ტექნოლოგია

როლების გადანაწილება ტექნოლოგიურ სტარტაპში

ყველაფერში - იქნება ეს მუშაობა, გართობა, სწავლა თუ ცხოვრების რამე სხვა ნაწილი, ძალიან დიდ და ძირითად შემთხვევაში მთავარ როლსაც კი თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან ჩართული ამ აქტივობებში.


სწავლა - ეს ისეთი აქტივობაა, სადაც მიზანიც და მიზნისკენ სამოძრაო გზაც მკაფიოდ არის განსაზღვრული.


გართობა - აქ მიზანი ძალიან ბუნებრივი, მარტივი და “არამკაცრია”.


მუშაობა - აი ამ შემთხვევაში, როდესაც ანტრეპრენერი ხარ, ყველაფერს შენ განსაზღვრავ - მიზანს, მისკენ სამოძრაო გზას, ტემპს და სირთულე-სიმარტივეზეც კი გაქვს გარკვეული კონტროლი.


სწორედ აქედან გამომდინარე, ალბათ არ არის რთული აღსაქმელი თუ რამდენად საჭიროა ერთ ენაზე საუბრობდეს და ერთი მოტივაცია ჰქონდეს გუნდის ყველა წევრს, რომელიც ამ ყველაფრის განმსაზღვრელია.


ყველაფერი, რაც ასეთ საწყის ეტაპზე იქმნება, მოდის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებისგან, ამიტომ,

ვერაფერი იქნება საწყის ეტაპზე ტექნოლოგიურ სტარტაპში იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ამ წამოწყების „წამომწყებები“ არიან. 

ჩემი დაკვირვებით ასეთ სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს შორის იყოს როგორც მსგავსებები, ისე განსხვავებები. 



ერთნაირი ხედვის და ერთნაირად ძლიერი მოტივაციის მქონე ადამიანები ერთად ძალიან ძლიერ გუნდს წარმოადგენენ. ადამიანებს შორის უფრო მეტი საერთო რამ კიდევ უფრო მეტად აძლიერებს გუნდს, თუმცა, არის საკითხები, სადაც სჯობს განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება ბუნებრივად განისაზღვროს ჩვენი როლი გუნდში, რაც ძალიან ამარტივებს ასეთ საწყის ეტაპზე გუნდის ჩამოყალიბების პროცესს. როდესაც იცი და გრძნობ თუ რა როლი გაქვს გუნდში და ეს იმდენად რეალობაა, რომ შენი გუნდის სხვა წევრებიც აღიქვამენ ამას და გრძნობენ - ეს ადამიანთა ჯგუფის გუნდად ჩამოყალიბებას ბუნებრივად განაპირობებს, რაც ძალიან, ძალიან განსხვავდება ხელოვნური გუნდურობისგან.



საჭიროა განსხვავებები - რამდენიმე განსხვავებული როლი აუცილებლად უნდა იყოს გუნდში. ამ როლებში ჩემი აზრით, განსაკუთრებით ტექნოლოგიური სტარტაპისთვის, პირველი ორი არის “იდეა” და “შესრულება”. შესაბამისად, 2 წევრისაგან შემდგარ გუნდში უკეთესია, რომ ორი მიმართულებიდან ერთში ერთი იყოს ძლიერი, მეორეში კი - მეორე. რა თქმა უნდა, ერთში სიძლიერე არ ნიშნავს მეორეში სისუსტეს, თუმცა, იმისთვის, რომ სხვადასხვა მიმართულებას სხვადასხვა წევრი ბუნებრივად უძღვებოდეს მნიშვნელოვანია, განსხვავდებოდნენ ძლიერი მხარეებით.

ასეთი ბალანსი, ერთნაირი ხედვა და ძლიერი მოტივაცია ქმნის ძალიან ჯანსაღ გუნდს, რაც როგორც უკვე აღვნიშნე - ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია ტექნოლოგიური სტარტაპისთვის, განსაკუთრებით კი ადრეულ ეტაპზე.


აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი წარმატებაა, როდესაც ადრეულ ეტაპზევე ბუნებრივად იკვეთება, ვის რა როლი აქვს გუნდში და ეს როლები მათი ძლიერი მხარეებით განისაზღვრება და არა მათი ხელოვნურად მინიჭებით.


ახლა რაც მაძლევს ამ ყველაფრის თქმის საფუძველს, ეს გამოცდილება ყველაზე მეტად მე Pulsar AI-ში მივიღე, ტექნოლოგიურ სტარტაპში, სადაც ძალიან ბუნებრივად გახდა აღსრულება ჩემი ნაწილი, მაშინ როდესაც იდეების გენერირება ძირითადად ჩემი პარტნიორის (ზაალის) კონტრიბუცია იყო. რა თქმა უნდა, როგორც მე განვიხილავდი იდეებს მასთან ერთად, ერთად ვხვეწდით და ვავითარებდით, ისე ისიც იყო ჩართული აღსრულების ნაწილში, თუმცა აქ განსხვავება ძალიან ბევრს გვაძლევდა - მე ყოველთვის უფრო მეტად აღსრულებაზე ვფიქრობდი და ის ყოველთვის უფრო მეტად საინტერესო, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე. 


ამით კარგი ბალანსი შედგა, რომელიც ყველა ეტაპზე გვეხმარებოდა, რომ არც ძალიან გვეფრინა და არც მხოლოდ მიწაზე გვევლო. 


ავტორი: დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI -ს დამფუძნებელი