Record Store Day 2021

მას შემდეგ, რაც ედისონმა ცილინდრზე დახვეული თუთიის ფოლგაზე გაკეთებული ჩანაწერი შექმნა,  ხმის ჩაწერის ინდუსტრიას დიდი ისტორია გაააჩნია. 1920-იანი წლებისთვის  ცილინდრები ფონოგრაფის დისკებმა შეცვალეს, რომლებიც ფირსაკრავის დახმარებით იკვრებოდა. ადრეული ფირფიტები შელაკისგან კეთდებოდა. 1940-იანი წლების ბოლოს, პოლივინილქლორიდი გახდა მასალა, რომლის დახმარებითაც შემდგომში ფირფიტებს ამზადებდნენ - სწორედ ამ ასოციაციის გამო ვუწოდებთ მათ „ვინილსაც“. ამას მალევე დაემატა 7, 10 და ბოლოს 12 ინჩიანი ფირფიტები, რომლებიც უფრო გრძელი ჩანაწერის მოსმენის შესაძლებლობას გვაძლევდა და 70-იანი წლების ბოლოს ფირფიტების ინდუსტრიამ გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, თუმცა ამ წარმატებას დიდხანს არ უარსებია, 80-იანი წლების ბოლოს, ახალი ფორმატების (კასეტები, CD და ბოლოსთვის ციფრული ფორმატი) გამოჩენამ აღნიშნული ინდუსტრია კოლაფსამდე მიიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკამ დღეისთვის მთლიანად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, ნამდვილი ენთუზიასტისთვის ფირფიტების მაღაზია მაინც შეუცვლელი და წმინდა ადგილია, სადაც ახალი მუსიკის აღმოჩენა და გაზიარება ხდება, იკრიბება ერთნაირად მოაზროვნე და მუსიკის მოყვარული აუდიტორია და იკვლევენ გზას ახალი რელიზებისკენ, მტვრით სავსე ძველი ალბომებისკენ და პერიოდულად, კამათობენ ამა თუ იმ მუსიკალური პროექტის ავკარგიანობაზე.

არცერთ ვებ გვერდს არ შეიძლება ამ პროცესის ჩანაცვლება, არც ციფრულ ფაილზე Play ღილაკი ანაცვლებს შავი ფირფიტის შეფუთვიდან ამოღების და მშვიდად, აუღელვებლად ფირსაკრავზე დადების, ნემსის ზომიერად განთავსებისა და შედეგად მდიდარი, ხარისხიანი ხმოვანების მიღების პროცესს. მუსიკოსები და მელომანები კვლავ ფირფიტას ანიჭებენ უპირატესობას, ისევ დაიარებიდან შესაბამის მაღაზიებში ცოდნისა და კონტაქტების გასამრავლებლად - ამის გასაკეთებლად კი საუკეთესო დღე „Record Store Day“-ია, რომელიც ამ წელს თავისი სტანდარტული აპრილის პერიოდიდან, ზაფხულში 12 ივნისსა და 17 ივლისს გაიმართება.

მეორად ფირფიტების ყიდვას რაღაც განსაკუთრებული, უცნაური ემოცია დაჰყვება თან. ხშირად მსგავსი შესყიდვების შემდეგ თქვენ ფირფიტის შეფუთვაში თან აღმოაჩენთ ფოტოებს, სასიყვარულო მიმოწერებს თუ სხვადასხვა პირად ნივთებს, რომლებიც წინა მფლობელისგან, თქვენს საკუთრებაში გადმოდიან. შედეგად ვხვდებით, რომ ჩვენ ამ ფირფიტის არა საბოლოო მფლობელი, არამედ მისი სიცოცხლის გზაზე ერთ-ერთი დროებითი გაჩერებები ვართ.

ისინი არამხოლოდ პლასტმასისგან თუ სხვადასხვა მასალისგან შემდგარი ნივთები, არამედ ადამიანების პერსონალური მოგონებებისა და ისტორიების საცავები არიან.

