მუსიკა | ცა

ბოტანიკური ბაღის პირქუში მისტერია Neon Warrior-ის ახალ ალბომში

Tsa.Music

ნოემბერი 13, 2021

ბოლო პერიოდში ხშირად ვცდილობ დავუბრუნდე ჩემს საყვარულ მუსიკალურ მიმდინარეობას - ემბიენთს, თუმცა ყოველ ჯერზე რთული ხდება ამ სივრცეში რაიმე ღირებულის და უნიკალურის აღმოჩენა. აკუსტიკური თუ სინთეტიკური ბგერებით მიღებული ატმოსფერული ფონი დღეს აღარავის უკვირს - მსგავსი ხაზის მისაღებად, მუსიკალური კომპიუტერული პროგრამების ბაზისური ცოდნაც საკმარისია. მუსიკალური სტილი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ფონური მუსიკის როლს ასრულებდა, დღეს ბევრად დახვეწილია და ქვესტილების განვითარებასთან ერთად, კომპლექსურობას მოითხოვს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ ველში მუშაობა ბევრისთვის უმარტივესი პროცესი გახდა, ნებისმიერი მუსიკალური პლატფორმა რომელიც ახალ მუსიკას აშუქებს, გადატვირთულია მარტივი, არაფრის მომცემი აბსტრაქტული დრონებით, სადაც აქტიური მსმენელი ზედაპირულობას მარტივად შეამჩნევს.

ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული ალბომია Neon Warrior-ის “Botanical Garden” რომელიც CES Records-ზე 5 ნოემბერს დარელიზდა.

Neon Warrior თბილისელი მუსიკოსის და პროდიუსერის, გოჩა ანიაშვილის პროექტია. მის შემოქმედებას პირველად სრულიად შემთხვევით, ინტერნეტში ქექვისას ნიკა მაჩაიძის Soundcloud-ის გვერდზე გადავაწყდი, როდესაც ამ უკანასკნელის გვერდი ნაცვლად საკუთარი კომპოზიციებისა, გოჩას მუსიკით იყო აჭრელებული. მოსმენილმა ძალიან დამაინტრიგებელი იყო, თუმცა ავტორის ვინაობა ჩემთვის დიდი ხნით მაინც საიდუმლოდ დარჩა.

ფოტო: საბა გორგოძე

ალბომი სათაურიდან გამომდინარე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მუსიკოსის იდუმალ მოგზარობას ეძღვნება და ტერიტორიის და გამოცდილების ხმოვან აღწერას ისახავს მიზნად-ადგილს, რომელიც ჩემში უდიდეს პირად სენტიმენტებს აღვივებს და დღემდე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ გამწვანებულ სამოთხედ ვთვლი - თუმცა კი  იშვიათად თუ შეხვდებით ბაღის ლოკალურ სტუმარს. ამავდროულად, თავისი არსით იგი პოლიტიკური ხასიათისაცაა, მიზნად ისახავს რა გვიანი კაპიტალიზმის ეპოქაში ეკოლოგიურ პრობლემებზე ფოკუსირებას. ბოტანიკური ბაღი აგერ უკვე 109 წელს ითვლის და კარგი დამთხვევაა, რომ მისი ოფიციალური გახსნაც გასულ საუკუნეში, სწორედ ნოემბრის თვის დასაწყისში მოხდა.

ბოტანიკური ბაღი 9 განსხვავებული განყოფილებისგან შედგება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიიდან ჩამოტანილი მცენარეთა ნაირსახეობას შეხვდებით - Neon Warrior-ის ალბომიც 9 კომპოზიციას აერთიანებს და ჩემდა უნებურად ვეცადე თითოეული მათგანი ბაღის განსხვავებული ფლორითი ლანდშაფტისთვის დამეკავშირებინა.

ამ ტერიტორიაზე წელიწადის განსხვავებულ სეზონებზე ვყოფილვარ, თუმცა ემოციური ბმა ყოველთვის ერთი მქონდა - ამაღლებული, თუმცა ამავე დროს სენტიმენტალურიც -  შესაბამისად თან ვატარებდი პირად მუსიკალურ სელექციას, რომელიც ამ სიმწვანის  ფონს აფორმებდა. Neon Warrior-ის ალბომის მოსმენამ კი ბოტანიკური ბაღის ადგილობრივი აურა სრულიად სხვა ენერგეტიკულ ველში დამანახა.

