მუსიკა | ცა

mess_montage | სადაც ფიქრი ავსებს ხმებს შორის სიცარიელეს

Tsa.Music

ნოემბერი 16, 2021

ემბიენტი დღეს თითქმის გაიგივებულია ე.წ. „ფონურ მუსიკასთან“, რომელიც უმეტესწილად პასიურად ისმინება ხოლმე და შესაბამისად თავად მუსიკას მეორადი დანიშნულება ენიჭება იმასთან შედარებით, რასაც მსმენელი პარალელურად აკეთებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჟანრის წარმოდგენა შეიძლება დუეტარაგონისტის როლში და ესეც არც ისე იშვიათად ხდება ხოლმე ჩვენი, მსმენელების რეალობაში. მაგრამ არის რაღაც განსხვავებები აღქმის ეფექტურობაში და იდეის გაგების სიმარტივეში. თუ ზოგიერთი მუსიკა იმდენად ძლიერი ენერგიისაა, რომ „ყვირის“, „დახტის“, „თამაშობს“, „გაგინებს“, „ტირის“, „გთხოვს“ და გინდა არ გინდა, გაგებინებს თავის სათქმელს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიტუაციასთან, რომელიც მეტ თანამონაწილეობას მოითხოვს. ეს მაშინ, თუ ღრმა და ინტენსიური გამოცდილება გვინდა მოსმენისგან, თორემ მეორე ოფცია ყოველთვის არსებობს და მასაც თავისი ადგილი აქვს.

ვფიქრობ, თორნიკე მარგველაშვილის, იგივე Mess_Montage-ის ახლახანს გამოსული ალბომი „The Garden Of Earthly Lights”, ემბიენთ მუსიკის იმ კატეგორიაშია, რომლის ერთგული თანამგზავრობა ნამდვილად ღირს და ბევრად უფრო ლამაზ მარშრუტს ხატავს შენთან ერთად, თუკი გვერდი-გვერდ მიჰყვები, ვიდრე „შორიდან“ მოსმენისას ხედავ. ერთ-ერთი ლამაზი რამ ამ ამბავში ისაა, რომ მუსიკასთან ერთად შენც იღებ საკუთარ გადაწყვეტილებებს საით გადაუხვიო, შენ ირჩევ რომელია შენი გზა.

ფოტო: სალომე ცაბუტაშვილი

მე ჩემს გზას გაგიზიარებთ მანათობელ ბაღში და ავტორისას ცალკე, როგორც ბაღის შემქმნელის.

ეს ალბომი სიმშვიდის ძიებაზეა, რომელიც გარესამყაროს მიმღებლობით მიიღწევა. ხანდახან კარის გამოკეტვა, კედლების, ფარების და ფარდების ჩამოფარება, ხმების დახშობა და ფერების ჩაქრობა გვგონია სიმშვიდე, სინამდვილეში კი სიმშვიდე, ალბათ, ყველაფრის „გაშენიანებას“ და მიღებას მოაქვს. 

ერთ-ერთი ყველაზე ცხადი რამ, რასაც ალბომი გვთავაზობს, დაკვირვებული მოგზაურობაა; გზა, რომლის გავლისასაც იკვლევ როგორ იცვლები, იაზრებ რატომ მოდის ეს კონკრეტული ფიქრი და სად არის შენი ახლანდელი ადგილი სიმშვიდისკენ მიმავალ გზაზე.

კომპოზიციების აკუსტიკური სფერულობა და ცარიელი ხმოვანი სივრცეები პასუხის გაცემის დროს გიტოვებს. და რადგან სიმშვიდემდე მისვლას შეიძლება იმაზე მეტი ფიქრი და ძალისხმევა სჭირდებოდეს, ვიდრე თუნდაც რაღაც ყველაზე აღმაფრთოვანებლის მოპოვებას, ეს ცარიელი სივრცეები მსმენელის შესავსებია.

ალბათ, სპირიტუალური გამოცდილების გამოა, რომ ალბომს იაპონური ელფერიც დაჰკრავს, რასაც პენტატონიკური ჟღერადობა კიდევ უფრო ამკვეთრებს. ალბომის მსვლელობისას წარმოსახვაში იხატება უცნაური, არარეალისტური და ცოტა ჯადოსნური პეიზაჟები, რაც ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ავტორი ერთბაშად იყენებს საველე ჩანაწერებს და სინთეზურ ხმოვანებებს (მაგალითად, ნამდვილი ჩიტების ხმასაც მოისმენ და სინთეტიკურად შექმნილ ჭიკჭიკსაც).

