ლიტერატურა

ლიტერატურა - სამყაროს თავგადასავალი

"საბა"

აპრილი 21, 2020

ლიტერატურა უკვდავების ძიებით იწყება.


ავტორიც, მკითხველიც სიკვდილზე გამარჯვებას ეძებს.


როდის დაიწყო ლიტერატურა? იქნებ მაშინ, როცა ერთ მშვენიერ დილას უცხო ქვეყანაში გამოჩნდა ორი ადამიანი - კაცი და ქალი ან მაშინ, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო.


 სად დაიწყო? იქნებ უსიერ ტყეში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე? იქნებ ძველ შუამდინარეთში ანდა უხსოვარი ქალაქის გალავანთან, პაპირუსებში, სიმღერებში, პერგამენტებში, სტელასა თუ ლურსმნულ წარწერებში.




დაიწყო და დიდ ანდერძში აღინუსხა, რა უთხრა ფაუსტს მეფისტოფელმა, რა სევდიან ნანას მღერის ქარი, როგორც იქცა კაცი უცნაურ მწერად,  ვის უხმობს ზარი, ვის მოიყოლებს ქარი და საუკუნო სიჩუმე ხმაურად და მძვინვარებად როგორ იქცა, რას ვერ იყიდი ამაოების ბაზარში, ყოველდღე როგორ იკუმშება შაგრენის ტყავი და გველის პერანგი, როგორია ყოველი მორიგი წიგნის დასასრულის განცდა, სად მიფრინავენ იხვები, როცა ტბა იყინება, როგორ შეიჭრა იგის სხეულში ურიცხვი ტომი, ვინ დაიპყრო სინამდვილეში მარსი, ხატაელთა ქვეყანა, საიდუმლო კუნძული, უცნობი მიწა და მადამ ბოვარის გული.



ლიტერატურა ერთი დიდი თავგადასავალია...





ზოგიერთი საინტერესო გზას გადის ერთი გამოგონილი ქვეყნიდან მეორეში, ძალიან პატარა ან ძალიან დიდი ადამიანების სამყაროში, სადაც უცნაური წესები და ურთიერთობებია... ზოგი კი თავის მოგზაურობას მდინარე მისისიპიზე ტივის დაშვებით იწყებს ანდა გამოქვაბულში უცნაურ კვალს ეძებს...


ლიტერატურა ერთი დიდი სიყვარულია, სადაც ომიც სიყვარულის გამო ხდება და მშვიდობასაც სიყვარული ამყარებს, სადაც ერთი პატარა, ლამაზი გოგონას, ბეკის ღიმილი ყველა სხვა გოგონაზე უფრო მნიშვნელოვანია...სადაც რომეო იბადება ჯულიეტასთვის, სადაც დანტე ბეატრიჩეს პოულობს, სადაც ერთი ქალის თმის ოქროსფერ ღერს სასწაულების მოხდენა შეუძლია, სადაც კაცი მღერის და მას მხეცები უსმენენ, სადაც „მზისა შესახვედრად გამოეშვა მთვარე გველსა“.



ლიტერატურა ფერფლიდან ვარდის აღმოცენების, ფანტასტიკური ცხოველების ყველაზე რეალურად წარმოსახვის, ქვიშის წიგნის კითხვის და მეტაფორის შექმნისა და წაკითხვის ხელოვნებაა, ბოშური რომანსეროს, დუინური ელეგიების, ბჰაგავატგიტას, ვეფხისტყაოსნის, დავითის ფსალმუნების, ბოროტების ყვავილების, მთვრალი ხომალდისა და ლურჯა ცხენების დანახვისა და მოსმენის სივრცე.


ლიტერატურა წინათგრძნობაა, ლიტერატურული ამბები ხშირად ცხადდებიან, სხვებისთვის მოყოლილი სიზმრებივით. განსაკუთრებით ხშირად, მწერლებს უცხადდებათ თავიანთი დაწერილი წიგნები...


ლიტერატურა, პირველ რიგში, ახალი სამყაროს შექმნის მცდელობაა...უკეთესი თუ უარესი? იქნებ ასეთივე, მაგრამ მაინც ცოტათი სხვაგვარი...


ლიტერატურა მითოლოგიაა, მისი ერთ-ერთი მთავარი მითი ამაყი იდალგოს, დონ კიხოტის ამბავია, ქარის წისქვილებთან მებრძოლი, მშვენიერი დულსინეას სატრფოს, ჭეშმარიტებისა და საგმირო თავგადასავლების მაძიებელი მოხეტიალე ღმერთის.




ლიტერატურა ლამაზი ცრემლების, პლატეროს თვალების, ჭაში დაჭერილი ვარსკვლავების, შვლის ნუკრის, ხმელი წიფელის ამბავია.


კიდევ ყველაზე დიდი ტკივილების საცავი, პანდორას ყუთი, სადაც დილით გარდაცვლილი დედის დარდი, შვილებისთვის შეჭმული მჭადის ნატეხები, ყვავილები ელჯერნონისთვის თუ შვილის გამოსაკვებად მოჭრილი თმების ამბები თვალებს გწვავს.


ლიტერატურა მარტოობის 100 წლის, ტროას ალყის 10 წლის და ბლუმის 1 დღის ამბავია.


ლიტერატურა დედამიწის, მარსის, ცის, მიწის, წყლისქვეშეთის, პატარა პრინცის პლანეტისა და უამრავი პარალელური სამყაროს ამბავია.


ლიტერატურა ახალი სივრცეების აღმოჩენის ისტორიაა.





ლიტერატურა ადამიანის გამარჯვების ამბავია, რომ ეს ყველაფერი უკვე ყოფილა, ამაზე მეტი გადაგვიტანია, ამაზე მეტ ომში გადავრჩენილვართ:





„მე მწამს, რომ ადამიანი არა მარტო გადარჩება, არამედ გაიმარჯვებს კიდეც. იგი უკვდავია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა სხვა არსებას შორის მხოლოდ მას აქვს უშრეტი ხმა, არამედ იმიტომაც რომ მას აქვს სული – სული, რომელსაც შეუძლია თანაგრძნობა, თავგანწირვა და გადარჩენა. სწორედ ამის შესახებ წერაა პოეტისა და მწერლის მთავარი მოვალეობა. მისი პრივილეგიაა გადაარჩინოს ადამიანი, გული გაუმაგროს იმ სიმამაცისა და ღირსების, იმედისა და სიამაყის, მიმტევებლობისა და თავგანწირვის შეხსენებით, რაც ჩვენი წარსულის დიდებას განაპირობებდა. პოეტი უბრალოდ კი არ უნდა ახმოვანებდეს ადამიანის სათქმელს, არამედ მისი გამამხნევებელი დასაყრდენი უნდა იყოს, საყრდენი, რაც მას გადარჩენასა და გამარჯვებაში დაეხმარება." ( ფოლკნერი)





23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება!


ავტორი: saba.com.ge