მუსიკა | ცა

საერთაშორისო ალბომები

ნოემბერი 08, 2023

McKinley Dixon - Beloved! Paradise! Jazz​!​?

მაკკინლი დიქსონი ამერიკულ ჰიპ-ჰოპში შედარებით ახალი სახეა, თუმცა უკვე მოახერხა და გამოცდილი მსმენელის რადარზეც როგორც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა ისე მოხვდა. რიჩმონდელი არტისტი თავის მუსიკაში ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის გადაკვეთის უნიკალურ სინთეზს გვაჩვენებს. ეს ყველაფერი კი ტექსტობრივად ფორმდება აფროამერიკული კულტურის წამორჩენასა და შავკანიანთა ყოველდღიურ ბრძოლასთან, რაც ამერიკული საზოგადოებისთვის დღემდე გადაულახავი პრობლემაა. მისი მეოთხე ალბომი Beloved! Paradise! Jazz​!​?-იც წინა ნამუშევრების მსგავსად ამ პარადიგმაზე დგას და უნდა ითქვას რომ დიქსონს ეს შესანიშნავად გამოსდის.

Alfa Mist – Variables

ბრიტანელი MC-ს და ინსტრუმენტალისტის Alfa Mist-ის პირველი ალბომი „Antiphon“ რამდენიმე წლის წინ იუთუბის ალგორითმის მეშვეოით საკმაოდ ბევრი ადამიანი ფლეილისტში მოხვდა და ასე დაიწყო მისი მრავალმხრივი მუსიკალური კარიერაც. აპრილში მან უკვე მეხუთე ალბომი გამოუშვა - თუ წინა ალბომებში ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის დოზირება თანაბარი იყო, აღნიშნულ ალბომში მუსიკოსი უფრო ჯაზისკენ გადაიხარა, რომელიც ერთგვარად საპირწონე გახდა იმ მუსიკალური ტენდენციებისა, რომელიც მის მშობლიურ ლონდონში აქტიურად დომინირებს, საუბარია Grime-ისა და UK Drill-ის აგრესიულ ტონზე, რომელიც ახალგაზრდების უმეტესობისთვის უფრო საინტერესო და ატაცებადია. აღნიშნულ ალბომში მუსიკოსი მხოლოდ ორ კომპოზიციაზე ადებს საკუთარ ვოკალს და სათქმელად ძირითადად მუსიკალურ აკომპანიმენტს იყენებს.

Ichiko Aoba with 12 Ensemble (Live at Milton Court)

Ichiko Aoba ჩემთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ფავორიტი მუსიკოსია. დეკადის განმავლობაში მან უამრავი სტუდიური, ლაივ თუ კოლაბორაციული ალბომი გამოსცა, რომლებიც ძირითადად გიტარაზეა შესრულებული, თუმცა მე ვიტყოდი რომ მისი მთავარი ინსტრუმენტი მაინც ის მომაჯადოვებელი ხმა და მღერის მანერაა, რომელიც ნებისმიერს პირველივე წამიდანვე დაატყვევებს. იაპონელი გოგონას მთავარი ინსპირაციის წყარო მისი სიზმრებია, რომლითაც სტუდიო Ghibli-ის სამყაროსთან სულიერ სიახლოვეს გრძობს. აღნიშნული ალბომი 1 წლის წინ ლონდონში, ბარბიქანის ცენტრში ჩაიწერა და აქ დამატებითი არანჟირებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული სიმებიანი ანსამბლი, 12 Ensemble ჩაერთო. მოკლედ თუ სილამაზე და სიმშვიდე ის არის, რასაც მუსიკაში ყველაზე მეტად აფასებთ, ალბომი თქვენთვის რეკომენდირებულია.