ძნელია კონკრეტულ ტრეკს კონკრეტული დანიშნულება მიანიჭო, რადგან საზღვრები ძალიან რბილი, დრეკადი და სუბიექტურია. ამიტომაცაა ალბომის სრულად მოსმენა სულ სხვა გამოცდილება. თუმცა, მაინც არის რაღაც მახასიათებლები, რომლებითაც შეიძლება ტრეკებს გამორჩევა.

პირველი კომპოზიცია „Harvesting the sun” ხმოვანებების მიკრო და მაკრო ნაწილაკების ურთიერობაა. პლანეტების ხმა რომ გვესმოდეს, ტრეკი მანათობელი ზაფხულის მზის, როგორც ბირთვის და მისი სხივების, როგორც გაბნეული მიკრო ელემენტების ხმა იქნებოდა.

„Flower Bird Wind Moon" ყველაზე ახლოსაა მედიტაციურ მდგომარეობასთან, რადგან ყველაზე შესამჩნევია განმეორებადობაა, რომელსაც ძალიან ფრთხილად ემატება ახალი შრეები და ნელა, ნაზად ტრანსფორმირდება.

თუ აქამდე კრიალა, ძვირფასი მეტალის მაგვარი საუნდები ჭარბობდა „Out In The Field"-ში უკვე უფრო გაგუდული, შრიალა, გაფანტული ხმები ისმის. აქ იშლება დიდი თავისუფალი სივრცე, რომელშიც ყველაფერს ხედავ და გრძნობ, რა სიშორეზეც არ უნდა იყოს შენგან.

„End of the Digital Days” - გალობაა ციფრული დღეების დასასრული. მესამე ტრეკში მდელოების გადავლის შემდეგ, ეს კომპოზიცია ზღვის გაპობის ბიბლიურ სცენას ჰგავს. ეს ალბომის ყველაზე ტრანსცენდენტული და ამაღლებული ტრეკია. კულმუნაციური კომპოზიციის შემდეგ ჩნდება ბუნებრივი კითხვა - როგორ გაგრძელდება გზა?

- მოძრაობით, სწრაფვით, ცოტა ეიფორიით. „Dreams” პირველი კომპოზიციაა, რომელსაც თავს ააყოლებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპორიტმი სხეულისთვის გასაგებია და შესაბამისად ფიზიკურ სიამოვნებასაც განიჭებს. ტრანსცენდენტული გამოცდილების შემდეგ  „ოცნებები“ თითქოს საკუთარ ადამიანურ არსებაში დაბრუნება და იმისკენ სწრაფვაა, რომ ღვთიური გაკვეთილი ცხოვრებაშიც განახორციელო.

„The New Beginning” მარტივი არაა, არც ოპტიმისტური. საქსაფონის პარტიაზე აწყობილი ტრეკი ბუნდოვანი და იდუმალია.

ალბომის სასათაურე კომპოზიცია „The Garden Of Earthly Lights” მანათობელი ბაღზე გადაფრენას ჰგავს. თითქოს ზემოდან გადაუფრენ საუნდებს, რომლებიც სხვადასხვა სიძლიერით ანათებს. სათაურითვე ცხადია, რომ მუსიკის ვიზუალიზაციის ყველაზე კარგი საშუალება აქ სწორედ ნათებაა. 

„Vision Devine" ჩემთვის წინა კომპოზიციის გაგრძელებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ შეყოვნება იმ მდგომარეობაში, სადაც ცოტა ხნის წინ ვიყავით. ეს ალბათ ყველაზე ჩაფიქრებული ტრეკია.

თენდება ბოლო ტრეკში, სადაც ყველაფერი ძალიან გასაგები ხდება - კარგიც და ცუდიც. „Farewell To Nature” უბრუნდება მეოთხე ტრეკის ტრანსცენდენტულ მდგომარეობას თითქოს უფრო მეტი სიდინჯით და სერიოზულობით.

გასაკვირი არ იქნება ის ამბავი, რომ „The Garden Of Earthly Lights”  მოგზაურობის დროს დაიწერა. 2018 წელს mess_montage-მა თბილისში მეგობრის შემთხვევით დაკრული რამდენიმე ნოტის დამუშავებით დაიწყო ალბომზე მუშაობა და 2021 წელს დაასრულა. ნამუშევარი თავს უყრის და ავითარებს ავტორის ისტორიებს, ფიქრებს, დამიკიდებულებების ცვლილებებს ბოლო 3 წლის განმავლობაში, რომელიც საკუთარი თავის ძიებას, უფრო ზუსტად კი საკუთარი თავის გახსენებას უკავშირდება.

