ლიტერატურა

რა არის პოეზია?

„საბა“

აგვისტო 24, 2020

ათასნაირ აზრს გაიგონებთ პოეზიის შესახებ. ზოგი მის მიმართ სრულიად გულგრილია და ისე აინტერესებს, როგორც, მაგალითად, კულტურის მინისტრის ცვლა ევროპის რომელიმე ჯუჯა სახელმწიფოში. ზოგს მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ზოგისთვის კი საძულველი, პათეტიკური, სრულიად გაუგებარი რამაა.


ალბათ ყველა თავისებურად მართალია. პოეზია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც ხელშესახებია და ხმებისა და ტექსტების სახით არსებობს, არც ისე ადვილად მოსახელთებელია, გასაგებია, ყველას თავისი პოეზია აქვს. 

თუ ზოგისთვის ეს სანსკრიტის უძველესი ტექსტებია, სხვებისთვის - ურთულესი დანტე ან რუსთაველი, ზოგიერთს კი ის ლექსები უყვარს, ტელეფონის მესიჯად რომ გაგზავნის ან ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ სუფრაზე სადღეგრძელოდ იტყვის და თავს მოიწონებს.

© საქართველოს ეროვნული არქივი

ოეზია ტორტის ნაჭერი არაა, ყველამ ერთხმად რომ შეაფასოს, დანაყრდეს და დაივიწყოს. პოეზია უფრო ლურჯი ფრინველია, რომელსაც ან მოიხელთებ, თვალს გააყოლებ ან სულაც არ შეამჩნევ.

ოგორ დაიწყო პოეზია?


ამბობენ, რომ სიმღერასა და ცეკვასთან ერთად, რიტუალსა და შელოცვებთან, ჩუმი, სარიტუალო ბუტბუტით და თავაწყვეტილი რიტუალური ცეკვებით, მერე? მერე რად იქცა? ზოგჯერ სწავლებისა და ერის წინამძღვრობის ფუნქცია დაეკისრა, ხან უბრალოდ დიალოგის, ხან - სიყვარულში გამოტყდომის, მკვდრის დატირების, ბავშვისთვის პირველი სიტყვების სწავლების.

„ზოგიერთს –

ანუ არა ყველას,

არა უმეტესობას, არამედ უმცირესობას.

თუ მოწაფეებს და მგოსნებს გამოვრიცხავთ,

სულ რაღაც ორ ათას მოყვარულს მივიღებთ.

უყვარს –

როგორც მაკარონიანი ბულიონი,

როგორც კომპლიმენტი,

როგორც ცისფერი,

როგორც ძველი თავსაბურავი

და საკუთარი თავკერძობა,

ძაღლისთვის თავზე ხელის გადასმა.

პოეზია –…

რა არის პოეზია?

რამდენი ორჭოფული პასუხი მსმენია.

აი, მე კი არ ვიცი...

უბრალოდ, მას, როგორც მოაჯირს, ვეყრდნობი.“

წერს ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტი, ვისლავა შიმბორსკა.


სანამ დაფიქრდებით, თქვენთვის რა არის პოეზია, რამდენიმე ქართველ პოეტს გაგახსენებთ, რომელიც შესაძლოა, გახსოვთ, ან არ გახსოვთ, გიყვართ ან სულერთია.


ქართული ჰიმნოგრაფიის მარგალიტები

© საქართველოს ეროვნული არქივი

ქართული ჰიმნოგრაფია ისეთი საოცარი, გულწრფელი, ულამაზესი და შთამბეჭდავი პოეტური ტექსტებით არის წარმოდგენილი, რომ პოეზიის ვერცერთი მოყვარული ვერ დარჩება გულგრილი. ამ ტექსტებს საუკუნეები და ძველი ქართული ენის ზოგჯერ რთულად გასაგები ფორმები გვაშორებს, მაგრამ თუ სულ ოდნავი მოთმინებით აღვიჭურვებით, ჩვენ წინ საოცარი პოეტური სამყარო გადაიშლება, მაგალითად, ასეთი: დემეტრე მეფის, რთული ბიოგრაფიის მქონე, ბერად აღკვეცილი ხელმწიფის ლექსები, ულამაზესი „შენ ხარ ვენახი“, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი:

„შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,                                     

ნორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული,

ალვა სულნელი, სამოთხესა მოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერავინა გჯობს ქებული,

და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.“


თამარიანი

© საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

თამარის მეფობა ქართული ლიტერატურის ოქროს ხანა იყო, გენიალური „ვეფხისტყაოსნის“ გარდა, სხვა არაერთი საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოები შეიქმნა, მათ შორისაა, ჩახრუხაძის „თამარიანი“, რითმის, ფონეტიკის, მელოდიის, წყობილსიტყვაობის წარმოუდგენელი ნიმუში, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ქართული ლირიკული პოეზიის განვითარებაზე:

„თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმა ნარნარი, პირმცინარი,

მზე მცინარი, საჩინარი, წყნარი - მქნარი, მომდინარი,

მისთვის ქნარი, რა არს ქნარი, არსით მთქნარი, უჩინარი,

ვარდ-შამბნარი, შამბ-ბაღნარი, ღაწვ-მწყაზარი, შუქ-მფინარი.“


დავით გურამიშვილი

© საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

„ღმერთო, მაჩვენე ყანები

ამ სარწყავთ მონაყვანები;

ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,

ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.

ყოვლად წმინდაო, დამადევ

წყლულზედ წამალი სამთელი,

შემაძლებინე აღვანთო

მე შენს სახელზე სანთელი...“

ასე იწყება ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები - „დავითიანი“, რომლის ავტორის, დავით გურამიშვილის ცხოვრება იმდროინდელი საქართველოს ბედისწერას ატარებს.


ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა საგურამოელი ჭაბუკის ცხოვრება, ლეკებს რომ არ გაეტაცებინათ ლამისყანიდან... იქნებ მას მშვიდად ეცხოვრა საკუთარ მამულში, თავის სამშობლოშიც დაკრძალულიყო...


იქნებ ცხოვრებისა და შემოქმედების სხვაგვარი გზის გავლისას არც „დავითიანი“ დაეწერა, ან დაეწერა, მაგრამ სხვაგვარად.


ურამიშვილმა სხვა ქვეყანაში ცხოვრება, თავისი სასტიკი ბედისწერა იმისთვის გამოიყენა, რომ ქართულ პოეზიაში უცხო მელოდია შემოეტანა, საოცარი იმპროვიზაციული ნიჭით, საოცარი, უზუსტესი სმენითა და გემოვნებით ახლებური საზომით აემღერებინა ქართული ენა თავის პოეზიაში.


ნიკო სამადაშვილი

„არსად არასდროს მე არავინ არ მეყოლება,

და ჩემ მკვდარ სხეულს ჩემი ხელით დავასაფლავებ...“


პოეტი, რომელსაც სიცოცხლეში ერთი ბწკარის დაბეჭდვაც არ ღირსებია და რომლის ლექსების გარეშე XX საუკუნის ქართული პოეზია წარმოუდგენელია - ნიკო სამადაშვილი, ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და განსხვავებული ავტორი, ვინც სრულიად სხვა განზომილება შესძინა მეტაფორას.

„შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,

შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,

სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,

გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.


ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,

შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,

ზეცა სივრცეებს აზანზარებდა

და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.


შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,

თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,

ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,

ლექსები ტანზე გამონაყარი.“



ავტორი: saba.com.ge