მუსიკა | ცა

მიშო ურუშაძის პერსონალური Funk ოდისეა

„დუღილი“

თებერვალი 25, 2020

მიშო ურუშაძე იგივე Shining, ნამდვილი მუსიკოსია, ამასთანავე გამორჩეული მელომანიც, ამ სიტყვის ყველაზე ავთენტური გაგებით. ამ ეტაპზე თავად უფრო პროდიუსერის ამპლუას ირგებს, თუმცა მე გავთამამდები და მას ზუსტად რომ მუსიკოსს ვუწოდებდი. მუსიკით იმ პერიოდში დაინტერესდა როდესაც თბილისი სამოქალაქო ომში იყო გახვეული - ომმა ვერ ჩაახშო მასში არსებული მოტივაცია ვინაიდან ფანკი მის დნმ-შია, რომელსაც ყველგან ასხივებს სადაც კი საშუალება მიეცემა.


ბავშვობა


მუსიკასთან შეხება ბავშობიდან მქონდა. მუსიკალური ოჯახიდან მოვდივარ, სადაც ყოველთვის გემოვნებიან და იმ დროისთვის გამორჩეულ მელოდიებს უსმენდნენ. სამოქალაქო ომის პერიოდში, ხშირად ელექტროენერგიის არარსებობის გამო, ოჯახის წევრების და მეგობრებისაგან ნაჩუქარი თუ საზღვარგარეთიდან ჩამოტანალი ფირფიტებისა და კასეტების მოსმენის ბედნიერებას გაფაციცებით ველოდებოდი. იმ პერიოდში ვისაც ახალი მუსიკა ჰქონდა დავდიოდით ერთმანეთთან და ვუზიარებდით სიახლეებს.


ამსტერდამი


90-იანი წლების ბოლოს, მომიწია გადასვლა ამსტერდამში, თბილისში სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. თითქოს ჰოლანდიაშიც ამ მიმართულების გასაგრძელებლად წავედი,თუმცა აღმოჩნდა,რომ ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. ჩავაბარე ამსტერდამში SAE - ის აუდიო ინჟინერიის სკოლაში. მივიღე თეორიული და პრაქტიკული განათლება. ავითვისე სხვადასხვა აუდიო პროგრამები. პარალელურად ჩავწერე ალბომი სახელწოდებით"Harpakhrad", რომელიც გამოვუშვი თბილისში 2005 წელს. ამსტერდამში, ალბომის ჩაწერის პროცესში, ქართველ მუსიკოსებს მონაწილეობა არ მიუღიათ, გარდა ერთი კომპოზიციისა სახელწოდებით „M&M Project", რომელიც ბიძაჩემთან, მერაბ ურუშაძესთან ერთად ჩავწერეთ. ამ კომპოზიციაზე ცნობილმა ქართველმა ხელოვანმა ნიკა მაჩაიძემ ანიმაციური კლიპი შექმნა. მეორე ალბომი სახელწოდებით:"We Will Meet Again"-ის შემთხვევაში, უკვე ვიმუშავე უცხოელ და ქართველ მუსიკოსებთან ერთად, რომელიც თბილისში 2013 წელს გამოიცა.


საქართველოში დაბრუნება


თბილისში დაბრუნების შემდეგ ვუკრავდი სხვადსხვა კლუბებში, მუსიკალურ კაფეებსა და ბარებში. ამასთანავე ვაწყობდი საინტერესო ჯემსესიებსაც. ერთ-ერთ ჯემსესიაზე მოვიდნენ "Eastern Promotion"-ის დამფუძნებლები და შემომთავაზეს, რაიმე პროექტი გამეკეთებინა "თბილისის ჯაზ-ფესიტვალის" ფარგლებში. რასაც წარმატებით გავართვით თავი, ჩემს მეგობრებთან ერთად დაფუძნებული ბენდის საშუალებით სახელწოდებით "The Soul Cab Band". თბილისში მორიგი დაბრუნების შემდეგ, მეგობრებთან ერთად გავხსენი მუსიკალური კაფე-ბარი და ფირფიტების მაღაზია "Paprika". სხვადასხვა მიზეზების გამო, “Paprika” დაიხურა, თუმცა, მისი არსებობის პერიოდში, ბევრ ახალგაზრდა მუსიკოსსა და დიჯეის მიეცა საშუალება წარმოეჩინა თავი.