„რამდენიმე წლის წინ, როცა დანიიდან თბილისში დავბრუნდი, გამოფიტული ვიყავი ემოციურად, სულიერად. ეს მდგომარეობა რაღაცაში უნდა გამომეხატა და გამოჩნდა ალბომი, რომლის კონცეფციაშიც ემიგრაციებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა - დაბრუნების შემდეგ ისევ გადავსახლდი კულტურებში, რომლებიც ჩვენგან საკმაოდ შორსაა, რომ ჩემი, როგორც პოსტსაბჭოთა და ახალი აღმოსავლეთის მოქალაქის იდენტობა დამენახა შორიდან, თანამედროვე დასავლური სამყაროს კონტექსტში. ამ ყველაფერმა გამოიწვია ძალიან ბევრი ემოციური და ფსიქოლოგიური კრიზისი, იდენტობის ხშირი რყევა. ალბომი ერთი მხრივ თავშესაფარი იყო იმ სირთულეებისგან, რომლებიც ჩემმა გადასახლებამ დამანახა და მეორე მხრივ, გიდი იმ ახალი პერსპექტივების სწორი გამოყენებისთვის, რომელიც ასევე ემიგრაციამ მოიტანა. საბოლოო ჯამში „The Garden Of Earthy Lights" ასახავს ემოციური და იდენტური ბურუსების გარღვევის და საკუთარი თავის გახსენების პროცესს; მოგზაურობას საკუთარ თავში იმ ცენტრალურ ბირთვამდე, რომელიც იცი, რომ მართალია და ნამდვილი.“

ფოტო: სალომე ცაბუტაშვილი

მუსიკოსის სიყვარული ვიზუალური ხელოვნების მიმართ ალბომის საუნდ დიზაინშიც იგრძნობა. როგორც სულიერი გამოცდილების, ისე დიზაინის თვალსაზრისით. The Garden of Earthly Delights - ასე ჰქვია ბოსხის ტრიპტრიხსაც, რომელიც ავტორისთვის როგორც ალბომის სახელის შთაგონების წყარო, ისე ნამუშევართან ემოციურად ახლოს მყოფი ვიზუალური რეფერენსი აღმოჩნდა, როგორც ერთ ნამუშევარში განვითარებული ბევრი სხვადასხვა ნარატივი.

„როგორც წესი, მუსიკას მხოლოდ ერთი კონცეპტით არ ვაკეთებ ხოლმე, რამდენიმეშრიანია იდეებიც საუნდებთან ერთად. თუმცა, ამ შემთხვევაში ძირითადი ხაზი და მთავარი სათქმელი მაინც დაკარგულ საკუთარ თავთან კავშირის აღდგენის იდეაა. იაპონელებს აქვთ საინტერესო კონცეფცია „Kachou Fuugetsu” (ინგლისურად flower bird wind mood -ს ეძახიან), რაც ალბომის ერთ-ერთი ტრეკის სახელია და ნიშნავს შემდეგს: ბუნებაში ყოფნისას შეისწავლე საკუთარი თავი“. ამ კონცეპტის შესახებ რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ კარგად აღწერს განწყობას, რომლის გადმოცემასაც ალბომში ვეცადე. ბუნებაში ყოფნისას, ალბათ, ყველას გვქონია შეგრძნება, როცა გარშემო სამყარო თითქოს ცოცხალი ხდება და შენც საკუთარ თავში მოგზაურობას იწყებ.“

თორნიკე მარგველაშვილი ახლაც მოგზაურობს” და სწავლობს ბერლინში UDK-ში ხმოვანი ხელოვნების მიმართულებით. ინტერდისციპლინარული განათლების და უკვე რიგით მეორე ალბომის შემდეგ, მომავლის გეგმები საუნდ ინსტალაციების გაკეთებას უკავშირდება.

ექსპერიმენტისთვის კარგი იქნებოდა იმის შემოწმება, თუ რა მოჰყვება საკუთარი თავის გახსენების ალბომს არა მხოლოდ ავტორის ცხოვრებაში, არამედ თითოული მსმენელის გამოცდილებაში; რამდენნაირი იქნება ამ ალბომის მოსმენით დახატული მარშრუტები; რა იქნება მსგავსი ბევრი მსმენელისთვის და რა ძალიან სპეციფიკური თითოულისთვის. 

თუმცა, მრავალფეროვანი გამოცდილებების უეჭველობის მიუხედავად, მინიმალური ზღვარის დაწესება მაინც შეიძლება: თუ ფიქრი დაგაწყებინა, ანუ თანამგზავრობა ღირდა, შორიდან სმენის ნაცვლად, რადგან ასეთი მუსიკა დიალოგისაა და არა მონოლოგის, დიალოგის აზრებსა და ხმებს შორის, სადაც ფიქრი ავსებს ბგერებს შორის სიცარიელეს.

ავტორი: ქეთი რაზმაძე