრძოლ უშიშარ ქალებზეა და იმათზეც, ბომბების ქვეშ ახალ სიცოცხლეს რომ ჩუქნიან სამყაროს.


ერაყი, ავღანეთი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, „არაბული გაზაფხული“, ყირგიზეთის რევოლუცია, ომი სირიაში და რუსეთის ფედერაციის ინტერვენცია უკრაინაში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „ცხელი“ მოვლენებისა, რაც ავტორს, რატი მუჯირს, გაუშუქებია. თუმცა ამ წიგნის მთავარი გმირი ომი არ არის, მის შუაგულში უკრაინელი ხალხია, თავისი შეუპოვარი, მებრძოლი ხასიათით, თავისუფლების სიყვარულითა და მიზანდასახულობით. თითოეული ისტორია, რომელსაც ავტორი უშუალოდ ადგილზე აკვირდებოდა და ისმენდა, სავსეა შემზარავი ტრაგედიებით, თუმცა, ამასთანავე, იმედით, რომ ერთ დღესაც გავიგებთ სანუკვარ სიტყვებს - „უკრაინამ გაიმარჯვა“.

გიორგი აბდუშელიშვილი

„სხვა ავღანური დღიური“

(ინტელექტი)


შემდეგი ნომინანტის წიგნი სხვა კონტინენტზე, სულ სხვა შეიარაღებული კონფლიქტის შუაგულში გადაგვისვრის. გიორგი აბდუშელიშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 2015 წლის გაზაფხულიდან „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც სირთულეებით სავსე დღეებში მის თანამგზავრად მწვანეყდიანი წიგნაკი იქცა. თუ ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებებისა და სამოქალაქო ომის შესახებ მწირი ცოდნა გაქვთ, ამ წიგნში ისტორიულ დისკურსსაც გადააწყდებით და მასზე კომენტარსაც. თუმცა, როგორც ამას თავად სათაურიც გვკარნახობს, აქ „სხვა” ავღანეთსაც ნახავთ, ადამიანური პირადი ტრაგედიებით, ყოველდღიურობითა და ტანჯვით სავსეს. ამასთანავე, ეს სამშობლოსგან შორს მყოფი ადამიანის სულის ამოძახილია, რომელიც თანაგრძნობითა და პატივისცემით სავსე მზერას მიაპყრობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე იქ მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ადამიანური თანაგანცდის ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიმდინარე ომი მხოლოდ ლოკალური მოვლენა არ არის და ავღანეთი სულაც არ არის შორს. 

ლევან ბერძენიშვილი

„1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“

(არტანუჯი)

ლევან ბერძენიშვილს მკითხველებისთვის დიდი წარდგენა არ სჭირდება. „საბას“ არაერთგზის ნომინანტსა და გამარჯვებულ ავტორს ცოტა ვინმე თუ შეედრება უნარში თავის საუბრებსა თუ წიგნებში მოთხრობილი ამბების წიაღში გვამოგზაუროს. ეს წიგნიც სწორედ ასეთი მოგზაურობაა საბჭოთა საქართველოში, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვება თავად ავტორის ცხოვრებისეული თავგადასავლებიც. ალბათ „თავგადასავალი“ ზედმეტად მსუბუქი სიტყვაა იმ გზის აღსაწერად, რომლის გამოვლაც ლევან ბერძენიშვილს ბავშვობაში, ახალგაზრდობასა თუ თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში მოუწია. ამ წიგნით საბჭოთა კავშირში დაბადებულ და მასში მოღვაწე ადამიანის ცხოვრების კვალდაკვალ ჩავიხედავთ იმპერიის ცხოვრებაშიც, რომელიც არაერთი უსამართლო, მძიმე და სისხლიანი ამბით არის სავსე. როგორია შიშით ნაშენები, დამარცხებისთვის განწირული იმპერიის მოქალაქეობა, მაშინ როდესაც თავისუფლების სურვილი არ გტოვებს? ეს წიგნი კიდევ ერთი აგური იქნება საბჭოთა წარსულის გადააზრებისთვის და ამასთანავე, პირად მაგალითზე გვაჩვენებს იმ ემოციებსა და შინადან ბრძოლებს, რომელთა გადატანაც, საბედნიეროდ, ჩვენ და მომავალ თაობებს აღარ მოგვიწევს. 

თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე

„გალაკტიონი უცენზუროდ“

(არტანუჯი)

გალაქტიონ ტაბიძე უბრალოდ შესანიშნავი ქართველი პოეტი კი არა, შეიძლება ითქვას, ქართველთა იდენტობის შემადგენელი ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა. შეუძლებელია მისი სახელი არ ამოტივტივდეს იქ, სადაც ქართულ ლიტერატურაზე და ზოგადად, ქართული ენის პოეტურობასა და მუსიკალურობაზეა საუბარი. თუმცა, ცოტა რამ თუ ვიცით გალაქტიონის სხვა მხარეზე, თუნდაც, მის იუმორზე თუ იმდროინდელი კულტურული საზოგადოების მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ეს წიგნიც პოეტს სრული სისავსით წარმოგვიდგენს - მოთხრობილი ამბავი დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, ძირითადად, პოეტის ჩანაწერებს, აგრეთვე, სანდო მოგონებებსა და გადმოცემებს. „ამ წიგნის იდეის ავტორი თავად გალაკტიონია, რომელსაც სურდა ერთად შეეკრიბა თავისი ეპიგრამები – ცენზურაგაუვლელი ლექსები“ - ვკითხულობთ წიგნის ანოტაციის პირველსავე წინადადებაში. სწორედ ამ ცენზურაგაუვლელ ლექსებში ვხედავთ პოეტის გაღიზიანებას, წყენასა თუ ცინიკურობას, შესაბამისად, მის ყველაზე გულახდილ პორტრეტს. პორტრეტების ხსენებისას, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წიგნი გაფორმებულია თავად გალაქტიონის ჩანახატებით, რაც კიდევ უფრო ინტიმურს ხდის მკითხველის გამოცდილებას და გვიჩვენებს იმ ემოციებსა და დამოკიდებულებებსაც, რომელთა გადმოცემაც პოეტმა სიტყვებითაც კი ვერ მოახერხა. 



ავტორი: მარიამ პაიჭაძე