სიახლეები

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ზაფხულის გატარებაში

ივლისი 31, 2019

ზაფხულის არდადეგები ბავშვებისთვის მთელი წლის ყველაზე ბედნიერი 3 თვეა, თუმცა მშობლებისთვის კიდევ უფრო მეტი საზრუნავი და პასუხისმგებლობა - ბავშვის დასვენება რაც შეიძლება მხიარული, დატვირთული, უსაფრთხო და ნაყოფიერი იყოს. თუკი სკოლის ასაკის შვილები გყავთ, პირველ რიგში “Summer Slide” უნდა გაითვალისწინოთ - ანუ ტენდენცია მოსწავლეებში, როდესაც სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვილი აკადემიური მიღწევები ზაფხულის არდადეგების განმავლობაში უკან იხევს ან მთლიანად იკარგება.



საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისის სტატუს-შეხვედრების ფარგლებში, განათლების ექსპერტი - პაატა პაპავა თიბისის სტატუსის მოხმარებლებს სწორედ ამ თემაზე ესაუბრა და დაეხმარა პასუხები გაეცათ კითხვებზე - როგორ შევინარჩუნოთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ბავშვს მთელი წლის მანძილზე გამოუმუშავდა? როგორ არ გაჩნდეს ზაფხულში ღრმა ნაპრალი?





სკოლას ბავშვთან დაკავშირებით 2 ინტერესი აქვს - მისი აკადემიური და სოციალურ-ქცევითი დინება. ზაფხულში ორივე მათგანს ემუქრება საფრთხე. კვლევებით დადგენილია, რომ Summer Slide ბავშვს აკადემიური წლის 2-3 თვის მიღწევებს აკარგვინებს. განათლების ყველაზე თანამედროვე თეორია - კონსტრუქტივიზმი კი ამტკიცებს, რომ ახალ ცოდნას არ აქვს აზრი, თუკი მას საფუძველი არ აქვს. ეს საყრდენი ზაფხულში დუნდება და გარკვეული ცოდნები იკარგება. ყველაზე აშკარა და საყურადღებო ეს დანაკარგი ორ მიმართულებაშია - კითხვასა და მათემატიკაში. აღმოჩნდა, რომ summer slide ყველაზე მჭიდრო კავშირში წიგნის კითხვასთანაა. ბავშვები, რომლებიც ზაფხულის არდადეგებზე არ კითხულობენ, მათი ზაფხულის ნაპრალი გაცილებით ღრმაა.



„კითხვასა და მათემატიკაში უკუსვლა შეფერხებას იწვევს ყველა სხვა საგანში. ეს არის ის 2 უნარი, რომელიც ყველა სხვა ცოდნის საფუძველია. რაც უნდა სხვა რამ შეიმეცნოს ბავშვმა, თუკი გონებამ კითხვაში და მათემატიკაში არ ივარჯიშა 2 თვე, ნაპრალი აუცილებლად გაჩნდება. არასწორია მიდგომა, როცა ამბობენ - ჩემი შვილი მხოლოდ ჰუმანიტარული ან ტექნიკური საგნებისკენაა მიდრეკლიო. რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ბავშვი ერთ-ერთში, თუ მეორე არასასურველი ნიშნულის ქვემოთ ჩამოვიდა, მას ზოგადად აკადემიურ განვითარებაში ექნება პრობლემები.“



კითხვის ტექნიკა და წაკითხულის გააზრება



კითხვაში 2 რამ არის მთავარი: კითხვის ტექნიკა და წაკითხულის გააზრება. მეორე ფაქტორის შესამოწმებლად, ბუნებრივი საუბრისას ტექსტთან დაკავშირებული, მზარდი სირთულის 4-5 შეკითხვა დაუსვით ბავშვს. ტექნიკა და სისწრაფე კი წუთში წაკითხული ჯამური და სწორი სიტყვების რაოდნეობით იზომება. შედეგი სასწავლო წლის დასაწყისში - შემოდგომაზე და სასწავლო წლის ბოლოს - გაზაფხულზე, განსხვავებულია:

წყაროები: Rasinski words correct per minute target rates words per minute (WPM); Hasbrouck & Tindal words oral reading fluency rates. 


