მუსიკა | ცა

On The Road – Heal Yourself

ნოემბერი 27, 2023

ჯგუფ On The Road-ისთვის Heal Yourself სადებიუტო სტუდიური ალბომია, რომელიც 10 აუდიო ბილიკისგან შედგება. ქართულ ენაზე რომ ვთარგმნოთ ეს ყველაფერი და ერთად დავწეროთ, მშვენიერ სლოგანს მივიღებთ – „გზაზე – განკურნე თავი შენი!“

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სახელწოდებას მაშინვე ჯეკ კერუაკის ამავე სახელწოდების ბიტნიკური ლიტერატურის და ზოგადად ამერიკულ, მე-20 საუკუნის კლასიკურ რომანთან მივყავართ, ამ ალბომის მუსიკაში ნაკლებად იგრძნობა კერუაკისეული ბიტნიკური სულისკვეთება. ერთიანობაში ის უფრო ინდი როკად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა თუ ამ ჯგუფის წევრებს საქართველოს „დამსხვრეული თაობის“ წარმომადგენლებად მივიჩნევთ, მაშინ რაღაც პარალელების გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია. მოგეხსენებათ, ბიტნიკები საკუთარ თავს „დამსხვრეულ თაობას“ მიაკუთვნებდნენ. ჯგუფის წევრების თაობასაც თითქმის იგივე პრობლემები აქვს, რაც ბიტნიკებს ჰქონდათ. ესაა თუნდაც ომის (ომების) შემდგომი ეპოქა, ასევე, ნეგატიური განწყობები მთელ საზოგადოებაში, პლუს, გაუცხოება წინა თაობებთან. საყურადღებოა ნარკომანიის პრობლემაც, რომელსაც 1960-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდებივით, ჩვენი ახალგაზრდა თაობაც გადააწყდა. ალბომის სახელწოდება Heal Yourself შეიძლება ვთარგმნოთ: „მიხედე საკუთარ თავს“, ან „აზრზე მოდი“, ან სულაც „მოიხოდე“ და ა.შ. თუმცა მინდა, რომ ვთარგმნო, როგორც „განკურნე თავი შენი“. ალბომის ამ სათაურში დევს სწორედ ის კონცეფცია, რასაც ზემოთ შევეხე და „დამსხვრეული თაობა“ ვახსენე. ეს ჯგუფის წევრების მხრიდან თავიანთი თაობის წარმომადგენელთა მიმართ მოწოდებაცაა. ამის შესახებ ქვემოთაც ნახავთ.

ჯგუფი On The Road ჩამოყალიბდა 2019 წელს. მან მონაწილეობა მიიღო Tbilisi Newcomers 2019-ში და ფინალისტებს შორისაც აღმოჩდა. სწორედ მაშინ დაინტერესდა ამ ჯგუფით გია ქარჩხაძე და პროდიუსერობა შესთავაზა. გიას საკუთარი სტუდია და ლეიბლი აქვს. ამის შემდეგ, გიას პროდიუსერობით ბენდმა ერთი მინიონი (ანუ EP) Hundred Homes (2020 წ.) და 5 სინგლი ჩაწერა.


ჯგუფის წევრები არიან:

ლადო გიგაია (ვოკალი, გიტარა),

გიგი კობერიძე (დრამი),

თორნიკე ჯაფიაშვილი (კლავიში),

ავთო ირემაშვილი (სოლო გიტარა, ვოკალი) და

ბექა ჩხარტიშვილი (ბას გიტარა).


ალბომში შესული სიმღერების უმეტესობის ავტორია ლადო გიგაია, მხოლოდ მე-8 ბილიკის – Stay Back-ის ავტორია ავთო ირემაშვილი, რომელიც ამ სიმღერას მღერის კიდეც.

ჯგუფს ამ კონცეპტუალური ალბომის ჩაწერაში კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუშალა. პანდემიის პერიოდში On The Road-მა მხოლოდ ორი სიმღერა ჩაწერა. პანდემიის შემდეგ კი ჯგუფმა იმდენი ახალი სიმღერა შექმნა, მათი ჩაწერის შემდეგ კიდევ ერთ ახალ ალბომს უნდა ველოდოთ, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოვა. ეს ახალი სიმღერები ბენდმა უკვე შეიტანა თავის საკონცერტო პროგრამაში.

