ლიტერატურა

პაოლო იაშვილი

„საბა"

ივნისი 29, 2020

ვინ არის ის? თავისუფალი საქართველოს აჩრდილი, საბჭოთა პოეტი თუ ტოტალიტარიზმს შეწირული ადამიანი, არტისტული,მომხიბლავი, ქარიზმატული, ნიჭიერი პოეტი ცისფერყანწელების ორდენიდან. პარიზში ნასწავლი, პოეტური, თანამედროვე, ამაყი, ლამაზი, საბედისწერო, უამრავი ლიტერატურული გამოცანის გმირი, პოეტების მუზა, მუზების პოეტი - პაოლო იაშვილი...


„პაოლო იაშვილსა და მე, ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად, ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია ამ მჭმუნვარე სახელწოდების ქუჩაზე. პაოლო იაშვილი კარგი კულინარი იყო, მაგრამ საყასბოში ცხენის ხორცს ვერ არჩევდა ხორცისაგან. რაც შეეხება, ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინის ან შამპანურის ყიდვას, დიდი დეგუსტატორის ნიჭი არ სჭირდებოდა. ამ შეხვედრების დროს, სხვათა შორის, ხშირად მოგვიგონია ფრანსუა ვიიონის ლექსები, სადაც ეს, ყველა მოხეტიალე და მოუსვენარი პოეტის წინაპარი, გონებამახვილურად დასცინის ჯალათებს და მათ მიერ აღმართულ სახრჩობელებს… პაოლო იაშვილი, თავისი გულთბილობისა და ხელგაშლილობის წყალობით, ადვილად ხიბლავდა და იზიდავდა ადამიანებს.“


- გერონტი ქიქოძე



კადრი პირველი - დამოუკიდებელი საქართველო, ტფილისი - კულტურის მექა, ქალაქის ქუჩებში პოეტები სეირნობენ, ზოგი მთვრალია, ხმამაღლა ამბობენ ლექსებს. საღამოს ოპერაში სპექტაკლზე იყვნენ, იქ ლოჟებიდან ისმოდა გადაჩურჩულება, გოგონები თვალს ვერ სწყვეტდნენ, ზოგიერთი შემოხედვას ვერ ბედავდა და თვალებდახრილი წითლდებოდა - პაოლო, პაოლო...


კადრი მეორე - გასაბჭოებული საქართველო, საბჭოთა ლექსების ხარკი, დახვრეტილი ძმა და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად არჩევა, ჯილდოვდება შრომის წითელი ორდენით.


კადრი მესამე - საბჭოთა საქართველოში ცენზურა ცდილობს ყველაფერი, რაც არამუშური, არასაბჭოურია, გაანადგუროს. ამ დროს ის, თანამედროვეებთან ერთად ცდილობს საქართველოში ევროპული ლიტერატურა შექმნას, პოეტური ექსპერიმენტები პოეტურ ექსპერიმენტებს მოსდევს.


კადრი მეოთხე - ელენე დარიანი - პოეტი პაოლოს ზურგს უკან, ლიტერატურული მისტიფიკაცია თუ პოეზიაში გაერთიანებული ორი გული - კითხვა, რომელსაც პასუხი ჯერ ვერ გავეცით.

ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მოსე თოიძე, ვარლამ რუხაძე, კოტე მაყაშვილი, მწერალთა კავშირი 1923 წელი.

კადრი მეხუთე

„ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე“


- შალვა აფხაიძე


კადრი მეექვსე - დახვრეტები, გადასახლებები, რეპრესიები, საბჭოთა ტერორი მძვინვარებს, მეგობრები მტრად იქცნენ.

ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრიდაშვილი

კადრი მეშვიდე


ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავის ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათას მთის გოლგოთას…“


- გერონტი ქიქოძე


ნიკოლო მიწიშვილი, თამარ ოქრომჭედლიშვილი-იაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, მარო კასრაძე-შანშიაშვილი. მეორე რიგში: ვალერიან გაფრინდაშვილი, ეფემია გედევანიშვილი-ლეონიძე, გერონტი ქიქოძე, პაოლო იაშვილი, ნინო მაყაშვილი-ტაბიძე, ალი არსენიშვილი. მესამე რიგში: რაჟდენ გვეტაძე, შალვა აფზაიძე, ტიციან ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე, გიორგი ლეონიძე. 

ფოტო: საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი


კადრი მერვე - მამა წერილს სწერს ქალიშვილს:


 ”ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა”



კადრი მეცხრე - „უეცრად თითქოს სროლის ძლიერი ხმა ისმის…

ვინ გაისროლა, რა მოხდა?! ორიოდე წუთი და დერეფნიდან კივილი გაისმა. მხოლოდ ერთი (არ მინდა მისი ვინაობა დავასახელო) ადგა და გაიჭრა გასასვლელისკენ. ქალის კივილი შეწყდა. დარბაზში წამოდგნენ, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიჭრა დარბაზიდან… შეშფოთებული შემოდის, შემობრუნდა და ყვირის: “თავი მოიკლა, პაოლომ თავი მოიკლა!”



"არა მხოლოდ ელვარე ნიჭის გამო, მე პაოლო იაშვილი იმ საბედისწერო გასროლისთვის მიყვარს, რადგან მისი ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა სიცოცხლეს აზრი მისცა, ღირსება შემატა და ჩვენ, მომდევნო თაობებსაც შეგვიტრუსა წამწამები, არ მოგვასვენა და ჩვენს არჩევანზე, ამ სოფლად ადამიანად ყოფნის, ადამიანად დარჩენის უძნელეს აუცილებლობაზე დაგვაფიქრა“.


– გურამ ასათიანი



ავტორი: saba.com.ge