სექტემბერი 10, 2025
წყალმოთხილამურეების ახალი სტარტი ოქროს ტბაზე - “პროტური ფოთი 2025“
არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითით მოცული კოლხეთის დაბლობი, სამი ათწლეულის წინ, ამჯერად არამითიური, სრულიად რეალური ჯადოსნური სანახაობითა და ისტორიით დაამახსოვრდათ ადამიანებს სამუდამოდ.

მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა, ფოთის მახლობლად „ოქროს ტბა“, ევროპისკენ და სპორტის აქამდე ნაკლებად ცნობილი სახეობისკენ მიმართულ ერთგვარ ტრამპლინად იქცა, საიდანაც საქართველომ ახალი გამარჯვებებისკენ და მიზნებისკენ აიღო სტარტი.
1991 წელს ფოთმა, დამოუკიდებელ საქართველოში პირველად, 23 ქვეყნიდან წყლის მოთხილამურეებსა და ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოში სპორტის არც ერთ სახეობაში ამ რანგის ტურნინი მანამდე არ იყო ჩატარებული.
მაშინ საქართველო BBC-ის, CNN-ის, Euronews-ისა და Eurosport-ის ობიექტივში მოექცა და მსოფლიოს სპორტულ რუქაზეც სამუდამოდ მოინიშნა.

მალთაყვის სპორტული ბაზა და ფოთის ადგილმდებარეობა იდეალური აღმოჩნდა წყალსათხილამურო სპორტის განვითარებისთვის. დასავლეთ საქართველოს კლიმატური პირობები, სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევდა, რომ წლის განმავლობაში, თითქმის 12-ივე თვე ევარჯიშათ და ამ მხრივ, დიდი უპირატესობა ჰქონოდათ.
რომ არა 90-იანი წლების საქართველოში განვითარებული მოვლენები, ეს ეგზოტიკური წერტილი, ალბათ, კიდევ არაერთხელ გახდებოდა სპორტსმენების თავშეყრის ეპიცენტრი და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების მასპინძელი.
ისტორია, ახალი სტარტითა და ენერგიით, 3 ათწლეულის შემდეგ ახლა გრძელდება. ფოთმა საერთაშორისო ტურნირს - „პროტური ფოთი 2025“ უმასპინძლა და „ოქროს ტბამ“ სპორტული ფუნქცია და საერთაშორისო სპორტსმენების მაპსინძლის სტატუსი დაიბრუნა.
იტალიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ევროპელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკელი სპორსტმენებისთვის, შემდეგი გაჩერება მალთაყვა იყო. ტურნრი ორ ეტაპად - ხტომასა და სლალომში ჩატარდა.

საერთაშორისო ტურნირისთვის მალთაყვის სპორტული ბაზა სრულ მზადყოფნაში იყო - მოდულებისგან აეწყო ბაზა, სადაც ოთხი გუნდის ეკიპირების განთავსება იყო შესაძლებელი. ასევე, პირველად საქართველოში, ორი კატარღის ერთდროულად მისაღებად, საერთაშორისო სტანდარტების პონტონი დამზადდა.

ტურნირს ინტერესით აკვირდებოდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები - „ფოთის ტბის კლუბის“ მოზარდი წევრები, რომლებიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვარჯიშობენ ტბაზე. “პროტური ფოთი 2025“-ზე კი, მათთვის საყვარელი სპორტის სახეობის საერთაშორისო ასპარეზისკენ ხელახალი სტარტის აღების მომსწრეები გახდნენ.
34 წლის შემდეგ, ისტორია ყველაზე ემოციურად განმეორდა ლეგენდარული გენადი გურალიასთვის.
წყალსათხილამურო სპორტში მსოფლიოს 10-გზის და ევროპის 29-გზის ჩემპიონი, ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურე, საბერძნეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბის - Jolly Ski School-ის ახლანდელი მწვრთნელი, 3 დეკადის შემდეგ, მშობლიურ ფოთში, “ოქროს ტბაზე” ისევ დადგა სასტარტო პოზიციაში.

