ბიზნესი სიახლეები

პრე-აქსელერატორი | ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის

სტარტაპერი

იანვარი 27, 2022

თუკი სტარტაპიდეები გაქვთ და გუნდში ენთუზიაზმით სავსე ადამიანები ხართ, რომლებსაც ერთმანეთის იდეების გჯერათ და განვითარება გჭირდებათ, მაშინ თქვენთვის საინტერესო სიახლეა.


Impact Hub Tbilisi იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მიზანიც ადგილობრივი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა.

პრე-აქსელერატორი თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.

განაცხადების შეტანისა და გასაუბრებების გავლის შემდეგ, შეირჩევა 10-15 ადგილობრივი სტარტაპი, რომელიც 12 კვირის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს პროდუქტის განვითარებაზე.

შერჩეული სტარტაპები ისწავლიან, თუ როგორ უნდა მომზადდეს ფასეული შეთავაზება, პროდუქტის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის სეგმენტაციაზე, დაეუფლებიან ბიზნესმოდელის შედგენასა და ფინანსების დათვლას. ასევე, შეხვედრების ფარგლებში, ისინი გაერკვევიან ბრენდინგში, მარკეტინგსა და გაყიდვებში და, რაც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაივლიან ტრენინგებს თუ როგორ უნდა წარსდგნენ ინვესტორების წინაშე.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

მონაწილეობის მიღება ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს შეუძლიათ, რომლებსაც ჰყავთ გუნდი და აქვთ ე.წ. MVP (პროტოტიპი) ან სულ მცირე, სამოქმედო გეგმა მაინც თავიანთი ბიზნესის წამოსაწყებად.


პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში და ჯამში 12 კვირას გასტანს. ის ძირითადად დაკომპლექტებული იქნება თემატური სამუშაო სესიებით, მენტორებთან ინდივიდუალური შეხვედრებით და მოწვეულ სპიკერებთან შეხვედრებით. Საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეები ისარგებლებენ Impact Hub-ის საერთო სამუშაო სივრცით. ამ ყველაფერს კი დააგვირგვინებს დემო დღე, რომელზეც სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარსდგებიან და საშუალება ექნებათ, მოიპოვონ ინვესტიცია თავიანთი საქმიანობის გასაფართოებლად.



პრე-აქსელერაციის პროგრამებზე განაცხადების მიღება 26 იანვარს დაიწყო და 20 თებერვლამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ სტარტაპებს რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე შეუძლიათ.




პროგრამის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მიზნებზე მისი ორგანიზატორები და გასული წლის პროგრამის მონაწილეებიც საუბრობენ:

Upway ქართული სტრატაპია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ქვეყანაში არსებულ სანდო კურსებს. Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერატორში Upway-მ 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა – რაც ჩვენი სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტი შესაძლებლობა აღმოჩნდა. 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იდეაზე, ბიზნეს-მოდელის დახვეწაზე, მომხმარებლის journey-ზე, ტექნიკურ გადაწყვეტებზე და ა.შ. ყველაზე მეტად პრე-აქსელერატორი დაგვეხმარა მწყობრ მუშაობაში, მოგვცა გამოცდილება და შეგვმატა თავდაჯერებულობა, იმისთვის რომ არ დავნებებულიყავით და რეალობად გვექცია ჩვენი იდეა."


-მარი აბულაძე, Upway-ს თანადამფუძნებელი

 

სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროგრამა მიზნად ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერებას ისახავს."


-ქეთი ებანოიძე, ორგანიზატორი

პირველ რიგში, პრე-აქსელერატორი ეხმარება ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, ფოკუსირებულად დაუთმონ დრო საკუთარი გუნდის, ტექნიკური პროდუქტის და ბიზნეს-მოდელის განვითარებას. სიღრმისეული სესიებით და ინდივიდუალური მენტორების მხარდაჭერით, სტარტაპების დამფუძნებლებს უყალიბდებათ ხედვა და სტრატეგია ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნის და განვითარების მიმართულებით.


პრე-აქსელერატორი ხელს უწყობს სტარტაპების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, რომ მათ ადრეულ ეტაპზევე გაიცნონ პერსპექტიული სტარტაპები და გახდნენ მათი წარმატების მონაწილე. ეს კი, მთლიანობაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება."


-ნინო ნანიტაშვილი, მენტორი

ამ პროექტს მხარს ვუჭერთ პროგრამა სტარტაპერით, რომელიც უკვე 5 წელია როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური პროგრამებით ბიზნესის დაწყებას და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. სტარტაპერი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც იზიარებს ამ მიზნებს და ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს საწყის ეტაპზე.

 

ჩვენი მიზანია, საქართველოში განვავითაროთ სტარტაპ ეკოსისტემა, სადაც ბევრ, ხარისხიან ტექნოლოგიურ სტარტაპს შეეძლება იდეების ბიზნესად ქცევა და განვითარება, რომ ახალი, ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს მომხმარებელს. 

 

გასულ წლებში პრე-აქსელერატორთან თანამშრომლობიდან გამომდინარე უკვე შეგვიძლია დავინახოთ რამხელა შედეგებს დებენ ამ პროექტში მონაწილე სტარტაპები და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტ და ახალ წამოწყებას შეეძლოს ამ პროცესში ჩართვა."


-სოფო კახიძე, სერვის ექსპერტი, ბიზნესის მხარდაჭერის გუნდი

ავტორი: მარკეტერი