Rắn Cạp Đuôi Collective - *1

აღნიშნული ვიეტნამური კოლექტივის მუსიკა პირველად Boiler Room-ის ფარგლებში მოვისმინე, ამჯერად კი თქვენი ყურადღება მათ მეორე ალბომზე უნდა მივაპყრო, რომლის მსგავსი უცნაურობაც წელს იშვიათად თუ მომისმენია. ეს არის სურეალისტური მოგზაურობა ბგერების სამყაროში, რომელიც სიყვარულსა და წყვილს შორის გაუგებრობის თემატიკას ეძღვნება. თუმცა ხმოვანების ფარგლებში რთულია ამ თემატიკის დაჭერა, ვინაიდან ქაოტური ბგერითი ტალღები, კოლაჟების დახმარებით ბევრი სხვაგვარ ასოციაციას გვიჩენს. ექსპერიმენტული მუსიკის მოყვარულებისთვის რეკომენდირებულია

King Krule – Space Heavy

ის რომ არჩი მარშალი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია, მელომანების დიდი რაოდენობა დამეთანხმება. მას ყველაფერი გამოარჩევს - გარეგნობა, კომპოზიცირების მეთოდი, გიტარაზე დაკვრის სტილი რომელიც ვერცერთ ჩარჩოში ვერ მოაქცევ და ა.შ. წლების განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური სტილი სცადა, გადაიჭრა ჰიპ-ჰოპ ბითების სამყაროშიც, მაგრამ მაინც გიტარასა და ბლუზისეულ ჟღერადობას მიუბრუნდა, თუმცა უნდა ავღნიშნოთ მისი ბლუზიც კი განსხვავებულია. „Space Heavy”-ში უფრო ინტროსპექციული მომენტებია დაჭერილი, რომელიც „ერთმანეთს შორის არსებული სივრცისა“ და „დაკარგული კავშირების“ ნარატივზე იგება. აქაც რამდენიმე კომპოზიციაში ვხვდებით საქსაფონის ხმას, რომელიც ასე ნაზად ედება მისი გიტარის მშვიდ რიფებს.

Antony Naples – orbs

Antony Naples წლების განმავლობაში ძირითადად როგორც საცეკვაო მუსიკის პროდიუსერი ისე იყო აღქმული, თუმცა დიდმა გამოცდილებამ მისი მუსიკალური ორიენტირები შეცვალა და ივნისში გამოსული „orbs”-ის მეშვეობით იგივე downtempo-სა და chillout-ის ზონებს მიადგა, სადაც ბასი, ელექტრონული გიტარა თუ აკუსტიკური დრამი უფრო ხშირად ისმის და ერთმანეთს 90-იანი წლების ჟღერადობა აკავშირებთ. აქ რა თქმა უნდა მუსიკალურად დიდად ახალი არაფერია, თუმცა ამერიკელ პროდიუსერს ვფიქრობ საკმაოდ წარმატებულად გამოუვიდა კლუბისთვის განკუთვნილი მუსიკისგან განრიდება და დაამტკიცა რომ სხვაგვარი იდეების განხორციელებაც თანაბრად კარგად შეუძლია.

Cero – E o

Cero იაპონური ბენდია, რომელიც 2004 წლიდან ტოკიოში მოღვაწეობს. წლების განმავლობაში მათი მუსიკა იცვლებოდა და ჯგუფის სამივე წევრს განსხვავებული პროექტებიც ჰქონდათ. “Eo”-ს ალბომზე მუშაობის დროს ყველანი დაუბრუნდნენ ე.წ. „Bedroom Recoding”-ის ფაზას, რომელსაც 2000-იან წლებში აქტიურად იყენებდნენ. ახალი ალბომი უფრო მშვიდ ტონალობაშია გადაწყვეტილი, მინიმალური რიტმული ჩანართების გარეშე. მიუხედავად იმისა გესმის თუ არა მუსიკოსების ენა, ალბომს მაინც მომაჯადოვებელი ეფექტი აქვს პირველივე მოსმენისთანავე

Bendik Giske - Bendik Giske

ნორვეგიელი საქსაფონისტი ბენდიკ გისკე უკვე 10 წელია აქტიურად ტრიალებს ბერლინის მუსიკალურ სცენაზე. მისი მესამე ალბომი, რომელსაც საკუთარი სახელით ასათაურებს, საქსაფონის როგორც ინსტრუმენტის არაორთოდოქსულ გამოყენებას გვაცვენებს, სადაც მელოდიურობა თითქმის მკვდარია და აქცენტი მიკრი-რიტმულობაზეა გადატანილი, რომელიც ასე ნაცნობია ბერლინის საცეკვაო მუსიკის სცენისთვისაც. ამ ალბომში სკანდინავიელი მუსიკოსი ნაკლებად მოგვითხრობს ამბებს, ეს უფრო კონცეპტუალური ნამუშევარია, სადაც მთლიანი ფოკუსი ბგერასა და ჟღერადობის დიზაინზეა გაკეთებული.

EABS meets Jaubi - In Search of a Better Tomorrow

JAUBI პაკისტანური ჯგუფია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დასავლური მუსიკალური სცენისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა. სადებიუტო ალბომით მათ შეძლეს და გააერთიანეს პაკისტანური ტრადიციული ჟღერადობა, ჰიპ-ჰოპი და მოდალური ჯაზი. ამჯერად ისინი 7000 კილომეტრის დაშორებით, პოლონურ თანამედროვე ჯაზის ანსამბლ EABS-თან თანაკვეთით გამოიჩინეს თავი. მიუხედავად კულტურული განსხვავებებისა, ამ ორ კოლექტივს საკუთარი ტრადიციის დაფასება და თანამედროვე მულტიკულტურული ჟღერადობების სინთეზით რამე ახლის მიღწევა აერთიანებთ. სწორედ ასეთი გამოვიდა საერთო ალბომი, „ In Search of a Better Tomorrow

Alexander Flood – Oscillate

ავსტრალიელი მუსიკოსი ალექსანდ ფლუდი ერთ-ერთი გამორჩეული დრამერია დღევანდელ ჯაზ სცენაზე. 17 წლიანი გამოცდილების შედეგად, მისი მთავარი მიზანი მუსიკალური სტილების შერწყმა და დრამის მეშვეობით განსხვავებული ისტორიების მოთხრობაა. მისი ახალი ალბომი რომელიც Jakarta Records-ზე გამოვიდა, ბერლინში მუსიკოსის მოგზაურობის შედეგია, სადაც მან ლეგენდარულ Jazzanova სტუდიაში ახალი ალბომისთვის საოცნებო გუნდი შეკრიბა და ასე დაიწყო „Oscillate“-ის ჩაწერაც - ალბომის რომელიც მთლიანად გიჟურ გრუვზეა დაფუძნებული და რომ არა ბერლინი, ალბათ პირდაპირ ლონდონში იქნებოდა ჩაწერილი, ვინაიდან მთლიანად შეესაბამება ჯაზ მუსიკის იმ ახალ ტალღას, რომელიც ინგლისის დედაქალაქშია წარმოდგენილი.

Yussef Dayes – Black Classical Music

ინგლისელი დრამერი და პროდიუსერი, უისეფ დეიესი, Kamaal Williams-სთან ჩაწერილი იკონური ალბომის, Black Focus-ის შემდეგ, ამ უკანასაკნელს გამოეყო და ცალკე მოღვაწეობა გადაწყვიტა. 2023 წელს კი მისი სადებიუტო ალბომის ჯერიც დადგა.

Black Classical Music” სათაურიდან გამომდინარე აფროამერიკული კულტურის წარმოჩენაზე, მის მოუსვენებელ გრუვზე და იმ ისტორიაზეა, რაც ჯაზმა XX საუკუნის დასაწყისიდან გაიარა. ალბომი ბრიტანულ ლეიბლზე, „Brownswood Recordings“-ზე გამოვიდა

Oneohtrix Point Never – Again

დანილ ლოპატინი რომ ბოლო დეკადის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორი და განსაკუთრებული ხედვის არტისტია, ეს ამ წლებში მისმა გამოცემულმა კონცეპტუალურმა ალბომებმა დაადასტურეს. არადა ის ჯერ მხოლოდ 41 წლისაა. მისი ახალი ალბომი Again აგრძელებს კონცეპტუალობის ხაზს. აქ შესული კომპოზიციების ფარგლებში, მუსიკოსი თავიდან იაზრებს და ფილტრავს მისი თინეიჯერობის საყვარელ მუსიკას და შუა ასაკის პერსპექტივიდან უყურებს მას. ეს მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთგვარი „სპეკულაციური ავტობიოგრაფიაა“, რომელიც მისი ამჟამინდელი „მე“-ს და თინეიჯერობის ვერსიის კოლაბორაციით მიიღწა. აუცილებლად მოსასმენი ალბომი ვინც დამაინტრიგებელ ჟღერადობებს ეძებს.

