ედუფინი

ფინანსური გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალი წლიდან უნდა მიიღოთ

იანვარი 10, 2022

ახალი წელი ის დროა, როცა ახალ მიზნებს ვისახავთ და ძველი შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ. ზოგიერთი საკუთარ თავს გამოწვევებსაც უწესებს — სწავლის გაგრძელებას, ვარჯიშის დაწყებას, სამსახურის შეცვლას ან ახალი სახლის ყიდვას გეგმავს, თუმცა ეს გეგმები მხოლოდ იანვრის რამდენიმე დღის ფიქრებად რომ არ დარჩეს, საჭიროა სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება და მთელი წლის განმავლობაში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა.

 

ამ ბლოგში, რომელიც 2022 წელს ერთგვარ ფინანსურ გზამკვლევადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, 10 რჩევას გაგიზიარებთ. ეს რჩევები თქვენი შემოსავლის უკეთ განკარგვაში დაგეხმარებათ.

1. შეადგინეთ ბიუჯეტი


თქვენი მთელი წლის ფინანსური წარმატების მთავარი საიდუმლო კარგად გაწერილ ბიუჯეტშია. შეიძლება ეს ერთი შეხედვით რთულ საქმედ მოგეჩვენოთ, თუმცა, სინამდვილეში, ასე სულაც არაა. ბიუჯეტირება, იგივე ფინანსური გეგმის შედგენა, თქვენი შემოსავლის, ხარჯებისა და დანაზოგის ანალიზია. ამის გაკეთება კი ყოველი თვის დასაწყისშია სასურველი.

 

პირადი ფინანსისტი შეიძლება ბევრს არ გვყავს, მაგრამ ინტერნეტში არაერთ ვებსაიტს ან აპლიკაციას შეხვდებით, რომელიც რიცხვების კორიანტელს დაგალაგებინებთ, მათ შორის ეს მობაილბანკითაც კი შეიძლება მოახერხოთ. თუ არა, ტრადიციული მეთოდი — ფურცელი და კალამი — ყოველთვის ხელმისაწვდომია. 


2. ყოველთვე დაზოგეთ ცოტა მაინც


დაისახეთ მიზნად, რომ თქვენი ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დანაზოგი გახდეს. არ აქვს მნიშვნელობა მის ზომას — ეს შეიძლება იყოს მოულოდნელობებისთვის გადანახული მცირე თანხა ან, თუნდაც, ანაბარი რაიმე დიდი მიზნისთვის.

 

თუკი უახლოესი გეგმების შესასრულებლად არ ზოგავთ ფულს, მაშინ არც იმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამდენის გადადებას მოახერხებთ ყოველ თვე. ეს შეიძლება საყიდლებიდან მორჩენილი ხურდებიც კი იყოს.

 

თუ ამის გაკეთება ძალიან გიჭირთ, შეგიძლიათ მობაილბანკში გაააქტიუროთ ავტომატური გადარიცხვები და ყოველ განხორციელებულ ტრანზაქციაზე თქვენივე ანგარიშიდან ანაბარს მცირე თანხა დაემატება.

 

3. შეაფასეთ, რამდენს ხარჯავთ გარეთ კვებაში


გადატვირთული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, არავისთვისაა გასაკვირი, რომ სახლში მომზადება და ლანჩის სამსახურში წაღება არც ისეთი მარტივი საქმეა, თუმცა კერძების გამოძახება ან რესტორანში სადილობა თვის ბოლოს ჩვენს ბიუჯეტზე არც თუ სახარბიელოდ აისახება ხოლმე.

 

მიუხედავად ამისა, გამოსავალი მაინც არსებობს და ის დღის გეგმის სწორად გაწერასა და პრიორიტეტების დალაგებაშია. შეიძლება სახლიდან ლანჩი ყოველდღე ვერ წაიღოთ, მაგრამ თუ ამას ყოველ მეორე-მესამე დღეს მაინც მოახერხებთ, ამით თქვენს ჯიბეს ნამდვილად დიდ “შვებას მოგვრით”.

 

4. მზად იყავით მოულოდნელობებისთვის


რისკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით თუ საქმე ფინანსებს ეხება. მოულოდნელობები, როგორებიცაა - სამსახურში ცვლილებები, ან სხვა უსიამოვნო შემთხვევები კი ყველას შეიძლება დაატყდეს თავს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია გქონდეთ მცირე დანაზოგი მაინც, რომელიც რთულ დღეებს ფინანსურად სულ ცოტათი შეგიმსუბუქებთ. მოულოდნელობებისგან თავის დაცვის კიდევ ერთი ხერხი, რომელიც ახალი წლისთვის აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, მომდევნო ქვეთავშია განხილული.