კრიტიკული ასაკი – 9 წელი



ბავშვის აკადემიური პროცესის კონტროლი 9 წლამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ამ პერიოდს კრიტიკულ მომენტს უწოდებენ. კვლევამ - National Reading Survey by Scholastic გამოავლინა გარდატეხა, რომელსაც decline by nine დაარქვეს. იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც აქამდე კვირაში 5-7 დღე კითხულობდნენ, 8 წლის შემდეგ 57%-დან 35%-მდე მცირდება; იმ ბავშების რიცხვი კი, რომლებიც ამბობდნენ, რომ კითხვა უყვართ, 9 წლის ასაკისთვის - 40%-დან 28%-მდე. ამ ასაკში ბავშვები ავტონომიური პიროვნებები ხდებიან, მათი გრაფიკი უფრო დატვირთული ხდება, უწევთ ბრძოლა ყურადღების მისაქცევად და საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ამ დროს კი კითხვა ხშირად სიამოვნებიდან მშობლების მოთხოვნად გადაიქცევა ხოლმე; სურვილი ქრება და ჩნდება რუტინული პროცესი. თუმცა, არსებობს რამდენიმე მიდგომა და მეთოდი, რომელიც თქვენს შვილს 9 წლის შემდეგაც შეუნარჩუნებს კითხვის სიხარულს. 

„თუკი 9 წლამდე კითხვის ტექნიკა და გაგება-გააზრება ცუდ შედეგებს გვაჩვენებს, არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ ბავშვს პრობლემა ექნება როგორც აკადემიურ მოსწრებაში, ისე მომავალ ცხოვრებაში. სტატისტიკის მიხედვით, მაღალია კორელაცია მესამე-მეოთხე კლასში კითხვის არასახარბიელო მაჩვენებელსა და მომავალში არასწორი ალტერნატივებით თვითდამკვიდრებას, არასწორი არჩევანის გაკეთებას შორის. კითხვის ხარვეზების გამოსწორების საუკეთესო დრო სწორედ ზაფხულია. სთხოვეთ ხმამაღლა წაგიკითხოთ. თუ არ მოგწონთ როგორც კითხულობს, საგანგაშო არაფერია - გაესაუბრეთ ამ მიმართულების სპეციალისტს, მაგალითად - თამარ გაგოშიძეს.“


წაუკითხეთ ხმამაღლა



როდესაც ბავშვს უკვე თავად შეუძლია კითხვა, ბევრი მშობელი მას წიგნთან მარტოს ტოვებს. ეს შეცდომაა. ბავშვის მკითხველად ჩამოყალიბებაზე და მის გონებრივ განვითარებაზე არაფერს არ აღმოაჩნდა ისეთი დადებითი გავლენა, როგორც მისთვის ხმამაღლა კითხვას. იმ ადამიანს, რომელსაც 9 წლამდე დღეში 15 წუთს მაინც უკითხავდნენ, საგრძნობლად უკეთესი შედეგები ჰქონდა ცხოვრებაში, მათ შორის ასაკში, სკლეროზის კუთხითაც კი. როდის დავიწყოთ ხმამაღლა კითხვა ბავშვისთვის? - დაბადებიდან! 



ჯადოსნური 15 წუთი



დაიმახსოვრეთ ეს დრო - 15 წუთი. თუკი ბავშვი დღეში რეგულარულად 15 წუთს მაინც წაიკითხვას, ეს იქნება უზარმაზარი, წინგადადგმული ნაბიჯი მის აკადემიურ მოსწრებაში.


„კითხვა არ არის ადვილი, ამიტომ კითხვის დაძალებმადე ჰკითხეთ და გაიგეთ, რა არის შეფერხების მიზეზი - მოტვაცია, ტექნიკა, თუ გააზრება - სადღაც აქ იქნება პრობლემა. ბავშვები მოდიან შეთანხმებებზე, რომლებიც მშობლებისგან განსხვავებით მათ არასდროს ავიწყდებათ. ეს მეთოდიც შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ მან კითხვა სისტემატიზებულ, ყოველდღიურ პროცესად აქციოს. რაც უფრო ადრე მივცემთ ბავშვს მიზნების დასახვის საშუალებას, უფრო სწორად განვითარდება ის. თვითონ თქვას, რამდენ წიგნს წაიკითხავს ამ ზაფხულს. სინანულისა და დანაშაულის შეგრძნება არ უნდა გაუჩნდეს ბავშვს, ვინაიდან კითხვა სიამოვნება უნდა იყოს. შეთანხმების შემთხვევაში კი მიხვდება, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა და არა ვალდებულება.“


საინტერესოა, ყველა ერთნაირად მგრძნობიარეა ზაფხულის ნაპრალის მიმართ? - არა.


