მუსიკა | ცა

გამოღვიძებული სიძველე - ქართული მეტალი 90-იან წლებში

Tsa.Music

სექტემბერი 22, 2021

მთავარ ფოტოზე ჯგუფი Diaokhi,

Sano Studio-ში.

Towards this mount which men now Kazbek call

Moved foot the Three to tread its icy pall."

(ნაწყვეტი „Diaokhi” - ს

სიმღერიდან

„They know not Whose the voice is which they hark")

დროის სვლასთან ერთად პროტესტის ფორმებიც მრავლდება, რადგან ადამიანებს უფრო მეტი კითხვები უჩნდებათ: პოლიტიკასთან, რელიგიურ საკითხებთან თუ ზოგადად ცხოვრებასთან დაკავშირებით. მძიმე მეტალი ინსტრუმენტულად მუსიკალური პროტესტის უკიდურესი ფორმაა. მართალია, მასთან ერთად ხშირად მოიხსენიებენ ჰიპ-ჰოპს, პანკ როკს და ჰარდქორ პანკს, როგორც პროტესტულ მუსიკას, მაგრამ მძიმე მეტალი ისეთ თემებს განიხილავს, რომლებსაც ამ ჟანრთა სიმღერებში ან ძალიან იშვიათად მოისმენთ ან საერთოდ არ ჟღერს.

ჩვენს ქვეყანაში ხშირად გამიგია, რომ ადამიანებს ერთი და იგივე ჟანრი ჰგონიათ მძიმე მეტალი და მძიმე როკი. განსხვავება მძიმე როკსა და მძიმე მეტალს შორის გიგანტურია: ინსტუმენტების ჟღერადობით, რიტმით, მელოდიით და, რაც მთავარია, მუსიკალური კონსტრუქციით (მასში უფრო ხშირად შეხვდებით არასტანდარტულ თვლებს და მოძრაობებს), რაც უფრო მძიმეა მისი ქვეჟანრები (ვგულისხმობ ექსტრემალური მეტალის ჟანრებს: Black, Death და Doom მეტალს), მით უფრო იდუმალი და უცნაური ხდება მეტალი, სწორედ ამიტომ ის აბსოლუტურად გამოეყო როკ მუსიკას და ახლა უკვე მუსიკის სხვა განშტოებად ითვლება.

იგი ხასიათდება სიბნელით, დაბალი ნოტების სიხშირით, დაზიანებული ხმოვანებით და ხშირად ინსტრუმენტები იწყობა სტანდატულზე დაბალ წყობებში და შესაბამისად ამით მათი ხმოვანება უფრო ბნელ ატმოსფეროს ქმნის.

წინა სტატიაში ვილაპარაკე ქართულ მეტალზე 1970 წლებიდან, როდესაც დაიწყო მძიმე მეტალის ჩამოყალიბება საქართველოში, ჯგუფ „ბერმუხას“ დამსახურებით და 80-იანი წლების ბოლომდე, როდესაც ქართულ სცენაზე გამოჩნდა „მეხის ქანდაკება“ და „მძიმე ჯვარი“. პირველი უფრო მძიმე როკს მიეკუთვნებოდა, ხოლო მეორე უკვე ჩამოყალიბებული ქართული მძიმე მეტალ ბენდებია.

90-იან წლებში საქართველოს მძიმე მუსიკაში გარდატეხის ერა იწყება. მუსიკოსები გამოვიდნენ კლასიკური მეტალის შესრულების ფაზიდან და 1993 წელს სცენაზე ჩნდება ბენდი სახელად “Brain Damage”, რომელსაც შესაძლოა, პირველი ქართული Death Metal ბენდი ვუწოდოთ.

მათ ამავე წელს მხოლოდ ერთი მინი ალბომი (EP) გამოუშვეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაბალ დაზიანებულ ვოკალს, ეგრეთ წოდებულ Growl-ს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კლასიკური მეტალის, ჯაზის თუ როკ ვოკალისგან, რადგან ადამიანის ხმა თითქოს დემონის ბანურ ლაპარაკს ჰგავს, ვოკალისტი ძალიან საინტერესოდ ასრულებს, თანაც ქართულ ენაზე. ინსტრუმენტალიც კლასიკური დეს მეტალის ჟღერადობით გამოირჩევა: სწრაფი დრამის პარტიებით და მჩეხავი, სწრაფი გიტარის გამორჩეული ხმით (ასე უწოდებენ ექსტრემალური მეტალის გიტარის ტონს).

ჩანაწერი საკმაოდ ხარვეზებიანად ჟღერს. 90-იანი წლების ნორვეგიულ ბლექ მეტალში და ფლორიდულ დეს მეტალში (Mayhem-ის ლაივ ალბომი: Dawn of the black hearts, DEATH -ის Scream Bloody Gore, Burzum-ის Det Som Engang Var და Darkthrone-ს Transylvanian Hunger) ხშირად მოისმენთ ასეთი ჟღერადობის ინსტრუმენტალებს, თითქოს ისინი „ცუდი ხარისხით“ არის ჩაწერილი და პარადოქსულად, სწორედ ეს აძლევს ასეთ მუსიკას განსაკუთრებულ სულს, რომელიც ერთი შეხედვით შემაშინებელია, მაგრამ დაკვირვების შედეგად მასში ფონად დიდი ჰარმონიაა ჩაქსოვილი. მახსენდება Burzum-ის Dunkelheit, სადაც ვარგ ვიკერნესი, ამ მუსიკალური პროექტის ერთადერთი წევრი, რომელიც ბლექ მეტალის გარდა, უამრავ სტილს ასრულებს მის ალბომებში: ელექტრონიკის და ამბიენთის ჩათვლით, ულამაზეს სოლოს ძალიან დაბალ ხმაზე უკრავს კომპოზიციის შუაში და ამ მძიმე, მელანქოლიურ მუსიკას ძალიან ამდიდრებს.

Brain Damage-ის კომპოზიციებში გამორჩეულია Apokalypse, რომელიც მუსიკალურად თითქოს ამერიკული ბენდების: Obituary-ის, Death-ის ალბომის Spiritual Healing-ის და Cannibal Corpse-ის ნარევს ჰგავს, რომელსაც ქართული ენა ლოკალურ სულს ჩუქნის. 

ექსტრემალური მეტალის მუსიკის ფონად საქართველოში გამოჩნდა კლასიკური მძიმე მეტალის ბენდი „მწირი“.

მათი მუსიკა ქართულ ფესვებთან ახლოს არის, მაგრამ ინსტრუმენტალი რბილია მოსასმენად. 1998 წელს გამოვიდა პირველი ქართული მეტალ-კრებულის ალბომი სახელად “Metalstorm”, სადაც ექვსი სხვადასხვა ბენდის სიმღერებია შესული. რამდენიმე მათგანი კონკრეტული მეტალის სტილების პიონერებიც კი არიან საქართველოში, მაგალითად: “Pergamo” - სიმფონიური ბლექ მეტალის, Sadizm - Grindcore-ის (ამ მუსიკალური მიმდინარეობის შემსრულებელ ბენდებად ითვლებიან ბრიტანული: Carcass (პირველი ორი ალბომი) და Napalm Death.), ასევე პროგრესული თრეშ მეტალის ბენდი - Blackends. ამ კომპილაციაში შესული ბენდების უმრავლესობამ, „მძიმე ჯვრის“ გარდა, მუსიკა აღარ გამოუშვა საჯაროდ, რაც ნამდვილად სამწუხაროა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს საქართველოში პირველი მცდელობა იყო ასეთი მუსიკის შეკრების ერთ გამოშვებაში. 

რეალობა ასეთი იყო: ბენდები არ უშვებდნენ სრულ ალბომებს. გამოდიოდა ან სინგლები, ან ძალიან მცირე ზომის მინი ალბომები, მაგრამ ამ გამოშვებებმა მაინც ჩაუყარა საფუძველი ქართულ ექსტრემალურ მუსიკას. 

ამავე პერიოდის ძალიან საინტერესო ბენდი გახლავთ „Crush” ბათუმიდან. მათ ხუთი სიმღერა ჩაწერეს იმ პერიოდში. ბენდი 1995 წელს ჩამოყალიბდა და 2004 წელს დროებით დაიშალა.

მათი მუსიკა ნეოკლასიკური მეტალია, ქართული ხალხური ელემენტებით სავსე. ეს ძალიან კარგად ჩანს კომპოზიცია: „ჩვენ“- ში. როგორც ცნობილია ისინი დღეს აქტიურობენ და ახალ ალბომზეც მუშაობენ.

