თიბისელები

მობაილბანკის გუნდი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ამარტივებს

როგორ იქმნებოდა თიბისის განახლებული მობაილბანკი

იანვარი 27, 2020

მსოფლიოში 10 000-მდე ბანკი არსებობს, თუმცა მათ შორის მხოლოდ რამდენიმეა გამორჩეული. უპირატესობის მოპოვება თანამედროვე სამყაროში კონკურენციისა და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ძალიან რთულია. დღეს მომხმარებლების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი მათი კმაყოფილების გაზომვაა. რაც უფრო ბედნიერია მომხმარებელი, მით უფრო წარმატებულია კომპანია.

რა განაპირობებს მომხმარებლების კმაყოფილებას? - ამ კითხვას უამრავი პასუხი შეიძლება მოვუძებნოთ, თუმცა სწორ პასუხთან ყველაზე ახლოს სერვისების სიმარტივე და მომხმარებლების მოთხოვნებზე ადაპტირებაა. დღეს ადამიანებს აღარ სურთ საბანკო ოპერაციების შესრულებისას დიდი დროის დაკარგვა, ამიტომ ისეთ კომპანიას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მათ დროს დაზოგავს და გაუმარტივებს ცხოვრებას.



2019 წლის ბოლოს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ თიბისი ლიდერია მსოფლიოს მასშტაბით სერვისის სიმარტივითა და ადაპტაციით.


ასეთი ამბები ყოველდღიურად არ ხდება და არც ამ მასშტაბის აღიარებაა იოლად მოსაპოვებელი. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკს ქმნიან? - საქმეზე შეყვარებული, მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ მომხმარებლებს თიბისისთან ურთიერთობისას საუკეთესო გამოცდილება შეუქმნან.



მსოფლიო აღიარების პარალელურად, თიბისის მობაილბანკის გუნდი აპლიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე მუშაობდა. შეიცვალა მობაილბანკის დიზაინი და ის უფრო მეტად მიუახლოვდა თანამედროვე ტენდენციებს. მაგალითად, Dark Mode ფუნქციამ, რომელიც განახლებულ მობაილბანკს დაემატა, აპლიკაციის გამოყენება კიდევ უფრო გაამარტივა. 

მობაილბანკის დიზაინის განახლებაზე 25-მდე ადამიანი, 10 თვის განმავლობაში მუშაობდა. გუნდის კაპიტანი თეა კობახიძე გვიყვება, რატომ გადაწყდა მსოფლიოში საუკეთესო აპლიკაციის ვიზუალური განახლება. ამბობს, რომ გუნდის მიზანი წინსვლა და განვითარებაა და არა არსებული შედეგებითა და მიღწევებით კმაყოფილება. 




მობაილბანკის გუნდის კაპიტანი სამუშაო პროცესზეც გვიზიარებს გამოცდილებას. ამბობს, რომ დიზაინის გაუმჯობესებაზე მუშაობა ამით არ სრულდება და მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად გუნდი ისევ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. 


„ეს უწყვეტი პროცესია, შესაბამისად არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ გაჩერებას. დარწმუნებულები ვართ, მომხმარებლები განახლებით კმაყოფილები დარჩებიან“,

- ამბობს თეა კობახიძე. 


წარმატებული პროდუქტის შექმნა მომხმარებლის ქცევის შესწავლის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, განახლების პროცესში ყოველთვის არსებობს რისკი, რომ მომხმარებლებს სიახლეებთან შეგუება შესაძლოა გაუჭირდეთ.


თიბისის მობაილბანკის გუნდის მარკეტერი ნინი ლაშქარაშვილი ამბობს, რომ ასეთი რისკებს არ უშინდებიან, რადგან მომხმარებლის გამოცდილებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

გუნდის კიდევ ერთი წევრი, თათა ცხადაძე, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ მისთვის ყველაზე საინტერესო პროცესი აპლიკაციის ტესტირების პროცესში მიღებულ შეფასებებზე მუშაობა იყო. მობაილბანკის განახლებული ვერსია პირველად თიბისის თანამშრომლებმა გამოსცადეს, რომლებიც თათას საკუთარ შთაბეჭდილებებს და გამოცდილებას უზიარებდნენ. 



„ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო აპლიკაციის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. დიდი ინტენსივობით ვამოწმებდით განახლებულ დიზაინს და ვმუშაობდით აღმოჩენილი ხარვეზების სწრაფად აღმოფხვრაზე. მჯერა, რომ მომხმარებლები ისიამოვნებენ განახლებული ვერსიით და შეიყვარებენ მას“, - ამბობს თათა. 


რუსკა პაპუნაშვილი მობაილბანკის გუნდს ხუთი თვის წინ შეუერთდა და პირველივე დღიდან ჩაერთო მასშტაბური პროექტის განხორციელებაში. მას მომხმარებლების ქცევის შესწავლა ჰქონდა მიზნად დასახული, დავალებაზე მუშაობა კი მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ამბობს, რომ მის მიერ შეგროვებული ინფორმაცია ამოცანის ამოხსნაში ძალიან დაეხმარა გუნდს და სწორედ ასეთი მონაცემების გათვალისწინებით დაიხვეწა აპლიკაციის დიზაინი. 


თიბისელი რუსკა მობაილბანკის დიზაინის განახლების პროცესზეც გვიზიარებს შთაბეჭდილებებს. ამბობს, რომ ყველაზე ამაღელვებელი მომენტი პოზიტიური უკუკავშირის მიღებაა, რადგან მთავარი ვერდიქტის გამომტანი ყოველთვის მომხმარებელია. 


„ცვლილებებზე ბევრს ვფიქრობთ, მომხმარებელების ქცევას ვიკვლევთ და ვაანალიზებთ, რათა რაც შეიძლება კარგი და მარტივი გამოცდილება შევთავაზოთ მათ. ამ ყველაფრის ფონზე, სასიხარულო და სასიამოვნოა, როცა მომხმარებლებისგან პოზიტიურ უკუკავშირს ვიღებთ“,

- ამბობს რუსკა. 


თიბისის მობაილბანკის გუნდისთვის მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტის შექმნაზე მუშაობა უბრალოდ სამსახური და ვალდებულება არ არის, არამედ ეს საერთო მიზნისთვის გაერთიანებაა.





„ჩვენ ყველას გვიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ, ვგრძნობთ, რომ საერთო მიზანი გვაქვს და ერთად მივდივართ ამ მიზნისკენ - კიდევ უფრო გავუმარტივოთ ცხოვრება ჩვენს მომხმარებლებს“, - ამბობს გუნდის მარკეტერი, ნინი ლაშქარაშვილი.

ახალგაზრდების გუნდის მიერ განახლებული მობაილბანკი უკვე ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ხარვეზების და შენიშვნების შემთხვევაში მობაილბანკის გუნდი ყურადღებით მოგისმენთ და თქვენს რჩევებს აპლიკაციის კიდევ უფრო დახვეწისა და გამარტივებისთვის აუცილებლად გაითვალისწინებს. 

ავტორი: დიმიტრი სანაია/At.ge

გუნდის ფოტოები: ხათუნა ხუციშვილი