სექტემბერი 02, 2022
,,საბას’’ წლის საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციის მიმოხილვა
,,საბა’’
,,საბას’’ ორგზის ლაურეატი, მალხაზ ხარბედია თავის კრებულს ,,პირადი ბიბლიოთეკა’’ ასე ახასიათებს:
,,ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ,,პირადი ბიბლიოთეკა’’ რუბრიკას დაერქვა და ,,24 საათში’’ სვეტს უძღოდა წინ. პირადი ბიბლიოთეკის შექმნის მთავარი მოტივი ე.წ. ლიტერატურულ ამნეზიასთან ბრძოლა იყო, ანუ ბრძოლა ავადმყოფობასთან, რომლის შემოტევების მსხვერპლიც ხშირად ვართ ხოლმე წიგნის წამკითხველები ვკითხულობთ გადაბმით და ერთი წლის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ აღარაფერი გვახსოვს. ამ წერილებით ვცდილობ მხოლოდ კი არ ჩავინიშნო, არამედ სამუდამოდ ჩავიბეჭდო ის ნაღდი და ღირებული, რასაც ვკითხულობ. ეს წამალივითაა, ამიტომაც შეიძლება წიგნს "ანტიამნეზინიც" ეწოდოს.“
2007 წელს კრიტიკის, ესსეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში სწორედ მალხაზ ხარბედიამ გაიმარჯვა. ,,პირადი ბიბლიოთეკა’’ წარმოადგენს ნამდვილი ბიბლიოფილისა და ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მკითხველის შთაბეჭდილებების კალეიდოსკოპს წლების მანძილზე წაკითხული წიგნების შესახებ. ჩამოვთვალოთ რამდენიმე მათგანი: მელვილის ,,ტაიპი’’, სელინჯერის ,,თამაში ჭვავის ყანაში’’, იოზეფ როთის ,,რადეცკის მარში’’, პატრიკ სიუზკინდის ,,კონტრაბასი’’, კენ კიზის ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა’’, ჯონ მაქსველ კუტზეეს ,,სირცხვილი’’, რეზო გაბრიაძის ,,ქუთაისი ქალაქია’’, ჟოზე სარამაგუს ,,იესოს სახარება’’, მიხეილ ჯავახიშვილის ,,კვაჭი კვაჭანტირაძე’’, ოთარ ჭილაძის ,,გოდორი’’, აკა მორჩილაძის ,,სანტა ესპერანსა’’ და ა.შ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის უბრალო მკითხველური აღტაცებისა და შეგრძნებების ფიქსაციის, სიტყვებად ტრანსფორმაციის მცდელობა. არა, მალხაზ ხარბედიას ტექსტების სახით საქმე გვაქვს ,,მართალი და თავისუფალი ადამიანის დაწერილ წიგნთან“ - ასე აფასებს შადიმან შამანაძე რამდენიმე წლის შემდეგ დაბეჭდილ კრებულს ,,მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან’’.
ვფიქრობ, სულ რამდენიმე წიგნის გახსენება შეიძლება, რომელიც თანამედროვე მკითხველს ერთგვარ გზამკვლევად, ორიენტირად გამოდგება. ასეთია: ანდრო ბუაჩიძის ,,ინტერიერი’’, გივი ალხაზიშვილის ,,ორი სინამდვილის ზღვარზე’’, დავით წერედიანის ,,თემა და ვარიაციები’’, აკა მორჩილაძის ,,მწერლებსა და წიგნებზე’’, ნანა ტრაპაიძის ,, ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ’’ და მალხაზ ხარბედიას ,,პირადი ბიბლიოთეკა’’.
ორი ცნობილი ფოლკლორისტისა და ფილოლოგის, ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის ერთობლივ წიგნს ,,შენდობით მომიხსენიეთ’’ 2008 წელს ,,საბას’’ პრემია მიენიჭა.