როგორც მე, ასევე უამრავ მეტალის მსმენელს საქართველოში იმედი გვაქვს, რომ მოიძებნება იმ პერიოდის მეტალ ბენდების უფრო მოზრდილი გამოშვებები ,რომლებიც შესაძლოა არ გაზიარებულა საჯაროდ. 

1999 წელს ქართული მეტალის სცენაზე დაიბადა „დიაოხი“ (Diaokhi) (ჯგუფი „Pergamo” - ს ახალი ვარიანტი), რომელმაც 2000 წელს პირველი ქართული სრული ექსტრემალური მეტალის ალბომი გამოუშვა სახელწოდებით To Raise the Iron Throne.

„Diaokhi”-ის ერთადერთი ალბომი ნამდვილად საამაყოა ქართული მუსიკის მოყვარულთათვის, მას შეიძლება დიდად გამბედავი ნაბიჯი და შედევრი ვუწოდოთ. 

მუსიკოსების შესრულება დაუვიწყარია, ვოკალი უძლიერესი. გამოსარჩევია სინთეზატორის და ფორტეპიანოს პარტიები, გიტარის მოძრავი მელოდიური რიფები და უამრავი კლასიკური თუ ქორალური მუსიკის ელემენტი. ალბომი ქართული წარმართული (Pagan) ბლექ მეტალის უნიკალური ნიმუშია.

მუსიკა კავკასიის მთებში მიტოვებული სიბრძნის ძიებაა, რომლის მოძებნაში ბენდს ასეთი სახის ბლექ მეტალის გამოხატვა ეხმარება, მოსმენის მომენტში გული თითქოს მუსიკის ტემპივით ჩქარდება. მუსიკა ზღაპრულია, მაძიებელი და მუსიკოსები ბუნებრივ საწყისებს უახლოვდებიან. 

„დიაოხი“ ქართული ინდივიდუალიზმია, რომელიც უძველესი ერის სიძლიერეს სრული პოტენციალით აჩვენებს.

გავლენები ქმნიდნენ დიდ მუსიკოსებს და ამ ბენდის მუსიკაშიც ბევრ გავლენას აღმოაჩენთ. გამახსენდა ნორვეგიული ბლექ მეტალ ბენდი Ancient. „დიაოხის“ კომპოზიციებიდან გამორჩეულია: They Know Not Whose the Voice Is Which They Hark (Stormclouds over the Caucasus).

ქართველებს ერთი ლამაზი ჩვევა აქვთ და ამ შემთხვევაში ქართველ მუსიკოსებს. ჩვენ არქაიზმს ვეძებთ მუსიკაში. ეს სიძველე დამტვერილ წიგნს ჰგავს, რომელშიც დიდი სიბრძნე წერია და ქართული მეტალი სწორედ ამ წიგნში ასახული სიმართლეა.

საერთოდ, მეტალი სიმართლის და გულწრფელობის მუსიკაა. ის ყველაზე რთულ მომენტში ჩნდება და წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანებზე. ამ მელანქოლიურ ჟანრს დიდი სინათლის მოტანაც შეუძლია, უამრავი სახის ემოციებთან ერთად. ასეთი საინტერესო მუსიკის ბენდებს მეტი დაფასება სჭირდებათ.

დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი დამლული ძვირფასი ქვა არსებობს მეტალში, რომელიც დროთა განმავლობაში გამოჩნდება. (Brain Damage და Diaokhi მსოფლიო მასშტაბის მეტალ ბენდებია). არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ საქართველოში მეტალ ლეიბლები მაშინ არ არსებობდნენ და ეს მაგიური მუსიკა სრულიად დამოუკიდებლად არის გამოშვებული, სწორედ ეს ქმნის ამ რელიზებს უნიკალურს. 2000-იანების შემდეგ ახალი თაობის ძალიან საინტერესო ბენდები გაჩნდნენ საქართველოში: Tanelorn (იგივე Defenders Of Tanelorn), Iberian, Signs, Im Nebel და სხვა. ქართული მეტალი უფრო ექსტრემალური და მრავალფეროვანი გახდა. გაიზარდა ალბომების, ბენდების და სიმღერების რაოდენობა. ქართველი მეტალ მუსიკოსები ახალი სიმაღლეებისკენ მიიწევდნენ...

Endless forests

Lakes of water dark and deep

Misty mountains

Where giants sleep

ავტორი: რატი ონიანი