 

Heal Yourself-ის ხმის რეჟისორი ლაშა უგულავაა. სწორედ მასთან ერთად დააფუძნა გია ქარჩხაძემ Duo Records, სადაც ჩაიწერა კიდეც ეს ალბომი. ლეიბლი კი, რომელმაც ნამუშევარი გამოსცა, გია ქარჩხაძის დაარსებულია და მას One Small Step Production ეწოდება. ნამუშევარი მთლიანად ინგლისურენოვანია. მომღერლის, ლადო გიგაიას ინგლისური ფონეტიკა, ე.წ. პრონონსი (წარმოთქმა), ძალიან კარგია. ჯგუფის პროდიუსერი, გია ქარჩხაძე აღნიშნულ ალბომის სახელწოდებასთან დაკავშირებით მიყვება:

,,


ძალიან ბევრს ვფიქრობდით, რა სათაური დაგვერქვა ალბომისთვის და სწორედ ჩემი წინადადება იყო, ალბომში შესული მათი მე-3 სიმღერის სახელი Heal Yourself შეგვერჩია. ჩემი აზრით, ძალიან მოერგო. ამ თაობას სერიოზული პრობლემები აქვს. ისინი ლამის დაკარგულები არიან. ამ ალბომით მუსიკოსები თავიანთ თანატოლებს ეუბნებიან, რომ მათივე ხელშია ყველაფერი. პლუს Heal Yourself-ს ყველაზე მეტი მოსმენების რაოდენობა აქვს „სპოტიფაიზე“. ადრე ჩვენი თაობის იდეა იყო, გამოვმძვრალიყავით კომუნისტური იდეოლოგიიდან. ამ ბიჭების თაობას მსგავსი მიზნები არ ამოძრავებს. ამ თაობას ჩვენს თაობასთან შედარებით, ეგზისტენციური პრობლემები აქვს. პლუს, ნარკომანიის სუპერსერიოზული პრობლემაც არსებობს. ამ ალბომში კი სწორად მიმართული გზავნილები ისმის და ეს ძალიან მომწონს.


ძალიან კარგია ალბომის გაფორმებაც, რომელზეც გამოსახულები არიან ჯგუფის წევრები შუაში დანთებული ცეცხლის ირგვლივ. ფოტოს ავტორია ლუკა ქაჩხაძე, ხოლო გაფორმების დიზაინერია ნიტა გაბისონია.

პირველი სიმღერიდან, რომელსაც Crystal Clear ჰქვია მსმენელი აღმოჩნდება მეტად მშვიდ, ჰარმონიულ და ინტელექტუალურ მუსიკალურ გარემოში. ეს სიმღერა უფრო ჯაზ-ფიუჟენს შეგვიძლია მივაკუთვნოთ. თუ „გზაზეს“ პირველად უსმენთ, ვერც კი მიხვდებით, რომ ეს ქართული ჯგუფია. ამაში წვლილი მისი წევრების გარდა, ხმის რეჟისორ ლაშა უგულავასაც მიუძღვის. ალბომში შემავალი მასალა გარდა იმისა, რომ გარეგნულად მშვიდი და მელოდიურია, შინაგანად დიდი მუხტის მატარებელიცაა. სიმღერები საუკეთესოდაა არანჟირებული, სადაც არაფერია ზედმეტი, არც „მარილი“ აკლია. ყველა სიმღერა ძალიან კარგია, თუმცა, ჩემის აზრით, მთელს ალბომში მე-3 ბილიკი Heal Yourself ერთ-ერთი საუკეთესოა, მიუხედავად იმისა, რომ იგი 6 წუთს გრძელდება. კიდევ ძალიან მომეწონა მე-6 ბილიკი Love And Grace. კარგია მე-7 სიმღერა Late Night, რომელმაც მომენტებში „პინკ ფლოიდის“ „დარქ საიდიც“ კი გამახსენა. შესანიშნავია ამ კომპოზიციის მეორე ნაწილის ინსტრუმენტული დრამატურგია. Stay Back-ს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მისი ავტორი, გიტარისტი ავთო ირემაშვილი მღერის. მასში მომეწონა მეტად დახვეწილი საფორტეპიანო თანხლება. და ასევე ძალიან კარგია, ალბომის ბოლო, მე-10 ბილიკი Buckle Up. იგი იმავე კონცეფციისა და გზავნილის მატარებელია, რომელიც სიმღერაში Heal Yourself დაიწყო.

„განკურნე თავი შენი“ ძალიან კარგი ალბომია, რომელიც თავდაპირველად არც კი მეგონა, ასე თუ მომეწონებოდა. მით უმეტეს, ინგლისურ ენაზე სიმღერას ქართველი შემსრულებლებისგან დიდად არ მივესალმები ხოლმე. თუმცა არიან გამონაკლისი ქართული ჯგუფები და On The Road დღეიდან ასეთი შემსრულებლების სიაში შევიტანე. ჯგუფის შემოქმედება და კერძოდ ეს ალბომი კი სავარაუდოდ უნდა მოეწონოს ინდი-როკის, ფიუჟენ-ჯაზის და პროგრესივ როკის მსმენელებს. და ბოლოს, მინდა ერთი რამ დავამატო – ბენდის მომავალ ალბომებში ვისურვებდი გაცილებით მეტ და თამამ ინსტრუმენტულ იმპროვიზაციებს. მით უმეტეს, მუსიკოსებს ამის პოტენცია ნამდვილად გააჩნიათ.

ავტორი: ლაშა გაბუნია