Purelink - Signs

Purelink ჩიკაგოური ელექტრონული მუსიკის ტრიოა, ერთგვარი „ემბიენთ ბოი ბენდი“, რომლებიც სადებიუტო ალბომში Signs, მშვიდ ემბიენთ ტექსტურებს, 90-იანი წლებიდან აღებულ დაბ ტექნოსა და clicks & cuts-ის ტექნიკებს უზავებენ. თუმცა ეს არც Monolake-ია და არც Pole. მიუხედავად იმისა რომ კომპოზიციები მეტწილად რიტმულია, ეს რიტმი მაინც ფონურ სახეს ინარჩუნებს, წინ კი ატმოსფერული, თბილი ჟღერადობის ატმოსფერული ტონალობა გამოდის, რომელიც უფრო ზამთრის დღეებისთვის არის განკუთვნილი.

Tommaso Cappellato  - Pioneered

იტალიელი დრამერი და პერკუსიონისტი ტომასო კაპელატო უკვე 20 წელზე მეტია რაც ამერიკაში მოღვაწეობს. ჯაზის სასწავლებლად წასულს, კარიერის დასაწყისში ჟანრის გიგანტებთან მოუწია ურთიერთობა, რამაც უფრო გააფართოვა მისი მუსიკალური არეალი. შემდგომში ჰიპ-ჰოპით და ელექტრონული მუსიკით გატაცებამ კი გავლენა იქონია მის დაკვრის სტილზეც. რიგით მეშვიდე ალბომში „Pioneered“, ტომასომ უამრავი საკუთარი საქმის პროფესიონალი მუსიკოსი მოიწვია, დაწყებული ახლახანს გარდაცვლილი

jaimie branch-ით, Afrikan Sciences-ით და იტალიელი ტექნო ოსტატის, Donato Dozzy-ით დასრულებული. ამ შეუდარებელი მუსიკოსების გუნდს კი რთულია რამე ვერ გამოსვლოდათ.

Black Milk - Everybody Good?

დეტროიტელი პროდიუსერი და MC, Black Milk ჟანრის მოყვარულებისთვის საინტერესო ფენომენია. J Dilla-სა და Q-Tip-ის ბიტებით ინსპირირებულმა, 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან აქტიურად დაიწყო მუსიკის წარმოება. თავდაპირველად ის იყო შედარებით მძიმე, ჰარდკორ ინსტრუმენტალები, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მან უფრო სახასიათო, რბილი ჯაზური ფროდაქშენისკენ აიღო გეზი. ასეთია მისი მერვე ალბომიც, Everybody Good? პირველ რიგში მისი, როგორც პროდიუსერის ნამუშევარია, სადაც ლაივ ბენდის დახმარებით ჟღერადობის კიდევ უკეთეს მახასიათებლებს აღწევს. მოწვეული პროდიუსერები, Raphael Saadiq და  Karriem Riggins მის მცდელობებს უფრო ხელშესახებს ხდიან და ვფიქრობ წლის ერთ-ერთი საინტერესო ჰიპ-ჰოპ ნამუშევარიც მივიღეთ.

Jonny Nash - Face Of Another

ამსტერდამელი პროდიუსერი, ჯონი ნეში მსმენელმა პირველად წინა დეკადაში,

Gaussian Curve-ის სახელით მოღვაწე ტრიოს ფარგლებში გაიცნო. მას შემდეგ მუსიკოსმა საკუთარ ლეიბლზე,

Melody As Truth მიყოლებით რამდენიმე შთამბეჭდავი ალბომი გამოუშვა. გამონაკლისი არც მისი ბოლო ცდაა -

Face Of Another“ ეს ემბიენთისა და ფოლკ მუსიკის უნიკალური გადაკვეთაა, რომელიც გიტარის დელიკატურ და მგრძნობიარე მელოდიებს ირეკლავს და მუსიკოსისთვის მეტად პერსონალურ გამოცდილებს ასე გადმოგვცემს.

