Moule, Kaveuli, Senself - ახალი ბრენდები თიბისი კონცეპტის კოლექციაში

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის კოლექციაში არაერთ საინტერესო და მრავალფეროვან ნივთს აღმოაჩენთ. მუდმივად განახლებად კოლექციას ცოტა ხნის წინ სამი ახალი ბრენდი - MOULE, KAVEULI და SENSELF - დაემატა. ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული კონცეფციის ბრენდების კოლექციაში სამკაულებს, სუნამოს ხაზსა და თავის მოვლის საშუალებებს შეხვდებით. ბრენდების უკეთ გაცნობის მიზნით გთავაზობთ მინიინტერვიუებს, სადაც ბრენდების დამფუძნებლები იმ პროდუქციის შესახებაც ისაუბრებენ, რომლებსაც თიბისი კონცეპტის სივრცის კოლექციაში, მარჯანიშვილის 7-ში აღმოაჩენთ.


MOULE

MOULE 2020 წელს დაარსებული სამკაულების ბრენდია, რომლის დამფუძნებლები ნიკო კეჟერაშვილი და ედრიენ მონქდიკი არიან. ბრენდის სამკაულები ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა, რომლებიც განსაკუთრებით გეომეტრიული და სკულპტურული ფორმების მოყვარულ მომხმარებლებს მოეწონებათ.

ბრენდის კონცეფცია…

ჩვენ მხარს ვუჭერთ და მოგვწონს ხელნაკეთი ნივთების შექმნის ტრადიცია. შესაბამისად, ჩვენი ყოველი ნივთი ხელით დამუშავებულია. როგორც ბრენდი, ჩვენი კოლექციებისთვის შთაგონებას ვიღებთ გეომეტრიული ფორმებიდან და სხვადასხვა მოდერნისტული სკულპტურული ნამუშევრებიდან. ვცდილობთ შევქმნათ გამორჩეული და ელეგანტური ნივთები, რომლებიც როგორც თქვენს ყოველდღიურობას, ასევე განსაკუთრებულ დღეებსა და მოვლენებს დაამშვენებენ.

რატომ სახელი MOULE?

Moule ნიშნავს ყალიბში ჩასმას, ფორმის მიცემას, რაც ბუნებრივად მოიაზრებს სამკაულების ხელით კეთების ტრადიციას, რომელსაც ვაგრძელებთ.

ვისთვის იქმნება MOULE-ს სამკაულები?

ყველასთვის, ვისაც მოსწონს განსხვავებული, ორგანული, აბსტრაქტული, ამავდროულად მინიმალისტური ფორმები და აფასებს განსხვავებულ დიზაინს. 

რა აქცევს MOULE-ს მომხმარებლებისთვის სასურველ ბრენდად?

ალბათ მისი ავთენტურობა, უნიკალური დიზაინი და ხარისხი.

სამკაულები, რომლებსაც მომხმარებლები მარჯანიშვილის კოლექციაში შეიძენენ…

ჩვენი ბრენდი მარჯანიშვილის მაღაზიაში ძირითადად ცრემლის წვეთის (Teardrop) კაფსულ-კოლექციით იქნება წარმოდგენილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ხაზი, რომელიც ერთსა და იმავე  ფორმას ყველა ნივთში იმეორებს, მცირე სახეცვლილებით. ყველა ნივთი 925 სტერლინგი ვერცხლითაა შესრულებული.

KAVEULI

KAVEULI თამარა ქაფიანიძის მიერ დაარსებული ბრენდია, რომელიც დღეს სამკაულებთან ერთად სუნამოს ხაზსაც აწარმოებს. დახვეწილი დიზაინის სამკაულები და სუნამოს შთამბეჭდავი არომატები ბრენდის ექსპერიმენტულ ხელწერას განსაზღვრავს.

როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ ბრენდი KAVEULI დაგეარსებინათ? 

ბრენდის დაარსების იდეა 2018 წლის ბოლოს დაიბადა. კავეულის დებიუტი შედგა ვერცხლის სამკაულით, რომელიც კარგად ნაცნობ, კლასიკურ ფორმებს თანამედროვე კონტურებთან და ელემენტებთან აერთიანებდა. თითოეული მოდელის შექმნისას ჩვენ მუდმივად  ვართ ჩართული ექსპერიმენტებში და სამკაულებს როგორც ტრადიციული, ასევე ინოვაციური მეთოდების შერწყმით ვიღებთ.

რატომ სახელი KAVEULI? 

“კავეული” ქართული სიტყვაა და რკინის პატარა ნივთებს აღნიშნავს, რაც შინაარსობრივად ყველაზე მეტად ესადაგება KAVEULI-ს პირველ პროდუქციას - სამკაულს. ამასთან ერთად, სიტყვა გამოხატავს ჩემს სიყვარულს მეტალისა და ფორმების მიმართ.

ბრენდის კონცეფცია....

კავეულის არის ადამიანის მოგზაურობა დროში საყვარელ არომატებთან და ნივთებთან ერთად. ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ დღეს, თუმცა მოდიან ჩვენი წარსული მოგონებებიდან და მოგზაურობენ ჩვენთან ერთად მომავალში.