“ძნელია იქ გამოსვლა, სადაც დაიბადე. ბევრი ემოციით ხარ სავსე, რადგან იცი, რომ შენი ხალხი შენგან საუკეთესო შედეგს ელოდება. ვამაყობ, რომ ფოთელი ვარ და ისევ აქ ვარ."
“12 წლის ვიყავი, როდესაც 1984 წელს ფოთის კინოთეატრში, წყლის თხილამურების შესახებ, ფირი გვაჩვენეს. მახსოვს, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ნანახმა. მალვე, ამ სპორტით დაინტერესებული ბავშვებისგან, 20 კაციანი ჯგუფი შევიკარით. იმედია, ეს ტურნირი იქნება ბიძგი, რომელიც სპორტის ამ სახეობაში მოძრაობას გააგრძელებს. იმ მოძრაობას, რომელიც 1991 წლამდე გვქონდა.”
გენადი გურალია, ხათუნა კორკელიასთან ერთად, 1991 წლის ჩემპიონატის ეროვნული გუნდის მთავარი ვარსკვლავი იყო. ჩემპიონატის მაყურებლები გაოცებულები აკვირდებოდნენ წყალმოთხილამურეების ჯადოქრობას წყალზე. ამდენი უცხოელიც ერთად პირველად ნახეს.
ის ადამიანები, ვინც ჩემპიონატს ესწრებოდნენ, ან გაზეთებით ადევნებდნენ თვალს, დღემდე იხსენებენ იმ პერიოდის ფოთის ამბებს და სპორტსმენების ფოტოებს, რომლითაც მაშინდელი სპორტული გაზეთების გვერდები იყო აჭრელებული.

სწორედ მაშინდელი გაზეთებიდან გაიგეს ქართველებმა წყალსათხილამურო სპორტის იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი სპორტსმენების - იტალიელი მარინა მოსტის, ასევე ანდრეა ალესის, ჯონ ბატლდეისა და ავსტრიელი ბრიტა გრებეს შესახებ, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა ჩემპიონატის მშვენებად აღიარეს.
1991 წელს, ევროპის ჩემპიონატის პირველ დილას, ქვეყნის პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა მთელ მალთაყვაში ისმოდა: “ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ევროპის სპორტული ცხოვრების ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - კონტინტენტის უძლიერეს წყალმოთხილამურეთა ჩემპიონატის გახსნა.”
მაშინდელი ნაცრისფერი საქართველოს ფონზე, ჩემპიონატის თანმდევი ემოციები, ამბები და იმ დღეების გმირები, ფერად მოგონებებეად და ისტორიებად სამუდამოდ ჩაიბეჭდა გულშემატკივრების გონებაში.
ზოგადად, წყლის თხილამურების ისტორია საქართველოში 91 წლის ევროპის ჩემპიონატამდე ბევრად ადრე, 70-იან წლებში დაიწყო. რომან მელია და გურამ დოლბაია პირველები იყვნენ, ვინც სპორტის ამ სახეობას საქართველოში საფუძველი ჩაუყარეს. ბავშვთა პირველი სპორტული ჯგუფები ფოთში 1978 წელს შეიქმნა, ფოთელი პედეგოგის - თამაზ ლაგვილავას ხელმძღვანელობით. პირველი თაობის წყალმოთხილამურეები ანჟელა და ვიქტორია ბესელიები, გიორგი სურგულაძე, გენადი პეტრუხინი და ვასილ ბუდუროვი იყვნენ. თავდაპირველად მოზარდები მდინარე კაპარჭინაზე ვარჯიშობდნენ. მალევე, „ოქროს ტბაზე“ წყალსათხილამურო ბაზა აშენდა. 1990 წელს საქართველო საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციაში გაწევრიანდა. სპორტსმენები ევროპის, მსოფლიოს და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები ხდებოდნენ. სწორედ ამ წარმატებებმა განაპირობა ფოთისთვის 1991 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაც.
წარმატებით ჩატარებულმა საერთაშორისო ტურნირმა - “პროტური ფოთი 2025“, ევროპის ჩემპიონატის ხელმეორედ მასპინძლობის შანსი გააჩინა. საქართველოს შესაძლებლობა აქვს წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციაში, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანოს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა 35 წლის შემდეგ, ჩემპიონატს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს და ახლა უკვე უწყვეტად გააგრძელებს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტის 50 წლიან ისტორიას.
ავტორი: მარიამ ყავჩაველი
ფოტო: გიორგი ნაკაშიძე