რა მუშაობს შენთვის | შემოქმედებითი სააგენტოები საქართველოში

TBC x AD BLACK SEA

სექტემბერი 09, 2025

რა მუშაობს შემოქმედებითი სააგენტოებისთვის საქართველოში?

კოკა ქამუშაძე, სააგენტო Playmakers-ის თანადამფუძნებელი

"

კრეატიულ პროექტებზე მუშაობა ადვილი არ არის. აი, ერთი შეხედვით ხომ გასართობ პროცესად ჩანს, მაგრამ შეიძლება თითქოს ელემენტარულ საკითხზე და პრობლემაზე დღეები იწვალო. ვერაფრით ვერ გახსნა ის უბედური კვანძი. ეს პროცესი შემოქმედებით უნარებთან, ფანტაზიასთან და გამბედაობასთან ერთად, დიდი დისციპლინას და გამძლეობას მოითხოვს.


ზოგჯერ ვერ მიდიხარ იმ იდეამდე, რომელიც მართლა ძალიან კარგია და გულით მოგწონს, მაგრამ არის სხვა ნორმალური - ასე ვთქვათ, დამაკმაყოფილებელი იდეები. ძალიან დიდი ცდუნებაა ამ დამაკმაყოფილებელი იდეით მიხვიდე კლიენტთან, ჩახურო და ჩააბარო ეს პროექტი, მაგრამ ეს არის ის, რასაც არ უნდა მიეჩვიო, ამიტომ გვჭირდება გამძლეობა, არდანებება იქამდე, ვიდრე იმ “შესანიშნავ” იდეამდე არ მივალთ. ამ პროცესში გვჭირდება თვითკრიტიკა და გუნდის მხრიდან ერთმანეთისთვის მუდმივად თქმა, რომ: “ეს “ის” არ არის”. ამ წლებში რა ჩვევაც ჩამომიყალიბდა და ვთვლი, რომ ძალიან მადგება არის ის, რომ ვერასდროს, ვერავინ, ვერანაირი ძალით ვერ მათქმევინებს - მომწონს - იმაზე, რაც არ მომწონსა რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც მომწონს არც იმის აღიარება და მისთვის ტაშის დაკვრა მიჭირს.


რაც შეეხება იმას, რა მასხამს ფრთებს ყველაზე მეტად, ალბათ ისეთი პროექტების კეთება, რომელიც არასდროს არსად გაკეთებულა, საშიშად და შეუძლებლად გამოიყურება - პროექტები, რომლებსაც მართლა დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე.

ნინო გორდელაძე, რეჟისორი

"

პირველ რიგში, სულ - არაფერი მუშაობს. იმის გათვლაც შეუძლებელია, თუ რა გამოვა ბოლოს. საქმეს ისიც ართულებს, რომ სრული კრახის თავიდან ასაცილებლად ან “თავის დასაზოგად”, გამოცდილებით გამომუშავებულ მექანიზმებს თუ გადამეტებით იყენებ, საბოლოო შედეგის ორიგინალობას საშიშროებას უქმნი. ამიტომ, ფიქრისას ვცდილობ შედეგზე ზედმეტი აქცენტი არ გავაკეთო (კომერციულ სფეროში ვმუშაობთ და ამ მხრივ, ბოლომდე თავისუფლები ვერ ვიქნებით) პროცესზე მაქსიმალურად ვკონცენტრირდე. შესაბამისად, ყველაზე მეტად რაც მეხმარება, ისეთ ადამიანებთან ერთად მუშაობაა, ვინც შედეგსა და წარმატებაზე წინასწარ ბევრს არ ფიქრობს. უმრავლესობა “შემოქმედებით თავისუფლებაზე” საუბრობს, თუმცა, ჩემი აზრით, “შემოქმედებითი უსაფრთხოება” არანაკლებ მნიშვნელოვანია - შესაძლებლობა იმისა, რომ ნააზრევი მშვიდად გაცვალო სხვებთან; მოითხოვო მეტი დრო, თუ რაღაც არ მოგწონს ან გაწუხებს გადაწყვეტაში; არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების, იმპროვიზაციის; უსმინო სხვას (იმიტომ, რომ ურთიერთობის ფორმატი ასეთია); ისწავლო რაღაც ახალი; (კარგად) გაიცნო საინტერესო ადამიანები და რაც მთავარია, სიამოვნება მიიღო.

ნიტა გონგაძე, არტ დირექტორი

"

ნდობა. ჩემი თანაგუნდელების ნდობა ჩემში და პირიქით. კლიენტის ნდობა ჩვენს ნამუშევვარში და პირიქით. ნდობა, იმას გულისხმობს, რომ თან გვერდში ედგე შენიანებს - ერთად ბრეინშტორმინგობდეთ, ერთად განიხილავდეთ, უზიარებდეთ იდეებს მარა თან დღის ბოლოს ყველა ერთამენთს ვაძლევდეთ სივრცეს, რომ ჩვენი ნამუშევარი იყოს გულწრფელი და ავთენტური გამოხატულება ჩვენი გემოვნების.

ლუკა ხუნდაძე, სააგენტო Quick-ის თანადამფუძნებელი

"

ჩემთვის, ჭეშმარიტად ინოვაციური იდეა ეფუძნება ადამიანების დაკვირვებას სამყაროზე და მათ რწმენას, რომ რაღაც მომავალში შეიძლება იყოს სრულად სხვანაირად და ეს იყოს არსებულზე უკეთესი. სწორედ ამ ფაქტორების გააზრების შემდეგ, გუნდშიც შევთანხმდით, რომ ჩვენი საქმიანობის რაღაც ნაწილი იქნებოდა მხოლოდ მომავალზე ორიენტირებული. შევქმენით ჯგუფი, რომლის მიზანიც შეცდომების დაშვება, წარსულის უგულებელყოფა და სრულად აუთვისებელი სივრცეების აღმოჩენაა, რაც ვფიქრობ, დანამდვილებით მუშაობს. რაც მთავარია, ვფიქრობ, მომავალში პოზიტიური შედეგების მიღებაში, დიდ როლს რიცხვები, ანალიტიკა და სტრატეგია თამაშობს, რისიც მე ძალიან მჯერა.

მარი სუხიშვილი, შემოქმედებითი ხელმძღვანელი

"

სააგენტოში ბალანსი მუშაობს.. როდესაც გუნდს შეუძლია იყოს ყველაზე არასერიოზული და ყველაზე პროფესიონალური ერთდროულად