ტექნოლოგია

თიბისის მობაილბანკი და გერმანული ნეობანკები

„თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება თითქმის ულიმიტო შესაძლებობებს გვაძლევს ვიფიქროთ ახალ გამოწვევებზე"

თებერვალი 18, 2020


გერმანული და ქართული მობაილბანკები


გერმანიის ბაზარი, მომხმარებლის მოთხოვნილებები, რეგულაციები და ინფრაქტრუქტურა საგრძნობლად განსხვავდება საქართველოსგან, რაც, ერთი მხრივ, შეზღუდვებს აწესებს, ხოლო, მეორე მხრივ, ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს. თუ გერმანიაში რეგულაციები და ინფრასტრუქტურა განაპირობებს ფუნქციონალს, ქართველი მომხმარებლის სიახლეების მიმართ გახსნილობა, სწრაფი ადაპტაციის უნარი და მომხმარებლების მზარდი ონლაინაქტიურობა ახალ გამოწვევებს გვთავაზობს.

გერმანიაში არსებული მობაილბანკები შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ: გერმანიის უდიდესი ტრადიციული ბანკები, როგორიცაა Deutsche Bank, Sparkasse ან Postbank და თანამედროვე, მომხმარებლებზე ორიენტირებული, საერთაშორისო ნეობანკები, როგორებიცაა N26 ან Revolut.


იქიდან გამომდინარე, რომ გერმანული ტრადიციული ბანკების აპლიკაციები თანამედროვე მობაილბანკის სტანდარტებს დიდწილად ჩამორჩება, უმჯობესი იქნება, თუ თიბისის მობაილბანკის აპლიკაციას გერმანიაში არსებულ, წამყვან ნეობანკებს შევადარებთ და რამდენიმე ფუნქციაზე ვისაუბრებთ.

თიბისის მობაილბანკის განახლება და უპირატესობები:

 

მობაილბანკის განახლებით UI გაუმჯობესდა და ისეთი ახალი ფუნქცია დაემატა, როგორიცაა - მუქი დიზაინი, რაც აპლიკაციის გამოყენებას უფრო სასიამოვნოს ხდის.

აპლიკაცია მარტივად აღსაქმელი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი სერვისების და პროდუქტების მიხედვითაა შექმნილი, რისი დამადასტურებელი მაგალითებიცაა:


●    თიბისის მომხმარებლებს შორის თანხის მარტივი გადარიცხვა მობილური ნომრით, რაც საქართველოში მომხმარებლების დიდ ნაწილს ფარავს;


●    აპლიკაცია კონცენტრირებულია თიბისისთან დაკავშირებულ ხშირად გამოყენებად რელევანტურ ფუნქციებზე და აქტიურად არ ცდილობს დამატებითი სერვისების გაყიდვას ინტერფეისის მეშვეობით, როგორიც შეიძლება იყოს დაზღვევა, დეპოზიტები ან უფრო მაღალი კლასის ბარათები.


გერმანული ნეობანკების უპირატესობები


მომხმარებლისთვის უპირატესობების დიდი ნაწილი, რაც გერმანულ მობაილბანკებს ახასიათებს, რეგულაციების და ინფრასტრუქტურის არსებობითაა გამოწვეული, მაგალითად:



● აპლიკაციაში და ბანკში მარტივი დარეგისტრირება ვიდეოზარის და ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით;


● ღია ბანკინგის რეგულაცია PSD2-ის გამოყენებით, სხვადასხვა ბანკის საგადახდო ანგარიშების ერთ სივრცეში დამატების შესაძლებლობა ფინანსების მარტივი ვიზუალიზაციისთვის;


● თანხის მომენტალური გადარიცხვა ევროკავშირის სხვადასხვა ბანკებს შორის.



N26-ის სივრცეები


შიდა ანგარიშების (Space-ების) ერთ ღილაკზე დაჭერით შექმნა, თანხების drag & drop-ით გადარიცხვა და მათი გაზიარება ახლო ადამიანებთან - ნეობანკ N26-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოსადეგი სერვისია. მაგალითისთვის, უმარტივესი გახდა მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის ანგარიშის გახსნა და თანხის ამ ახალ ანგარიშზე გადატანა ისე, რომ ყველამ შეძლოს მისი გამოყენება. ეს ყველაფერი საგრძნობლად ამარტივებს მოგზაურობის, წვეულების ან ყოველდღიური ხარჯების განაწილებას თუ თანხის კონკრეტული მიზნისთვის დაგროვებას.



Revolut-ით თანხის გადარიცხვა ადგილმდებარეობის გამოყენებით


ნეობანკ Revolut-ით თანხის გადარიცხვის ფუნქცია, რომელიც ახლოს მყოფი მეგობრების პოვნის და მათთვის თანხის უმარტივესად გადარიცხვის საშუალებას იძლევა, თანამედროვე ბანკინგის კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია. იქნება ეს კაფეში ჩეკის გაყოფა თუ მეგობრისთვის საჩუქრის ერთად ყიდვა, თანხის გადარიცხვა უკვე უბრალოდ ახლოს ყოფნით, ტელეფონის ნომრის ან IBAN-ის გარეშე არის შესაძლებელი.

 

რომ შევაჯამოთ, თიბისის მობაილბანკის დიზაინის განახლება მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება თითქმის ულიმიტო შესაძლებობებს გვაძლევს ვიფიქროთ ახალ გამოწვევებზე, ვისწავლოთ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეებისგან, მოვერგოთ სერვისების ლოკალურ ბაზარს და დავნერგოთ ბანკინგი, როგორც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.


დიმიტრი დეკანოზიშვილი - სტრატეგიული და კორპორატიული განვითარების უფროსი მენეჯერი - smava GmbH