 

5. დაეზღვიეთ


თუ თქვენი სამსახური სადაზღვევო პაკეტს არ გთავაზობთ, აუცილებლად მოიკითხეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობები ან დაფიქრდით კერძო სადაზღვევო პოლისის შეძენაზე. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ავტომობილის, ქონების დაზღვევა თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის თქვენი სიმშვიდისა და ოჯახის წევრების კეთილდღეობის გარანტიაა.

 

6. გადახედეთ მიმდინარე ვალდებულებებს


არსებული ვალდებულებების სწრაფად შემცირება და მეტი ფულის დაზოგვა ახალი წლის სურვილებს შორის აუცილებლად უნდა მოხვდეს. იპოთეკური, სამომხმარებლო თუ სხვა ტიპის სესხი, ან, თუნდაც, განვადება, ხშირად ჩვენს ფინანსურ გეგმებს მიმართულებას უცვლის, ამიტომ აუცილებელია, კარგად დაიანგარიშოთ, რამდენს იხდით მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად. ამასთან, გაესაუბრეთ ბანკირს, რომელმაც, შესაძლოა, თქვენს საჭიროებებზე მორგებული პირობები შემოგთავაზოთ და მიმდინარე ვალდებულებები კიდევ უფრო დროულად დაფაროთ ისე, რომ დამატებითი საპროცენტო განაკვეთების გადახდა არ დაგჭირდეთ. 

7. გამოიყენეთ ფულის მართვის “50-20-30” წესი


ეს ბიუჯეტის განკარგვის მარტივი მეთოდია, რომელიც ფინანსური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამ წესის მიხედვით, თქვენი შემოსავლის 50% აუცილებელ საჭიროებებზე უნდა დახარჯოთ, 30% — სურვილებზე, რომლებიც გადაუდებელი საჭიროების არაა, ხოლო დარჩენილი 20% უნდა შეინახოთ. თუ ამ წესს მთელი წლის განმავლობაში მიჰყვებით, მომდევნო ახალ წელს მსუყე დანაზოგითაც შეიძლება შეხვდეთ.

 

8. დაიწყეთ ინვესტირება


ახალ წელს ახალი საქმის დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა. ეს საქმე კი ინვესტირება შეიძლება იყოს და თუკი რისკიანი ხართ, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ადვილად გადასადგმელი იქნება თქვენთვის. გაერკვიეთ საინვესტიციო პროდუქტებში — აქციების, ობლიგაციების ან სხვა სახის ფასიანი ქაღალდების ტიპებში და ბაზრის მუშაობის პრინციპებში, დააკვირდით მიმდინარე ტენდენციებს და ფრთხილად მიიღეთ გადაწყვეტილებები. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ინვესტირებისთვის არ უნდა გაიმეტოთ აუცილებელი საჭიროებებისთვის გადადებული ფული, სწავლის გადასახადი ან ნებისმიერი ის თანხა, რომლის დახარჯვას უახლოესი რამდენიმე წელი აპირებთ.

9. გადახედეთ პროდუქტების ან სერვისების ყოველთვიურ გამოწერებს


სპორტდარბაზის აბონემენტი, სადაც არასდროს ყოფილხართ, მუსიკალური აპლიკაციის ყოველთვიური პრემიუმ გამოწერა, რომელსაც თვეში სულ რამდენჯერმე იყენებთ, კოსმეტიკის გამოწერა, სტრიმინგ სერვისები — ის პროდუქტები, რომლებსაც სისტემატურად არ იყენებთ, მაგრამ გაუქმება გავიწყდებათ, ზუსტად ახალი წლის დაწყებამდე უნდა მოიშოროთ თავიდან. მომავალში კი წინასწარ კარგად აწონ-დაწონოთ, რამდენად აუცილებელია ესა თუ ის სერვისი, რომლის გადასახადი ხშირად “უჩუმრად” გვაკლდება ანგარიშიდან.


10. დაისახეთ რეალისტური ფინანსური მიზნები


ფინანსების განკარგვისას ყველაზე მნიშვნელოვანია დაისახოთ სწორი და რეალობასთან ახლოს მყოფი მიზნები. შესაძლოა ბინის ყიდვა ყველასთვის საოცნებო რამ იყოს, მაგრამ თუ მომდევნო ახალ წლამდე ამას ვერ შეძლებთ, გული არ უნდა გაიტეხოთ, მთავარია, მიზნები, რომლებსაც დაისახავთ, თქვენს შემოსავლებთან თანხვედრაში მოდიოდეს. დაგროვება, ვალების დაფარვა, ინვესტირება თუ სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება მცირე ნაბიჯების გადადგმით უნდა დაიწყოთ და განსაზღვრულ ვადაში მას აუცილებლად მიაღწევთ.