Jaimie branch - Fly or Die Fly or Die Fly or Die (World War)

ჯაზ ინსტრუმენტალისტების სამყაროში,  ქალებისთვის იშვიათია იმ აღიარების მიღწევა რაც ამერიკელმა მესაყვირემ ჯეიმი ბრენჩმა წინა ათწლეულში მიაღწია. სამწუხაროდ გასულ ზაფხულს მუსიკოსი ტრაგიკულად დაიღუპა - იმ პერიოდში როცა მისი ახალი ალბომი მზადების პროცესში იყო. ამ სამწუხარო ამბავმა თანამედროვე ჯაზ სცენას შოკისებურად გადაუარა. თუმცა შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, მისი მეგობრები ლეიბლიდან, მისი ოჯახი და ბენდი გაერთიანდნენ რომ აღნიშნული ჩანაწერი ბოლომდე მიეყვანათ - ასე გაჩნდა „Fly or Die Fly or Die Fly or Die“ - ალბომი რომელიც ერთიანად ატარებს პანკ-ჯაზის, თავისუფალი იმპროვიზაციის და ფსიქოდელიის ელემენტებს. ჯეიმის არასდროს ჰქონია პატარა მუსიკალური იდეები და ბოლო ალბომიც მისი შემოქმედებითობის ზეიმი გამოდგა.

Earther – Powders

ალექსანდრა დრევჩინის, იგივე Eartheater-ის მუსიკა ბოლო წლებში უამრავი მელომანის ყურადღების საგანი გახდა. მისმა წინა ალბომა კი რამდენიმე გამოცემის წლის საუკეთესოთა სიაშიც შეაღწია. აქამდე ის უფრო შედარებით ექსპერიმენტული ხმოვანებით და მრავალშრიანი ვოკალური მონაცემებით აოცებდა მსმენელს. ახალ ალბომში Powders კი უფრო მეტად უახლოვდება მეინსტრიმული პოპის სიმღერის სტრუქტურას და სტანდარტებს, თუმცა რა თქმა უნდა ეს მიდგომების ცვლილებას როდი ნიშნავს ამ ალბომშიც შეხვდებით ფოლკის არაოდინალურ ფორმებს და ტრიპ-ჰოპის რიტმებს, რომლებიც სიყვარულის ტრანსფორმაციულ ბუნებაზე მოგვითხრობენ.

Laurel Halo – Atlas

ალბათ წელს ყველაზე მეტად აღნიშნული ალბომის ხმოვანებამ მომაჯადოვა. Laurel Halo ექსპერიმენტულ ელექტრონიკაში უკვე კარგად ნაცნობი სახეა. თუმცა ახალ ალბომში ექსპერიმენტების სიყვარულიდან სილამაზით დატკბობასთან ინაცვლებს. ეს მინიმალისტური ემბიენთ-ჯაზ კომპოზიციებია, რომლებიც პერიოდულად მომნუსხველად ჩაგვიქროლებს ცნობიერების ნაკადში. მეტად პერსონალური და ინტროსპექციული, ლაურელ ჰალო კიდევ ერთხელ ახერხებს მსმენელის გულის მოგებას და ახალი ალბომიც მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

Thomas Fehlmann-  Umdrehen

ტომას ფელმანის სახელი უკვე 30 წელზე მეტია ელექტრონული მუსიკის რადარებზეა და ჯერ გაქრობას არ აპირებს. ამის დასტურია მისი ახალი ალბომი Umderehen, რომელიც შემობრუნებას და უკუსვლას აღნიშნავს. წარსულში Dub Techno-ს ქურუმი, აღნიშნულ ჩანაწერში უფრო თავისუფალია მუსიკალური გამომხატველობის თვალსაზრისით. აღნიშნულ ფორმას ფელმანი „გენერაციულ მუსიკას“ უწოდებს, სადაც შემთხვევითობაც დიდ როლს ასრულებს საბოლოო შედეგში. ალბომი შედარებით პირქუშია და გარკვეულ მომენტებში საშიშიც - თუმცა მაინც რეკომენდირებულია მისი ყურსასმენებში მოსმენა.

სელექცია: ჯაბა შავიშვილი