კოლაბორაციები


რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ კარგად გამომდის ნიჭიერი მუსიკოსების თანხვედრა, რაც თავისთავად პროდიუსინგს მოიცავს. სწორი აქცენტებისა და პროფესიონალური მუშაობის შედეგად, იქმნება მაღალი ხარისხის მუსიკალური პროდუქტი.


Clocktree


ვიმუშავე რამდენიმე პროექტზე, ჩემ მეგობარ თორნიკე გველესიანთან ერთად. მაგალითად: ყოფილი კაფე "dom"-ის "Mixtape"-ზე, უკვე ცნობილი ქართველი რეპერის (MC)-ის ამიკო ნინუას aka "Cut Kill"-ის ალბომზე სახელწოდებით:"Mothermoon", რომლიც სამწუხაროდ ფართო აუდიტორიას ჯერ არ მოუსმენია.


რაც მიყვარს და მომწონს


მიყვარს მუსიკა, პატივს ვცემ ყველა ჟანრს, რაც მოიცავს აბსოლიტურ თავისუფლებას მუსიკალურ გემოვნებაში, თუმცა აქცენტს მაინც აფრო-ამერიკულ მუსიკაზე ვაკეთებ. 


თანამოაზრეები მუსიკაში


ისე დაემთხვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ამ კუთხით ძალიან გამიმართლა უამრავ საინტერესო მუსიკოსთან მომიწია და კვლავ მიწევს შეხვედრა, მუშაობა და მეგობრობა.


პროექტი „TurBuLance“


მალე გამოვა ალბომი, პროექტი სახელით "TurBuLance" ბრიტანულ ლეიბლზე სახელწოდებით "Co.opr8". ამ პროექტის ფარგლებში ბევრი ცნობილი მუსიკოსი გაერთიანდა. განსაკუთრებით გამოვყოფდი: ქართველ, მსოფლიოში აღიარებულ ჯაზ პიანისტს ბექა გოჩიაშვილს, ასევე ამსტერდამის ვეტერან პროდიუსერსა და "Beatmaker"-ს Kid Sublime-ს, დრამერ Mike Mitchell-ს და ბასისტ Max Gerl-ს. ასევე ჩაწერილია იგივე პროექტის მეორე ალბომი, რომელშიც უკვე ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი მომღერალი ბარბარე "Bakko" მჭედლიშვილი იღებს მონაწილეობას.


ბევრი ახალი მუსიკა


მიხარია რომ თბილისში გაიზარდა ნიჭიერი მუსიკოსების წრე, როგორც ელექტრონული, ასევე ცოცხალი შესრულებით. მე მეძლევა მათთან თანამშრომლობის საშუალება. ამან მომცა სტიმული, ჩემს მეგობრებთან ერთად დამეფუძნებინა მოძრაობა სახელწოდებით „დუღილი“, რომელიც გადაიზარდა მუსიკალურ ლეიბლში.


ვფიქრობ, ამ მოძრაობის ეს მიმათულება გაამარტივებს ჩვენი ნიჭიერი მუსიკოსების პოპულარიზაციას უცხოეთში და შესაბამისად უცხოელებისა ჩვენთან. მიზნად გვაქვს კვარტალში ერთხელ გამოვცეთ საინტერესო მუსიკა.


მომავალში ალბათ ისევ მომიწევს ორ ქალაქს შორის ყოფნა. რთულია, მაგრამ ყოველთვის მინდოდა რომ ჩემსავე ქვეყანაში გამეკეთებინა საქმე და ვაკეთებ კიდეც რაც ჩემი შესაძლებლობის ფარგლებშია. მომწონს რომ უკვე გაირღვა საზღვრები და ყველა ქალაქში შეგიძლია გადააწყდე კარგ მუსიკას.


რჩევა ახალგაზრდა მუსიკოსებს


ყოველდღიური მუშაობა საკუთარ თავზე, სიახლეების ძიება და მეტი დინამიკა.


დამშვიდობებისას მინდა აუცილებლად ავღნიშნო და დაგპატიჟოთ 2020 წლის 4 მარტს 19:00 საათზე, კერძოდ დ.უზნაძის 4-ში, "Mutant Radio"-ს ტერიტორიაზე მოძრაობა "დუღილის" მიერ პირველი ჩანაწერის გამოცემის პრეზენტაციაზე.

მანამდე კი ტრეკი ექსკლუზიურად:

ავტორი: ჯაბა შავიშვილი