„გოგონებს კითხვის ჩარხი დაბადებიდან უფრო სწრაფად უმუშავებთ, ვიდე ბიჭებს - ასე მოხდა ევოლუციურად. ზოგადად კი, ის ვინც კითხვას არ ანებებს თავს ზაფხულში, მასზე ნაკლებად მოქმედებს ზაფხულის ნაპრალი. თუკი ბავშვისთვის კითხვა ყოველდღიური, რეგულარული აქტივობაა, ის უკვე ავტომატიზებული კითხვის პროცესისგან დოპამინს იღებს. ასეთი ბავშვი არ კითხულობს წიგნს, მას წიგნი აკითხინებს თავს.“



6 წიგნი





კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ციფრი - მკვლევარები ამბობენ, რომ 6 წიგნის წაკითხვის შემთხვევაში, ზაფხულის ნაპრალი თითქმის არ გაჩნდება. 8-11 წლის ბავშვისთვის მინიმუმ 4 წიგნი ის რაოდენობაა, რომელიც კითხვის უნარს გადაარჩენს.






ტექნოლოგიები - ხიდი და არა ბარიერი




1995-2010 წლებში დაბადებული Z თაობა, „მსქროლავი“, თითქოს მობილური ტელეფონებით დაბადებული თაობაა. ეს ადამიანები არსად და არაფერზე ჩერდებიან დიდხანს. შეეგუეთ, რომ ტაბლეტები და ტელეფონები მათი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია. პირიქით, აქციეთ ტექნოლოგიები მათი ინტერესების განვითარების ხერხად. დააკვირდით, რომელ თემებზე უყურებს თქვენი შვილი Youtube არხებს და ამის მიხედვით შეურჩიეთ საკითხავი წიგნები. გადაჭარბებული ტექნოლოგიები ზაფხულის ნაპრალის მტერია, ამიტომ მშობლებმა ფორმულასავით დაიმახსოვრეთ: 6 წიგნი, მინიმუმ 15 წუთი კითხვა, ბავშვისთვის ხმამაღლა კითხვა.




მისაბაძი მაგალითი





თუკი ოჯახში მკითხველის მოდელი არ არსებობს და ბავშვი ვერ ხედავს ადამიანებს კითხვის პროცესში, მაშინ ის ვერასოდეს მიხვდება, თვითონ რატომ უნდა დაინტერესდეს წიგნით. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მშობლებისა და ბავშვების კითხვას შორის პირდაპირია. თავის ტვინში არსებული სარკისებური ნეირონები სხვის გარკვეულ ქმედებაზე დაკვირვების დროს აღიგზნებიან. როდესაც ბავშვი ხედავს მკითხველ მშობელს, რომელიც მას უკითხვას ან თავისთვის კითხულობს - სარკისებურ ნეირონებს ეს ქმედება გრძელვადიან მეხსიერებაში გადააქვთ და მოგვიანებით ბავშვი თავად ხდება მიდრეკილი იგივე პროცესის მიმართ. 


გარემო




ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ექსპერიმენტებითა და კვლევებით დამტკიცდა, რომ ქცევა გაუცნობიერებლად გადამდებია. ისე მოქცევა, როგორც გარშემომყოფები იქცევიან, ტვინისთვის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაა, მსგავსად არმოქცევა კი - საფრთხე. ამიტომ გადარჩენის ინსტინქტით, კითხვის დასმის გარეშე ვიწყებთ იგივეს კეთებას, რასაც გარშემო უმრავლესობა აკეთებს. ასეთ დროს არაცნობიერი ტვინი ერევა კოგნიტურ ტვინს. ამიტომ, სახლის გარეთ, რა გარემოში ატარებს ბავშვი დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


კარგად ყოფნის დიდი ხუთეული





თანამედროვე საზოგადოებაში კარგად ყოფნის მთავარ საზომად კეთილდღეობა გადაიქცა, რაც ეკონომიკურად მყარად ყოფნასთან ერთად, ჯანმრთელობას, განათლებას, უსაფრთხოებას, სასურველ გარემოს გულისხმობს. არსებობს 5 რამ, რასაც კეთილდღეობის მოპოვებისათვის უნდა ვაკეთებდეთ. შესაბამისად, კარგი იქნება, თუკი ამ 5 კრიტერიუმის მიხედვით შევურჩევთ ბავშვებსაც საზაფხულო აქტივობებს.



