ლიტერატურა

ნიკო ლორთქიფანიძის გული და ლოცვები

„საბა“

ივლისი 17, 2020

თუ ქართული ენის სხვადასხვა ლექსიკონებს ჩახედავთ, სიტყვა „გულთან“ დაკავშირებულ უამრავ ფრაზეოლოგიას იპოვით, ამ სიტყვით ნაწარმოებ უამრავ სიტყვას, სახელს, ზედსართავს თუ ზმნას. გული ქართული ენის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა. გასაგებიცაა, ენისათვის უმთავრესი ისაა, რაც ადამიანისთვისაა უმთავრესი. ენის ლექსიკის სიხშირული გამოყენებაც სწორედ ამის მიხედვით ლაგდება, რადგან ენაა ადამიანი, ადამიანი თავისი ენაა.

ნიკო ლორთქიფანიძე

ნიკო ლორთქიფანიძე ქართული იმპრესიონისტული პროზის ფუძემდებელია, იმპრესიონიზმისთვის უმთავრესია შთაბეჭდილება, ემოცია, გრძნობასა და გულთან კავშირი და, რაც მთავარია, თანაგრძნობა, ის, რაც ნიკო ლორთქიფანიძის ტექსტების ლაიტმოტივია.


ვკითხულობთ ამ ლაკონურ, დაწურულ ტექსტებს და ჰუმანიზმის, ადამიანის სიყვარულის უზარმაზარ სივრცეს ვპოულობთ, ნიკო ლორთქიფანიძესთან ენა იძენს წარმოუდგენელ შესაძლებლობას, რამდენიმე სიტყვაში ჩაატიოს ამბავი, ის, რაც ამბამდე ხდებოდა და რაც მერე იქნება.

ლაკონური თხრობა, ფრაგმენტებზე მიმართული ფოკუსი,დეტალები და ნიუანსები და პოეტური ტექსტები - ეს ლორთქიფანიძის პროზაა. პროზა, რომელიც გულია.

ნიკო ლორთქიფანიძე მეუღლესთან ერთად

ელი, რომელსაც მონატრება გველის შხამივით კლავს, მამა, რომელიც შვილებს უკანასკნელ მჭადს უჭამს, დედა, რომელიც საჭირო აღარაა და სადღაც, დაუსრულებელ მოგზაურობაში მიდის, ავადმყოფი ბავშვი, რომელსაც ფორთოხალი სწყურია, საქართველო, რომელიც იყიდება, საოცარი კადრები, სადაც მოქანდაკე თავის ქმნილებას ურისხდება, ახალგაზრდა ქალი შვილს ძუძუს აწოვებს, დადიანის ასული კი თავისი ცხოვრების მთავარ სიმართლეს ხვდება. ეჭვიანობას გადაყოლილი მრისხანე სიყვარული, საშობაო მინიატურების ტკივილები და თხოვნა, „ნუ შემინდობ, ოღონდ გიყვარდე. დამსაჯე, ოღონდ ნუ აიღებ ჩემზე ხელს.“ ღმერთი, რომელიც ცოდვილს შეუნდობს, მას კი, რომელსაც არცერთი ცოდვა არ ჩაუდენია, დედამიწაზე თავიდან ცხოვრებისთვის უშვებს. არის ასეთი ლოცვებიც, ეს ნიკო ლორთქიფანიძის ლოცვებია და ნიკო ლორთქიფანიძის ღმერთი, რომელიც განურჩევლად ყველასია.

ა მაინც, რომელიც ნიკო ლორთქიფანიძის მთავარი ტექსტი?



ალბათ ეს:

„მოკვდა.


დის ნაზს ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.


მოკვდა უცხოეთში.


- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.


ცხედარი გაჭრეს.

 

პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:


- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?!

ერთმანეთს შესცქეროდენ.


- ბატონებო, გული, გული, სადღაა?


გულის მაგიერ ფერფლი-ღა დარჩენილიყო.


დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და უით რომ ჩაგიდგი საგულეში?


კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:


- მე დავაჭკნე!


- მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.


სიტყვები არავის გაუგონია.“


ასეთია ნიკო ლორთქიფანიძის გული, მუდამ შინაგან ემიგრაციაში მყოფი კაცის, საკუთარ თავში გაქცეული, სამშობლოში მცხოვრები მწერლის, რომელსაც სულ ენატრებოდა თავისი სამშობლო.


ავტორი: saba.com.ge