სიახლეები კულტურა

სიმულაციური ველები - მულტიმედია საგამოფენო პროექტი

ივნისი 10, 2021

წარმოგიდგენთ ახალი მედია ხელოვნების გამოფენას "სიმულაციური ველები", რომელიც ხუთშაბათს 10 ივნისს, 16:00 საათიდან თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება. პირველად თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების სცენაზე გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფართო ფორმატის მულტიმედია ნამუშევრები, რომელებიც ვიდეო თამაშების ფორმითაა შექმნილი. 

გახსნა: 10 ივნისი, 16:00 - 21:00 სთ.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

“სიმულაციური ველები” პლატფორმა “მდგომარეობებს შორის” მე-4 გამოფენაა, რომელიც ვიდეო თამაშის ციფრული და ვიზუალური კულტურის ქართულ კონტექსტში განვითარების პროცესებს ასახავს და ერთიანი სახით წარადგენს ახალ სახელოვნებო იმპულსებს. გამოფენა ასევე მოიცავს ღონისძიებებისა და შეხვედრების სერიას.  

გამოფენის კონცეფცია

გლობალური ცვლილებების ნაკადი, პარადოქსული რეალობები და ვირტუალურობის სიჭარბე მომავლის ხედვას ბუნდოვანს ხდის. სიმულაციური გარემო ყოფიერების უსასრულო რეპლიკაციად იქცა, სადაც თამაშის წესები მუდმივად გარდაიქმნება.  გამოფენა “სიმულაციური ველები" მულტიმედია ნარატივის საერთო ხაზს ქმნის, სადაც პირობითი შესაძლებლობებისა და დიალოგის ფორმები წარმოსახვით განზომილებებში ინაცვლებს: ვირტუალურობა, როგორც პოეტური თხრობის მთავარი მედიუმი, სადაც გამოსახულება, ხმა, ატმოსფერო, სიტყვა და სივრცულობა ერთიან გამოცდილებაში აისახება. ავტორები არამატერიალურ ტერიტორიებს ითვისებენ და იკვლევენ ვიდეო თამაშების მხატვრულ შესაძლებლობებს.

 

როგორ ახდენს ვიდეო თამაშები საკუთარი სემიოტიკით კულტურის კონტექსტში ადაპტირებას, არსებობას და „ბრძოლის ველის განვრცობას"? რა არის თამაში - კოლექტიურ ცნობიერში ჩანერგილი კულტურული კოდი, მიდრეკილება, ბედისწერა თუ არჩევანი? იქნებ დაუსრულებელი გადარჩენის რეჟიმი ან ავატარიდან ავატარში სრულყოფილი მესიის ძიება?

მონაწილეობენ: ვასილი მაჭარაძე; მანანიკო კობახიძე, ანუშკა ჩხეიძე და დენის ჰოფმანი; მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე; ნიკოლოზ კაპანაძე


პროექტის ავტორები და კურატორები: ვატო ურუშაძე, ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი

არტისტები: ვასილი მაჭარაძე; მანანიკო კობახიძე, ანუშკა ჩხეიძე და დენის ჰოფმანი; მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე; ნიკოლოზ კაპანაძე


გამოფენა გაგრძელდება 9 ივლისის ჩათვლით და ღია იქნება:

ორშაბათი-პარასკევი: 12:00 - 19:00 | ხუთშაბათი: 16:00 - 21:00 

 

მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, სასტუმრო "სტამბა", მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი. 

დასწრება თავისუფალია.

პროექტი ხორციელდება: განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.


პროექტის პარტნიორი: თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, 9 მთა.