ლიტერატურა

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა

"საბა"

მარტი 20, 2020

ლიტერატურის გზაზე ერთი კაცი მიდიოდა.


სიტყვის ასკეტი, ბედნიერი ტანჯული და ადამიანი გაზეთის სვეტში, თიხის ფირფიტებზე თუ გულის მეორე მხარეზე ამოკითხული დიდი მწერალი - ოთარ ჭილაძე... ვინც


„თავის პროტესტს, სინამდვილესთან თავის დაპირისპირებას გარეგნულად არ გამოხატავდა. ეს განასხვავებდა მას სხვებისგან: ყველა ხედავდა, რომ მისი დაპირისპირება ღრმა და შინაგანი იყო, ის გარეგნული ეფექტებით ვერ განიმუხტებოდა. ამდენად, რაღაცნაირად უცხოს იერიც გააჩნდა, გეგონება, აქაური არ იყო, ქართველი. ამას გამოჩენისთანავე ავლენდა, გეგონება, შიკრიკი მოუძღოდა წინ, რომ შეემზადებინა ისინი, ვინც ტკბილ ცხოვრებასაც ეტანებოდნენ და თან ლექსიც სწადდათ. სამწუხაროდ, ვერც ლექსი იტანს ცხოვრებას წყვილად და ცხოვრებაც ჭირივით გაურბის მასთან მგზავრობას.“ (ბესიკ ხარანაული)


მიდიოდა ჩუმი ერთგულებით, დაუზარელი შრომით, დათმობის, ზედაპირულობის, ზერელე ფრაზებისა და ლიტონი სიტყვების გარეშე, შრომობდა ლიტერატურისთვის და გაჰქონდა საკუთარი ხნული.


ოთარ ჭილაძე და შვილები


ცხოვრობდა სიყვარულითა და ლიტერატურის სიყვარულისათვის:




„ყველაზე თავისუფალი ადამიანი ისაა, ვისაც სიყვარულის უღელი ადგას, ვინც სიყვარულს ნებაყოფლობით ემონება. ამიტომ, ჩემი რწმენით, ნებისმიერი, თუნდაც სულ უმნიშვნელო სიყვარულის ჩაკვლა, უარყოფა ანდა დათრგუნვა, არამარტო კონკრეტული ადამიანების, არამედ მთელი კაცობრიობის, მთელი სამყაროს აბუჩად აგდებაა.

მწერლის მთავარი ამოცანა სიყვარულის სამსახურია, ხოლო ლიტერატურა, ბოლოს და ბოლოს, სიყვარულის ისტორიაა და სხვა არაფერი.“





„ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი არჩევანი ბოროტსა და კეთილს, ცრუსა და მართალს, წარმავალსა და მარადიულს შორის. ჩვენც განუწყვეტლივ ვირჩევთ, ანუ განუწყვეტლივ ვცდილობთ დავადგინოთ ჩვენი ადამიანობის ხარისხი, რის გამოც იძულებულნი ვხდებით ასევე განუწყვეტლივ ვცდებოდეთ, ანუ ერთხელ კიდევ ამოვდიოდეთ ცოდვიდან კიდევ ერთი ცოდვის ჩასადენად. ასე კი იმიტომ ხდება, თავიდანვე რომ შეგვეშალა მთავარი არჩევანი სულიერსა და ხორციელს შორის და არც ესაა ჩვენი ბრალი - უბრალოდ, არ ვიცოდით, არ შეიძლებოდა გვცოდნოდა, ამდენ ხანს თუ გავძლებდით, აქამდე თუ მოვაღწევდით და, საკუთარ სულზე ამხედრებულნი, ბრმად, ალალბედზე დავნებდით საკუთარ ხორცს. ამიტომ, მიუხედავად აზრთა, მრწამსთა, პოზიციათა სხვაობისა, ყველანი მაინც ერთნაირები ვართ,“


ცხოვრობდა, როგორც მწერალი და როგორც ადამიანი:


„ადამიანი თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ რომ, მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი და ყური – ფიქრიც, მიზანიც, თვალსაზრისიც, სურვილიც… მდინარესავით ორ ნაპირს შორის მიედინება გაჩენის დღიდან, და აქამდე არ იცის, ვერ დაუდგენია, რომელი ურჩევნია, რომელ ნაპირს მიეტმასნოს, რომელს მიეხეთქოს მთელი ძალით, რომელს მიეფეროს და რომელს გაულაწუნოს მღვრიე ტალღა სილასავით.“




„ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი არჩევანი ბოროტსა და კეთილს, ცრუსა და მართალს, წარმავალსა და მარადიულს შორის. ჩვენც განუწყვეტლივ ვირჩევთ, ანუ განუწყვეტლივ ვცდილობთ დავადგინოთ ჩვენი ადამიანობის ხარისხი, რის გამოც იძულებულნი ვხდებით ასევე განუწყვეტლივ ვცდებოდეთ, ანუ ერთხელ კიდევ ამოვდიოდეთ ცოდვიდან კიდევ ერთი ცოდვის ჩასადენად. ასე კი იმიტომ ხდება, თავიდანვე რომ შეგვეშალა მთავარი არჩევანი სულიერსა და ხორციელს შორის და არც ესაა ჩვენი ბრალი - უბრალოდ, არ ვიცოდით, არ შეიძლებოდა გვცოდნოდა, ამდენ ხანს თუ გავძლებდით, აქამდე თუ მოვაღწევდით და, საკუთარ სულზე ამხედრებულნი, ბრმად, ალალბედზე დავნებდით საკუთარ ხორცს. ამიტომ, მიუხედავად აზრთა, მრწამსთა, პოზიციათა სხვაობისა, ყველანი მაინც ერთნაირები ვართ,“


ოთარ ჭილაძე და ტარიელ ჭანტურია


ცხოვრობდა, როგორც პოეტი:


“როგორ შეიძლება პოეზია მოკვდეს. პოეზია იცოცხლებს, სანამ ადამიანი იქნება.

ხალხს გული აუცრუვდა არა პოეზიაზე, არამედ ლექსად დაწერილ ინფორმაციებზე.

ლექსი, რომელიც დაიწერა დღეს, არაფრით არ შეიძლებოდა დაწერილიყო გუშინ.

აუცილებელია თუ არა ყველას ესმოდეს პოეზია?

რა თქმა უნდა, არა, როგორც მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება”

რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,

ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ.

და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი.

და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.

მაინც არავინ არ გარბის არსად,

ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს.

და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,

ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს....


ოთარ ჭილაძე და ლია სტურუა



ცხოვრებდა დათმობისა და კომპრომისის გარეშე:




ვინც გარეწარს ხელს ართმევს, თავადაც გარეწარია. გარეწრობა გადამდებია, შეხებითაც გადადის. იმიტომაც დავლპით ზეზეულად.


გარჩევა არ არის. ან გვეშინია, ან გვერიდება, ან იმ წუთას ასე მიგვაჩნია საჭიროდ. მეორე წუთს კი შენც იმისთანა ხდები, შენდაუნებურად. შენდაუნებურად კი არა, შეგნებულად, მიზანდასახულად, რადგან იცი, როგორ უნდა მოიქცე და მაინც ისე იქცევი, როგორც არ მოიქცეოდი, სიმტკიცე რომ გქონოდა, ღირსება რომ შეგენარჩუნებინა.

არ ჩამოართვათ გარეწრებს ხელი, თუ გინდათ, რომ გადავრჩეთ. ყველანი გადავრჩებით. ღარიბი, მაგრამ პატიოსანი ცხოვრება ყველა სატკივარს ჩაგვიწყნარებს თანდათანობით და, ერთ მშვენიერ დღეს, მოულოდნელად, ენით უთქმელი შვებითა და ნეტარებით ვიგრძნობთ…


თუმცა, არა! ჩვენ შეიძლება ვერ ვიგრძნოთ, მაგრამ ჩვენივე სიბინძურიდან, ჩვენივე სიბნელიდან პეპელასავით ამოფრინდება ჩვენი განმწმენდილი და, რაც მთავარია, გადარჩენილი სული!”


ოთარ ჭილაძე და თამაზ ჭილაძე


მარად მებრძოლი და ბედთან შეუგუებელი:



„ადამიანი თავისსავე მოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედთან შეგუება ადამიანის მთავარი თვისებაა. ეს უფრო იძულების შედეგია, არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება, ნაწილობრივ მაინც, რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად, უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება. ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია. ეს ბრძოლა კი ყველანაირ ბრძოლისაგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს, დათრგუნული და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას“.


ცხოვრობდა, როგორც თავისი ქვეყნის შვილი და გულშემატკივარი.



“მართალია, ქართველებს ერთმანეთთან ანგარიშის სწორება ყველაფერს გვირჩევნია, მაგრამ თუნდაც თავდაცვის ინსტინქტი გვაიძულებს ხოლმე, გადამწყვეტ მომენტში ერთხელ კიდევ გავახილოთ თვალი და მაშინ მტერიც იძულებული ხდება, ერთხელ კიდევ დაიხიოს უკან. ჩვენ დიდი აკაკის ხალხი ვართ და, ეტყობა, სიკვდილი არ გვიწერია. უფრო სწორად, ძილი იგივე სიკვდილია ჩვენთვის, ოღონდ, საბედნიეროდ - დროებითი...”


ცხოვრობდა და დღეს ცხოვრობს თავისი მკითხველის გულში, წიგნის ფურცლებზე, ლექსის სტრიქონებს შორის:


რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,

მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:

გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,

მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა...

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,

ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც

და ამოვწურო ეს სიმარტოვე,

ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,

რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.

მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს _

კარგად იყავით. მადლობთ, მშვიდობით.




ავტორი: saba.com.ge