კულტურა სიახლეები

საუბრები მარჯანიშვილის უბანში არქიტექტურაზე, პოლიტიკასა და იდენტობაზე

tbc concept

მარტი 27, 2021

26 მარტს, მარჯანიშვილის უბანში, თიბისი კონცეპტის სივრცეში 31 მარტამდე მიმდინარე გამოფენის ფარგლებში ინტერდისციპლინარული ფორუმი გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მსჯელობდნენ ქალაქზე, როგორც საკვლევ სივრცეზე, მუზეუმებისა და ბიენალეების განვითარების გზებსა და მომავალზე პოსტპანდემიურ პერიოდში, იმაზე, როგორი უნდა იყოს თანამედროვე არქიტექტურა და იმაზეც, რა ტიპის ხელოვნება იქმნებოდა პანდემიის საწყის ეტაპზე, როგორ ასახვას პოვებს ხელოვნებაში ეპიდემიები.

ეს იყო მსჯელობა იმაზე, რა გამოვიარეთ და იმაზეც, როგორი გვინდა იყოს მომავალი. სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახული პროცესები ერთიანობაში საინტერესო და მრავალმხრივ სააზროვნო სივრცეს ქმნიდა. 

© გურამ კაპანაძე

თიბისი კონცეპტის სივრცე თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალეს ფარგლებში რამდენიმე თვეა მასპინძლობს გამოფენას, “მარჯანიშვილის უბანი”. გამოფენა, რომელიც არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს, 31 მარტს დაიხურება, მანამდე კი დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი, 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები, ასევე, ლიტერატურის მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები. პროექტის ფარგლებში თემატურ ჯგუფებადაა გამოფენილი: ორსაუკუნოვანი ურბანული პროცესების შედეგად ჩამოყალიბებული თიბისის შენობა, მარჯანიშვილის თეატრი, „წიგნის პალატა”, ე.წ. „მწვანე შენობა”, ასევე 1980-იან წლებში მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი, როგორც საბჭოთა მოდერნიზმის „იდეალისტური პროექტების” ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით ვერ განხორციელდა.

ირინა ქურთიშვილი

© სერა ძნელააძე

გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი - ირინა ქურთიშვილი, რომელიც გერმანიასა და საქართველოში მოღვაწეობს. მისი ავტორობით არაერთი მულტიდისციპლინარული გამოფენა განხორციელდა თბილისში, ფრანკფურტში, ბერლინსა და ვენაში. სწორედ ირინა იყო ერთ-ერთი მონაწილე იმ ინტერდისპლინარული ფორუმის, რომელიც 26 მარტს გაიმართა.


ირინამ სახელოვნებო სფეროს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და თავისი მოხსენება იმ ამბის მოყოლით დაიწყო, როგორ გამოიწერა ბეჭდური გამოცემები თბილისიდან ბერლინში დაბრუნების შემდეგ იმისთვის, რომ პანდემიის დროს ეკრანთან გატარებული საათები ქაღალდიდან ინფორმაციის მიღებით ჩაენაცვლებინა და შემდეგ მოყვა იმასაც, რაზე წერენ თანამედროვე ჟურნალები.

© გიორგი ყოლბაია

ირინა ქურთიშვილმა მიმოიხილა ისიც, რა კვალი დატოვა ხელოვნებაზე წინა პანდემიებმა და რა ნამუშევრები იქმნება Covid-19-ის პარალელურად. დახურული გალერეები და მუზეუმები, გაუქმებული გამოფენები, ონლაინ გადატანილი სახელოვნებო პროცესები, ტელეეთერებში კულტურის სიახლეების ნაცვლად კადრები იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი სხვადასხვა ჰოსპიტალში - ესაა რეალობა, რომელიც ხელოვნებას პანდემიურმა რეჟიმმა მოუტანა.


როგორი იქნება ხელოვნება პანდემიის შემდეგ და რა მხატვრული ღირებულება აქვს იმ ნამუშევრებს, რომლებიც ახლა იქმნება - იკითხა ირინამ და განიხილა რამდენიმე ნამუშევარი, მათ შორის ბენქსის ცნობილი ნამუშევარი, სადაც ბავშვი სათამაშოების კალათიდან სუპერგმირ მედდას თოჯინას ირჩევს - სამედიცინო პერსონალი გმირად აქცია კორონავისურთან ბრძოლამ და ნამუშევრების დიდი ნაწილიც, რაც პანდემიის საწყის ეტაპზე იქმნებოდა, დიდწილად მათ გასამხნევებლად შექმნილი პლაკატები ან ჰოსპიტალებში განსათავსებული ფერწერული ნამუშევრები იყო. 