ბაღში მოგზაურობა ახალი ზელანდიის განყოფილებით და ზღვისკენ მიმართული ხედით იწყება -Botanical Garden ეს ბურუსით მოცულ ტერიტორიაზე შესვლას ჰგავს, სადაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ, თუ რისი მოლოდინი უნდა გქონდეს. გრძელი ემბიენთ პადი და პარალელურად მოლივლივე ხმოვანი ნაკადები მისტიური გასეირნებისთვის გვამზადებენ.

Giraffe Kitchen in My Dream მეტად სიურელისტური სათაურია, თუმცა თუ კომპოზიციას მოუსმენთ მიხვდებით, რომ მსგავსი ლინჩისეული სიზმარი შეიძლება თქვენც გქონდეთ ქვეცნობიერის  კატალოგში გადამალული. ჩვენ უეცრად ევკალიპტებით გარემოცულ ავსტრალიურ ბურუსში აღვმოვჩნდებით. ბაღში მოგზაურობა გრძელდება, თუმცა მოგზაურის საბოლოო დანიშნულების ადგილი მაინც გაურკვეველია.

Feel Mantra Vibe Baby“ - აქ მუსიკალური ფონი უფრო პირქუში ხდება, ხშირად შემხვედრია მსგასი მუსიკალური დინება ვიდეოთამაშებში, როდესაც გადამწყვეტ მომენტს  მიუახლოვდები ხოლმე. კომპოზიციის მეორე ნაწილში, ფონზე ძალიან ეფემერულად ისმის ადამიანის რიტუალური მანტრის ტექსტი, რომელიც ჩვენი ცნობიერის ზედაპირზე აუცილებლად ილექება - ესეც ჰიმალაის მთებში გასეირნებაა.

შემდეგში უკვე აღმოსავლეთ აზიის ტყეების გაუკვალავში გადავდივართ -  წინა კომპოზიციის სიმძაფრე განსხვავებულ ხარისხში აჰყავს Dark Forest-ს - ერთმანეთზე რამდენიმე შრიანი ხმოვანი ძაფია გადაბმული და სიბნელისკენ მიგვაქანებს.

ჩრდილო ამერიკულ ტბასთან ახლოს, Water Mirror-ში როგორც წყალში ჩახედვის დროს, სარკისებურად გვიბრუნდება უკან ხმოვან ტალღა, რაც ერთიანობაში გამაბრუებელ ეფექტს ქმნის.

„Guardians Of The Forest“ ალბომში ჩემი ფავორიტია, უმაღლეს დონეზე შესრულებული ხმების დიზაინს, ფონზე რიტმული ჩანართი ემატება და ჩვენც უნებურად მექსიკური ქვის ბაღისკენ  მიგვაქანებს, თითქოს სწრაფი სირბილით შემოვირბენთ მთელს ბაღს და სამშვიდობოზე გასვლას ველით.

უფრო სამხრეთით გადაწევისას, განსხვავებულია Children Of Flower-, სადაც რიტმული პატერნები კიდევ უფრო წინ გამოდის და Nikakoi-სეული Drill n Bass ქაოსის წინაპირობას ქმნის.

უფრო ყვავილოვანია ხმელთაშუაზღვის ბულვარის ხეივანი - „Cosmic Flower-ში ნახსენები ქაოსი მართვადი ხდება და სხვადასხვა ხმოვანი ნაწილაკი ბლენდერში ხვდება,  კარგი მიქსოლოგის ხელში კი შესანიშნავ ბგერით კოქტეილს ვიღებთ.

ალბომი ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკური Mystical ჭაობი“-თ მთავრდება, რომელიც მართლაც მითიურ, მოუხელთებელ ხმებთან გვაკავშირებს, შეიძლება სრულიად სხვა ცხოვრებიდანაც.

საბოლოო ჯამში, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბოტანიკური ბაღის მსგავსი, ჩემი სტანდარტული ხედვისგან განსხვავებული ფორმით წარმოჩინება.

Neon Warrior-ს აშკარად აქვს სახასიათო მუსიკალური ფორმა და განწყობა, რომელსაც ქართულ სცენაზე სხვას ვერ შევადარებ. იგრძნობა მისი დაინტერესება ბგერითი მანიპულაციით და პირქუში ჟღერადობის გამოძერწვით. ეს გოჩას მუსიკალური კარიერის მხოლოდ დასაწყისია და ვფიქრობ კიდევ ბევრ აღმოუჩენელ მუსიკალურ ტერიტორიაზე შევხვდებით მის ნაკვალევს.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი