ლიტერატურა

ორი წიგნი, ორი შთაბეჭდილება და ორი რეცეპტი ლიტერატურიდან

„საბა"

სექტემბერი 29, 2021

ლიტერატურა და კულინარია - ორი დიდი სიყვარული და შთაგონებაა. კერძებში, რომელთაც სადღესასწაულო თუ სადაგ დღეებში ვამზადებ, ხშირადაა იდეები, რომელთაც მხატვრული ლიტერატურიდან ვსესხულობ. ეს პროცესი მარადიულად გრძელდება, ლიტერატურაში კერძების, გემოებისა და გემრიელი იდეების ამოკითხვის საოცარი პროცესი.

რამდენიმე თქვენც მინდა გაგაცნოთ, ამ სტატიას ორი ფუნქცია აქვს, ერთი - გენიალური წიგნებისკენ გზა გაგიხსნათ, მეორე- იქნებ თქვენც მოგეწონოთ ჩემი კულინარიული შთაბეჭდილებები?

1.   პიტნაში მოხარშული კარტოფილი ისპანახში „ემიგრანტების“ მიხედვით

„ ჯერ დამარინადებული ისპანახის ფოთლებში გახვეული სატაცური მივირთვით. მთავარ კერძად ეილინს ბროკოლი მოემზადებინა კარაქით, ახალი კარტოფილი კი პიტნიან წყალში მოეხარშა. დოქტორმა სელვინმა აგვიხსნა, რომ კარტოფილი ერთ-ერთ ძველ სათბურში ქვიშასავით ნიადაგში ითესებოდა და აპრილის ბოლოს უკვე კაკლისოდენა ხდებოდა. ბოლოს ლერწმის შაქარმოყრილი რევანდის მუსი დავაყოლეთ ნაღებით."


ზებალდი

ემიგრანტები

ზებალდის „ემიგრანტები“ ის დიდი ლიტერატურაა, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მაინც იქმნება, მასობრივი წარმოების წიგნებისა და სერიალების პოპულარობის მიუხედავად. ტკივილითა და მონატრებით სავსე ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვან კითხვას სვამს. - ოდესმე მთავრდება თუ არა ემიგრაცია თუ ადამიანი ყოველთვის ეძებს საკუთარ თავს, საკუთარ მიწას და საკუთარ იდენტობას?

რეცეპტი:

  • პიტნიან ნაყენში კარტოფილის მოხარშვა ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე, ცოტაოდენი მეგრული შტრიხებით გამემდიდრებინა ახალი კარტოფილის საგაზაფხულო სალათი.


  • წყალი ავადუღე, 6 ღერი პიტნა ჩავყარე, ქურა გამოვრთე, ქვაბს სახურავი დავახურე და 10 წუთს დავაყოვნე, შემდეგ ისევ ავადუღე, ცოტაოდენი მარილი დავუმატე და ახალი, პაწაწუნა კარტოფილები მოვხარშე. ამოვიღე თეფშზე


  • მოვამზადე პასტა - კარაქში ამოვზილე ბებიაჩემის როდინში დანაყული პიტნა და ახალი ოხრახუშის ფოთლები ჩემი პაწია ბოსტნიდან, დავუმატე ცოტაოდენი მწვანე, ცხარე წიწაკა და ისევ დავნაყე. ეს ნამზადი ავურიე სულ, სულ ახალ, ჭყინტ, იმერულ ყველში,


  • ისპანახის ფოთლები ოდნავ, მსუბუქად მოვწალე. გავშალე ფოთოლი, ჩემი კარტოფილი და პიტნიან-კარაქიანი ყველი გავახვიე ისპანახში, ფრთხილად შევკარი და სოუსად ნივრიანი მაწონი მოვასხი.

2.   უმბერტო ეკოს პრაღის სასაფლაო და შემწვარი მწყერი

„პირველ რიგში, „გრან ვეფურს“ ვეწვიე მეფის სასახლის მახლობლად, თუმცა უძვირესი იყო. ამ რესტორანზე ტურინშიც მსმენოდა. ამბობენ, ვიქტორ ჰიუგოც აქდადიოდა და ბატკნის ფილეს მიირთმევდა თეთრი ლობიოს გარნირითო. მეორე დაწესებულება, რომლის ცდუნებასაც ვერ გავუძელი, „ინგლისური კაფე“ იყო,გრამონის ქუჩისა და იტალიური ბულვარის კუთხეში. ეს რესტორანი ოდესღაც მეეტლებისა და მოჯამაგირეებისთვის გაუხსნიათ, ახლა კი იქ პარიზის უმაღლესისაზოგადოება იკრიბებოდა. იქ აღმოვაჩინე თხლად დაჭრილი და ღუმელში მომზადებული უნაზესი კარტოფილი, კიბორჩხალები ბორდოს საწებელში, ფრინველისხორცის ფაფუკი პაშტეტი, დაბრაწული ტოროლები ალუბლის წვენში, საზაფხულო ბოსტნეულის ნაზი გუნდები, შვლის სუკი ქორფა არტიშოკის გულების გარნირით,შამპანური ღვინის სორბეტები. ამ კერძების გახსენებაც კი მარწმუნებს, რომ ცხოვრება ღირდა.“

რეცეპტი:

რა თქმა უნდა, ტოროლებს, შაშვებსა და ათას მგალობელ არსებას თოფით ვერ გამოვეკიდებოდი, სამაგიეროდ, სუპერმარკეტში შესაწვავად გამზადებულ მწყერს წავაწყდი, ვიყიდე სამი ცალი და უმბერტო ეკოთი შთაგონებული ვახშამიც დავგეგმე.

შემწვარი მწყერი ალუბლის სოუსში 

  • გარნირად ნაცარქათამათი შეზავებული ბრინჯი მქონდა, ვისთვის სარეველა, ვისთვის კი იდეალური ფხალის მოსამზადებელი ნაცარქათამა ეზოში მრავლად მაქვს. თუ კარგად დააკვირდებით, გაზონებზეც კი შეამჩნევთ ველურად ამოსულს.


  • მწყერი ორად გავჭერი, ცოტაოდენი აჯიკა და მარილი მოვუსვი და ცხელ ტაფაზე შვწვი. გემოების მთავარი საიდუმლო ალუბლის სოუსში უნდა გავთქვა, ამიტომ მწყერზე დიდად არ მიწვალია.


  • 200 გრამ ალუბალს კურკა გამოვაცალე და ერთ ჭიქა საფერავთან ერთად კარგად მოვხარშე, ხარშვისას ჩავამატე დარიჩინის ერთი ჩხირი, ცოტაოდენი მიხაკი და მუსკატის კაკალი, ცოტაოდენი ხმელი, წითელი წიწაკა, ჩავყარე ორი სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვით მარილი და 10 წუთს კიდევ ვადუღე, შემდეგ გავწურე, გავხეხე, გახეხილი მასა ისევ წვენს ამოვურიე და ახალი პიტნის რამდენიმე ფოთოლი ჩავაგდე.


  • ამ სოუსში ჩავაბრძანე მწყერები, ცოტა ხანს დავაყოვნე და მერე...აღარ მოგიყვებით :)

კარგ ლიტერატურულ მადას გისურვებთ!


ავტორი: „საბა"