ლიტერატურა

ჩემი საწყალი სიყვარული

"საბა"

დეკემბერი 18, 2019

მალე ჩემს პაწია, მტკაველისხელა ეზოში ჩამოთოვს. ჩამოათოვს ხუთიოდე ხეს, ათიოდე ვარდის ბუჩქს, ჟოლოებსა და მარწყვებს.


თოვლს ყველაზე მეტად ერთი ხე მოიხდენს - ინანიშვილის კომში, როგორც ვეძახი. არადა, არც განსაკუთრებული ჯიშია, არც განსაკუთრებით მსხვილი და სურნელოვანი ნაყოფით, ერთი ჩვეულებრივი ხეა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ხაშმიდან, რეზო ინანიშვილის ეზოდან სულ პაწია წამოვიყვანე.



ჯერ ადრიან გაზაფხულზე მომესალმა ოდნავ მოვერცხლისფრო, ნორჩი ყლორტებით, მერე ფოთლებითაც შეიმოსა და კვირტებითაც გამახარა. მერე აშრიალდა, გაიზარდა, ნაყოფი მოისხა, შემოდგომაზე, ფოთლები რომ გაუყვითლდა, ყველაზე ლამაზი ფოთოლცვენა მაჩუქა და ავდმყოფსა და სიცხიანს, თავისი 9 ცალი მზიანი ნაყოფი მაჩუქა. ვერავის ავუხსნი, რანაირი სიხარულია, პირველი ხეა, რომელიც საერთოდ აყვავდა ჩემს ეზოში, რამე მოისხა და დამწიფდა კიდეც.


მახსოვს, როგორ ვთხოვე ჩემი საყვარელი მწერლის აწგარდაცვალებულ მეუღლეს, ერთ პაწია ნერგს ამოვიღებ და ჩემს ეზოში გადავრგავ-მეთქი. მინდოდა, ყოველ დილით, ეზოში გასულს დამხვედროდა და გაეხსენებინა „ცეტები”, „ბღუკები”, „ბიბო”, „ლამაზი ცრემლები” და ყველა ის გულშიჩამწვდომი ამბავი, რომელიც ზეპირად ვიცი. კიდევ გაეხსენებინა რეზო ინანიშვილის დანგრეული სახლ-კარი, სადაც მხოლოდ ხეები დგანან მედგრად.

დღეს, ამ ჩვენს საშინლად ცივ და უსიყვარულო ყოფაში, სადაც ყოველდღიურად გვეკარგებიან ადამიანები, თვითმკვლელი ბავშვების და გულცივი უფროსების ხანაში, ნაცრისფერი გარემოსა და მეტალოპლასტმასის რეალობაში, თუ სადმე კიდევ ღუის ადამიანობის შუქი, სიცოცხლის სიყვარული, მოყვასის თანაგრძნობა, გულისმომწურავი დარდი- ეს რეზო ინანიშვილის პროზაა.


 „თითქოს ხელახლა დავინახე ყველაფერი. ქვეყნიერება არის დიდი, თოვლის ფიფქების მთელი ოკეანე ჩამოდის მაღლიდან, ოკეანესავით გასწოლია ნისლი დედამიწას. ხეებიც არიან რაღაცნაირად დიდები, ჯერ ცისკენ წასულნი, მერე დაღუნულები, მეცა ვარ დიდი. ყველანი ერთად ავად დავდგომივართ ორ პაწაწინა ჩიტბატონას. ჩიტბატონები კი, ჭრელები, წითლად ციმციმანი, წყნარად, აუღელვებლად ეძებენ რაღაცებს შავ ფოთლებში, არად აგდებენ ქვეყნიერების სიდიდეს და სიმკაცრეს”.


„იმ ღამეს მთელ აგარაკზე თითქმის არავის სძინებია. ყველას აინტერესებდა გოგონას ნახვა, რომელიც ტყეში დაიკარგა და ძლივძლივობით იპოვეს. ყველას უნდოდა გაეგო, რატომ წავიდა გოგონა ისე შორს, ტყეში, და ეშინოდა თუ არა იქ. მაგრამ გოგონა არაფერს ამბობდა; დიდი, ფართოდ გახელილი ცისფერი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და არაფერს ამბობდა. იცოდა, რომ თუნდაც ეთქვა, რისთვისაც წავიდა ტყეში და რაც ნახა იქ, მაინც არ დაუჯერებდნენ. ის ხომ მართლაც ცოტა სხვანაირად ხედავდა სხვებთან შედარებით! შენ სულ ასე უცნაურად გეჩვენება ყველაფერიო, - და არ დაუჯერებდნენ.

„მზე უკვე ჩასული იყო, დასავლეთის ცა წითლად ღუდღუდებდა, სიწითლეს შერეოდა მურა ფერიც, ამ მურა-წითელი ფერის ანარეკლი დაჰფენოდა ბრტყლად გაშლილ მოლურჯო დედამიწას, მატარებელი აღარ ჩანდა, მის გზაზე მიდიოდნენ, თითქოს მირბოდნენ შავი ბოძები - ჯერ კანტიკუნტად, მერე - ხშირად, მერე მთლად ერთმანეთს მიჯრილნი.. ვიცოდი, რომ იმ ბოძებთან ერთად გარბოდა კიდევ უფრო დაპატარავებული და დათრგუნული ო-ა. „მე არსად არ ვარ გამქცევი, ო-ა, მე ჩემს საწყალ სიყვარულთან ვრჩები, ჩემს საწყალ მელებთან, ჩემს საწყალ ძეძვებთან“, - ვთქვი ერთი ეს, გამოვბრუნდი, მაგრამ შინ არ გამოვჩქარებულვარ, ხშირი მუქი ბალახი ამოვირჩიე, ჩავწექი იმ ბალახში და გაშლილი ხელებითა და მარცხენა ლოყით დავეხუტე მიწას.“

გქონიათ შეგრძნება, რომ ტექსტი ათბობს? არა, გადატანითი მნიშვნელობით კი არა, პირდაპირ, შეგიძლია გადაშალო წიგნი, ან სულაც კომპიუტერის ეკრანზე ამოაციმციმო რომელიმე ტექსტი, მერე გაყინული ხელები მიუშვირო დაა გაგითბეს.


სწორედ ესაა რეზო ინანიშვილის პროზა ჩემთვის- ჩემი საწყალი, ნათელი, ყოველთვის მართალი და გულისგულამდე გულწრფელი სიყვარული.


ავტორი: დიანა ანფიმიადი