სიახლეები ლიტერატურა

„საბა“ - პრემიის სახელის ამბავი

„საბა“

სექტემბერი 06, 2022

ყველაფერი სახელიდან იწყება. ასე იყო უხსოვარ მითოლოგიურ წარსულში და ასეა დღესაც-თანამედროვე სამყაროში, რომელიც სწორედ დასახელებების, ბრენდების, მარკეტინგის სამყაროა.

ყველაზე ავტორიტეტულ ქართულ ლიტერატურულ პრემიას „საბა“ ჰქვია, ეს სახელი დღეს ყველასთვის ნაცნობია, თანამედროვე ქართულ ლიტერატურასთან, სიახლეებთან, აღმოჩენებთან ასოცირდება, მაგრამ, საინტერესოა, როგორ და რატომ შეირჩა სწორედ საბა?


ქართულ ენობრივ სივრცეში სახელების დამრქმევის თუ უკვე არსებული სიტყვების შემგროვებლის, დამხარისხებელისა და შემნახველის ფუნქცია, ლექსიკოლოგის განსაკუთრებული მისია – სულხან საბა ორბელიანს ერგო, პოლიჟანრულ მწერალს, მოგზაურს, საზოგადო მოღვაწეს, სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეს, დიპლომატს, მეფის გამზრდელს, ენათმეცნიერსა და ლექსიკოგრაფს - ვისაც ერთი ევროპელი მოგზაურის თქმით, ქართველები „ ერის მამას“ ეძახდნენ - ამიტომაც ერთგვარად სიმბოლურია, რომ სწორედ მისი სახელი დაერქვა ლიტერატურულ პრემიას, რომელიც ერთდროულად აღმოაჩენს, აფასებს, წარადგენს და ინახავს ლიტერატურას.

როგორი იყო პრემიის „ნათლობა“?

სამუშაო პროცესის დასაწყისის ყველაზე საინტერესო ამბებს, პრემიის დამფუძნებელი, რატი ამაღლობელი იხსენებს:


„მახსოვს, სამუშაო ჯგუფი შევიკრიბეთ და პატარა ბრეინშტორმინგი მოვაწყვეთ მარკეტინგული კვლევის ერთ-ერთ კომპანიაში. პრემიის დამფუძნებლები, მწერლები, მარკეტოლოგები ერთად ვმსჯელობდით, თუ რა სახელი უნდა ჰქონოდა ლიტერატურულ პრემიას. ვიყავით მე, მაიკო ძირკველიშვილი, ბიძინა მაყაშვილი, დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე , თამაზ კვაჭანტირაძე,( შეიძლება ვინმე გამომრჩეს კიდეც). საინტერესო პროცესი იყო - ამოცანების დასახვა, ზუსტი გამორკვევა, თუ რა გვინდა, როგორი სახელი გვჭირდება, ბევრი ვერსია გვქონდა, მათ შორის, ზოგიერთი უცნაურიც კი. როცა ბიძინა მაყაშვილმა შემოგვთავაზა სახელი „საბა“, ყველა ერთხმად დაეთანხმა. პრემიის სახელი ძალიან ზუსტი, ტევადი, მოცულობითი აღმოჩნდა, ეს პრემია ძალიან ჰგავს თავის სახელს და ვფიქრობ, ისევე, როგორც ადამიანის ცხოვრებაშია მნიშვნელოვანი, ჰგავდეს თავის სახელს, პრემიისთვისაც ასეა. „საბას“ წარმატებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო, რომ მას ზუსტად ის ჰქვია, რაც უნდა ერქვას. მისი „ნათლია“ ბიძინა მაყაშვილი იყო, მაგრამ ერთსულოვნად ყველამ, მთელმა გუნდმა დაარქვა ეს სახელი.’’

„ სახელი - საწოდებელი, ერთი ლექსი“ - ასე ზუსტად და ლაკონიურად განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში სიტყვა „სახელს“, აქვეა, მეორე სიტყვაც, „თანამოსახელე“, რომელსაც არანაკლებ საინტერესო განმარტება აქვს: „თანასახელ- ვიდრემე არიან რაოდენნი სახელითა და საზღვრითა, ესე იგი არს წარწერითა, სახელითა ზიარ არიან.“

მაშ, ასე, დიდი ქართველი მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის „სახელით ზიარი“ პრემია „საბა“ უკვე 20 წელია აგრძელებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის შეფასებას და დაფასებას.


სულ ცოტაც და „საბას“ ლაურეატთა სიას ახალი ავტორები შეემატებიან.




ავტორი: „საბა"