ლიტერატურა სიახლეები

გილგამეში, რომელიც ამირანის ეპოსს გვიამბობდა

"საბა"

ნოემბერი 30, 2022

ერთ-ერთი პირველი ლექცია, რომელზეც დაბნეული პირველკურსელები შეგვიშვეს, ქართული ფოლკლორი იყო. პირველკურსელთა შორის ვიყავი, ზუსტად არ ვიცოდი, მისაღები გამოცდების ოთხი ათიანის მიუხედავად, აქ რატომ ჩავაბარე, რა მინდოდა. ფილოლოგიის ფაკულტეტი ერთადერთი იყო, სადაც „უპატრონო“ სტუდენტი ჩაწყობის გარეშე მოხვდებოდა, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. აა, კიდევ ერთი მიზეზი- წიგნებს მაინც ვკითხულობ და...


ფოლკლორის ლექციას მთელ კურსს გვიკითხავდნენ, ამიტომ აუდიტორია სავსე იყო ჩემნაირი პირველკურსელებით, ყველას, ვისთან ერთადაც ოთხი წელი უნდა გესწავლა, აქ ნახავდი. 

ქართულ ფოკლორს ზურაბ კიკნაძე გვიკითხავდა, დინჯი, დაბალი ხმით მოსაუბრე ლექტორი. გვიკითხავდა ჩვენც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ვიღაც სხვას, თავის თავს, მითოსურ არსებას, არსთა გამრიგეს, რომელთან დიალოგის მომენტები ამ ლექციის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი იყო.

ანი კოპალიანმა გაიხსენა და მეც თვალწინ დამიდგა ეს კადრი, როგორ უცებ, ლექციის პროცესში იბადებოდა ახალი აზრი, აღმოჩენა, როგორი თვალსაჩინო და გამჭვირვალე იყო ეს აზროვნების პროცესი.


ის არ საუბრობდა მაღალფარდოვანი მჭერმეტყველებით, ისეთი რიტორიკით, რომელიც გაიძულებდა, გესმინა. პირიქით, აბსოლუტურად შენზე, სტუდენტზე იყო დამოკიდებული, მოუსმენდი თუ არა მას. თუ მოუსმენდი, ამ მეტყველების ნაკადიდან ისეთ ოქროსა და ძვირფას ქვებს „ამოკრეფდი“, ისეთ ლაკონიურ, თვალსაჩინო, ეჭვმიუტანელ სიმართლეს გაიგებდი, რომელიც ქართული ფოლკლორის სამყაროს სამუდამოდ მიგაჯაჭვებდა. ამიტომ იყო, რომ ყველა მის სტუდენტს სულ სხვადასხვაგვარი ლექტორი - ზურაბ კიკნაძე ჰყავდა.


სწორედ იმ, ხალხმრავალ აუდიტორიაში აღმოვაჩინე, რომ ზღაპრების, ლეგენდებისა და ლექსების ნაწყვეტ-ნაწყვეტი ამბები, რომლებიც ხან სახელმძღვანელოში შემხვედრია ეპიზოდურად, ხან სხვადასხვა ანთოლოგიაში -ერთი დიდი, ქართული მითოსური სამყაროს ნაწილი იყო, რომ ეს სამყარო, თავისი მთითა თუ ბარით, თავისი ღვთისშვილებით, დევ-კერპებით, სალოცავებით, ალტერნატიული კოსმოგონიური მითებითა და ანდრეზებით შთამბეჭდავია და თავისთავადი.


ბერძნულ, ეგვიპტურ თუ შუმერულ მითოსზე შეშლილმა 17 წლის სტუდენტმა აღმოვაჩინე, რომ არანაკლებ მასშტაბური, მაგიური, უძველესი არქეტიპული სამყარო არსებობს, რომელსაც ის კულტურული კონტექსტი ეფუნება, რომელშიც მე დავიბადე, გავიზარდე და ლექსების წერა დავიწყე, არსებობს უძველესი ეპოსების, გმირების და ღმერთების ქართული მითოსური სამყარო. ეს დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ჩემთვის, მახსოვს, დიდხანს დავდიოდი ამ ამბებით გარემოცული და გონებაში ფრაზებად მიტრიალებდა ლექციაზე გაგონილი ამბები ამირანის გაბუდაყების, ყამარისა და ღრუბელთბატონის შესახებ. 

მერე ზურაბ კიკნაძის წიგნებსა და თარგმანებსაც მივაგენი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი გილგამეშის მთარგმნელის სტუდენტი ვყოფილვარ, გილგამეშისა, რომელმაც ერთდროულად გამაოცა, აღმაფრთოვანა და თან დამადარდიანა.


მერე ისიც აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბრძენი ლექტორი იმ წიგნის მთარგმნელიც ყოფილა, რომელიც მთელი მოზარდობა თავქვეშ მედო, მრავალტანჯული ოდისევსის ამბის. (ჩვენ ხომ ჩვევად გვაქვს, არც კი დავხედოთ მთარგმნელს, ყველაზე გატაცებით მკითხველ წიგნის ჭიებსაც კი გვახასიათებს ასეთი სამწუხარო ჩვევა).


კიდევ ერთი გაოცება ის იყო, რომ წიგნი, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, გამაგებინა ქრისტიანობის მთავარი არსი და საიდუმლო, ახალ ქართულად ნათარგმნი ახალი აღთქმაც ზურაბ კიკნაძის მიერ გადმოქართულებული ყოფილა.

მოკლედ, ასე თანდათან აღმოვაჩინე, რომ დინჯი, დაბალ ხმაზე მოლაპარაკე კაცი ყველა იმ მნიშვნელოვანი წიგნის ავტორი თუ მთარგმნელი ყოფილა, რომელთა გარეშეც ჩემი პროფესია- ფილოლოგია არ არსებობს, ისევე, როგორც ჩემი ცხოვრების საქმე - წერა. მის ახალ ნაშრომებსა და წიგნებს ჩასაფრებული, რაღაცნაირად მშვიდად, მყარად ვგრძნობდი თავს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ბრძენი კაცი, ბრძენი ამ სიტყვის ყველაზე მითოსური და ფოლკლორული გაგებით, გილგამეში, რომელმაც სააქაოსა და საიქიოზეც ყველაფერი იცის, რომელიც სააქაოსა და საიქიოს წონასწორობას განაპირობებს.

რამდენიმე დღის წინ ბრძენი გილგამეში სხვა საუფლოში გარდაისახა. აქ დარჩენილებს კი, ამ წონასწორობის შესანარჩუნებლად მისი წიგნებისა და თარგმანების კითხვაღა დაგვრჩენია, ანდერძად და აუცილებლობად.





ავტორი: დიანა ანფიმიადი