ამირან არაბული, ეთერ თათარიძე
ავტორთა თქმით, ,,წიგნში წარმოდგენილია საქართველოს სოფლებში, ნასოფლარებში, დაბებსა და ქალაქებში ათი წლის განმავლობაში მოძიებული ძველი ქართული საფლავის ქვების - ჩვენი მემორიალური კულტურის თვალსაჩინო ძეგლების - 360 ფერადი ფოტოსურათი და დაახლოებით ამდენივე ეპიტაფია; ნარკვევები საერთო სათაურით "ვინ იყო ქვათა ამათა მკვეთი", საფლავის ქვათა "აღკაზმულობის" (ბარელიეფი, ჰორელიეფი, ლაპიდარული წარწერა...) და ყოფნა-
-არყოფნის მარადიულ საკითხთა ადამიანის დამოკიდებულებების ამსახველი ნაწყვეტები და ამონარიდები ეროვნული მწერლობის ასამდე ნიმუშიდან, ხალხური პოეზიიდან; მსგავსი შინაარსისა და შედგენილობის ნაშრომი ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიო საგამომცემლო სივრცეში.“
2009 წელს ,,საბა“ ლევან ბრეგაძემ მიიღო წიგნისათვის ,,მოთხრობები ლიტერატურაზე’’. კრებულის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: ,,რასაც აქ წაიკითხავთ, არც კრიტიკული წერილებია, არც რეცენზიები და არც ესეები, ესენი მოთხრობები იმის შესახებ, თუ რა გრძნობები ეუფლებოდა წინამდებარე წიგნის ავტორს ამა თუ იმ ნაწარმოების კითხვისას. ეს არის მცდელობა, ამ გრძნობებში სიცხადის შეტანისა, მათში გარკვევისა. მცდელობა იმის ამოცნობისა, რაც ზედაპირზე არ ძევს, რაც მისაგნებია, მისაკვლევია, რასაც მკითხველზე მხატვრული ტექსტის ზემოქმედების საიდუმლო ჰქვია. (...) მთხზველთა ოსტატობის შესახებ თხრობა არავის ტოვებს გულგრილს, რისი მიზეზიც ის უნდა იყოს, რომ ყველა ჩვენგანი, მეტად თუ ნაკლებად, მთხზველია.’’
ლევან ბრეგაძის წიგნი (მიუხედავად ჟანრული გრადაციისა) მაინც კრიტიკული ესეებიის კრებულია, რომელიც მართლაც მოთხრობებივით იკითხება (აქვს მას თავისი ფარული დრამატურგიული ხაზი, ,,სასპენსი’’ და ა.შ.).
ზურაბ ქარუმიძის ტექსტები ერთმანეთისგან რადიკალურად განზიდული (რაც მთავარია, პაროდირებული) კულტუროლოგიური გამოცდილებების, არქეტიპული სიუჟეტებისა და მითოლოგემების მოხელთების სპეციფიკით გამოირჩევა. მისი ენის ხასიათი (ტექსტის პოლიფონიურობასთან ერთად) ავტორს მომენტალურად ,,აგდებს’’ ლოკალური (კულტურულ-გეოგრაფიული) სივრციდან და გადაჰყავს გლობალურ ( ევროპულ) პლატფორმაზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქარუმიძის რომანებს (ადრინდელი ოპუსების ჩათვლით) ახალი სააზროვნო სივრცის შექმნის რესურსი აქვს.
მეტიც: ზურაბ ქარუმიძის რომანები ჟანრული ზღვრულობითაც გამოირჩევა. ეს ზღვრულობა მის ნებისმიერი რომანის ხასიათის შემადგენელი ნაწილია. იქნება ეს ,,მელია ტულეფია Fox trot'', ,,ღვინომუქი ზღვა'', ,,დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი'' თუ ,,ჯაზის ყვავილობა''...
ეს მწერალი ყოველთვის მოდერნიზმის და პოსტმოდერნიზმის ზღვარზეა, ოღონდ ეს ზღვარი არ არის თავისთავად ცხადი ნიშნული.
