კულტურა

დროის პორტალები - პაულ შტერნის თბილისური გოთიკა

At.ge x თიბისი სტატუსი

ივნისი 17, 2020


მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისში აქტიურად იწყება კერძო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. მანამდე პროექტები მხოლოდ რუსეთის სამეფო კარზე იქმნებოდა და პირდაპირ იგზავნებოდა გუბერნიებში.


70-იანი წლებიდან ევროპელი არქიტექტორები ქალაქში სახლდებიან და დამოუკიდებლად ქმნიან პროექტებს. თბილისის არქიტექტურული ხასიათიც დიდწილად ამ პერიოდში ყალიბდება. 


ქალაქის ახალ უბნებში დასახლებულმა არქიტექტორებმა კარგად იციან ევროპული სიახლეები. მათ თვალთახედვიდან არც ახალი გოთიკური სტილის პოპულარობა რჩებათ. გოთიკის აღორძინება ევროპაში მე-18, მე-19 საუკუნეებში სხვადასხვა სტილის დაბრუნებას მოჰყვა. ზოგი მკვლევარი თვლიდა, რომ ახალი გოთიკა ახლებურ ძიებებს უკავშირდებოდა, თუმცა ზოგი მას პირდაპირ უკავშირებდა სტილის გაქრობას.



ფსევდოგოთიკური სტილი ის იშვიათი სტილია, რომელიც მთლიანად შეერწყა თბილისურ ურბანულ მოთხოვნებს და კულტურას. მან შეიძინა აზიური კულტურისთვის დამახასიათებელი აურა და ნიშნებიც და არც თბილისური ტიპის ეზოებთან ადაპტაცია გაუჭირდა. 


დ. აღმაშენებლის გამზირი N 81


პაულ შტერნი თბილისში 1870-იან წლებში ჩამოვიდა და მაშინდელ გერმანულ კოლონიაში (ახლანდელი მარჯანიშვილის ტერიტორია) „ნოი-ტიფლისში“ დასახლდა.


ნოი-ტიფლისი თბილისის ურბანულ-ინდუსტრიული ცენტრი ხდებოდა, რომელიც კრავდა სხვადასხვა არქიტექტორის და ხელოვანის იდეებს, შლიდა თბილისის სულს მოდერნისტი ადამიანის ძიებებში.


აქ მოდერნისტულმა არქიტექტურამ, ქალაქის მრავალფეროვან და დინამიკურ ბუნებაში, სრულად გაამჟღავნა საკუთარი ექსპერიმენტული ხასიათი. ეს თვისებები ევროპელმა არქიტექტორებმა თავიანთი ძალისხმევით უფრო მაღალ ხარისხში აიყვანეს და წარმოიშვა განიერი, გრძელი ევროპული პროსპექტი, რომელიც თბილისის ურბანიზაციის პირველი ძლიერი ნიშანი იყო.

დ. აღმაშენებლის გამზირი N 81

© მარიამ საშა

შტერნის იდეები მალევე შეერწყა ნოი-ტიფლისის ძიებებს. მან 1882 წელს აღმაშენებლის 81 ნომერში შექმნა აგურის სახლის პროექტი პოლკოვნიკ აკციზისათვის, ხოლო საკუთარი სახლი აღმაშენებლის და კრილოვის ქუჩების კვეთაზე დააპროექტა, რომელიც ევროპული და ისლამური ხელოვნებით გააწყო. მისი ხელმძღვანელობით თბილისში სხვა უამრავი კერძო სახლი და რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა აიგო.


შტერნის დანერგილია ნაძერწი სამკაულებით, მრავალი არქიტექტურული დეტალით და პროფილით გადატვირთული ფასადები, რომლებიც თბილისში 1880-იან და განსაკუთრებით, 1890-იან წლებში მომრავლდა. მის შემოქმედებაში ძირითადი ადგილი რენესანსულ-ბაროკოულ სტილიზაციას ეჭირა.


ერთ-ერთი შენობა, რომელიც დღეს ნაკლებად იქცევს ყურადღებას, აღმაშენებლის და ბაქოს ქუჩებს შორის მოქცეული ფსევდოგოთიკური ნაგებობაა.


აქ არქიტექტორი ოდნავ განსხვავებულ ხერხს მიმართავს. თბილისური გოთიკა რიტმულია და მოქნილი, დროში აღბეჭდილია, როგორც ადგილობრივი დინების სტატიკური ფორმა, ამაზე მეტყველებს შენობის ერთი შეხედვით უცნაური გაგრძელება, რომელიც ცდილობს საკუთარი დრამატურგიის განვითარებას და გვაოცებს კიდეც, როდესაც აგურის მკაცრი კედლების უკან დელიკატურად შეკიდულ აივნებს აღმოვაჩენთ. 

გერმანელი არქიტექტორი პაულ შტერნი


ემილია ტიტელის სახლის პროექტი პაულ შტერნმა 1895 წელს შექმნა. შენობა თბილისში, ბაღის (დღევანდელი ია კარგარეთელის) ქუჩაზე აშენდა.


წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი



შენობის ერთიან სახეს შტერნი შეულესავი აგურით გაწყობილი კარნიზებით, სარტყლებით, ღიობების საპირეებით, ფაქიზად გამოყვანილი აივნებით, მცირე შეისრული თაღებით და ფანჯრების ელეგანტური მოყვანილობით კრავს. ფასადი თითქოს ორი შრისგან შედგება და იმდენად მკვიდრია, რამდენადაც დეტალებში მოძრავი და ამეტყველებული. 


ასეთი ექსპერიმენტი აახლოებს მას გარემოსთან, უქმნის იმ ღიაობას, რომელიც თბილისური კულტურისთვის დამახასიათებელი ძიებების ნაწილია - ფორმასთან ერთგვარი უშუალო დამოკიდებულება და ისეთი დეტალების დამატება ან გამოკლება, რომელთაგან არცერთი არ ჯდება სტილის კონვენციაში. ამ გზით ქმნის შტერნი გარდამავალ არქიტექტურას, რომელსაც მოჰყვება გოთიკური სული და ის თბილისური ძიებების სარჩულშია ჩაკერებული.


თბილისური გოთიკა - ბოლო დროს გაჩენილი სახელოვნებო მოტივებით, მოდით და კლუბური სცენით - ხელახლა იქცევს ჩვენს ყურადღებას.

ზოგადად, არქიტექტურა და ურბანული გეგმარება მასში არსებულ დინებებს მიმართულებას კარნახობენ. ამიტომ, უცხო არ არის, რომ ამ ადგილებს გერმანიით და კლუბური ცხოვრებით გატაცებული თაობა ხელახლა ააქტიურებს. როგორც ჩანს, მე-19 საუკუნის თბილისის მოდერნული არქიტექტურა იბრუნებს საკუთარ სულს და კოსმოლოგიას, რომელსაც ხელახლა აქსოვს ქალაქში მიმდინარე ცვლილებებში, კულტურულ დინებებში და სოციალურ ურთერთობებში. 

გერმანელი არქიტექტორი პაულ შტერნი


დღევანდელი თბილისის საკრებულოს შენობის რეკონსტრუქციის პროექტი პაულ შტერნმა 1882 წელს შეიმუშავა. მისმა ნამუშევარმა შენობას შესძინა მავრიტანული სტილის ელემენტები, რომლებიც დღემდეა შენარჩუნებული.


წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

რაც უფრო მზარდია ასეთი ურბანული ტალღა, მით უფრო მეტ კულტურულ აქტივობას უნდა ველოდეთ, რაც უფრო ხშირად მჟღავნდება ქალაქში დაფარული დეტალები, მით უფრო ვუახლოვდებით მის საერთო სახეს, რაც უფრო აქტიურია ამ დეტალების ჩართულობა ჩვენს ყოველდღიურ რიტმში, მით უფრო ახალია ჩვენი ისტორიაც, რაც უფრო ვგრძნობთ მათ დავიწყებულ აურას, მით უფრო ძლიერდება არსებობის და შემოქმედების განცდა.


ავტორი: დათო კოროშინაძე / AT.ge

ილუსტრაცია: მარიამ საშა