Lovincage - Too Many Requests

დუეტ Lovincage-ს მუსიკის შესახებ რამდენიმე თვის წინ შემთხვევით, Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით გავიგე. სულ მალე გამოვარკვიე, რომ დავით კიკნაველიძე და ალექსანდრე ჯანაშვილი პროექტ „ფსიქოკექსი“-ს წევრებიც იყვნენ. ვინც ქართული მუსიკის განახლებებს დეტალურად არ მიყვებით, გეტყვით, რომ ამ პროექტმა პანდემიის პერიოდში რამდენიმე საინტერესო სინგლი შემოგვთავაზა.

“ფსიქოკექსი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, როგორც საუნდით, რომელსაც ასე ერთი დამახასიათებელი არც ჰქონია, ისევე პოეზიის მხრივ.

ყველაფერი ტაბახმელაში ნახევრად გარემონტებული საკუთარი სახლის შავი კარკასის კედლებში დაიწყო, რომელშიც რამდენიმე თვე ვცხოვრობდით. სახლი მიტოვებულ ფსიქიატრიულს ჰგავდა, მოხატული კედლებით, აპარატურით, რაღაც ინსტალაციებით, სიცივით და საღებავებით.”

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მაინც დროებითი აღმოჩნდა, დავითი და ალექსანდრე მაინც შეკავშირებულები დარჩნენ, ვინაიდან საერთო ბავშვობის მოგონებებიც აკავშირებდათ. ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში, როდესაც მუსიკის კეთების შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, გადაწყვიტეს მარტივ ტექსტებზე

და რამდენიმე აკორდზე აწყობილ მუსიკალურ მოტივებზე ემუშავათ.

„დაკვრაც არ ვიცოდით. პირველი რაღაც ტიპის კომპლექსებთან შებრძოლებამ და ჩვენს საავტორო მუსიკაზე მუშაობამ ერთად დაგვაწყებინა ეს თრიფი“

ის, რაც ამ დუეტს ახასიათებს, მუსიკის ცოდნა და ღრმა მელომანური სიყვარულია, სადაც არ არჩევენ მუსიკალურ ჟანრებს და ცდილობენ ყველფერს მოუსმინონ. დაწყებული ნიქ ქეივით, დამთავრებული ქანიე უესტით. შთაგონება ყველაფრიდან მოდის, შესაბამისად მათი ფლეილისტის მრავალფეროვნებაც განაპირობებს საბოლოო მუსიკალურ პროდუქტსაც.

„ნიკ ქეივი და უორენ ელისი - ეს ადამიანი და მისი ყველა მუსიკალური პროექტი,

ასევე წიგნები რაღაც განსაკუთრებულ სამყაროში მამყოფებს. ბობ დილანი თავისი

სიურეალისტური პოეზიით,

Depeche Mode , ნინა სიმონი, მაილს დევისი, ბიორკი,

კენდრიკ ლამარი და ქანიე უესტი.

ზუსტად ისეთივე ცვალებადი ფლეილისთია,

როგორც ჩემი ფსიქიკა.“

Lovincage სპონტანურად შეიქმნა, შესაბამისად აბსტრაქტულია მათი სახელიც, რომელშიც თავდაპირველად განსაკუთრებული აზრი არცერთს ჩაუდია, თუმცა დროსთან ერთად გამოჩნდა, რომ ყველა თავისებურად ხედავდა დუეტის სახელდებას.

„მის კონცეფციაზე დიდი დიალოგი გვქონდა მე და ალექსას მას მერე, რაც უბრალოდ ითქვა ეს სიტყვა და ორივემ სხვადასხვა კუთხით დავინახეთ. ზუსტად ეს დისონანსი მოგვეწონა. იმისთვის, ვისაც უნდა აზრის დანახვა დაინახოს,

ვისაც არ უნდა, იცოდეს, რომ არც დევს."

შეკრებიდან ძალაინ მალე, სამუშაო პროცესში გამოიკვეთა დუეტის სადებიუტო EP-ს სახეც

Too Many Requests”.

ეს ჟანრობრივი სინთეზია, რომლის ტექსტუალურ ნაწილში უფრო დავითის, მუსიკალურში კი ალექსანდრეს ხელწერა ჩანს. ზოგადად ჟღერადობაზე საკმაოდ ბევრია ნაფიქრი, ხოლო ქართული ტექსტები მათ მუსიკას უფრო ფამილარულს ხდის.

„ქართულად წერა მიყვარს. წერის პროცესი რაღაც მაგიის მაგვარია, რაღაც მომენტია როცა ფიქრი-არფიქრის პროცესში ხარ და ლირიკა თავისით იწერება. ალბათ ვინაიდან მშობლიური ენაა ქართული, ქვეცნობიერისთვის უფრო მარტივია, თუმცა ინგლისურადაც არის ხოლმე იმპულსები.“

ერთი მოსმენით ეს ტექსტები ვინმეს შეიძლება აბსტრაქციად მოეჩვენოს, თუმცა კარგად დაკვირვებული ყური ბევრ დეტალს შენიშნავს, როგორც მუსიკოსების პირადი წარსულიდან, ასევე საერთო ქვეყნის სატკივარზეც. როგორც დავითი გვეუბნება, ბაბუას და მამის აფხაზეთის ომიდან დაბრუნებამ და მათმა გამოცდილებებმა დიდი გავლენა მოახდინა ტექსტების სტრუქტურაზე და გადმოსაცემ ისტორიებზე.

„ძალიან ბევრი გალიაა გარშემო და ყველა გალიას თავისი ზომა და ფორმა აქვს. ვფიქრობ, Lovincage რეფლექსიაა ყველა იმ საღამოზე, როცა მანათობელა ნეონის ვარსკვლავებს ვრგავთ მიწაში, იმის იმედით, რომ დილას ის ნერგი მოსავალს მოიმკის და ახალი მზე ამოვა. ჯერ არ ამოსულა, მაგრამ მორიგი ახალი ღამე კიდევ წინაა.“

სადებიუტო EP-ს პირველი ტრეკი „მარკები“, რომელზეც ვიდეო კლიპიც მომზადდა ელექტრო პანკ ჟღერადობაშია გადაწყვეტილი. ერეკლე ხელაშვილის ნამუშევრით დუეტმა საკუთარი მუსიკა, ვიზუალური იდენტობითაც გაამდიდრა. მუსიკალურ ვიდეოზე მუშაობა კი დაგეგმილზე დიდხანს, თითქმის 1 წელს გასტანა.

„ფრიდონ ნიგურიანის შექმნილი ლუქებით, წითელი ოთახის კადრებში, სალომე თანდაშვილის მიერ შექმნილი ტანასცმლით, შოთა მენიღბის ნიღბებით, მინდია ინასარიძის ფერებითა და კიდევ ბევრი უამრავი კარგი ხალხის ჩართულობით შევძელით ჩვენი ხედვის რეალიზება.“

too many requests” არის კონცეpტუალური EP, რომლის ვიზუალის იდეა მისი მასტერინგის მერე გაჩნდა. ეს არის ცენტრში დანით გაჭრილ ტილოზე, ნაკერში გარჭობილი საწრუპი. ეს ინსტალაცია EP-ის კონცეფციასთან თანხვედრაშია. ამ ეტაპზე რამდენიმე სინგლის გამოშვება და ლაივ პერფორმანსი გვაქვს დაგეგმილი.“

ავტორი : ჯაბა შავიშვილი