თიბისელები კულტურა თიბისი შენთვის

ლოგისტიკის გუნდი #შენთვის

თიბისი შენთვის

აპრილი 07, 2020



არქიტექტორები, დამლაგებლები, ექსპლუატაციის ჯგუფი, მძღოლები, საწყობის თანამშრომლები - ეს იმ პროფესიონალების მცირე ჩამონათვალია, ვინც წინა ხაზზე ნაკლებად ჩანს, მაგრამ ვის მიერ შესრულებული სამუშაოც COVID 19-ით გამოწვეულ ფორსმაჟორში ცენტრალური და ფასდაუდებელი აღმოჩნდა. იმაში, რომ თიბისიმ ახალ რეჟიმზე გადაწყობა ადრეულ ეტაპზევე ეფექტურად მოახერხა, მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ლოგისტიკის დეპარტამენტს მიუძღვის. 




ვირუსისგან თიბისი ბანკის მომხმარებლების და ათასობით თანამშრომლის დაცვა, პირველ რიგში, სწრაფ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს მოითხოვდა. იმის მიუხედავად, რომ თიბისის სერვისების უმრავლესობა დისტანციურით ჩანაცვლდა, ზოგ ფილიალში მომხმარებლის და თანამშრომელთა ნაწილის მისვლა მაინც საჭიროა. ამიტომაც, 160-მდე ფილიალი სულ რამდენიმე დღეში არქიტექტურულად შეიცვალა - მაგალითად, დამონტაჟდა დამატებითი მინის ბარიერები, ტიხრები. მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზდა სატრანსპორტო ჯგუფი - რათა ბანკის ყველა თანამშრომელი სამსახურში უსაფრთხოდ მივიდეს.



ხოლო, ის რაც ლოგისტიკის სამსახურის „ექსპლუატაციის ჯგუფმა“ მოაგვარა, არა მარტო ბანკში, არამედ, ნებისმიერ სფეროში დღეისათვის უკვე ყველასათვის მნიშვნელოვანი და პოპულარული საქმიანობაა: მათ ფილიალები, სათაო ოფისები და ყოველდღიურად იქ მომხვედრი ადამიანები, ეპიდემიოლოგების რჩევების მიხედვით, ყველა საჭირო დეზინფექციური საშუალებით მოამარაგეს. 


„რაც ამ ადამიანებმა შეძლებს, ეს პირდაპირ ჩვენი ფიზიკური უსაფრთხოებისთვის იყო მნიშვნელოვანი“, - ამბობს თიბისი ბანკის ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ლომიძე და გვიყვება, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე ლოგისტიკის დეპარტამენტის რეჟიმი რადიკალურად შეიცვალა. 

აი, რას აკეთბს ლოგისტიკის დეპარტამენტის რამდენიმე ათეული თანამშრომელი:


პირველ რიგში, თიბისის ობიექტების ყოველღიური დეზინფექცია ტარდება, რაც, ერთი კვირის ხანგრძლივობით რომ დავითვალოთ, 64 000 კვადრატული მეტრის ფართობის დეზინფექცირებას ნიშნავს. 




მათ 832 თანამშრომლისთვის დამცავი მინის ტიხრები, ხოლო ყველა ფილიალსა და სათაო ოფისში, 850 სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი და ბალონი დაამონტაჟეს, თანამშრომლები კი პირადი სარგებლობის ნივთების საწმენდი სადეზინფექციო ხსნარებით მოამარაგეს. ე.წ. „ფრონტის“ თანამშრომლებს რეგულარულად ურიგებენ ინდივიდუალურ სადეზინფექციო ხსნარებს, 3 900 თანამშრომელს - დამცავ ნიღბებს.


ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ფილიალებში თანამშრომლებსა და მომხმარებელს შორის სპეციალური მინის ბარიერები მოეწყო. ფილიალებს გარეთ მომხმარებლების რიგს და შიდა სივრცეში მათ რაოდენობას ადმინისტრატორები აკონტროლებენ. ფილიალში შემსვლელებისთვის დამონტაჟებული ხსნარებით ხელის დეზინფექცირება სავალდებულოა.



აღსანიშნავია, რომ ბანკში განსაკუთრებული ყურადღება იმ თანამშრომლებს და მომხმარებლებს სჭირდებათ, ვისაც ნაღდ ფულთან შეხება უწევთ. ამ საქმის მეცნიერულად მოსაგვარებად, თიბისიმ თავიდანვე პროფესიონალის - ეპიდემიოლოგის რჩევებს მიმართა. სწორედ მისი რჩევით შემუშავდა ტაქტიკა: კრიტიკული წერტილებიდან შემოსული ფული ჯერ სპეციალურად გამოყოფილ, ცალკე საცავში ინახება, სადაც, ეპიდემიოლოგის მითითებით, მას 2 კვირის განმავლობაში არავინ ეხება. მხოლოდ ამის მერე იყენებენ მას სხვადასხვა ოპერაციებისთვის. თუმცა, ამის მიუხედავად, თიბისის 1 300-მდე თანამშრომელს, ვისაც ფულთან აქვს შეხება, ყოველდღიურად სპეციალურ ხელთათმანები, 126 საკასო ცენტრის თანამშრომლებს კი - დამატებით ხალათები, სახის დამცავი ფარები და ნიღბები ურიგდებათ. 


„ფილიალებს და რეგიონულ მართვას ყოველთვის ხშირი ურთიერთობა გვაქვს ლოგისტიკის განყოფილებასთან და ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის კოლეგიალური და ეფექტური იყო", - ამბობს თიბისი ბანკის რეგიონული დირექტორი გიორგი გოგოძე, - მაგრამ საგანგებო რეჟიმის ამ რამდენიმე კვირამ მათი შესაძლებლობები სხვა კუთხით დაგვანახა.



მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება და ბიზნესი ითხოვს ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებებს. პრობლემების მოსაგვარებლად, ლოგისტიკის გუნდი ისეთ ვადებს გვისახელებს ხოლმე, ვფიქრობთ, ასე სწრაფად რამდენად რეალურად შესრულებადია დავალებები. მაგრამ, მათ დათქმული დროისთვის არასდროს გადაუცილებიათ. მინდა, ამ თანამშრომლებს დიდი მადლობა ვუთხრა თანადგომისთვის, ოპერატიულობისთვის და სრულყოფილი კრიზის მენეჯმეტისთვის“.