კულტურა

ნოემბრის გამოფენების გზამკვლევი

ნოემბრის თვეში სანახავი 10 გამოფენა

ნოემბერი 15, 2019

გალერეა Project Artbeat-ში მამუკა ჯაფარიძის გამოფენა "ნამუშევრები არქივიდან" მიმდინარეობს, ექსპოზიციაზე ხელოვანის სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც მან 1990 წლიდან დღემდე შექმნა. გამოფენა მხატვრის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: აქ წარმოდგენილია როგორც მითოლოგიური თემატიკა, ისე ლინგვისტური თამაშის პრინციპზე შექმნილი ნამუშევრები, ასევე 80-90-იანი წლების პირადი ჩანაწერები საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ვიზუალური დოკუმენტაცია.

პ. ინგოროყვას 14 ნომერში მდებარე გალერეა Project Artbeat-ში გამოფენა 8 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

BAZA-ს და დავით კაკაბაძის ფონდის ერთობლივი ინიციატივით გამართული ინტერდისციპლინარული სიმპოზიუმის ფარგლებში წარმოდგენილია დავით კაკაბაძის, როგორც მხატვრის, ხელოვნების კრიტიკოსის, მეცნიერისა და მკვლევარის არქივი, რომელიც კაკაბაძის კოლაჟებს, სამეცნიერო ექსპერიმენტებს, ფოტოებს, ცალკეულ საავტორო დოკუმენტებსა და იმ ტექსტებს აერთიანებს, რომლებშიც კაკაბაძე ხელოვნების, არქიტექტურისა და მეცნიერების ურთიერთკავშირზე ამახვილებს ყურადღებას.გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 1919 წელს პირველ მულტიდისციპლინარულ ჟურნალ “შვიდმნათობში” გამოქვეყნებული კაკაბაძის ესეები, ქართული ორნამენტის გენეზისის კვლევები, ფოტოები, სტერეოკინოაპარატის კვლევების დოკუმენტაცია და მხატვრის მიერ შექმნილი საბჭოთა დროშის ესკიზები. შეგახხსენებთ, რომ დავით კაკაბაძის ფონდმა, თიბისის მხარდაჭერით, პროექტ BAZA-ს ფარგლებში კაკაბაძის ციფრული არქივი შექმნა, რომელიც ,ხელოვანის და მეცნიერის როგორც ოჯახში დაცულ დოკუმენტაციას, ასევე საიუბილეო წლის განმავლობაში შექმნილ, სხვადასხვა შემოქმედებითი პროცესის ამსახველ მასალებს აერთიანებს. კაკაბაძის ფონდის მიზანი, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუზეუმსა და თეატრში დაცული კაკაბაძის ნამუშევრების გაციფრულებაა, რაც ფართო საზოგადოებას შემოქმედის მემკვიდრეობასთან ღია და თანამედროვე გზით წვდომის საშუალებას მისცემს. 

ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ე.ა. საგამოფენო სივრცე 2 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ნიუ-იორკში მოღვაწე ხელოვანის, ლიზა სინიორინის ნამუშევრებს მასპინძლობს, გამოფენის კურატორი ჯულია მარჩანდია, რომელიც საფრანგეთში არსებულ გალერეა "ექსტრამენტალში" მოღვაწეობს. 

პ.ინგოროყვას 10ა ნომერში მდებარე ე.ა. საზიარო სივრცეში გამოფენა - "Et la vie aura, été magistrale" - 7დეკემბრამდე გაგრძელდება

გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები - შოთიკო აფციაური, მაქსიმე მაჩაიძე, ანკა ბოჭორიშვილი, ირაკლი რუსაძე, გიორგი გელაძე, სალომე ჩილიგაშვილი და გიგი შუკაკიძე მონაწილეობენ, გალერეა Window Project-ში Crosscurrents-ის სახელით გაიხსნა და მასში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ თბილისის კულტურულ ცხოვრებაზე დაკვირვებით შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენის კურატორები ირენა პოპიაშვილი და მარკუს ფეარსი არიან, Window Project-ში მიმდინარე ექსპოზიციის ხილვას დამთვალირებელი 16 ნოემბრამდე შეძლებს.

გალერეა LC Quissar ხელოვან სტეფანი ჰეინცის გამოფენას - Ruler - 7 ნოემბრიდან წარმოადგენს. გამოფენა ორ ადგილას - წინამძღვრიშვილის 49-ში და მაზნიაშვილის 10-ში 15 იანვრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

Kunsthalle Tbilisi-ს მიერ ორგანიზებული გამოფენა "განსხვავებული პოზიციები" ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ხელოვანის - ნინო ქვრივიშვილისა და ალისია კვადეს შემოქმედებას აერთიანებს. ქართველი ხელოვანი ნინო ქვრივიშვილი, რომელიც წარსულში ისეთ სახელოვნებო რეზიდენციებთან მუშაობდა, როგორებიც ბინცი და Achterhaus-ია, “განსხვავებულ პოზიციებში” ძველი მუყაოთი, თაბაშირით და სხვადასხვა უბრალო მასალით შექმნილ ყოფით ნივთებს: ნაძვის ხის სათამაშოებს, ღია ბარათებსა და ფაიფურის თეფშებს წარმოგვიდგენს, რომლებიც წარსულს გვახსენებენ და მეხსიერებაში შემორჩენილ ისტორიებს ჰყვებიან. ნინო ქვრივიშვილის ინსტალაცია სწორედ წარსულისა და მეხსიერების იმ ფრაგმენტების ილუსტრაციას წარმოადგენს, რომლებიც ოდესღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს მნიშვნელობა დაკარგეს და შესაძლოა ნაგვადაც კი გარდაიქმნენ. ალისია კვადე, რომელიც პოლონური წარმოშობის გერმანელი ხელოვანია, კონკრეტულ გამოფენაში რეალობის ვიზუალური აღქმითაა დაინტერესებული, მისი მრავალი ნამუშევარი საგნის რეალურ ვიზუალურ სახესა და მის სარკეში არეკლილ გამოსახულებაზეა დაფუძნებული. დროისა და სივრცის სტრუქტურა, განსხვავება რეალურსა და წარმოსახვით სამყაროებს შორის და სამყაროში ფიზიკური არსებობის თემა ის საკითხებია, რომლებსაც ხელოვანი მათ შორის დამწვარი სანთლისა თუ ხის ჯოხის ინსტალაციებით იკვლევს.

