მაისი 06, 2025
როდესაც ახალ, საბავშვო წიგნს ყდაზე ავტორი - ნატო დავითაშვილი აწერია, ამ ავტორის გამოცდილმა მკითხველმა შეიძლება უკვე ივარაუდოს, რა ამბები დახვდება წიგნში. ეს იქნება ფენტეზისა და ფანტასტიკის თავბრუდამხვევი ორომტრიალი, თანაც ქართული მითოსური პლასტებით გაჯერებული.
ლილე იროელის ჯადოსნური სამყაროს შემქმნელი ავტორი ხომ შესანიშნავად ახერხებს უძველესი ქართული თუ საერთოქართველური მითოსური არქეტიპები ფენტეზის სამყაროში მოაქციოს და სკანდინავიურ თუ ბერძნულ მითოსურ გმირებზე შეყვარებულ ქართველ მკითხველს წააკითხოს.
„ეს ამბავი იცოდით?“ - ნატო დავითაშვილის ახალი წიგნია, სადაც ამბავი ორ, რეალურ და არარეალურ სამყაროში ვითარდება, ოღონდ ბოლომდე მკითხველიც ვერ ხვდება, რომელი სამყაროა აქეთა და რომელი იქითა, რომელია რეალური და რომელი არარეალური. ორივე სამყაროს ბინადრებს საკუთარი სამყარო ჰგონიათ ნამდვილი და წიგნის მთავარი ჯადოსნურობა სწორედ ესაა, რომ მკითხველი ორივე სამყაროში რეალურად მოგზაურობს.
რეალურსა და ირეალურს შორის გავლებულმა ზღვარმა ტყე ორად გაჰყო. ორივე ნაწილი მსგავსი სახელის სოფელს - თხილიანს ესაზღვრება. დროდადრო ტყე ორივე თხილიანში უჩინარდება, თითქოს სადღაც რაღაცის სანახავად მიდის, ან იზრდება, თითქოს მას ესტუმრებიან ხოლმე. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამიტომ დაარქვეს ტყეს უჩვეულო სახელი - "მიდის სანახავად".

თხილიანელები ქალაქიდან დასასვენებლად ამოვიდნენ და ამ საოცარი ტყის პირას დასახლდნენ, რომელსაც უჩვეულო სახელი „მიდის სანახავად“ ერქვა, ამ სახელდების მიზეზი რეალურმა თხილიანელებმა არ იცოდნენ, სანამ ერთ დღეს არ შეამჩნიეს, რომ „მათ თვალწინ ტყე ხან უჩინარდებოდა, ხან მხრებში იშლებოდა და თხილიანის გარშემო მინდვრებს მდინარემდე მთლიანად ფარავდა. ტყის წასვლა-მოსვლას ყოველთვის სისხამ დილით, გარიჟრაჟზე, ახალგამოღვიძებულზე ამჩნევდნენ, ამიტომ ზოგს სიზმარი ეგონა, ზოგსაც გამოუძინებელი გონების ეშმაკობა“. ტყე მხოლოდ ამიტომ არ იყო ჯადოსნური, უცნაური, იმედების ტყე იყო, ადამიანების ნამდვილი მეგობარი, აქ დარდები გიმსუბუქდებოდათ, გულიდან სიმძიმეც გშორდებოდათ.
რა თქმა უნდა, რეალურიდან არარეალურისკენ საზღვარი ვინ უნდა გადაკვეთოს, თუ არა, კატამ, მთავარმა მითოსურმა და ზღაპრულმა არსებამ, ყველაფრის მცოდნემ, რომელიც ამ წიგნის მთავარი პერსონაჟია.
ჰოდა, არარეალურ თხილიანში ხდება ამბები თუ ხდება... რა თქმა უნდა, ამბებს წინასწარ არ მოვყვებით, რა თქმა უნდა, სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის, ანუ მრუმეს ბრძოლაა, მითოსისა და ზღაპრების გმირებმა, თანამედროვე პერსონაჟებთან ერთად ხელი უნდა შეუშალონ შავი დღის დადგომას.
დავითაშვილის შემოქმედება არა უბრალოდ ძველი ამბების ხელახალი მოყოლაა, არამედ გააზრებული მცდელობაა, მითოსი საბავშვო ლიტერატურის ენაზე ამეტყველდეს. ის არ გვთავაზობს მკაცრად ჩამოყალიბებულ მორალს ან მარტივ სიუჟეტურ რუკას — მის მოთხრობებში სამყარო ცვალებადია, პერსონაჟები ეჭვიანობენ, ფიქრობენ, შეცდომებს უშვებენ, ეშლებათ... ცნობილი ზღაპრის გმირების რეკონსტრუქციაც ამ პროცესის ნაწილია, ვიღაც, ვინც ზღაპარში გმირია, აქ შეიძლება გმირი აღარ იყოს, ცალსახად იდეალური გმირი არ არსებობს, შეცდომა შესაძლებელია, სიმამაცე ადვილი არაა, არც ბოროტებაა ერთსახოვანი და ერთმნიშვნელოვანი.
წიგნში ახალი ქართული მითოსის გმირებსაც შეხვდებით, მაგალითად, იქნებ ვინმე ფეხბურთელი, რომელმაც სიხარული დაგვიბრუნა, ამ ნამდვილად ქართული ზღაპრული ამბის პერსონაჟი გახდეს ნაცარქექიასთან, უჩინსა და მაჩინთან, ხუთკუნჭულასთან, ღრუბელთბატონის ასულთან და ჯადოსნურ ხალიჩასთან ერთად?
ამ წიგნის ზღაპრულ და მითოსურ სამყაროში პერსონაჟები იშვიათად არიან ერთმნიშვნელოვნად „კეთილები“ ან „ბოროტები“. ავტორი უარს ამბობს მარტივ დაყოფებზე და ამის ნაცვლად გვთავაზობს მრავალშრიან პერსონაჟებს, ეს გადააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო ლიტერატურაში, სადაც ტრადიციული პერსონაჟები ხშირად კლიშეს, მზა სტრუქტურის სახით გვევლინებიან — მაგალითად, გმირი ყოველთვის მამაცი, ბოროტი კი ყოველთვის დამარცხებულია.
გადამუშავებული მითოლოგიური სტრუქტურები ქმნიან სიუჟეტურ ჩარჩოს, რომელიც მკითხველს იწვევს სიღრმისეულ კითხვებზე: რა არის გმირობა, როგორ გავერკვეთ საკუთარ შესაძლებლობებში და როგორ ვემეგობროთ იმას, რისიც გვეშინია.
საბავშვო ლიტერატურა ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური ნაწილია, ამაში ნატო დავითაშვილის ახალი წიგნიც დაგარწმუნებთ:
„ყველა ერთად ერთი ხის ფუღუროში ვიყავით, როცა ჩვენებური „მიდის სანახავად“თქვენკენ გადმოვიდა, რომ აქაური „მიდის სანახავად“ ენახა. ხიდან გადმოვცვივდით და აქ აღმოვჩნდით. იქ ერთი ჩვეულებრივი კატა ვიყავი. ჭამის, ძილისა და კნავილის მეტი არაფერი შემეძლო. გორგალიც ჩვეულებრივი ძაფის ხვეულა იყო და მისგან მხოლოდ რამეს თუ მოქსოვდნენ. აქ მოხვედრისას სულ სხვებად ვიქეცით. ადამიანივით ფიქრი და ლაპარაკი შევძელით.“
-სიტყვა „ჯადოსნურის“ უკეთესი აღწერა ბოლოს სად წაიკითხეთ?