იყავი კონტაქტური - კეთილდღეობის პირველი განმსაზღვრელი ფაქტორი, ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობებია. ვკითხოთ ბავშვს - ვისთან ურთიერთობა ახარებს. მთავარია მან სრულფასოვან სუბიექტად იგრძნოს თავი. ამისთვის მშობელი მას ისე უნდა ეკონტაქტოს, როგორც თანასწორსა და მეგობარს და არა სადილის კეთების ან ტელეფონში ყურებისას.


იყავი აქტიური - ემოციურად, ფიზიკურად და გონებრივად.


ისწავლე - იყავით ცნობისმოყვარე და დააკვირდით თქვენს შვილებს. უფროსები ბავშვებისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწვალობთ. როდესაც შვილთან ერთად რაღაც აქტივობას დაგეგმავთ, დაფიქრდით - რამდენად არის ამ პროცესში რაღაც ახლის შემეცნება.


შეამჩნიე - ყველაზე მეტად, დაკავებული ცხოვრება უფროსებს სწორედ ამ პუნქტს გვავიწყებს. მნიშვნელოვანია ბავშვებს დაკვირვება და ახლის აღმოჩენა ვასწავლოთ და ჩვენც მათთან ერთად აღმოვაჩინოთ ახალი დეტალები. დათქვით ბავშვთან ერთად, რომ ხვალ ადრე ადგებით ახალი ადგილების აღმოსაჩენად. ამ დროს ბავშვს უკვე თავგადასავლის შეგრძნება უჩნდება. ბუნება ახლის აღმოჩენის მუდმივი რესურსია. ამ დროს თქვენი ბავშვის გონებაში ნეირონები ბევრად უფრო აქტიურად დაიწყებენ მუშაობას. ბავშვებს უყვართ სმარტფონები. შესთავაზეთ, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო დეტალები ფოტოზე აღბეჭდოს. ჩათვალეთ, რომ აქ კიდევ უფრო ფოკუსირებული და აქტიური გახდება მისი გონება.


გაეცით სიკეთე - ეს აღარ არის მხოლოდ ანდაზებისა და აფორიზმების საგანი. კვლევები აჩვენებს, რომ ურთიერთგაცემისა და სხვისთვის სიამოვნების მინიჭების პროცესორი 7-8 წლის ასაკში იწყებს მუშაობას. ბავშვთან ერთად დაასუფთავეთ თუნდაც პატარა ტერიტორია. სწორედ ამ დროს იბადება პიროვნება - როდესაც ადამიანი თავის ენერგიას მხოლოდ საკუთარ ინტერსებს აღარ ახმარს. 


საუკეთესო საზაფხულო აქტივობები




თუ იდეები გამოგელიათ და ზაფხულის დღეები ერთფეროვანი გახდა, გადახედეთ ამ ჩამონათვალს - რა არის, რაც ჯერ არ გაგიკეთებიათ ბავშვთან ერთად?: დღიურები, მცენარეების შეგროვება და ჰერბარიუმები, განძის მაძიებლები, სენდვიჩების წვეულება, წიგნები, კოცონის დანთება, ჯომარდობა, ლაშქრობა, ხტუნვა და თამაში წვიმაში, კემპინგი ეზოში, ფაზლები, ლეგოს სასახლე, პიკნიკი, გასეირნება გარიჟრაჟზე, მკითხველთა თეატრი, ქაღალდის თვითმფრინავები, ფოტოსაჩუქრები და წერილები ოჯახის წევრებს, ხეზე ძრომა.



ბედნიერ და ნაყოფიერ ზაფხულს გისურვებთ !



ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: გურამ კაპანაძე