მიმდინარე გამოფენის ხილვა დამთვალიერებელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 30 ნოემბრის ჩათვლით შეუძლია.

Why Not Gallery და გალერეა 4710 ანა ჩადუნელის პერსონალურ გამოფენას წარმოგვიდგენს. შოუ ერთ მთლიან ინსტალაციას წარმოადგენს, სადაც ხელოვანი საკუთარი ნამუშევრით ერთდროულად შიდა და გარე სივრცეებში ყოფნის ურთიერთგამომრიცხავი შეგრძნებების შექმნასა და პირადსა და საჯარო სივრცეებს შორის ზღვარის წაშლას ცდილობს. დამთვალიერებელს გამოფენის ხილვა გალერეა 4710-ში 16 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება. 

16 ნოემბერს, 16:00 საათზე გალერეა  4710-ში გაიმართება შეხვედრა, სადაც ხელოვანი მიმდინარე გამოფენაზე და სხვა თემებზეც ისაუბრებს.

გალერეა “ერთში” ამჟამად ლონდონში მოღვაწე ხელოვანის ანდრო სემეიკოს გამოფენა იმართება, რომელიც ცისფერყანწელ პოეტთა ნაწარმოებებსა და იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოებებზეა დაფუძნებული, რომელშიც მათ ცხოვრება და მოღვაწეობა უწევდათ. გამოფენაზე წარმოდგენილ ფერწერულ ინსტალაციებზე ზღვარი ცისფერყანწელთა პოეზიასა და ხელოვანის მონასმებს შორის ბუნდოვანი, აბსტრაქტული და ზოგჯერ რეალისტურია. ანდრო სემეიკოს გამოფენის ხილვა გალერეა “ერთში” 25 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დამთვალიერებელი ექსპერიმენტულ ექსპოზიციას იხილავს, სადაც მე-10 კლასი “პარალელური კლასის” ბაზაზე “სივრცის ორგანიზების” სახელმძღვანელოსთვის შექმნილი 5 ძირითად თავად დაყოფილი 10 გაკვეთილს წარმოადგენს. საგამოფენო სივრცე ერთი თვის განმავლობაში მოზარარდთა იდეების გენერირების ჰაბად ტრანსფორმირდება,სადაც შინაარსობრივად გააზრებული 10 გაკვეთილის პრაქტიკულ-ფუნქციონალურ ფორმებში გადატანა მოხდება. გამოფენის მონაწილეები არიან : გიგი გულედანი, ალექსი სოსელია, დავით ჩიხლაძე, გია ხადური, რუსკა ბადრიაშვილი, ვატო წერეთელი, ვატო ურუშაძე, სალომე ფაჩუაშვილი, ხათუნა ხაბულიანი, ედიშერ ბერაძე, ელენე გაბრიჩიძე, ზურა ცოფურაშვილი, სანდრო სულაბერიძე, არიალი, ნინუცა შატბერაშვილი, ილია მახარაძე, გიორგი გელაძე და ჯუბა ფეიქრიშვილი.

გამოფენის ხილვა დამთვალიერებელს 16 ნოემბრამდე თანამედროვე ხელოვნების ცენტრში შეეძლება.

 

გალერეა ნექტარი 9 დეკემბრის ჩათვლით ვახტანგ ბერიძის 1941-42 წლებში შესრულებულ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს.  “პირველ ალბომს, რომელშიაც 1941–42 წლების ნახატებია, ერქვა „დღენი ჩვენი სექტორისა “. რეალური სცენების გარდა, იყო ფანტაზიებიც, მაგალითად, „ქართული ხელოვნების ისტორიკოსთა „საიუბილეო პარადი“, „იბნ–ალი–არშაკის მოხეტიალე დასი“ „ლეოკოონი“ და , „ნაპოლეონი“ . ეს კარიკატურები მაშინ ძალიან გვახალისებდა, ძალიან მხიარულობდა მათი ნახვისას სიმონ ჯანაშია, რომელიც, აგრეთვე იყო იმ სცენების ერთ-ერთი მოქმედი პირი. ახლა, ორმოცზე მეტი წლის შემდეგ, კარიკატურები ჩვენი მაშინდელი ცხოვრების თავისებურ მატიანესავით არის. თანაც, მათ რომ ვათვალიერებ, განსაკუთრებით ნათლად ვგრძნობ, როგორ გამოვიცვალეთ მას შემდეგ, როგორ დავბერდით. “ - ვკითხულობთ ნამუშევრების შესახებ ვახტანგ ბერიძის მოგონებებში.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

Hammock.at.ge