დავაკვირდეთ ,,ღვინომუქ ზღვას''. ეს ყველაზე ექსპერიმენტული, დაშიფრული და თავბრუდამხვევი რომანი-სიმფონიაა, სადაც მოშლილია ტრადიციული რომანისთვის დამახასიათებელი ყველა კომპონენტი ამბის დრამატურგიის ჩათვლით ანუ აქ კონკრეტული ამბავი არ ,,ხდება'', აქ მკითხველი უშუალოდ ტექსტის შექმნის პროცესის თანამონაწილეა. პრაქტიკულად, ესაა XX საუკუნის შემაჯამებელი ქართული რომანი თავად ლიტერატურაზე, მთარგმნელობით გამოცდილებაზე და უშუალოდ წერის პროცესის ფსიქოგრაფიაზე:
,,წერს მაჯორდომო: სხვაობა ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის გაქრა. ამდენად, ხელოვნება აღარ არსებობს, ხოლო ცხოვრება მის მიბაძვას ლამობს და მუდამ ხელიდან უსხლტება თავის თავს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ აქაურობას ვერაგი სიმულაკრები დაეპატრონენ - არც არასოდეს არსებულ დედა - ორიგინალთა აბსოლუტურად იდენტური ასლები''.
ზურაბ ქარუმიძე
2010 წელს ზურაბ ქარუმიძეს ,,საბა’’ ,,ჯაზის ცხოვრებისთვის’’ მიენიჭა.
ერთ-ერთ ინტერვიუში წიგნის ჟანრულ მახასიათებლებზეც საუბრობს: „ჯაზის ცხოვრება“ უფრო ლიტერატურული ნაწარმოებია, ვიდრე ისტორიულ-მუსიკოლოგიური გამოკვლევა, ამგვარ „აკადემიზმზე“ კარგა ხანია აღარც მიფიქრია. ამ წიგნს მარცხენა ხელით ვწერდი, ანუ - სიყვარულით. ძველ მედიცინაში მიაჩნდათ, რომ გულიდან სიყვარულის სისხლძარღვი გამოდის და მარცხენა ხელის გავლით უსახელო თითში სრულდება – იქ, სადაც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ.”
,,ჯაზის ცხოვრება’’ უნიკალური წიგნია არა მხოლოდ მელომანებისთვის, არამედ სიტყვებად ტრანსფორმირებული (სიტყვაში განსხეულებული) მუსიკის მოყვარული მკითხველისთვისაც.
2012-2013 წლის ,,საბა’’ გიორგი მაისურაძისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. წლის საუკეთესო ესსეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში ორივე წელს მისმა კრებულებმა ,,ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები’’ და ,,დაკარგული კონტექსტები” გაიმარჯვეს, თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 2012 წელს ფინალისტთა შორის კიდევ ერთი, კულტუროლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი წიგნი, დათო ქარდავას ,,ტუალეტში საკითხავი’’ ფიგურირებდა.
პირველი კრებულის სათაურზე საუბრისას ავტორი ყურადღებას ერთ მეტად საგულისხმო საკითხზე ამახვილებს: ,,სათაური გულისხმობს იმას, რომ არა ვიღაცამ ჩაგვკეტა, არამედ ჩვენ თვითონ ვიკეტავთ ჩვენს თავს. მისი დარაჯები კი არის ის გარემო, რომელიც არ აძლევს საშუალებას გაიხნას. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ საკუთარი ნებით ვერ გამოვდივართ პროვინციული მდგომარეობიდან. ამ პროვინციალიზმის ნიშანია, რომ ვიღაც დიდი, მესია უნდა მოგვევლინოს.’’
ფაქტობრივად, გიორგი მაისურაძის ესეები სწორედ დაუსრულებლად ცირკულირებად საბჭოთა ბოდვებსა და ისტორიის მითოლოგიზაციის ასპექტებს იკვლევს.