გვესაუბრეთ სუნამოს ხაზის შესახებ, რომელსაც მომხმარებელი თიბისი კონცეპტის სივრცის კოლექციაში შეხვდება…

2020 წელს “კავეულმა” წარადგინა სუნამოს ხაზი ქალისა და მამაკაცისთვის. დღეს ბრენდი ორ არომატს აერთიანებს - Kaveuli Parfum-სა და ვენერას. ორივე არომატი ერთმანეთისგან განსხავავებულია, თუმცა ორივე მკვეთრად გამოხატავს როგორც პერსონას, ისე მის პრეფერენციებს. Kaveuli Parfum-ის შექმნის შთაგონება მისტიკური ობსერვატორიის ტყეა და ჩემი ბავშვობისდროინდელი ურთიერთობა ამ ტყესთან.


ეს არის “კავეულის” პირველი არომატი, რომელიც აერთიანებს ორ პროდუქტს: სუნამოსა და სამკაულს, რომელშიც სუნამო იხსნება. გულსაკიდი, რომლითაც თქვენ არომატს ატარებთ, გაძლევთ შესაძლებლობას მუდმივად იმოგზაუროთ თქვენს მისტიკურ ტყეში. ვენერა არის თავისუფალი, თამამი და მეამბოხე, რომელიც ტკბება ცხოვრებით და არ ელოდება ვინმეს დასტურს ან აღიარებას. მის ყველა ქმედებას მხოლოდ მისი ვნება და სურვილი განაპირობებს.


SENSELF

ბრენდი SENSELF თავის მოვლის პროდუქციას აერთიანებს, რომელიც უნიკალური ინგრედიენტებით გამოირჩევა. გვანცა სალაყაიასა და ანი ფხაკაძის მიერ 2020 წელს დაარსებული ბრენდი ამერიკის ტოპ ხუთეულში შესულ ლაბორატორიასთან თანამშრომლობს, რომელიც ინდუსტრიაში ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა.

ბრენდის კონცეფცია…

ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელიც აგებულია ჩვენს „sense of self” პრინციპზე. გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებლებს მივცეთ გეზი, რათა საკუთარი თავი იმ წვრილმან დეტალებში იპოვონ, რომლებიც ჯანსაღი და არასტრესული გზით საკუთარი იდენტობისა და იმიჯის გამყარების შესაძლებლობას მისცემს. ბრენდის კონცეპტი თავის მოვლის საშუალებების მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ახლებურად, ინოვაციური ტექნოლოგიების გზით გაცნობას გულისხმობს. დაბერება გარდაუვალი, ბუნებრივი პროცესია. ჩვენი მიზანი არა მისი შეჩერება, არამედ ახალგაზრდობის გახანგრძლივება და ამ პროცესის შენელებაა. 

შთაგონება, რომელსაც ხალხური სამკურნალო რეცეპტების უნიკალურ კრებულში - “კარაბადინში” პოულობთ…

ჩვენი პროდუქტის ძირითადი და წამყვანი ინგრედიენტები კარაბადინის წიგნიდან არის ამოღებული. მე-15 საუკუნის ხელნაწერში სხვა უამრავი მცენარეა ნახსენები, მაგრამ ორი უნიკალური მცენარე: ჭინჭარი და მრავალძარღვა SENSELF-ის შთაგონების მთავარი წყაროდ და „hero“ ინგრედიენტებად გამოვიყენეთ. ამ მცენარეების ეფექტურობა სამეცნიერო გზით მიღებულმა კვლევებმაც გაამყარა და სწორედ ამიტომაც, ჩვენს პროდუქციაში მათი გამოყენება გადავწყვიტეთ.

როგორ იქმნება SENSELF-ის პროდუქცია?

SENSELF-ის პროდუქციის შექმნა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რასაც მინიმუმ 1 ან 2 წელი სჭირდება. ყველაფერი იმით იწყება, თუ საბოლოოდ რა ეფექტურობის პროდუქტის მიღება გვინდა, რასაც მოჰყვება ინგრედიენტების სწორი შერჩევა, ლაბორატორიის საბჭოსთან შეხვედრებისა და განხილვის ეტაპი, შემდეგ ქიმიკოსებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას, რაც იქამდე გრძელდება, სანამ ჩვენთვის სრულყოფილ პროდუქტს არ მივიღებთ. ყოველი წვრილმანის ცვლილებაც კი პროცესის თავიდან დაწყების ტოლფასია.

თავის მოვლის საშუალებები, რომლებსაც მომხმარებლები მარჯანიშვილის კოლექციაში შეიძენენ…

ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ ორ პროდუქტს - Rich But Light დამატენიანებელსა და Skin Rebound შრატს. ორივე პროდუქტი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და მოხმარება შეიძლება იმ ასაკიდან, როდესაც მომხმარებლები საცხების გამოყენებას აქტიურად იწყებენ.

Rich But Light დამატენიანებლის მთავარი აქტიური ინგრედიენტია მრავალძარღვა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიითაა მიღებული და ჯერჯერობით ის ერთადერთი კანის მოვლის საშუალებაა, რომელიც უჯრედის მიკრო რნმულ დონეზე მოქმედებს და ხელს უშლის პროტეინების სინთეზის დაშლის პროცესს, რაც შესაბამისად დაბერების პროცესს ანელებს.

კლინიკური კვლევის შედეგად 2 თვის უწყვეტი ხმარების შემდეგ კანი აღიდგენს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს, რაც 6 წლით გაახალგაზრდავების ტოლფასია.

Skin Rebound შრატი შეიცავს მსუბუქ მჟავებს. ეს პროდუქტი კანის მსუბუქი ამქერცლავია, რომელიც გაღიზიანების გარეშე აშორებს მკვდარ უჯრედებს და კანი ხდება ერთგვაროვანი ფერის. Skin Rebound ხელს უშლის გამონაყარის წარმოქმნას.


ავტორი: ანა გაბისიანი / Hammock Magazine