Record Store Day პირველად 2007 წელს ჩატარდა, რათა ფირფიტების მაღაზიების კულტურის აღნიშვნა მომხდარიყო. ამ დღის დამფუძნებელი, ატლანტის ფირფიტების მაღაზიის, „Criminal Records“-ის მეპატრონე, ერიკ ლევინი იყო, რომელმაც აღნიშნული წამოწყება ონლაინ მუსიკალური კომერციის საპასუხოდ დაიწყო. ამ დღეს ხშირად ხდება ექსკლუზიური და განსაკუთრებული ფირფიტების, კომპაქტ-დისკებისა და კასეტების გამოშვება, რომლებიც აღნიშვნაში მონაწილე დამოუკიდებელ ფირფიტების მაღაზიებში ფიზიკურად იყიდება. ამასთანავე, მაღაზიები ხშირად ცოცხალი მუსიკის ღონისძიებებსაც მასპინძლობენ - მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი პირველი იყო 2008 წელს, მეტალიკის სტუმრობა Rasputin Music-ის სივრცეში.

მას შემდეგ აღნიშნულმა დღესასწაულმა უფრო და უფრო დიდი ცნობადობა მოიპოვა, Record Store Day-სთვის სპეციალურად გამზადებული ალბომების სია წლიდან წლამდე იზრდება, რომლებსაც გულშემატკივრები საათების განმავლობაში ელოდებიან რიგში, რათა ხელი დაავლონ ისედაც მცირე ტირაჟით გამოსულ რელიზებს. ხშირად ეს დღესასწაული Black Friday-ის ფარგლებშიც ტარდებოდა, სწორედ ამიტომ, დამოუკიდებელმა მაღაზიებმა მოახერხეს ღონისძიების მასშტაბების რადიკალურად გაფართოვება. 2007 წლიდან უამრავი ცნობილი მუსიკოსი, მათ შორის  ოზი ოზბორნი, იგი პოპი, ჯექ უაითი, Run The Jewels, Pearl Jam და სხვა, Record Store Day-ის ოფიციალური ელჩები იყვნენ. წელს ეს პატივი ფრედ არმისენს ხვდა, რომელიც გარდა იმისა, რომ იგი ცნობილი კომიკოსია, ამასთანავე განსაკუთრებული მუსიკის ენთუზიასტი და რამდენიმე ბენდის დრამერიცაა. წელს Record Store Day-ისთვის 450-მდე ექსკლუზიური მუსიკალური რელიზი გამზადდა - მსოფლიო მასშტაბით, ფირფიტების მაღაზიების უმრავლესობა უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში დაკეტილი იყო, შესაბამისად ამ წლის 17 ივლისი მათთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება.

2017 წლიდან Record Store Day საქართველოშიც აღინიშნება და მისი მასპინძელი და ორგანიზატორი Vodkast Records-ია.

ამ დღის ქართული კონცეფცია შემდეგნაირია - ქალაქის მასშტაბით, ნებისმიერ მუსიკის მოყვარულს მოაქვს საკუთარი ფირფიტების კოლექცია, რომლებიც სხვაზე გასაცემად ემეტება, თავადვე აწესებს აღნიშნულ ფირფიტებზე ფასს და მომხმარებლებს შორის პირდაპირ ხდება გაცვლა-გამოცვლის პროცესი. ღონისძიების მასშტაბი წლიდან წლამდე იზრდება და უმეტეს შემთხვევაში ლოკალური დიჯეების მიერ  მუსიკალური გაფორმების ფონზე მიმდინარეობს. ყოველ წელს, აღნიშნულ ღონისძიებაზე თქვენ აქ შეხვდებით სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, ადმაიანებს რომელთა ფირფიტების კოლექცია 50-დან რამდენიმე ათას ფირფიტამდე ადის.. ხდება თაობათა შორის ახალი ტიპის მუსიკალური კავშირი, ინფორმაციის გაცვლა და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სტილის მუსიკის ერთად მოსმენა.

2021 წელს, Record Store Day თბილისში 17 ივლისს, მუტანტ რადიოს სივრცეში ჩატარდება.

აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით

Vodkast Records-ის გუნდის წევრს, ჯაბა უჯმაჯურიძეს (JD J)

გავესაუბრეთ:

ჯაბა, უკვე 6 წელია, რაც არსებობს თქვენი მაღაზია, რამდენად გაიზარდა ფირფიტაზე მოსმენის კულტურა ადგილობრივებში და ვინ არის თქვენი ძირითადი მომხმარებლები? ახალგაზრდები თუ ასაკოვანი ადამიანებიც ყიდულობენ?

ყოველ წელს საგრძნობლად იზრდება მომხმარებლის რაოდენობა. როგორც დამწყები მელომანები, ასევე ბევრი ასაკოვანი ადამიანიც უბრუნდება ფირფიტაზე მუსიკის მოსმენას. უკვე თითქმის ყველა თაობის ადამიანს შეხვდები მაღაზიაში. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყველა ჟანრის მუსიკას ეძებენ. 

RSD თბილისში პირველად 2017 წელს ჩატარდა, მოელოდით თუ არა, რომ ადგილობრივებიც აიტაცებდნენ ამ დღის აღნიშვნას?

წელს RSD უკვე მეოთხედ, 17 ივლისს მუტანტ რადიოს ტერიტორიაზე გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ პოსტ საბჭოთა პერიოდში თითქმის მთლიანად დაიკარგა ინტერესი ფირფიტების მიმართ და, ფაქტიურად, ახლიდან დაიწყო, ძალიან სასიხარულოა წლიდან წლამდე მონაწილეების და დაინტერესებული ადამიანების მზარდი ტენდეცია. აქვე უნდა აღინიშნოს, ბოლო ორ წელიწადში ფირფიტის მაღაზიების მომრავლება საქართველოში, რაც სწრაფი ტემპებით ხელს შეუწყობს  ამ კულტურის განვითარებას.

უკვე 4 წელი გავიდა პირველი აღნიშვნიდან. როგორ იცვლებოდა ღონისძიების ფორმატი ამ  პერიოდში?

ფორმატი მუდამ ერთია - მუსიკის გაზიარება. მხოლოდ კოლექციების და კოლექტორების  რაოდენობა იცვლება, რაც ძალიან კარგია!

რამდენად წააწყდით ახალ კოლექციონერებს ამ დღის ფარგლებში და ყველაზე ხშირად რა  ჟანრის მუსიკა მოაქვთ გასაყიდად?

როგორც ზემოთ ავღნიშნე, საკმაოდ ბევრი ახალი/დამწყები კოლექციონერი გამოჩნდა. ასევე, გავიცანით გამოცდილი, ძველი თაობის  ვინილჰედები ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო კოლექციებით, რაც ორმაგად სასიხარულოა. 

თავიდან ელექტრონული/საცეკვაო მუსიკა დომინირებდა, ბოლო დროს ყველა ჟანრის თუ ეპოქის ჩანაწერებს წააწყდებით.

ხშირად მუსიკოსები კონკრეტულად Record Store Day-სთვის ამზადებენ რელიზებს, თქვენთანაც თუ არის ეს პრაქტიკა?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს რეგიონში საკმაოდ რთული პროცედურების გავლაა საჭირო ფირფიტის დასაბეჭდად, სამწუხაროდ, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, მაგრამ ყველაფერი წინ არის.

ფირფიტის ყიდვის პრაქტიკა უკვე საკმაოდ პოპულარულია და მუდმივად მზარდი ბაზარია. როგორ ფიქრობ, რა გააჩნია ფირფიტას, რაც მსგავსი ტრენდის არსებობას ხელს უწყობს?

ფირფიტა ფიზიკური მედიუმია, რომელსაც შეგიძლია შეეხო. ხშირ შემთხვევაში, აქვს ლამაზი გარეკანი, მოყვება საინტერესო ფოტოები თუ ტექსტები. აქვს თბილი და ყველა დანარჩენი ფორმატისგან განსხვავებული ჟღერადობა. კიდევ შეიძლება გაგრძელაბა, მაგრამ მგონი ესეც საკმარისია.

რა იყო შენთვის RSD-ის ფარგლებში მთავარი აღმოჩენა თბილისის მუსიკის მოყვარულთა წრესთან დაკავშირებით?

მათი მრავალფეროვანი გემოვნება და ახალი მუსიკის აღმოჩენის სურვილი.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი