მუსიკა | ცა

მუსიკის ინდუსტრიის ევოლუცია - ფონოგრაფიდან სტრიმინგამდე

სექტემბერი 02, 2019

მუსიკა უყვარდათ ყოველთვის. სხვადასხვა საფასურის სანაცვლოდ მუსიკოსები ოდითგანვე ართობდნენ მსმენელს. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ პირველი საკრავი ინსტრუმენტი, რომელსაც ნადირობის და სხვადასხვა რიტუალების დროს იყენებდნენ, დაახლოებით 35 000 წლის წინ შეიქმნა. ცოცხალი მუსიკა გვხვდება ძველ საბერძნეთში, სადაც ის სხვადასხვა ზეიმების და ღონიძიებების თანმდევი ნაწილი იყო. თუმცა ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული განვითარება მოგვიანებით, შუასაუკუნეების ევროპაში მოიპოვა.


საუკუნეების მანძილზე კომპოზიტორები ქმნიდნენ მუსიკას ეკლესიებისთვის, წვეულებებისთვის, დასაფლავების ცერემონიალისთვის, კლასიკურ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო საოპერო წარმოდგენები. ეს იყო ეპოქა, სადაც არ არსებობდა ტექნოლოგიები, მუსიკის ჩაწერა და გავრცელება მხოლოდ სანოტო სისტემით იყო შესაძლებელი, მსმენელი ცოცხალი შესრულებით შემოიფარგლებოდა და ჯადოსნური მუსიკის მოსასმენად სახსრებსაც არ იშურებდა. 

უკვე მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ფეხს ნელ-ნელა იკიდებს მუსიკის ინდუსტრია. ამ პერიოდში დაარსდა საგამომცემლო სფერო, სადაც სანოტო მუსიკის აქტიური წარმოება და გავრცელება დაიწყო, 1877 წელს კი ტომას ედისონმა პირველი ხმის ჩამწერი და მოსასმენი მოწყობილობა - ფონოგრაფი გამოიგონა. ეს დიდი მოვლენა იყო, პირველად ისტორიაში შესაძლებელი გახდა მუსიკის სახლში მოსმენა, ასევე გავრცელება და გაყიდვა მეტალის ცილინდრების საშუალებით.


სწორედ აქედან დაედო სათავე მუსიკის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - მუსიკალური ჩანაწერის ინდუსტრიას. ამ ისტორიული მოვლენის შემდეგ ცილინდრებმა არაერთხელ განიცადეს ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც საბოლოოდ მივიღეთ ვინილი. 

ვინილის ეპოქაში მუსიკის ინდუსტრია საგრძნობლად განვითარდა, მომრავლდნენ ჩამწერი ლეიბლები, რომლებიც ეძებდნენ ტალანტებს, თავს უყრიდნენ ნიჭიერ კომპოზიტორებს, მუსიკოსებს, ხმის ინჟინრებს, პროდიუსერებს რათა საბოლოოდ სრულყოფილი პროდუქტი მიეღოთ. 60-იანი წლები გარდამტეხი აღმოჩნდა მუსიკის ინდუსტრიაში, ამ პერიოდში შეიქმნა პირველი ელექტრო გიტარა, სინთეზატორი, რომლებიც ახალი, სურეალური და არაამქვეყნიური ხმების მიღების საშუალებას იძლეოდნენ. 

ასევე გამოჩნდა ბითლზი - ჯგუფი, რომელმაც ამ გარდატეხაში დიდი როლი ითამაშა. თუ აქამდე მუსიკის ავტორები და შემსრულებლები სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, ჯგუფ ბითლზის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო, ისინი თვითონვე წერდნენ ტექსტსაც, მელოდიასაც და თვითონვე იყვნენ შემსრულებლებიც. ბითლზმა თავისი შემოქმედებით, მასიური საერთაშორისო გაყიდვებით და წარმატებული ტურნეებით ინდუსტრიას არნახული მოგება მოუტანა. 

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მუსიკის ინდუსტრია მუდმივად განიცდიდა ტრანსფორმაციას. 70-იან წლებში აუდიოსიგნალის ანალოგურ მაგნიტური მატარებელი - იგივე “კასეტა” შეიქმნა. აუდიო ხარისხით ის ვინილთან ახლოს ვერ მივიდოდა, თუმცა კომპაქტურობისა და პორტატულობის ხარჯზე ძალიან პოპულარული გახდა. მისი საშუალებით მუსიკის მოსმენა უკვე ავტომობილშიც შეიძლებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც Sony-მ Walkman შექმნა, უკვე მუსიკა ყველგან გქონდა.

სულ მალე, 80-იან წლებში დაარსდა მუსიკალური არხი MTV, სადაც ლეიბლებს მუსიკის განთავსების და გაყიდვის კიდევ ერთი საშუალება მიეცათ. წლებთან ერთად გაყიდვების დონე სულ მაღლა იწევდა. 90-იან წლებში კასეტები კომპაქტ დისკებმა ჩაანაცვლა. სწორედ ამ პერიოდში მუსიკის ინდუსტრიამ თავისი განვითარების პიკს მიაღწია - 1999 წელს აშშ-ში გაყიდვებმა რეკორდული მაჩვენებელი 14.6 მილიარდი $ აჩვენა. 

ინდუსტრია ყვაოდა, მანამ სანამ არ დაიწყო ციფრული ერა - ერა, რომელმაც საათივით აწყობილი ბიზნესი მთლიანად მოშალა. მიზეზი მარტივი იყო - მუსიკის ციფრული გავრცელება გახდა შესაძლებელი და მსმენელს ფულის გადახდა აღარ უწევდა. შეიქმნა Napster, პირველი პორტალი სადაც მომხმარებლებს mp3 ფაილების მიმოცვლა შეეძლოთ. აქედან დაედო საფუძველი სტრიმინგს - დღევანდელი მონაცემებით მუსიკის გავრცელების ყველაზე მიღებულ ფორმას. 


ინდუსტრიაში მასიური ტურნეების და საავტორო უფლებების საშუალებით კვლავ დიდი ფული შემოდიოდა, მაგრამ გაყიდვები საგრძნობლად დაეცა. ინდუსტრიის მესვეურების აქტივობით Napster მალევე დაიხურა, თუმცა ეს საქმეს ვეღარ შველიდა, შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებული იყო - ხალხს მუსიკაში ფულის გადახდა აღარ უღირდა. 


 აქედან განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა Spotify, რომლის მომხმარებლების რაოდენობაც სულ მალე რეკორდულად გაიზარდა. ამის მიზეზი მრავალფეროვან ბიბლიოთეკასთან ერთად გახდა კომპანიის ნოვატორული სისტემა, რომელიც მოგებას მუსიკის გაყიდვის ნაცვლად რეკლამების ხარჯზე ნახულობდა. 

ონლაინ მუსიკალური სერვისები დღეს დიდი დავის საგანია, ბევრი ამბობს, რომ მსგავსი სერვისებით არტისტებს დიდ მოგება არ აქვთ, თუმცა ფაქტია, რომ 15 წლიანი პაუზის შემდეგ მუსიკის ინდუსტრია კვლავ აღმავლობის გზას ადგას და ამისთვის ის სწორედ სტრიმინგს უნდა უმადლოდეს. რათქმაუნდა მუსიკის პირატული გზით მოპოვება დღესაც შესაძლებელია და ამ მეთოდს კვლავაც ბევრი მიმართავს, მაგრამ წამყვანმა სერვისებმა მაღალი ხარისხით, მოქნილი აპლიკაციებით და მაქსიმალურად მომხმარებელზე გათვლილი თვისებებით იმდენი მოახერხეს, რომ ადამიანებმა ნელ-ნელა მუსიკის მოსმენაში ისევ დაიწყეს ფულის გადახდა. უკანასკნელი ოთხი წლის მონაცემებით მუსიკის ინდუსტრია კვლავ აღმავლობას განიცდის, ახლა უკვე ახალი თამაშის წესებით. 

ავტორი: Major Tom