გიორგი მაისურაძე
,,დაკარგული კონტექსტები’’ წინა კრებულისგან განსხვავებით გამოირჩევა ირონიისა და სატირის სიუხვით. “შევეცადე არ ვყოფილიყავი იმდენად თეორიული, რამდენადაც ირონიული. რა თქმა უნდა, ირონია მიმართულია არამარტო გარკვეული სტერეოტიპებისა და ღირებულებათა სისტემების მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც”
- გიორგი მაისურაძე.
,,გოგი გვახარიას წიგნის მთელი ,,მარილი“ ლიტერატურაში კინემატოგრაფიული პრინციპების ოსტატურად გადმოტანასა და გამოყენებაში იმალება. გვახარია ძალიან კარგად ფლობს ახლო და შორი ხედების მონაცვლეობის პრინციპით პანორამული სურათის შექმნის საიდუმლოს და გულწრფელობის ეფექტსაც სწორედ ამის მიხედვით ათამაშებს. სადაც საჭიროა, ის უცებ ახლო ხედით გვაჩვენებს თავისი ცხოვრების კადრს, ოდნავ საჩოთირო სიტუაციისას კი პერსონაჟს შორს გადატყორცნის და მის ნაცვლად თვითონ ამბავს გადახედავს ზემოდან.” - ასეთია გიორგი ლობჟანიძის თვალსაზრისი საბა 2014 - ის ლაურეატის წიგნზე.
გოგი გვახარიას ,,ცრემლიანი სათვალე’’ ესეების კრებულია, რომელიც კითხვისას პანორამული რომანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სტრუქტურული თვალსაზრისით, წიგნი წლების მიხედვით არის დაყოფილი და 1974 - 2004 -იანი წლების პერიოდს მოიცავს.
2016 წელს ზაზა ფირალიშვილის წიგნი ,,ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა’’ იღებს ,,საბას’’. ირაკლი ფარჯიანის მხატვრობის უნივერსალურ ბუნებაზე საუბრისას ავტორი ერთ არსებით დაკვირვებასაც გვთავაზობს: ,,თითოეული თემის დროში გაჭიმული სვლა თავგადასავალია ფიქრებისა, ამ თემათა მეშვეობით რომ ცდილობდა გამჟღავნებას, თავგადასავალია იმისა, თუ როგორ მყოფობდა მხატვარი თავის “შინ”-ში. სხვაგვარადაც შეიძლებოდა გვეთქვა: სიკვდილამდე გარდაცვალებაა სწორედ ის, რის განსხვავებულ თემებად დისპერსიასაც ვადევნებთ თვალს, ოღონდ ეს უკანასკნელი ხორციელდება არა სივრცეში, არამედ დროში და კიდევ იმით განსხვავდება სინათლის დისპერსიისგან, რომ მის შედეგად გაჩენილი ყველა თემა ნოსტალგიურად მიიწევს თავდაპირველი მთლიანობისკენ. მხატვრის ხელი ისევე ამთლიანებს და წარმართავს ამ თემებს, როგორც დირიჟორისა – ორკესტრის მრავალხმიანობას. მრავალხმიან თემათა განვითარება წარმოადგენს მხატვრის მისტიკურ სხეულს, როგორც სიმფონია – დირიჟორისა, საკუთარ სხეულში რომ არეკლავს მუსიკალურ ნაწარმოებში გამჟღავნებულ ლოგოსს.’’
ზაზა ფირალიშვილის მედიტაციური ესეები, პირველ რიგში, მაქსიმალური ღიაობისა და ენის დინებების შეგრძნების განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა.
როგორც თავად ამბობს: ,,ესე არის არაჩვეულებრივი საშუალება იმისთვის, რომ დაბრუნდე, პირველად მოსინჯო ის სინამდვილე, რომელშიც შენ ხარ, გაიაზრო ის როგორც მხატვრის თვალით, ისე ფილოსოფოსის თვალით, როგორც ცნებით, ისე სახით. ახლა უცნაური რაღაც უნდა ვთქვა: თავისთავად სინამდვილე მეტყველებს ესეს ენით და არა ფილოსოფოსის და მწერლის ენით, სინამდვილის ენა ესეს ენაა. ამდენად, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანი ჟანრია ჩვენთვის.’’
2017 წელს ,,საბა’’ ლევან ბერძენიშვილს გადაეცა კრებულისათვის ,,წიგნიერების ევოლუცია’’. ,,ეს არის ნაკრები სტატიებისა, რომლებიც 2015-2016 წლებში ჟურნალ „ლიბერალში" იბეჭდებოდა. ეს წიგნი იმაზეა, რომ კითხვა სასარგებლოა. კითხვა უბრალო საქმე არ არის, არ არსებობს კითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რომელსაც ადამიანის გონების, წარმოსახვის, თვალსაწიერის გაფართოება/განვითარება შეუძლია. კარგი მკითხველები გაცილებით უფრო მდიდარი და ფერადოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც არ კითხულობენ. ფსიქოლოგებმაც ხომ დაადგინეს, რომ კითხვა, წარმოსახვითი სამყარო, ზუსტად იმ გავლენას ახდენს ადამიანის ნევროლოგიურ სისტემაზე, რასაც რეალური სამყარო...’’ - ლევან ბერძენიშვილი.
ირმა ტაველიძე
ირმა ტაველიძის მოთხრობების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ ენას გაცილებით მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება, ვიდრე ამბის დრამატურგიას. ცხადია, აქ ენის პერსონაჟად ქცევაზე კეთდება აქცენტი, ანუ როცა ენა აღარ არის მხოლოდ რეალობაზე დაკვირვების ინსტრუმენტი და ის თავად გამოხატავს საკუთარ თავს. მე კი მგონია, რომ ამ მწერლის უჩვეულო მოთხრობების ხიბლი სწორედ ენისა და სიუჟეტის ოსტატურ სინთეზშია. ,,უჩვეულო’’ შემთხვევით არ მიხსენებია:
,,აღმოსავლეთის გამოგონების’’ კითხვისას მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პერსონაჟთა შეგრძნებების ,,დაშიფრულ’’ კარდიოგრამას ვეცნობოდი.
მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ირმა ტაველიძის სადებიუტო რომანი ,,ბნელ წყლებში’’, რომლის შინაგანი ატმოსფერო მდორე და მცოცავი ქვიშისებრია. თხრობის ტემპის მეშვეობით დრო ისე ქვავდება, როგორც ხვლიკი ქარვაში.
საბა 2018- ის ლაურეატის ესეების კრებული ,,სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები’’ 18 წერილს აერთიანებს და ლიტერატურის, ბავშვობის, სკოლის, მთარგმნელობით თუ მეტისმეტად ავტობიოგრაფიულ (მტკივნეულადაც კი!) ამბებს ასახავს.
ტრადიციულად წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, ყველაზე ნაყოფიერი, წიგნუხვი და დატვირთული ნომინაციაა, 2019 წელს ჟიურიმ გამარჯვებულად სულხან სალაძის "უცნობი ძველი აჭარა" შეარჩია. ამავე წელს წელს ჟიურიმ ვერ გამოავლინა საუკეთესო კრიტიკის ნომინაციის გამარჯვებული და ამ ნომინაციისთვის განსაზღვრული ჯილდო გადანაწილდა ორ წიგნზე, აქედან ერთ-ერთი სწორედ ესეისტიკის და დოკუმენტური პროზის მოკლე სიიდან იყო, ნინო ლომაძე "ვაშლის ბაღები"
ნინო ლომაძე
შორენა ლებანიძის, საბა 2020 -ის ლაურეატის, დოკუმენტური ტექსტების კრებული ,,თუ საჭიროა გათქმევინებთ’’ საბჭოთა ტრავმული გამოცდილების რეფლექსიის მეტად საინტერესო მცდელობაა.
შეიძლება ითქვას ასეც: წიგნში თავმოყრილი პუბლიკაციები ტოტალიტარული სისტემის ძალადობრივი მექანიზმის ანატომიას იკვლევს.
პირველი (და ყველაზე ვრცელი) ტექსტი ევგენი მიქელაძის ტრაგიკულ ბედს ეხება. შორენა ლებანიძის თქმით, ბერიასა და ევგენი მიქელაძის კონფლიქტის არსი თავად კომპოზიტორის ხასიათის თავისებურებებში მდგომარეობდა.
,,დოკუმენტურად დასაბუთებული და საარქივო მასალით გამდიდრებული ამბების აღწერით შორენა ლებანიძე ისტორიულ სინამდვილეს მნიშვნელოვან შტრიხებს მატებს. ავტორი ნაკლებად გახმაურებულ, მაგრამ ფასეულ და საყურადღებო დეტალებს ამზეურებს სახელოვანი დირიჟორის, ევგენი მიქელაძისა და მისი ოჯახის, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის, პროფესორ პეტრე გელბახიანისა და მისი კოლეგების/ოჯახის წევრების, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის ცხოვრებიდან და პროფესიული საქმიანობიდან, ასევე სიღრმისეულად წარმოაჩენს იმ მიზეზებს, რის გამოც ისინი მიუღებელნი აღმოჩნდნენ 30-იანი თუ 70-80-იანი წლების საბჭოთა სისტემისთვის’’ (წიგნის წინასიტყვაობიდან).
მარიამ ხუცურაული
შარშანდელი გამარჯვებულის, მარიამ ხუცურაულის წიგნზე საუბრისას გიორგი ლობჟანიძე აღნიშნავს:
,,მარიამის წიგნის შესაფასებლად საინტერესოა ისიც, რომ აქ, ძირთადად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი (ფშავ–ხევსურეთი) და კახეთის რეგიონი „იკითხება“ – ამიტომაც ქართველისთვისაც კი ეს წიგნი მოიცავს ეგზოტიკის გარკვეულ დოზას, რასაც აუცილებლად ორმაგი მნიშვნელობა ექნება წიგნის უცხო ენებზე თარგმანის შემთხვევაში. წიგნში მოთხრობილი ამბები კი აშკარად არათანაბარია. როგორც მოსალოდნელი იყო, ტექსტს ზოგან უკიდურესად სუბიექტური განწყობილებები გადასძალავს, მაგრამ აქვე არაერთი პასაჟია, რომელიც, ჩემი აზრით, ნამდვილ ბელეტრისტიკამდე, კერძოდ, მის ურთულეს ჟანრამდე – ნოველამდე მაღლდება. მარიამ ხუცურაულს წერის უაღრესად მაღალი კულტურა გამოარჩევს და რაც ყველაზე მთავარია, პირადი ამბების აღწერისას, არასოდეს ღალატობს ტაქტისა და ზომიერების იშვიათი, უფრო სწორად, აწ უკვე ასე გაიშვიათებული შეგრძნება.’’
ამ ნომინაციის ზოგადი მიმოხილვის ცხადი ხდება, რომ დროს ,,საბას’’ ლაურეატთა ტექსტები განსხვავებული პრიზმით, ხედვის უჩვეულო რაკურსით აკვირდებიან. ეს მომენტი კი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ნებისმიერ პრეტენზიულ და ჭირვეულ მკითხველს შეუძლია თავისი გემოვნების დაკმაყოფილება.
,,საბა’’ ლიტერატურული ოაზისია, სადაც ყველა თავის სასურველ ,,ნუგბარს’’ აგნებს. ,,საბა’’ ის მოცემულობაა, რომლის გარეშეც თანამედროვე ლიტერატურის პერსპექტივებზე საუბარი უკვე წარმოუდგენელიც კია.
ავტორი: არილი