ბენკსის ნამუშევარი  - Banksy's 'Game Changer'

ინტერდისციპლინარული ფორუმის კიდევ ერთი მოხსენება იყო ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის მოხსენება ლიტერატურაზე მუზეუმში.

ლიტერატურის მუზეუმი, რომელიც თავისი არსით უფრო მეტად არქივია თანამედროვე ლიტერატურის, დამთვალიერებელს მუდმივმოქმედ გამოფენას არ სთავაზობს, თუმცა ის დროებითი გამოფენები, რომელიც ამ სივრცეში იმართება, ყოველთვის საინტერესოა თავისი დემოკრატიული ბუნების გამო. ლაშა ბაქრაძის თქმით, ეს გარკვეულწილად მათი მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გულისხმობს გამოფენაზე ექსპონატების ისე განლაგებას, რომ რჩებოდეს ვიზიტორს საკუთარი ინტერპრეტაციის, დასკვნების გაკეთებისთვის საჭირო სივრცე.

© გურამ კაპანაძე

იმაზე მსჯელობისას, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლიტერატურის მუზეუმი, ლაშა ბაქრაძე რამდენიმე მუზეუმს ახსენებს, მათ შორის მარბახის მუზეუმს გერმანიაში, რომლის ცალკე აღებული შენობაც კი უკვე საინტერესოა.

მარბახის ლიტერატურის მუზეუმი

თბილისის ლიტერატურის მუზეუმს, ისედაც მწირი საბიუჯეტო დაფინანსებით და ძველი შენობით, დამატებითი პრობლემები შეუქმნა მის სიახლოვეს ძველი სასტუმრო “თორის” ნგრევამ და ამ ადგილას ახალი, უფრო მასშტაბური სასტუმროს მშენებლობამ, - ამ პროცესის შედეგად შენობა უფრო დაიბზარა და არსებული ნაპრალები კედლებზე გაღრმავდა. ამ რეალობის ფონზე ორმაგად საინტერესოა მსჯელობა იმაზე, როგორი უნდა იყოს მომავლის მუზეუმი და რა უნდა ხვდებოდეს იქ დამთვალიერებელს, გამოფენის რა ფორმები უნდა აირჩიო ფიზიკურად არსებულ დარბაზში თუ ონლაინ სივრცეში იმისთვის, რომ ხელოვნება გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს ხალხისთვის.

თინათინ ხომერიკი, ანუ ანთროპოლოგი ურბანულ ლაბირინთში იყო ინტერდისციპლინარული ფორუმის მესამე მონაწილე. ის იკვლევს უსაფრთხოების საკითხებს თბილისში ვარდების რევოლუციის შემდეგ და ყვებოდა იმაზე, როგორი სხვადასხვაგვარია მაგალითად უსაფრთხოების გაგება ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და როგორ განსხვავდება ადამიანების გაგება ქალაქის ნაწილებად დაყოფაზე და უბნებს შორის დაწესებულ საზღვრებზე. თინათინმა ილაპარაკა იმაზეც, როგორ იძლევა თანამედროვე ცხოვრების წესი და პირველ რიგში ინტერნეტი იმის საშუალებას, რომ ურბანული სისტემის ნაწილი იყო არაურბანულ გარემოშიც - საერთო გამოცდილებები, ცოდნა და ინფორმაცია, რაც ინტერნეტით ვრცელდება, დეტერიტორიზირებულია, შესაბამისად, კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილას ყოფნის გარეშეც შეიძლება იყო სხვადასხვა კომუნის, საზოგადოების წევრი, რაც აჩენს ახალ იდენტობებს და ახალ სივრცეებს.

© სანდრო სულაბერიძე


ფორუმი ერთგვარი გაგრძელება იყო თბილისის მეორე არქიტექტურული ბიენალესი, სახელწოდებით “რა გვაქვს საერთო”, რომელიც 2020 წლის 17 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. ბიენალეს თემატიკა პანდემიას და ახალ რეალობას უკავშირდებოდა - რამდენი რამ გვაქვს საერთო და როგორ გააერთიანა მთელი სამყარო ერთმა კონკრეტულმა პრობლემამ.


თბილისში არსებულ ურბანულ და არიტექტურულ პრობლემებზე პროფესიონალები, საერთოობის იდეის გარშემო, ციფრულ ფორმატში მსჯელობდნენ. მსჯელობა იმის შესახებ, როგორი იქნება მომავლის ბიენალეები და რა გამოცდილება მიიღო ბიენალეს გუნდმა ციფრულ ფორმატში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ინტერდისციპლინარული ფორუმის პირველი პანელი იყო. 


ავტორი: ნასტასია არაბული / AT.GE

ქავერის ფოტო: გურამ კაპანაძე